გზავნილი სადედამთილოსთვის - გზაპრესი

გზავნილი სადედამთილოსთვის

ძალიან მიყვარს საქართველო. ეს ის ადგილია, სადაც გავიზარდე. ვგიჟდები დედის მხრიდან ნათესავებზეც, ჩემს ქართველ მეგობრებზეც, რუს ხალხს კი ვაფასებ იმიტომ, რომ მათი სისხლი მიჩქეფს ძარღვებში. ჩემი წარმომავლობის გამო წესით, არ უნდა ვისჯებოდე. ბავშვები როცა ისახებიან და მერე - იბადებიან, თავად არ ირჩევენ მშობლებს, ეროვნებას, არც სახელის არჩევის უფლება აქვთ... ჰოდა, იმის გამო, რომ რუსული იერი მაქვს და ეს ენაც კარგად ვიცი, ჩემო საყვარელო ქართველებო, ნუ დამსჯით. ქუჩაში ნუ მიყურებთ ისე, თითქოს ჩემი გაპუტვა გინდოდეთ და თითქოს, ჩემი ბრალი იყოს, ორ ქვეყანას შორის ცუდი ურთიერთობა რომ არის. ძალიან გთხოვთ, შუბლი გახსნათ და მეც ისევე გამიღიმოთ, ისევე თავაზიანად მომექცეთ, როგორც ჩემს მეგობარ ქართველებს და ნურც სარძლოდ დამიწუნებთ - არ ვარ ცუდი ადამიანი..."

ამ წერილის ავტორს ბუნებრივია, გული სტკივა, როცა რუსებს ლანძღავენ, მაგრამ ყველაფერს ითმენს, ასეთ დროს საუბარში არ ერევა, რადგან იცის, რუსების დაცვა მისი მხრიდან გონივრული საქციელი ვერ იქნება. თუმცა, აქვს სურვილი, ხმამაღლა, მთელი ქვეყნის გასაგონად იყვიროს: თქვენი პოლიტიკოსებიც არანაკლებ დანაშაულს სჩადიან, მაგრამ მათ სასიკვდილოდ ხომ არ იმეტებთ? ჰოდა, რა ქნას ერთმა უბრალო რუსი წარმომავლობის ადამიანმა, რომელსაც ქართველებიც სიცოცხლეს ურჩევნია, თავი მოიკლას? ჰო, ომის გადატანა მოგვიხდა, მაგრამ რა ჩემი ან სხვა უბრალო მოქალაქის ბრალია, თუ ჩვენი პოლიტიკოსების ახირების გამო უამრავი ადამიანი დაიხოცა? მერწმუნეთ, არც მე, რუსული გვარის მქონეს და არც სხვა ბევრ რუსეთის მოქალაქეს არაფერში გვჭირდებოდა საქართველოს ტერიტორიის წართმევა და ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ.

- მამა რუსია, მაგრამ ისიც საქართველოში დაიბადა და ყველთვის ქართველობდა. ის და დედა თურმე, ჯგუფელები იყვნენ უნივერსიტეტში. ერთმენთი შეუყვარდათ და მერე დედა დაფეხმძიმდა. ცხადია, მშობლები აუმხედრდნენ და შვილს მოსთხოვეს, მუცელი მოეშალა... საბედნიეროდ, დედამ გარისკა და მშობლებმა მართალია, გარიყეს, მაგრამ მე მაინც გამაჩინა, ეს კი თავგანწირვის ტოლფასი გახლდათ. ფეხმძიმე გოგოს მუშაობაც უხდებოდა, რომ ცოტაოდენი ფული შეეგროვებინა ისევ იმისთვის, რომ ჩემი გაჩენის საშუალება ჰქონოდა. იმ პერიოდში თურმე, მამამაც მიატოვა. დედამ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და სამშობიაროდ იქიდან წაიყვანეს - ბოლო დღემდე შრომობდა, რომ საჭირო თანხა შეეგროვებინა.

როცა მე გავჩნდი, დედას მეგობრები ამოუდგნენ მხარში. მერე მამას დედას ანუ ბებიას გაუგია, შვილიშვილი რომ გაუჩნდა და ჩემს სანახავად მოსულა. დედა რომ დაუნახავს, გახარებია: ეს როგორი კარგი გოგო ხარ, იმ უღმერთო ჩემმა შვილმა როგორ მიგატოვა? ახლავე წამოდი ჩემს ოჯახში, შვილს კი ჭკუას ვასწავლიო. დედა არ გაჰყოლია ამ კეთილ ადამიანს, რომელსაც მისთვის მთელი ცხოვრება, მხოლოდ სიკეთე უნდოდა.

