კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი რობინ ჰუდი - გზაპრესი

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი რობინ ჰუდი

ჯარიდან დაბრუნებულმა ვიქტორმა ერთი წელი სამხედრო ფორმით იარა. მამამ ვერ გაიმეტა ფული, რომ ყოფილი "საპიორი" (გამნაღმველი) სამოქალაქო ტანსაცმლით შეემოსა გაქუცული სამხედრო ფორმის საბოლოო განადგურებამდე და ეგებ, არც გაემტყუნებოდა 10 შვილის მამას. ვიქტორმა მამის დაუკითხავად ასი მანეთი აიღო და კოხტადაც ჩაიცვა (ამ ფულით თურმე, შარვალ-კოსტუმი, ფეხსაცმელები და პერანგი იყიდა). სიხარულით ავსებულს ელენე მამიდის მონახულებაც გადაუწყვეტია და სოფელ გომარეთიდან გორიდან 18 კილომეტრში დაშორებულ ფხვენისისკენ გაუწევია.

მამიდას ძმისშვილის სტუმრობა გაუხარდა. მიკითხვ-მოკითხვის მერე პრაგმატულად შეხედა ვიქტორის მდგომარეობას და მეზობლის თურაშაულივით ჩავაშლული გოგო, მამით ობოლი ჟუჟუნა ლალიშვილი შორიდან დაანახა. მართალია, ქონება დედისერთა ქალს თავზე არ გადასდიოდა, მაგრამ არც დმანისში იყო პერსპექტივა: ვიქტორის ოჯახში კიდევ 5 ვაჟი იზრდებოდა და გომარეთული ოჯახის ექვს ნაწილად გაყოფა დაახლოებით ასე იქნებოდა: ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა.

GzaPressზედსიძედ ოჯახში შესვლა არც ისე სასიხარულო იყო, მაგრამ დმანისის სოფელში უპერსპექტივობას ისევ ფხვენისში მცირე პერსპექტივა ჯობდა, თანაც - ნაზუქივით გოგოც თვალში მოუვიდა და ახალ ტანსაცმელში გამოწკეპილი ვიქტორი ალიზის ქოხში ახალი ცხოვრების დასაწყებად გადაბარგდა.

ხელმარჯვე ახალგაზრდამ მალე ახალი სახლის აშენება დაიწყო. ცოლი და სიდედრი ვაჟკაცურად ამოუდგნენ მხარში სახლის მშენებელ სიძეს, რადგან მუშის ქირაობის შესაძლებლობაც არ ჰქონდათ. მცირე დროის მერე, ზურგს უკანაც ვერავინ ეტყოდა, - დასიძებულ კაცს გატყავებული მელა სჯობსო. ოთხი შვილი, ათასი საქმე, ხელმარჯვე ოსტატობა - ვიქტორის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ქვემოქართლელი შიდაქართლელებს ისე შეეთვისა, თითქოს ბავშვობიდან ფხვენისში ცხოვრობდა.

საათის ცნობა არ ვიცოდი, საათის შეკეთება რომ დავიწყეო, - ამბობს ვიქტორი. გარდა ამისა, თოფის კონდახებსაც ცვლიდა, ფოტოგრაფობდა, ოქრომჭედლობდა და ტექნიკას ხან რას უმატებდა, ხანაც - აკლებდა. ახლაც ერთი კვადროციკლი აქვს ამოჩემებული: ძრავას უცვლის, აგრძელებს, ხანაც ამოკლებს და "ფორდის" დროინდელ "მერკურსაც" ამუშავებს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი წელია, ცალი თვალი დაიზიანა მეზობლის ნამგლის შეკეთებისას.

