კრემლში დაბადებული გოგონას საოცარი თავგადასავალი - გზაპრესი

კრემლში დაბადებული გოგონას საოცარი თავგადასავალი

კრემლში დაიბადა და როგორც ამბობს, 4 წლის გოგონას ხშირად უწევდა სისხლით მოსვრილი იატაკის მოწმენდა. მერე ერთ ქალბატონთან ერთად, სასტიკ რეალობას გამოექცა და საქართველოში ჩამოვიდა. ბავშვთა თავშესაფარში გაიზარდა, შემდეგ პროფესიულ სასწავლებელში გაუშვეს და როცა ეგონა, ცხოვრებას ავიწყობო, სწორედ მაშინ გადაეშვა თავით იმ ჭაობში, რასაც ქურდულ სამყაროსთან კავშირი ჰქვია. ბევრი ტკივილი გადაიტანა, მთელი ცხოვრება საკუთარი წარსულის მალვა უხდებოდა, ახლა კი გადაწყვიტა, აღსარება "გზის" მკითხველს ჩააბაროს და იმედია, მკაცრად არ განსჯით...

ქალბატონი რიმა ჭყონია 1936 წელს დაიბადა. დედა არ ახსოვს. როცა ომი დაიწყო, ის ერთმა რუსმა ქალბატონმა საქართველოში წამოიყვანა.

აქ ჩამოსულმა ეწერის ბავშვთა თავშესაფარაში ამოჰყო თავი. როცა წამოიზარა, თბილისში გამოუშვეს და სართავ-სატრიკოტაჟო კომბინატის პროფესიულ სასწავლებელში მიაბარეს. სწორედ აქ შეხვდა უცნობ მამას, თუმცა მასთან ურთიერთობა ვერ ააწყო.

ერთ დღეს რიმა ჭყონიას სასწავლებელში გამომძიებელმა მიაკითხა და დაკითხვა მოუწყო: როგორ მოხვდი საბავშვო სახლში, საიდან ჩამოხვედი, ვინ მოგიყვანაო? გოგონას შეეშინდა სიმართლის გამჟღავნების და უპასუხა: მახსოვს მხოლოდ ის, რომ ზამთარში, სიცივეში ცხენებით მიმიყვანეს, სხვა არაფერი ვიციო. ამ ამბის შემდეგ, ქალბატონი რიმა სართავ სატრიკოტაჟო კომბინატის საერთო საცხოვრებლიდან გაიქცა...

- იმ საღმოს კიკვიძის ბაღში ვიჯექი და ვტიროდი. წვიმდა. ამ დროს გამოიარა ერთმა ქალბატონმა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. ძალიან მოხუცი იყო. მკითხა: აქ რატომ ხარ? თუ გინდა, ჩემთან წამოდი, აქვე ვცხოვრობო. თავიდან გავჯიუტდი, მაგრამ მერე გავყევი. თეთრად შეღებილი პატარა კოხტა ბინა ჰქონდა. კედლებზე ხატები, ბავშვების სურათები ეკიდა. ამ ქალმა სუფრა გააწყო და მიამბო: კიევიდან წამოვედი ომის პერიოდში. ორი შვილი მყავდა და ორივე ხელში ჩამაკვდაო. ძალიან შემეცოდა... საცოდავი, ხშირად ავადმყოფობდა. მან კიდევ ერთი სიკეთე გააკეთა და სიკვდილის წინ თავისი ბინა გადმომიფორმა, - შვილი არ მყავს, შენ გქონდეს. დიდი ვერაფერია, მაგრამ თავშესაფარი გექნებაო. ამ ქალს ბოლომდე ვუპატრონე და მისი დამარხვაც ჩემს თავზე ავიღე.

- მამა ან თანამშრომლები, ნაცნობები არ გეძებდნენ?

- მამამ იცოდა, სადაც ვიყავი და რის გამოც გამოვიქეცი... ხომ გითხარით, რომ ის სახლი, რომელიც მოხუცმა ქალმა მაჩუქა, კიკვიძის ბაღთან ახლოს იყო, იქ კი ხშირად იკრიბებოდნენ ბიჭები და "ყომარობდნენ". ისინი გავიცანი, მოგვიანებით კი მათ ვეხმარებოდი კიდეც: თუ ვინმე საეჭვო პიროვნება გამოჩნდებოდა, დავუსტვენდი და გაიქცეოდნენ.

იმ ბაღში თავს ვგრძნობდი, როგორც მეფე, თავის სასახლეში. სატრიკოტაჟო კომბინატიდან გამოსულ გოგონებს ხშირად, "ბირჟავიკი" ბიჭები აწვალებდნენ, რამდენჯერმე ვიღაცები გააუპატიურეს კიდეც. როცა ბაღში მე ვიყავი, გოგონების წვალებას ვერავინ გაბედავდა.

- რატომ, თქვენი ეშინოდათ?

- დიახ, ეშინოდათ! როგორც კი თვალს მომკრავდნენ, გარბოდნენ, იმალებოდნენ. გიკვირთ, არა? იმიტომ ეშინოდათ, რომ მათთან ურთიერთობის პარალელურად, "კარგი ბიჭები" გავიცანი, ქურდულ სამყაროში შევტოპე და ქურდად მონათლული ძმობილები გავიჩინე, ისინი კი ყველასგან და ყველაფრისგან მიცავდნენ. "ქურდები" ხშირად მსტუმრობდნენ ჩემს პაწაწინა ბინაში და სწორედ მათი წყალობით გამქონდა თავი, ისინი ბოლომდე მენდობოდნენ. არ ვმუშაობდი, მაგრამ ფული მქონდა და მეც, დროსტარებას მივყავი ხელი.

- მილიცია თქვენით აღარ დაინტერესებულა?

- იცით, როცა სტალინი გარდაიცვალა, ვიღაცები ტიროდნენ და განიცდიდნენ ამ ამბავს, მე კი სიხარულისგან ვცეკვავდი და ვმღეროდი; ვიძახდი, - პირსისხლიანი ჯალათი მოკვდა-მეთქი. მიხაროდა, რომ დასრულდა ის, რის გამოც პატარაობისას ვიტანჯებოდი და რის გამოც მომავალი ტანჯვად მექცა - მე ხომ მთელი ცხოვრება საიდუმლოდ ვინახავდი საკუთარ წარსულს, ამას შვილებსაც ვუმალავდი და მერწმუნეთ, ძალიან ძნელია პირში წყალჩაგუბებულმა იცხოვრო...

სტალინის სიკვდილი კი გამიხარდა, მაგრამ მის ქალიშვილთან, სვეტლანასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. როცა ის საქართველოში ჩამოვიდა (აქ რეზო წიფურიასთან და მის ძმასთან ჰქონდა კავშირი), მეც შევხვდი. ცხადია, აქ "კაგებე" დასდევდა, კონტროლის ქვეშ ჰყავდათ და მისი წყალობით მილიციის ყურადღება ისევ მივიქციე.

- სტალინის ქალიშვილს კრემლიდან იცნობდით? აქ როგორ გიპოვათ?

- არა, კი არ მიპოვა, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. მაშინ რესტორანში ვმუშაობდი და რესტორნების ტრესტის გაერთიანების უფროსს - რეზო წიფურიას რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობდი. ეჰ, მაშინ კარგი გოგო ვიყავი და თუ სადმე ვინმე მაყარში მიდიოდა, აუცილებლად მეც მივყავდი... სვეტლანა გავიცანი თბილისის ზღვაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში და მას მერე, როცა ჩამოდიოდა, წიფურია მეძახდა ხოლმე, - სვეტლანა გელოდებაო. ცხადია, მილიციას ეს არ გამოეპარებოდა და დამიბარეს დაკითხვაზე, მაგრამ სიტყვაც არ დამცდენია ჩემს წარსულზე. მომთხოვეს, - ჩვენთან უნდა ითანამშრომლოო. დავთანხმდი, მაგრამ ცხადია, საიდუმლოს შენახვის ტრადიციისთვის არასდროს მიღალატია.

- ე.წ. ქურდები თუ გმფარველობდნენ და არც ფული გაკლდათ, რესტორანში მუშაობა რატომ დაიწყეთ?

GzaPress- ეს მათ სჭირდებოდათ და ამიტომ. სხვათა შორის, თამაში კარგად შემეძლო და ისე ვიქცეოდი, რომ ყოფილი ლენინის რაიონში მოწინავე კომკავშირელიც ვიყავი (ასე უნდა მოვქცეულიყავი გარკვეული მიზეზების გამო). ჰოდა, სწორედ იმ პერიოდში გვიცანი ედიკა ანუ ედუარდ შევარდნაძე, რომელიც შემდეგ კუდრაჭას მეძახდა. მაშინ შალიკო შარიქაძე იყო ლენინის რაიონის რაიკომის მდივანი. ერთხელაც, მან მითხრა, - მოწინავე ხარ და კომკავშირთა ბრიგადას უნდა გაუძღვე, ჩვენი დავალება უნდა შეასრულოო.

- ახლა რით გამოიჩინეთ თავი?

- ლაპარაკის მოყვარული, ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელური ვიყავი და რესტორანში მუშაობის წყალობით, ბევრ საინტერესო ადამიანს ვიცნობდი. ამასთანავე, უკვე აღვნიშნე, რომ "ქურდული სამყაროც" კარგად მივლიდა... ერთხელ შარიქაძემ დამიბარა და შემომთავაზა: გორში კომბინატი გაიხსნა, უნდა წახვიდეო და გამამწესა კომკავშირის მდივნად... არ ვაჭარბებ - გარეგნულად არ დავიწუნებოდი. განა, ასეთი დაჯღანული გახლდით, როგორიც ახლა ვარ? ძალიან გრძელი თმა მქონდა...

გორში ჩასულმა კომბინატი ჩავიბარე და საქმე კარგად წამივიდა, მაგრამ მალე იქიდან გამოსაქცევად გამიხდა საქმე.

- რატომ?

- ეთრი გოგო ამიმხედრდა და გადამეკიდა: გინდა თუ არა, ის კაცი გიყვარს, რომელზეც უგონოდ ვარ შეყვარებული და ჩემთვის მისი წართმევა გაქვს განზრახვულიო. არადა, გეფიცებით, ვისზე მელაპარაკებოდა, ისიც არ ვიცოდი. ვიკამათეთ და თმაში მწვდა. ცხადია, თავს ვიცავდი. როცა ჩემი თმა ხელზე დაიხვია და მაგრად მომქაჩა, თმის ძირები როგორღაც მუჭში მოვაგროვე და ჩემკენ გამოვქაჩე. იმ გოგოს ხელიდან დავუსხლტი. საცოდავმა. თავი ვერ შეიმაგრა, წაბარბაცდა და წაიქცა, თვალი ქვაზე დაარტყა. საოპერაციო გახდა. ძალიან შემეშინდა. იმ გოგონებმა, რომლებიც ამ ამბავს შეესწრნენ, მითხრეს: არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. საღამოს თბილისისკენ მატარებელი გადის და იმას გაგაყოლებთ. ახლა მთავარია, აქედან წახვიდეო.

- იმ ქალის გამო ხომ არ დაისაჯეთ?

- არა. თბილისში ჩამოსვლა მოვახერხე და შალიკოსთან მივედი, ყველაფერი ვუამბე. ვუთხარი, იქ ვეღარ დავბრუნდები-მეთქი. მაშინ კომკავშირელთა ბრიგადები საზღვარგარეთ დადიოდა და ერთ ჯგუფს მეც გავყევი უზბეკეთში, პურის ასაღებად. მახსოვს, ერთ დიდ მინდორზე ყრიდნენ პურის კაკალს და რომ არ დაობებულიყო, ჩვენ ვატრიალებდით ხოლმე. იქ ორი თვე ვიყავი. სამწუხაროდ, უზბეკეთში ერთი გოგონა მოგვიკვდა. ის ჩემ გვერდით იწვა. საცოდავს, მორიელმა უკბინა და დილით გასიებული ვიპოვეთ.

- ედუარდ შევარდნაძე კუდრაჭას მეძახდაო, - აღნიშნეთ. მასზე კიდევ, რას გვეტყვით?

- შევარდნაძესთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ე.წ. მიღებაზეც ვხვდებოდი, ვიდრე ნანულის მოიყვანდა ცოლად. მერე ნანულიც გამაცნო. ისინი ხშირად მოდიოდნენ საქეიფოდ იმ რესტორანში, სადაც მიმტანად ვმუშაობდი...

იცით, ახალგაზრდობაში საოცრად თავმოყვარეც ვიყავი და უბატონოდ ხმას ვერავინ გამცემდა. სულ "დიდ კაცებთან" მქონდა კავშირი. აი, მაგალითად, პატიაშვილთანაც ისე შევდიოდი "ცეკაში", რომ "პროპუსკი" არ მჭირდებოდა.

- კი, მაგრამ საშვის გარეშე როგორ შედიოდით?

- რაღაცებით ვსარგებლობდი... იყო ასეთი რესტორანი "იორი", სადაც საქეიფოდ იმ სამყაროს წევრები მოდიოდნენ, რომელშიც მიღებული ვიყავი. ჰოდა, იქ ყოფნისას ხშირად მაძლევდენ საქმეს, სანაცვლოდ - ვიყავი ყველაფრისგან და ყველასგან დაცული. მაგალითად, პატიაშვილი იმიტომ გავიცანი, რომ ასე იყო საჭირო. მასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია უნდა მქონოდა. მისგან მერე სხვა "დიდი" ადამიანები გავიცანი და ა.შ. ისინი ვერც წარმოიდგენდნენ, "ქურდებთან" თუ მქონდა ურთიერთობა. რაღაცნაირად, ყველას ნდობის მოპოვება შემეძლო. ვარიანტი არ იყო, ადამიანს დავლაპარაკებოდი და ჩემ მიმართ ნდობით არ განმსჭვალულიყო. თან, ყველა კლიენტს კარგად ვემსახურებოდი. ჰოდა, ისინი ფულს ხშირად მიტოვებდნენ... მერე სამუშაოდ ტაბახმელაში გადამიყვანეს. იქ რესტორანში ძირითადად, "ბობოლა" ხალხი დადიოდა.

- გარდა იმისა, რომ მდიდარი ადამიანები უნდა გაგეცნოთ, თქვენს მოვალეობაში კიდევ, რა შედიოდა? მათზე რაიმე ინფორმაცია უნდა მოგეპოვებინათ?

- ადამიანის გაცნობის შემდეგ, შესაძლებელი იყო, მის ბინაში დაუკითხავად მივსულიყავი. მასპინძელი კარს რომ გამიღებდა, რაღაცას მოვიგონებდი და ისინიც, ერთხელ ნანახ გოგოს აუცილებლად შემიპატიჟებდნენ შინ. სახლში შესული ვათვალიერებდი ყველაფერს, ჩუმად ვზვერავდი ოთახების განლაგებასაც...

ერთხელ ბიჭებმა რესტორანში მუშაობის შეწყვეტა მთხოვეს და დამნიშნეს ექსპედიტორად, მომამაგრეს მანქანა. ჰოდა, ხშირად დავდიოდი თბილისიდან ბათუმამდე. გზად სასადილოები, კაფე-ბარები უნდა ჩამომევლო და ფული ამეკრიბა. ჰო, ერთი ე.წ. ინკასატორიც მომყვებოდა ხოლმე, რომელიც შეიარაღებული გახლდათ და... ტომრებით ჩამოგვქონდა ფული. იცით, ამ საქმეში თანამდებობის პირებიც იყვნენ გარეული და ამიტომაც მივდიოდი დაწესებულებებში ასე თამამად. ერთხელ ისეც მოხდა, რომ ვიღაცებმა ჩემ მიერ მიტანილი ფული ვერ გაიყვეს და ერთ-ერთი პიროვნება თავის კაბინეტშივე მიახვრიტეს. მერე მოხდა დიდი არეულობა... ძველად ხშირად ხდებოდა ყაჩაღობა, მაგრამ ძირითადად, იძარცვებოდა ბანკები, დიდი და მდიდრული სახლები.

- გინდათ თქვათ, რომ თანამდებობის პირები ქურდებთან შეკრულები იყვნენ?

- აბა, საიდან ჭამდნენ პურს? რა, ახლა ასე არ არის? ეჰ, ყოველთვის ასე იყო და ვფიქრობ, მომავალშიც ასე იქნება... დაახლოებით 22 წლის ვიყავი, როცა ძმობილებმა მითხრეს, - დროა, გათხოვდეო. ვუპასუხე: სად ვიპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც შემირთავს-მეთქი? - შენ არ შეგეშლება, ვისაც უნდა გაჰყვეო, - მიპასუხეს. ჰოდა, გავყევი კაცს, რომელსაც ახლა ვუვლი, მაგრამ ის ჩემი ქმარი არ არის.

- ვერ მიგიხვდით...

- მოკლედ, ეს კაცი ქუჩაში გავიცანი. ჩემს დაქალს ჰქონდა დაბადების დღე და მისთვის ე.წ. პლასტინკა უნდა მეყიდა. შეკვეთა რომ მივეცი, შევამჩნიე, ვიღაც ბიჭი მომაშტერდა. თურმე, რუსი ვეგონე და რუსულად დამიწყო ლაპარაკი. მეც ავყევი. მაღაზიიდან რომ გამოვედი, გამომყვა და მას მერე ქუჩაში ლამის ყოველდღე მხვდებოდა. იმ პერიოდში სხვასაც მოვწონდი. ცნობისათვის, არც ერთი არ იყო "ქურდულ ვარიანტებში" გახვეული. გარეგნულად ეს მეორე უფრო მეტად მომწონდა, მაგრამ საბოლოოდ, მირიანაშვილი შემრჩა... ერთხელ გავიგე, რომ ჩემი თაყვანისმცემლები ჩხუბობდნენ. თავიანთი უბნის ბიჭები მოუყვანიათ და "საქმეს არჩევდნენ". მივხვდი, შეიძლებოდა, ჩემ გამო რაიმე უბედურება მომხარდიყო, ჰოდა, მათ შევუძახე: რის გამო ჩხუბობთ? სინამდვილეში, არც ერთი მინდიხართ და არც - მეორე. ჰოდა, რატომ კლავთ ერთმანეთს? მოდით, დავთქვამ დღეს - ეს იქნება 19 აპრილი და ვინც ამ დღეს "ზაქსში" პირველი მოვა, იმასთან მოვაწერ ხელს-მეთქი...

19 აპრილს მივედი "ზაქსში". მეგონა, რომელიც გარეგნულად უფრო მომწონდა, ის დაასწრებდა მოსვლას, მაგრამ მირიანაშვილი მოვიდა და მეც, სიტყვას ვერ გავტეხდი, ხელი მოვაწერეთ... მერე გავიგე, რომ ის ბიჭი, რომელიც შედარებით მესიმპათიურებოდა, ქორწილისთვის ემზადებოდა და საყიდლებზე ერევანში წასულა. იქ მეგობრებთან ერთად, რესტორანში უქეიფია, ჩხუბი მოსვლია და დაუჭერიათ (ესეც შენი ბედისწერა)... მოკლედ, ამ ბიჭთან ხელი კი მოვაწერე, მაგრამ შენობიდან რომ გამოვედით, გავაფრთხილე: ახლა მე სახლში მივდივარ, შენ კი შენი გზით წადი, არ შემაწუხო-მეთქი. ზედმეტს მეტყოდა რამეს თუ?...

- დაგემორჩილათ? იცოდა, რომ "ძველი ბიჭების" დობილი იყავით?

- არა, ეს არ იცოდა, მაგრამ მაინც დამემორჩილა (იღიმის). მან ჩემ შესახებ ბევრი არაფერი იცოდა, მხოლოდ მამაჩემს იცნობდა შორიდან - ეგ იყო და ეგ... ხელი რომ მოვაწერეთ, იქვე ვუთხარი: ხომ მიიღე ის, რაც გინდოდა? ხელი მოგიწერე, ახლა შენი ცოლი მქვია-მეთქი (იცინის).

- ასე რატომ მოექეცით?

- პრინციპის გამო. რაღაცას რომ ვიტყოდი, უნდა შემესრულებინა და თან, მაპატიეთ, მაგრამ "ფეხებზე მეკიდა" ეს ცხოვრება.

ხელისმოწერიდან დაახლოებით, ერთი წელი გავიდა. კარგად მახსოვს, 7 ნოემბერი ახლოვდებოდა. ექვს რიცხვში ნავთლუღის ბაზარში წავედი, ყვავილების თაიგულის საყიდლად, რომელიც "პარადზე" უნდა წამეღო. იმ დღეს შევხვდი ჩემს ე.წ. ქმარს. მითხრა, - მოდი, ცოტა გავიაროთ და დავილაპარაკოთო.

- ხელის მოწერის შემდეგ ნანახიც აღარ გყავდათ?

- არა, მას მერე პირველად შევხვდი. მეგონა, შემთხვევით, მაგრამ თურმე, მეძებდა. დედისთვის უთქვამს: დღეს ან ცოლს მოვიყვან სახლში, ან მკვდარს მომასვენებენო. მშობელთან მოლაპარაკებული ყოფილა, მაგრამ ამას ვერ მივხვდი... მოკლედ, თაიგული მიყიდა და ქუჩაში გავისეირნეთ. ერთი ქუჩის გადაკვეთაზე შეუხვია და მეც უაზროდ გავყევი. ერთ-ერთი სახლიდან ვიღაც ქალმა თავი გამოჰყო, მერე მოულოდნელად, სადარბაზოს კარი გააღო და წინ გადაგვიდგა: მობრძანდით, მობრძანდითო. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ქმარმა გამაცნო, - ეს დედაჩემიაო. დედამთილმა ხელი მომკიდა და სახლში შემიყვანა. მისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია. დავსხედით სკამებზე. მოულოდნელად, ამ ქალმა კრემისფერი მაისური გამოიტანა: ჩაიცვი, შვილო, ძალიან მაინტერსებს, როგორ გექნებაო. უარი ვერ ვუთხარი, მომერიდა. მაგრამ დავიჩურჩულე, - კი, მაგრამ ფული არ მაქვს წამოღებული და მაინც ვერ ვიყიდი-მეთქი. - არა უშავს, ჩაიცვიო. მერე ლაკის ფეხსაცმელიც გამომიტანა, ბოლოს კი ოქროსსამაჯურიანი საათიც გამიკეთა, - ესეც გქონდეს, სურათი უნდა გადაგიღოო (იცით, საოცრად ლამაზი, ძალიან მაგარი ქალი იყო ჩემი დედამთილი და როგორც ამბობდნენ, მაჭანკლობაც კარგად გამოსდიოდა). ცოტა ხანი ვიჯექი ასე გამოპრანჭული, მერე ჩემი სამოსის ჩაცმა დავაპირე, მაგრამ ქმარმა მითხრა: ნუ გაიხდი, გეცვას და დედას ფულს მოგვიანებით თავად მივცემო... ამ სახლის ფანჯრიდან კიბე ჩანდა და მიკვირდა, ამ ეზოში რამდენი ადამიანი ცხოვრობს, კიბეზე უამრავი ხალხი რომ ირევა-მეთქი, მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს. ცოტა ხნის მერე დავიწუწუნე: ახლა უნდა წავიდე, თორემ მამაჩემი გაგიჟდება-მეთქი. - კი, გაგიშვებ, მაგრამ მანამდე ჩვენი სახლი უნდა დაგათვალიერებინო. არ გაიტერესებს, მაღლა რა ხდება, კიბეზე ამდენი ხალხი რომ ადის და ჩადისო? - მომკიდა ხელი დედამთილმა და ამიყვანა მეორე სართულზე. ერთი ოთახიდან ხმაური გამოდიოდა. კარი რომ შეაღო, ატყდა ჟრიამული, - პატარძალი მოვიდა, ნეფე-პატარძალს გაუმარჯოსო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ლიკა ქაჯაია