ქართველი მხატვარი, რომელმაც პარიზის მისტიკა "მოიხელთა" - გზაპრესი

ქართველი მხატვარი, რომელმაც პარიზის მისტიკა "მოიხელთა"

შეხვედრისას, პარიზის შთამბეჭდავი პეიზაჟების ფონზე, ბატონმა რეზომ მისთვის დამახასიათებელი ხალისითა და იუმორით მომითხრო: "ერთხელ, ახალგაზრდობისას, სამეგრელოში, სენაკის რაიონის სოფელ უშაფათში ჩაის პლანტაციებს ვხატავდი. ვდგავარ ჩაის ზონებში, ირგვლივ მთები და ტუნგოს ხეებია, ადამიანი არ ჭაჭანებს... გამოჩნდა ერთი ლამაზი ქალი. მაინტერესებს, მიყურებს თუ არა, ვცდილობ, თავი მოვაწონო (იცინის)... შევხედე. თავი აქეთ-იქეთ გადაიქნია. ვიფიქრე, მოეწონა-მეთქი, მხრებში გავსწორდი... მეგრულად ვკითხე, მოგეწონათ, ქალბატონო-მეთქი? კი არ მომეწონა, იმას ვფიქრობ, ამხელა კაცი რაზე ცდებიო... გადამასხა ცივი წყალი..."

GzaPress

ის ქალბატონი, ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ სამეგრელოს ამ პატარა სოფლიდან ამ "მოცლილ" მხატვარს მსოფლიო ხელოვნების ცენტრი "გაიწვევდა" და მას პარიზის პეიზაჟების დახატვას ცხრა მიწვევით მიანდობდა... ბატონმა რეზომ იშვიათი სილაღითა და გულწრფელობით მიამბო საკუთარი თავისა და "მისტიკური ქალაქის", პარიზის შესახებ... რომელსაც, მიუხედევად იმისა, რომ "შთაგონების წყაროდ" მოიხსენიებს, მაინც თავისი პატარა მეგრული ეზო და ოდა ურჩევნია...

GzaPress

- 1996 წელს საფრანგეთში გამოფენა მოეწყო, რომელშიც მსოფლიოს 80 ქვეყანა მონაწილეობდა. ერთ პავილიონში ჩემი და რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრები გამოიფინა. მახსოვს, ერთ-ერთი ფრანგი მხატვარი ზამთრის პეიზაჟს ემთხვია და შეიძინა კიდეც. ჩემს 16 ფერწერულ ტილოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წილად მხვდა პირველი ხარისხის პრემია. გამოფენას საქართველოს ელჩი, კონსული და კულტურის ატაშე ესწრებოდნენ. მითხრეს, რადგან ფრანგებს ეს ნამუშევრები ასე მოეწონათ, პარიზში, ჩვენს საელჩოშიც გამოვფინოთო. ერთი წლის შემდეგ ეს შემოთავაზება რეალურად განხორციელდა. ჩემი სურათებით საქართველოში ვაპირებდი წამოსვლას, როცა დარბაზს ერთი ქალბატონი ესტუმრა და თქვა, ეს ნამუშევრები ჩემს დარბაზში უნდა გადავიტანოო. ამ წარმოშობით უკრაინელ ქალბატონს საკუთარი გალერეა ლუვრის გვერდით აქვს. იქ უკვე ნამუშევრები ფრანგმა მხატვრებმა და კრიტიკოსებმა შეაფასეს და მირჩიეს მსოფლიო ხელოვნების ცენტრის კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. კონკურსი გავიარე და 2001 წელს მიმიწვიეს კიდეც. ხელოვნების ცენტრმა სახელოსნოთი და სხვა პირობებით უზრუნველმყო და პარიზის პეიზაჟების დახატვა მანდო. მიწვევა ცხრაჯერ მივიღე. ოთხი პერსონალური გამოფენა პარიზში მოეწყო. გარდა ამისა, ხშირად ნამუშევრები შერბურგში, მარსელსა და სხვა პატარა ქალაქებში იფინებოდა. ერთი ნამუშევარი მე-12 საუკუნეში აგებულ სასახლეში მოხვდა, რომელიც ღვთისმშობლის ტაძართან ახლოს მდებარეობს. ადრე ის საეკლესიო სასტუმრო იყო. ეს სასახლე რამდენჯერმე დავხატე. ნახატები ინგლისში, ამერიკაში, საბერძნეთსა და ისრაელში წაიღეს. ცხრა წლის მანძილზე 800-მდე სურათი შეიქმნა. აქედან ზოგი გაიყიდა, ზოგი გავაჩუქე, ზოგიც გალერეებშია დაცული. ჩამოტანილი მხოლოდ 150 მაქვს.