GzaPressმერე თურმე, იმდენი უჩიჩინა ბებიამ თავის შვილს, რომ მამასაც გაუჩნდა ჩემი ნახვის სურვილი. ერთ დღეს მოვიდა ჩვენს სანახავად და მას მერე აღარც მივუტოვებივართ. დედამ აპატია ყველაფერი, წყენა დაივიწყა და ჩემ გამო დაქორწინდნენ კიდეც. მერწმუნეთ, მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ დედას რომ არ ევაჟკაცნა და მე არ გავეჩინე, შეიძლება, ერთად აღარც გაეგრძელებინათ ცხოვრება, ოჯახი არ შეექმნათ, არადა, ეს დასანანი იქნებოდა: თითით საჩვენებელი იყო ჩემი მშობლების სიყვარული, მათი ერთგულება, შრომისმოყვარეობა. ჩვენი სახლიდან არასდროს ისმოდა ყვირილისა და ჩხუბის ხმა. მოკამათე მშობლებიც კი არასდროს მინახავს. დედას და ბებიას იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ. ყველას დაუჯერებლად ეჩვენებოდა: რძალს და დედამთილს ერთხელაც არ უჩხუბიათო? ნამდვილად ასე იყო! გამოდის, რომ ქართველებს და რუსებს მშვენივრად გვესმის ერთმანეთის და ერთ რამეზეც შევთანხმდეთ: კარგი და ცუდი ყველგან არის.

- დედაშენს მშობლები როდის შეურიგდნენ?

- მხოლოდ მას მერე იკადრეს და ინახულეს შვილი, როცა მამამ ქორწილის დღე შეატყობინა სასიმამროს. მანამდე არც კი იკადრეს დედაა ნახვა და ის ამ ამბავს დღესაც ტკივილით იხსენებს. ამბობს: ძალიან ცუდად მომექცნენ; იმ დროს მიღალატეს, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა. ბებიაშენისგან (დედამთილს გულისხმობს) რაღაცები მწყინდა, მაგრამ ყველაფერს ვითმენდი - ღვთისნიერი ქალი იყო და ოჯახურ გარემოში რომ გაიზარდე, მისი დამსახურებაა. სხვა მის ადგილას, ასე არ მოიქცეოდა და სახლში არ წამომიყვანდაო. დედა მართალია, ბევრი ქალი არ ურჩევდა შვილს წინასწარ დაფეხმძიმებული ქალის შერთვას.

მერე, როცა ქვეყანაში სიტუაცია აირია, მამამ სამსახური დაკარგა და ვერც ის გაეგო, ვის მხარეს უნდა ებრძოლა, სამუშაოდ რუსეთში წავიდა (საქართველოში ხომ ის რუსი იყო და არა უბრალოდ ადამიანი). დედაც გაჰყვა, მე კი ბებოსთან დავრჩი. როცა იქ ხელი აიწყვეს, მერე მეც წამიყვანეს. რუსეთში დავამთავრე სკოლა, უნივერსიტეტში კი აქ ჩავაბარე. ჩემი მშობლები დღემდე მოსკოვში ცხოვრობენ, იქ მუშაობენ, მატერიალურად მყარად არიან, საქართველოში ჩამოსულებს კი ნამდვილად არავინ შეეგებება წითელი ხალიჩითა და სიხარულის ყიჟინით. შეიძლება, დედა განსაჯონ კიდეც იმის გამო, რომ "მტრულად განწყობილ" რუს ხალხთან ერთად, რუსეთში ცხოვრობდა. ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ ასე მექცევიან? სამარშრუტო ტაქსიში რომ ავდივარ, უცნობები ისე მიყურებენ, მგონია, ჩემი გაპუტვა უნდათ. მაქსიმალურად ვცდილობ, რუსულად არ ვილაპარაკო, მაგრამ გარეგნობა მაქვს ისეთი, ხვდებიან, ჩემში მხოლოდ ქართული სისხლი რომ არ არის და თანაც, წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრებამ თავისი ქნა და რუსული აქცეტი დაჰკრავს ჩემს ქართულს. ჰოდა, დავიღალე, ამის გამო ბევრ ქართველს ჩემ მიმართ აგრესია რომ აქვს. ჩემს გასაგონად იწყებენ ცუდ რუსეთსა და მოძალადე რუსებზე ლაპარაკს - ამას ძალიან განვიცდი.

- ალბათ ძნელია, ასეთ დროს ადამიანებს არაფერი უთხრა...

- ძნელია, მაგრამ ვითმენ - ლაპარაკში ვერ აჯობებ მთელ სამყაროზე გაბრაზებულ ადამიანებს, თორემ შეგნებულები ყველას ერთ ქვაბში არასდროს ყრიან. არც ქართველი მეგობრების ნაკლდბობას ვუჩივი და ბევრსაც ვუყვარვარ, მაგრამ საზოგადოება ჩემი დანახვით რომ გაღიზიანდეს, ესეც არ მინდა. საქართველო რომ არ მიყვარდეს, აქ წამითაც არ გავჩერდებოდა, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა გავიქცე იმ ადამიანების გამო, რომლებიც არ მიცნობენ, რომლებიც უცნობი ადამიანის მიმართ აგრესიას ანთხევენ და დაუნდობლად ცდილობენ გადაგიარონ, შენზე უკეთესები გამოჩნდნენ? აბა, რა იციან, ვინ ვარ? იქნებ მათზე მეტად მიყვარს ეს ქვეყანა? მოვიდნენ და შემეჯიბრონ საქართველოს სიყვარულში! ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი სუფთა სისხლის ქართველი მეორეს ლაძღავდა, ხშირად ამბობენ სიტყვებს: ქართული მენტალიტეტის ბრალია ან ასე ცუდად მხოლოდ ქართველები ვიქცევით, ეს "გრუზინულიაო". მოკლედ, ისევ ქართველი თუ გამოუთხრის ქართველს ძირს, თორემ სხვა ეროვნების ადამიანი ვერაფერს დააკლებს.