ვიდრე "ფორდ მერკური" იქნებოდა, მანამდე სამთვლიან მოტოციკლზე ამხედრებული ლიახვის ხეობის სოფლებში ფოტოებს იღებდა და ამაში არც არაფერი იყო უცნაური, რადგან გასული საუკუნის ბოლომდე ყველგან ასე დადიოდნენ ფოტოგრაფები - "ჩასაკარტიჩკებლად". ერთხელაც, ნიქოზისკენ მიმავალს დაუნახავს, როგორ გადავარდა მანქანა ადიდებულ ლიახვში და არც გახსნებია, რომ დეკემბერში იძულებითი ბანაობა დიდად საპიტნავებელი არ იქნებოდა. სასწრაფოდ გამოუყვანია დასახრჩობად განწირული მგზავრები. ძვირად დაუჯდა ვიქტორს ეს იძულებითი ბანაობა და რობინჰუდობა: მთელი ზამთარი ვერ მოკეთდა და გაზაფხულამდე საწოლში თეთრეულს ლესავდა. ისე, ეს ფაქტი ჭკუის სასწავლებლად არ ეყო და რამდენიმე წლის შემდეგ, ბორჯომის გზიდან მტკვარში "გადასეირნებული" მანქანის კარის გასაღებად სხვა არავინ დაძრულა, ისევ მან ივაჟკაცა და დახრჩობას გადაარჩინა მგზავრები. ამისთვის არც მედლები დაუკიდებიათ, არც მადლობა უთქვამს ვინმეს. თუმცა, არც უფიქრია ჩინ-მედლებსა და ათასგვარ წარმავალ დიდებაზე.

ბუნებით "სპასატელი" 2008 წლის ომსაც არ შეუშინდა. მთელი ფხვენისი რომ დაიცალა და გახიზნულმა მოსახლეობამ პანიკური შიშის გამო ყველაფერი მიატოვა, ვიქტორი საადრეო ვაშლებს ბაღში აგროვებდა და უპატრონოდ ჩამწყვდეულ ღორებს იმდენს მაინც აჭმევდა, რომ სული გაეტანათ. გომურებში ბაგაზე მიჯაჭვულ ძროხებსაც არწყულებდა და აბალახებდა. მთელი სოფლის ძაღლები მომლოდინე თვალებით შესცქეროდნენ, ახლა გამოვა და დაუყვედრებელ ლუკმას "პატრონი ამოგიწყდას" დაძახების გარეშე გვაჭმევსო.

GzaPress

ვისაც გორიდან შინდისის გზისკენ ერთხელ მაინც უმგზავრია და ფხვენისამდე აუღწევია, ეცოდინება, რომ ამ სოფელს ცხინვალისგან ერთი ხელის გაშლა ადგილი ჰყოფს. როგორი გულის პატრონი უნდა იყო ადამიანი, რომ... როცა რუსები შემოდიოდნენ, ერთი კერკეტი კაცი ტრიალებდა უბანში! არც სახლს ტოვებდა, არც ღორებსა და ძროხებს! პაპანაქება ზაფხულის გამო ვიქტორს მხოლოდ "მილიტარისტული" მაისური ეცვა და ხან წყალს ეზიდებოდა ოკუპანტების თვალწინ, ხანაც - ცხოველებს უვლიდა.

რუსებმა რამდენჯერმე სასმელი მოსთხოვეს. შარი არ უნდოდა და თავისი ეზოს საფერავი "ჩაახეთქა" რამდენჯერმე, ცალკე არაყიც მოუთხოვიათ და არც მის დამალვას ჰქონდა აზრი... ან კი რად უნდა სასმელი? თავად არ სვამს, სიგარეტს არ ეწევა და რუსებმა ჯერ მას "დააპრობინეს" სასმელი, მერე თავად მოულხინეს. ახსენდება, ერთმა რუსმა ოფიცერმა როგორ უთხრა: ეს მაისური გაიხადე, ვინმეს სამხედრო არ ეგონო და ბრმა ტყვიის მსხვერპლი არ გახდეო.

რუსების აგრესიის კლებასთან ერთად, თავისი სამხედრო გამოცდილება გაიხსენა. ნაღმებს პოულობდა და ერთ ადგილას აგროვებდა. როცა სოფელში ქართველი გამნაღმველები მივიდნენ, ვიქტორმა ნაღმების გროვა დაახვედრა. ნაწილი "საგაჭირვოში" ანუ იმ ოთახში ჰქონდა ჩაკეტილი, სადაც მის გარდა ვერავინ შეაბიჯებდა. გამნაღმველებს ასაკში შესული კაცის თადარიგიანობა და მაღალკვალიფიციურობა მოეწონათ, ნაღმები გააუვნებელყვეს და სიგელთან ერთად, სამსახურიც შესთავაზეს. თეთრაძემ (სახელით სულ არაა საჭირო მისი სოფლად მოკითხვა) იუარა, ამ ხნის კაცი ვარ, რაღა დროს ჩემი მუშაობაა? თანაც, პენსიონერს კი არა, ახალგაზრდებს არ აქვთ სამსახური. მე ძროხებს, ღორებს და ბაღ-ბოსტნებს უნდა მივხედოო.

70 წელს გადაცილებული ვიქტორი, 60-65 წლის მამაკაცის შესახედაობით, "კლუჩგაუგდებელის" წოდებას ატარებს. "ხადავშიკი" გინდა? მასთან შეგიძლია მიხვიდე. ეგებ, მოტორისტია საჭირო? ეგეც შეუძლია! აი, თოხ-ბარს ვერ ეწყობა ბავშვობიდან: ან პირს გაუტეხს, ან - ტარს და ისევ ჩხირკედელაობა, კაკუნი, ჩხაკუნი ურჩევნია.

არც ისე დიდი ხნის წინ იმერეთიდან თონეები ჩაუტანიათ ფხვენისში. მანქანას რადიატორი დაზიანებია და ლუმინალივით, ისევ თეთრაძე! მთელი "ცივი დღე" შეალია მანქანის შეკეთებას და ცოლს თვალით ანიშნა, ამაღამ იმერლებს უნდა ვუმასპინძლოთო. გახარებულ იმერლებს სტუმრობასა და ღამისთევაზე უარი უთქვამთ, მერე ერთი თონე ფეშქაშად დაუტოვებიათ და მზისგან სახეგამუქებული თეთრაძე გვარიანად გაწითლებულა: განა ამისთვისო... თუმცა, იმერლების დიპლომატიის ამბავი ვისაც მოეხსენება, თონე მაინც კაიკაცობის საზღაურად (და არა გასამრჯელოდ) დაუტოვებიათ.

ერთსაც დავამატებ: აგვისტოს ომის შემდეგ ნაირა ძალოს ლობიოს მოსავალი უნდა აეღო. დანაღმული არ იყოს ეს ვერანა ადგილი და ვიქტორ, ერთი მიიარ-მოიარე ჩემი ყანაო, - უთქვამს. ჟუჟუნა აღელვებულა: ჩემი ქმარი თქვენი ლობიოს "რაზვედკას" არ გადაჰყვეს, თორემ ლობიოსაც სულ დაგავიწყებთ და თავსაცო. თეთრაძეს მაინც მიუვლ-მოუვლია ის ადგილი და 32-ვე კბილი გამოუჩენია ღიმილისას, - მიბრძანდი და გამოგლიჯე ნათესიო (ვიქტორი 68 წლის მისულა პირველად სტომატოლოგთან).

GzaPress2008 წელს დასჭირვებია ყველაზე მეტად მობილური ტელეფონი. პუტინმა ხანდაზმულობისას ტელეფონის გამოყენებაც მასწავლაო (შვილებთან საკონტაქტოდ დასჭირდა და ერთმა შვილმა ფარნიანი "ნოკია" აჩუქა) და ახლა იმდენად წარმოუდგენელია თეთრაძე ტელეფონის გარეშე, როგორც ყველი უჭადოთო, - ხუმრობენ მისი ოჯახის წევრები.

როგორ ცხოვრობს ახლა 75 წლის ვიქტორ თეთრაძე? ჩვეულებრივ, როგორც ბევრი წლის წინ. პირუტყვის მოვლა, ბაღებისთვის ხელის შევლება, ბევრი თანამედროვე ტექნიკა და ნაკლები თოხი! ჰო, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ის ამბობს: მე და ჩემმა ცოლმა 52 წელი ერთად მოვატანეთ და რეკორდსაც ვამყარებთ მგონიო. ამას მხოლოდ სიყვარული თუ ათქმევინებს დრო-ჟამისგან თავგაუბეზრებელ ადამიანს. შაბათობით ერთი შვილი გორიდან ეწვევა, ვაჟიც ზოგჯერ თავისი მონაგარით ჩამოაკითხავს თურქეთიდან, ხატიაც - ხულოდან მონატრებულ შვილიშვილს ჩამოუყვანს (ხულოში ასწავლის ხატია) და ბედნიერია კაცი, რადგან ისე იცხოვრა, ვერავინ რომ ვერ დასწამებს დროის მუქთად ხარჯვას!

როლანდ ხოჯანაშვილი