GzaPress

- განსაკუთრებით ბევრია ნამუშევარი, სადაც ლუვრი და მზის ჩასვლაა გამოსახული...

- მოგახსენებთ. მაგრამ მანამდე აი, რას გეტყვით: იცით, რომ ლუვრში პიკასოს პერსონალური გამოფენა არ ყოფილა და ფიროსმანის იყო?! დამეთანხმებით, პარიზი მისტიკური ქალაქია. ჩემი მთავარი მიზანიც სწორედ ამ მისტიკის მოხელთება იყო. მისი სახე კი განსაკუთრებით მზის ჩასვლისა და ამოსვლისას იხსნება. პარიზის მისტიკას მზეების გათამაშებით ჩავავლე ხელი... ეს მოტივი სამჯერ მქონდა გამოფენილი. მზის გამოსახულებების მხოლოდ 20% შევინარჩუნე, დანარჩენი გაიყიდა და ძალიან მწყდება გული. მაგრამ ხატვა რომ შეძლო, ნახატების დათმობაც უნდა ისწავლო.

GzaPress

- მისტიკას, როგორც ჩანს, ღამითაც კარგად "აგნებდით", რადგან თქვენს ნამუშევრებს შორის მრავლადაა ღამის პეიზაჟი...

- ჩემი სახელოსნო ნოტრდამს გადაჰყურებდა. ასეთი შესაძლებლობა მომავალში შეიძლება აღარც მომცემოდა, ამიტომ, ძილი დავივიწყე და მთელი ღამეები ფანჯრიდან ვმუშაობდი. ნოტრდამის უკანა ხედი დავხატე, რომლის ათი ათასი რეპროდუქცია გააკეთეს და მთელ საფრანგეთში იყიდება. ერთხელ, ნოტრდამის ეზოში მზის ჩასვლას ვხატავდი. თან მოსკოველი და მოლდოველი მხატვრები მახლდნენ. იწვალეს, მაგრამ ვერაფრით მოახერხეს მზის ჩასვლის დახატვა. ერთ-ერთი უკან დამიდგა და ცდილობდა ჩემთვის მოებაძა. გადაირია, ვცდილობ და გადახატვასაც ვერ ვახერხებო. ვერ შეძლებდა, რადგან ეს ჩემი სული მეტყველებდა ტილოზე... ის კი მხოლოდ მექანიკურად ცდილობდა ამის გამეორებას... ნატურიდან ხატვასთან დაკავშირებით რამდენიმე კურიოზს გავიხსენებ: მიჩვეული ვარ, გარეთ ხატვისას გამუდმებით მიღებენ ფოტოებს, ვიდეოს. ერთხელ, ხიდიდან კუნძულ სიტეს ვხატავდი. უცებ, მზერა ვიგრძენი. მივიხედე. ნაცნობი სახე მიყურებდა. მერვე საათი იყო უკვე საშინლად დაღლილი ვმუშაობდი. ვერაფრით გავიხსენე, საიდან მეცნობოდა ეს სახე. რამდენიმე წუთში მოვიდა და მხარზე "მომიკაკუნა" - მუსიე, ამ სურათის შეძენა მინდაო. ადგილზე ხშირად ყიდულობდნენ ნახატს და ეს უცხო არ იყო. ისევ უკან დაიხია, მცირე ხანს მიყურა როგორ ვხატავდი. მალე ისევ მომიახლოვდა, დაასრულეთ და ნახევარ საათში მოვალო. რომ წავიდა, მერე მივხვდი - ეს ბარბარა სტრეიზანდი იყო. ნახევარ საათში მართლაც მოვიდა ორი ამერიკელი და სურათი წაიღეს. ვფიქრობ, ეს ადამიანები მან გამოგზავნა, რადგან თავად აღარ გამოჩენილა. ერთხელ, ხიდზე ვხატავდი, როცა შუქნიშანზე მანქანა გაჩერდა. მანქანაში ამერიკელი ზანგები ისხდნენ და ცოცხალი, საცეკვაო მუსიკა ხმამაღლა ჰქონდათ ჩართული. რიტმს ავყევი და ხატვის პარალელურად ცეკვა დავიწყე. შუქნიშანმა წასვლა ანიშნა, მაგრამ მანქანას არ ძრავდნენ, მიყურებდნენ, მიღებდნენ და იცინოდნენ. მეც, გავთამამდი და არტისტიზმს მოვუმატე. მანქანების სიგნალმა აიკლო ქუჩა, მაგრამ ზანგები არ იძვროდნენ... მერე ერთ-ერთი მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, მომიახლოვდა და მთხოვა, იქნებ ცეკვა დაასრულოთ, რომ მოძრაობა აღდგესო. მეც, ცეკვა შევწყვიტე და მანქანები სიგნალებით დაიძრნენ... სენის სანაპიროზე თავდაცვის სამინისტროა. მინდოდა, ნოტრდამი იმ ადგილიდან დამეხატა. ღრუბლები გამოჩნდა. ისეთ ადგილას უნდა დავმდგარიყავი, სადაც წვიმისგან დაცული ვიქნებოდი. სამინისტროს მანქანებისთვის განკუთვნილ გადახურულში დავდექი. ორი ფორმიანი გოგონა მომიახლოვდა. ერთ-ერთი, ფაქტობრივად, ისტერიკაში იყო და ადგილის დატოვებას მთხოვდა. საბოლოოდ, ჩემი ეტიუდი აიღო და მოშორებით, სენის სანაპიროზე დადგა. ხატვა განვაგრძე. როცა უკვე ვასრულებდი, იქვე შავმა მანქანამ დაამუხრუჭა, სიმპათიური ახალგაზრდა გადმოვიდა, სურათს დააკვირდა და ულამაზესიაო - მითხრა ფრანგულად. თურმე, მინისტრი ყოფილა. იმ გოგონებთან მივედი და ვუთხარი, აი, ჩემი ნახატით მინისტრიც კი მოიხიბლა-მეთქი. გაბრაზება უკვე გადავლილი იყო და ბევრი ვიცინეთ.

GzaPress

- მრავალჯერ შემოთავაზების მიუხედავად, საფრანგეთის მოქალაქეობა არ მიიღეთ და ამით ავტომატურად თქვით უარი მრავალ პრივილეგიაზე.

- მართალი ბრძანდებით, მაგრამ ეს ვერ იქნებოდა ჩემი ქვეყნისადმი სიყვარულის საპირწონე... სამეგრელოში მეგრული ოდა მაქვს. ერთხელ, ეზოში ვსაქმიანობდი. ჩემი გოგონა დამყვება და მარწმუნებს, რომ თუკი საფრანგეთში მუდმივად ვიცხოვრებ, ბევრ რამეს მივაღწევ... დიდხანს არ გავეცი ხმა. ბოლოს კი ავფეთქდი: აი, ეს პატარა ეზო მირჩევნია მთელ შენს პარიზს და ამაზე აღარ დამელაპარაკო-მეთქი - ხმამაღლა ვუთხარი... იცით, პარიზში ხშირად ეწყობა შეხვედრები ემიგრანტ მწერლებთან, პოეტებთან. მათ ჩემს წმინდა ნინოს ხატს ვჩუქნი ხოლმე და ვუსურვებ, მისმა მადლმა ისინი საქართველოში დააბრუნოს. ნოსტალგიის გრძნობა - ეს ჩვენი დადებითი სულიერი ავადმყოფობა გადაარჩენს ქართველებსა და საქართველოს...

შორენა ლაბაძე