შეცვლილი ბარგი... - გზაპრესი

შეცვლილი ბარგი...

დაახლოებით ათი წელიწადია, იტალიაში მუშაობს და უკვე იმდენს მიაღწია, რომ ლეგალური ცხოვრების უფლება მოიპოვა. ჰოდა, მეორე წელია, საქართველოში მაშინ ჩამოდის, როცა ამისი სურვილი და რაც მთავარია, მატერიალური საშუალება გაუჩნდება. საახალწლოდაც დაეთხოვა დამქირავებელ ოჯახს და ორკვირიანი არდადეგების მოწყობა გადაწყვიტა. რადგან ფრენა ძვირად ღირებული სიამოვნებაა, ავტობუსით გამოემგზავრა სამშობლოში. პირველსავე საზღვარს რომ მოადგნენ, მაშინ გაეხვა შარში. პოლიციელებმა მგზავრები გააფრთხილეს: ინფორმაცია გვაქვს, რომ თქვენი ავტობუსით იტალიაში ძებნილი მგზავრობს, თან - ნაქურდალი ნივთები მოაქვს. ამიტომ ბარგი უნდა გავჩხრიკოთო.

გახსნეს ავტობუსის საბარგული და პატრონების თვალწინ დაიწყეს ჩანთების ჩხრეკა. როცა ჯერი ნანას ჭრელ ჩანთაზე მიდგა, თამამად წარდგა პოლიციელების წინაშე: ჭაღი მიმაქვს დედამთილისთვის, დაშლილ მდგომარეობაშია და ფრთხილად გახსენით, ნაწილები არ გამიბნიოთო...

მსგავსი ჭაღი გასულ წელს თავისი ბინისთვის ჩამოიტანა ნანამ და დედამთილს ისე მოეწონა, გადაწყვიტა, მისთვის სიურპრიზი მოეწყო - ბოლოს და ბოლოს, ამ ქალის დახმარების გარეშე ხომ ფეხსაც ვერ გაადგამდა საზღვარგარეთ...

გახსნეს ჩანთა და მაშინვე დაადეს ხელბორკილი გაოგნებულ ქალს, როცა "უბრალო ჭაღის" ნაცვლად, პირველსავე ფუთაში ოქროს სამკაულები აღმოჩნდა, მეორეში - იშვიათი საკოლექციო საათები და საყაჩაღოდ საჭირო ნიღაბი, მისაწებებელი წვერ-ულვაშიც...

ის-ის იყო, უნდა ეკივლა: ეს ჩანთა ჩემი არ არის, ვიღაცამ გამწირაო, რომ პირზე ხელი ააფარეს და ურჩიეს, ხმა არ ამოეღო: ადვოკატის გარეშე ნათქვამი თითოეული სიტყვა შენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებულიო და იტალიაში გააბრუნეს. ოჯახს კი იმავე საღამოს შეატყობინეს: არ ელოდოთ, რადგან კარგა ხანს მოუწევს ციხის კედლების ხეხვაო და ასეც იქნებოდა, იმ ოჯახის უფროსს რომ არ ემარჯვა, სადაც ნანამ ამდენი წელიწადი გაატარა ინვალიდი მოხუცის მომვლელად. ამ კეთილმა ადამიანებმა ადვოკატი დაუქირავეს და დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი იყო, ქალს რაიმე საერთო ჰქონოდა მძარცველთა ბანდასთან. გამოძიება დააჩქარებინეს და მალე ვიდეოჩანაწერიც მოიპოვეს, თუ როგორ დაეხმარა ავტობუსის მძღოლი ვიღაც მამაკაცს საბარგულიდან ნანას ჩანთის ამოღებაში, შემდეგ კი ნაქურდალით სავსე მსგავსი ჩანთა ჩადეს, რომელსაც ალბათ, საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩამოართმევდნენ...

მძღოლი აალაპარაკეს და ნამდვილი დამნაშავის კვალზეც გავიდნენ. ნანას, როგორც დაზარალებულს, კომპენსაცია გადაუხადეს და დაკარგულის სანაცვლო ჭაღიც შეუძინეს, მაგრამ თავად აღარც დედამთილის სახელის ხსენება უნდოდა და აღარც - ქმრის. საქმე ის არის, რომ როცა ოჯახს მისი დაკავების ამბავი შეატყობინეს, იმის ნაცვლად, მხარში ამოსდგომოდნენ, ქმარმა უცებ დაიჯერა, რომ ნანა მართლა ბანდის წევრი იყო და მეზობელ-ნათესავების გასაგონად თავში ხელს იცემდა, ილანძღებოდა: ამიტომ არ მინდოდა გაშვება. მეშინოდა რომ შეაცდენდნენ. პატიოსანი შრომით ვის რა უშოვია უცხოეთში, ეს ჩემი არიფი ცოლი რომ აშენებულიყო? ბანდის წევრი ყოფილაო... თურმე, დედამთილიც ვიშვიშებდა: ეს ვინ შემომიშვია სახლშიო?!

მოკლედ, ვიღაცამ ნანას ეს ყველაფერი ჩაუკაკლა და იმანაც, სამართლიანად შემოუთვალა ქმარსა და დედამთილს: ჩემი სახელი აღარ ახსენოთ. რა უნდა მქონდეს საერთო ხალხთან, ვინაც ჩემი უნამუსობა დაიჯერაო? მაგრამ ჩავერიეთ მეგობრები და მაინც შევარიგეთ ოჯახის წევრებთან, დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახი დასანგრევად ვერ გავიმეტეთ.

ინგა ჯაყელი