ქალბატონი, რომელიც "გზის" სტატიის ასლებს იღებს და ინახავს - გზაპრესი

ქალბატონი, რომელიც "გზის" სტატიის ასლებს იღებს და ინახავს

ასეთ ადამიანებთან შეხვედრა თითოეული თანამშრომლისთვის სასიხარულოცაა, სასიამოვნოც და სტიმულის მომცემიც მომავალში უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ნომრების შესაქმნელად. ამჯერად სწორედ ორ ასეთ ადამიანს გაგაცნობთ.

ინეზა კალაძე დაახლოებით 15 წელია, პრესის გავრცელების საქმეს ემსახურება. ეს ქალბატონი შემთხვევით გავიცანი. ერთ დღეს, პრესის შესაძენად მისულს, შემომთავაზა, არჩევანი ჟურნალ "გზაზე" შემეჩერებინა.

- თქვენთვის "გზა" გამორჩეული რით არის, მის შეძენას რომ მირჩევთ?

- ყოველთვის ძალიან საინტერესო სტატიები აქვთ.

- ყოველთვის?

- ჩემთვის საინტერესოა და თქვენი ნებაა, მე მხოლოდ ჩემი აზრი მოგახსენეთ.

- თქვენს ჯიხურში ბევრი გამოცემაა, ყველას ეცნობით?

- რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვკითხულობ, მაგრამ ყოველ ხუთშაბათს კი სულმოუთქმელად ველოდები.

ქალბატონი ინეზა "გზის" ქებას ჯიუტად განაგრძობდა, მერე ახალი ნომერი გადმოიღო, კონკრეტულ სტატიებზე მიმითითა, - ესენი უკვე წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნეო. გავუმხილე, რომ "გზის" თანამშრომელი ვიყავი. გაუხარდა, - რედაქტორები და ყველა ჟურნალისტი დიდი სიყვარულით მომიკითხეო. ვინაიდან იმ დღეს ვჩქარობდი, მალე დავემშვიდობე და დავპირდი, თქვენთან ინტერვიუს ჩასაწერად აუცილებლად მოვალ-მეთქი. მისვლა კი რამდენიმე დღით დამიგვიანდა. დანახვისთანავე მიცნო.

- აქამდე სად ხარ, გელოდებოდი. ერთი გოგო მოგამსგავსე და ვკითხე, თქვენ ჟურნალ "გზაში" ხომ არ წერთ-მეთქი? დღევანდელ ნომერს ნაწილობრივ გადავხედე. დრო არ მქონდა, ყველა სტატია წამეკითხა. კოტე თოლორდავას გარდაცვალებამ გული მომიკლა. მის ინტერვიუებს ვეცნობოდი - თქვენთან ხშირად იბეჭდებოდა.

- "გზაში" გამორჩეულად რომელიმე რუბრიკა თუ მოგწონთ?

GzaPress- საერთოდ, ძალიან მიყვარს ისტორიული ამბები ანუ სტატიები, რომლებითაც ჩვენი სახელოვანი წინაპრების გახსენება ხდება. ძალიან მომწონს გონების სავარჯიშო... თქვენთან ნაკლები ჭორაობაა. აქცენტი ადამიანზე, მათ განცდებზე, ღირებულებებზე კეთდება. სხვა ჟურნალებისგან ამით ხართ გამორჩეულები. თქვენთან ეს მეტი დოზითაა, მკითხველი კი გრძნობს, როცა მთავარი ადამიანია.

- თქვენთან "გზის" შესაძენად ერთი და იგივე ხალხი დადის? მათ შორის ჩვენს ერთგულ რომელიმე მკითხველს თუ იცნობთ.

- წლებია, ყოველ პარასკევს მოდის ერთი ქალბატონი და "გზა" მიაქვს. ხუთშაბათობით მოსვლას ვერ ახერხებს. მგონი, მას თქვენი ჟურნალის ყველა ნომერი უნდა ჰქონდეს. 4 წელია, ამ ადგილას ვარ და მას არც ერთი ნომერი არ ჩაუგდია. ზოგიერთი ისეთი მოდის, მეუბნება, რომელიმე ჟურნალი მინდაო. მათ "გზას" ვურჩევ.

- გამორჩეულად რომელიმე სტატია თუ გახსოვთ?

- ერთი სტატიის გამოყოფა გამიჭირდება. დაახლოებით 6 წლის წინ, ცალმხრივ სიყვარულზე ძალიან საინტერესო ამბავი გეწერათ. ძმისშვილი მამიდის შესახებ წერდა. ჩვევად მაქვს, საინტერესო სტატიების ასლებს ვაკეთებ და ვინახავ. რატომღაც, ეს სტატია გადაუღებელი დამრჩა და გული მწყდება. "გზასთან" კიდევ ერთი მოგონება მაკავშირებს, რომელიც უშუალოდ ჩემს ოჯახს ეხება. ჟურნალის გარეკანზე ვნახე ფოტოები და ფრაგმენტები წიგნიდან, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე იყო. ამ წიგნს რეკლამა უკეთდებოდა. ერთ-ერთ სურათში ჩემი ბაბუა, ერმალოზ კალაძე ამოვიცანი. ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

- ბაბუაზე რას გვიამბობთ?