იცით, რუსეთში ყოფნისას ბევრისგან მსმენია, რომ ქართველები ძმები არიან. უხაროდათ ჩემთან ურთიერთობა და პრინცესას მეძახდნენ, რადგან ქართული სისხლი მქონდა. ბევრს მოსწონს ქართული სიმღერები, კერძები და როცა ჩემთან სტუმრად მოდიოდნენ, ყოველთვის მთხოვდნენ, მათთვის რაიმე ქართული მეჩვენებინა. ისინი აფასებენ ჩვენს კულტურას, ტრადიციებს.

- თბილისში მარტო ცხოვრობ?

- კი, მარტო ვცხოვრობ და ვმუშაობ. მივეჩვიე დამოუკიდებელ ცხოვრებას და მომწონს, საკუთარ თავზე პასუხისმგებელი რომ ვარ.

- როგორც ვიცი, ქართველი შეყვარებული გყავს. ასეა?

- კი, ჩემი შეყვარებული ქართველია! 4 წელია, ერთმანეთს ვხვდებით. ცოლობაც მთხოვა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან გავიგე, რომ თურმე, დედამისი მიწუნებს.

- გიწუნებს იმიტომ, რომ ქართველი არ ხარ?

- კი, ასეა და ამის გამო გული ძალიან მწყდება. მე ქართველიც ვარ! მიყვარს ყველაფერი ქართული და არ მესმის, უაზროდ წამოწყებული ომის გამო მე და ჩემნაირები რატომ უნდა ვისჯებოდეთ?..

- იქნებ ეს კითხვა შენი შეყვარებულის დედისთვის პირადად დაგესვა...

- (მაწყვეტინებს) დავითა და კამათით რომ დავიწყოთ ურთიერთობა, მომავალში ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. შეიძლება, ამ კამათის შემდეგ ცოტათი მიყუჩდეს, მაგრამ მერე, როცა მისი რძალი გავხდები, არ მაპატიებს "გრძელი ენის" ქონას, ჩემს წარმომავლობას და ყელში ამომადენს ამ ყველაფერს, მე კი ეს არ მინდა. მსურს, მომავალ დედამთილთან ისეთივე კარგი, სამაგალითო ურთიერთობა მქონდეს, როგორიც დედას ჰქონდა ბებიასთან.

- შენმა რჩეულმა იცის, მისი ცოლობისგან თავს რატომაც იკავებ?

- არა, ჯერ არაფერი მითქვამს, მერიდება.

- როგორ ფიქრობ, ამ სიტუაციიდან რა გამოსავალი არსებობს?

- ან უნდა დავშორდეთ, რომ თავიდან ავირიდო მომავალში ოჯახის დანგრევის ტკივილი, ან სადედამთილოსთან მივიდე და დაველაპარაკო. ჯერ ვერ გადამიწყვეტია, როგორ მოვიქცე. ვერ ვბედავ მასთან პირისპირ შეხვედრას, საკუთარ თავსაც ვუფრთხილდები (არ მინდა, გული კიდევ უფრო მეტკინოს), შეყვარებულსაც და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, მის დედასაც... რას ვიზამთ, სადაც წვრილია, იქ გაწყდეს... თქვენ სწორედ იმიტომ დაგიკავშირდით, რომ ჩემს სადედამთილოს მივმართო: ქალბატონო ნინო, ძალიან გთხოვთ, უსამართლოდ ნუ მექცევით და უცნობ გოგონას გულს უსაფუძვლოდ ნუ მტკენთ. მერწმუნეთ, მე შემიძლია ბევრად კარგი რძლობა გაგიწიოთ, ვიდრე სხვა, სუფთა სისხლის ქართველ გოგოს. მე და თქვენს შვილს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და უმორჩილესად გთხოვთ, თუ ჩემი რუსული გვარის გარდა, საწინააღმდეგო სხვა არაფერი გაქვთ, ნუ დამაშორებთ თქვენს შვილთან. გპირდებით, ვიქნები კარგი რძალი, თქვენი შვილიშვილების მოსიყვარულე დედა და არც იმის მომხრე ვარ, რომ რუსებმა დაიპყრონ საქართველოს ტერიტორია.

P.S. ძვირფასო მკითხველებო! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამორჩეული ხართ ან გსურთ, საკუთარი თავგადასავალი გვიამბოთ, საკუთარ პროფესიასა და მიღწევებზე ისაუბროთ ან სულაც, ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ, მაშინ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია