მიტოვებულები და... გამეტებულები... - გზაპრესი

მიტოვებულები და... გამეტებულები...

ჩვენს ქვეყანაში ვისი ცოდნა და შესაძლებლობები დაუფასებიათ და გამოუყენებიათ, მისი რომ გამოეყენებინათ?!

საზღვარგარეთ გადაწყვიტა წასვლა და არც ამაში გაუმართლა: რეკომენდაციები საქართველოდან იყო გასაცემი და მის ნაცვლად ის გაუშვეს, ვისაც გავლენიანი პატრონი და მფარველი აღმოაჩნდა...

დედამაც კი ვერ გაუგო ბოლომდე და პირველმა მან ჩაიქნია ხელი:

- შენ რომ გიყუროთ და გელოდოთ, მთლად დაგვექცევა ოჯახი. ისევ მე უნდა ვიმარჯვო და წავიდე საზღვარგარეთ, რომ შენს შვილებს ლუკმაპური მაინც არ მოაკლდეთო...

დედა საბერძნეთში წავიდა და მალე ქალიშვილებიც წაიყვანა. ლადოს (სახელი გასაგები მიზეზით შევცვალე) ფულს კი უგზავნიდნენ, მაგრამ არც მწარე შენიშვნებს აკლებდნენ:

- ხომ არ გგონია, ხეზე ისხამს აქ ევროებს, წელში ვართ გაწყვეტილები უმძიმესი შრომით და შენმა დებმა საკუთარ მომავალზეც ხომ უნდა იზრუნონ? შენი შვილები უკვე წამოიზარდნენ. მეტს მაინც არაფერს აკეთებ და მათ მოუარე, ცოლი კი გამოუშვი და დავასაქმებთ. დროა დამოუკიდებლად არჩინოთ ოჯახი, ჩვენ მეტი აღარ შეგვიძლიაო...

ლადო ცოლის გაშვების სასტიკი წინააღმდეგი იყო და სულ დაივიწყა თავისი წითელი დიპლომი და ფიზიკოსობა. ყველანაირ სამუშაოზე თანახმა იყო, ოღონდ ოჯახი არ დანგრეოდა და ქალი, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან უყვარდა, მისგან შორს არ ყოფილიყო... ხან ღამის დარაჯად იმუშავა და ხანაც - შავ მუშად, მშენებლობაზე, მაგრამ აღებული ფული ერთი კვირაც არ ჰყოფნიდათ და სულ უფრო გახშირდა ჩხუბი და კამათი ლადოს ოჯახში. ბოლოს ცოლმა ბავშვებს ხელი დაავლო და სოფელში ჩაუყვანა თავის მშობლებს, თავად კი დედამთილთან და მულებთან გაიპარა. სხვანაირად ვერ წავიდოდა, ქმრისგან ნებართვას არ ეღირსებოდა...

- რადგან ეს იკადრე, შეგიძლია, აღარც დაბრუნდე! - შეუთვალა "მოღალატე" ცოლს გულმოკლულმა კაცმა და არც მან დაიხია უკან: არც რამე მესაქმება შენნაირ უხეიროსთანო... ინტერნეტითაც აღარ ეურთიერთობებოდნენ ერთმანეთს და მონატრებას რომ ვეღარ გაუძლო, ლადო სასმელს მიეძალა. ხშირად შემხვედრია ქუჩაში მობანცალე და ერთხელ გავუბედე კიდეც: თავს რატომ იღუპავ-მეთქი? მას შემდეგ გამირბოდა, თვალს მარიდებდა...

სასმელმა ღვიძლი დაუზიანა და მკურნალობაც არ მიიყვანა ბოლომდე, რადგან სასმელის გარეშე ვერ გაძლო და ალბათ, სიცოცხლეც აღარ სურდა - ცხოვრებასთან ჭიდილში დამარცხებულსა და ყველასგან მიტოვებულს. როცა გარდაიცვალა, მერე ალაპარაკდა ყველა: მონატრებამ მიიყვანა ამ დონემდე, მარტოობას ვერ გაუძლო - ცოლიც სიგიჟემდე ენატრებოდა და შვილებიცო... დედას და დებსაც ამტყუნებდნენ: ავადმყოფიც კი არ დაინდეს და ერთიც არ ჩამოვიდა, მძიმე წუთებში მის გვერდით რომ ყოფილიყოო... მეზობლებმა ნახეს უკვე გარდაცვლილი და ვინ იცის, ვის ან რას ნატრობდა სიკვდილის წინ?!

...ვიცი, მძიმეა წასაკითხად ის, რაზეც ახლა ვწერ, მაგრამ არც უთქმელობა იქნება. ჩვენ ბევრს ვწერთ და ვლაპარაკობთ საზღვარგარეთ ოჯახების გადასარჩენად სამუშაოდ წასული ქალების უმძიმეს ყოფასა და მდგომარეობაზე, მაგრამ არაფერს ვამბობთ საქართველოში "უპატრონოდ" დარჩენილ მამაკაცებზე. თუ დავწერთ და მხოლოდ ცუდს: როგორ ცხოვრობენ "უდარდელად" ცოლების გამოგზავნილი ფულით, მთელ დღეებს დომინოს თამაშსა და სმაში ატარებენ. ხდება უარესიც - როცა ცოლის გამოგზავნილი ფულით სხვა ქალს ანებივრებენ და საბოლოოდ, ცოლადაც კი ირთავენ, მაგრამ ასე ხომ კაცების ძალიან მცირე ნაწილი იქცევა. უმრავლესობა კი ბავშვივით უსუსური ხდება მიტოვებული და თავისებურად გამეტებული: ზოგი სასმელში ცდილობს უსაშველო დარდის ჩახრჩობას და თუ ასე არ მოიქცა, გულს იხეთქავს არშემდგარ ცხოვრებაზე დარდით. ცოტა ხნის წინ ერთმა კარდიოლოგმა მითხრა: ინფარქტების რაოდენობამ ოცდაათ წელს გადაცილებული მამაკაცების ხარჯზე იმატა და სიკვდილიანობაც გახშირდა. ასეთი კაცების უმრავლესობას ცოლი არ ჰყავს გვერდით. კაცს მარტოობა განსაკუთრებით უჭირს და გამუდმებით შინაგან შფოთვას განიცდის, დეპრესია ეძალება, ეს კი გულის უპირველესი მტერიაო...

ალბათ მართალია ეს კარდიოლოგი. ბევრი ისეთი ფაქტის მომსწრე ვარ თავადაც, როცა პანაშვიდზე მისულს, გარდაცვლილის ჭირისუფლად არც ცოლი მინახავს და არც - დედა: უცხო ქვეყანაში არალეგალურად წასულებმა ჩამოსვლა ვერ შეძლესო და უარესი რაღა უნდა დაგვემართოს?!.

ინგა ჯაყელი