- 7 წლის ვიყავი, ბაბუა რომ გარდაიცვალა. მის საქმიანობაზე ოჯახში ნაკლებად ლაპარაკობდნენ. შვილებისთვისაც კი დახურული თემა იყო, ეშინოდათ ბავშვებს ამბები გარეთ არ გაეტანათ. როცა წამოვიზარდე, გავიგე, ბაბუა მენშევიკი იყო, მე კი სკოლაში მასწავლიდნენ, მენშევიკები ცუდი ადამიანები არიანო. ფსიქოლოგიურად დღემდე მომყვება ის განცდა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ბაბუა პატიმრობაში იმყოფებოდა. დასახვრეტად რომ უნდა გაეყვანათ, თასმებს ნელ-ნელა იკრავდა. ცდილობდა, დრო გაეხანგრძლივებინა. ზედამხედველი კი უყვიროდა, - ისე ემზადები, თითქოს ზეიმზე მიდიოდეო. ამ დროს საპყრობილეში ბრძანება მისულა, პატიმრების დახვრეტა შეწყვიტეთო. ბაბუა გადარჩა. ის 1959 წელს გარდაიცვალა. გადმოცემის თანახმად, მას მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ოჯახში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიიდან მოგვაკითხეს. ისინი იკვლევენ ბაბუას საქმიანობას. მისი ფოტოები ჟანდარმერიის არქივიდან ამოიღეს.

რუსუდან ვაშაკიძე პროფესიით ექიმია, მასთან დაკავშირება ქალბატონი ინეზას დახმარებით შევძელი.

- "გზა" ის ჟურნალია, რომელსაც დაარსების დღიდან ვკითხულობ.

- თქვენი ერთგულება დასაფასებელია.

- თავდაპირველად შემთხვევით ვიყიდე, რუბრიკები მომეწონა და მას შემდეგ საინტერესო სტატიების გამო ვყიდულობ.

- რომელ რუბრიკებს კითხულობთ?

- "გზაში საკითხავი კოლაჟი", ძალიან მომწონს "პროვოკატორი", "სახისა" და "სამყაროს" ბლოკში შემავალი სტატიები... რუბრიკა "ერუდიტს" რომ ვეცნობი, თან საკუთარ ცოდნას ვამოწმებ. ბუნებრივია, რესპონდენტზე შთაბეჭდილება მექმნება. მაინტერესებს, მათ წინასწარ იციან, რა კითხვებს დაუსვამთ?

- არ იციან.

- რთულია, შეიძლება პასუხი იცოდე და უეცრად არც კი გაგახსენდეს. თქვენს ჟურნალში თითქმის ყველაფერს ვკითხულობ. ინგა ჯაყელის სტატიები მომწონს.

- რა აკლია ჩვენს ჟურნალს, მასში რის წაკითხვას ისურვებდით?

- გამიხარდება მედიცინის თემაზე რუბრიკას თუ დაამატებთ, მარტივი და გასაგები ენით დაწერილ სტატიებს, დაავადებებზე ექიმების რჩევებს და ა.შ. თავად სტომატოლოგი ვარ. ერთ-ერთ კლინიკაში ვმუშაობ და ასევე, ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუდენტებს სტომატოლოგიას ვასწავლი.

- ბოლო ნომრებიდან გამორჩეულად რომელიმე სტატია თუ დაგამახსოვრდათ?

- ინტერვიუ უკრაინაში გარდაცვლილი ჟურნალისტის - გიორგი ღონღაძის ბებიასთან. 91 წლის ქალბატონის მონათხრობმა შემძრა.

- რესპონდენტი, რომლის ინტერვიუებსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ეცნობით, რომელია?

- შეიძლება ჟურნალი გადაშალო, ნახო კონკრეტული ინტერვიუ და იფიქრო აქ ისეთი რა უნდა ეწეროს? მერე დაიწყო კითხვა და ისე გაგიტაცოს, ერთი ამოსუნთქვით "შემოგეკითხოს". პოლიტიკური სატირა მომწონს, მაგრამ პოლიტიკოსთა ინტერვიუებს ნაკლებად ვეცნობი.

- რატომ?

- არ მგონია, გულწრფელები იყვნენ. მსახიობები უფრო საინტერესოები არიან. კარგი იქნება, ახალგაზრდა მსახიობებს მეტ ყურადღებას თუ მიაქცევთ. დღეს თეატრში ბევრი ვერ ან არ დადის. როცა თეატრის მსახიობებზე დაწერთ, მერე შესაძლოა, მკითხველი სპექტაკლზე სწორედ იმ მსახიობის სანახავად წავიდეს. ბოლოს კი, მთელ შემოქმედებით ჯგუფს მადლობას გეტყვით ასეთი საინტერესო ჟურნალის შექმნისთვის. მკითხველი არ გაკლიათ, მაგრამ მომავალში უფრო მეტ მკითხველს გისურვებთ! წარმატებები "გზას"!

- მადლობა თქვენ ერთგულებისთვის!

თამუნა კვინიკაძე