"ტექსელის აჯანყების" ქართველი მონაწილის ნაამბობი - გზაპრესი

"ტექსელის აჯანყების" ქართველი მონაწილის ნაამბობი

მათ იქ ორი წლის განმავლობაში იცხოვრეს, თუმცა, მანამდე ურთულესი გზა განვლეს.

ტექსელის აჯანყების ქართველ მონაწილეთაგან, ამ დროისთვის, ერთადერთი ქართველი, გრიგოლ (გრიშა) ბაინდურაშვილი გადარჩა, რომელიც ამჟამად 95 წლის არის. ჩვენ მას კასპში, საკუთარ სახლში ვესტუმრეთ და წარსულის გახსენება ვთხოვეთ, თუმცა, ინტერვიუს ვრცელ ვერსიას ჟურნალ "გზის" მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ, მანამდე კი, მოკლედ გიამბობთ იმ ჯოჯოხეთის შესახებ, რომელიც მან გაიარა...

გრიშა ბაინდურაშვილი:

- ლიტვაში, ქალაქ პლუმბერგში გაგვამწესეს. ეს ქალაქი პოლონეთის საზღვარზე მდებარეობს... ომის დაწყებამდე, წინაღამეს გაგვაფრთხილეს, ხვალ ომი დაიწყებაო. პოლკოვნიკმა სტალინის ბრძანება გაგვაცნო, - არც ერთი ნაბიჯი უკან! გენერალიც რომ ნახოთ, უკან იხევდეს, ესროლეთო!.. როგორც კი ომის დაწყების ბრძანება მოვიდა, ჩემს ტყვიამფრქვევს მივუჯექი. კარგა ხანს შეუჩერებლივ ვისროდი, შემდეგ კი ერთბაშად სიჩუმე ჩამოწვა. მიმოვიხედე, მაგრამ გარშემო არავინ დარჩენილიყო... ადგილობრივები დასანახავად ვერ იტანდნენ საბჭოელებს. ეტყობა, მიხვდნენ, რომ მათ მხარს არ დაუჭერდნენ და მეთაურებიც კი გაიქცნენ...

პირველად მაშინ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, როდესაც ფეხში დაჭრილი წყლის არხში ჩავვარდი... თავი რომ ავწიე, ურმიანი კაცი შევნიშნე და ვთხოვე, - მიშველე-მეთქი. მან სახლში წამიყვანა, სადაც ორ კვირაზე მეტხანს თითქმის უგონოდ ვიყავი. ერთ დღესაც სახლში გერმანელები დამადგნენ. პირველად მაშინ ვნახე ისინი... ჟესტიკულაციით ვკითხე, - უნდა დამხვრიტოთ-მეთქი?.. დიდჭიშკრიან ეზოში შემიყვანეს. მთელი ჩვენი სამხედრო ნაწილის მეთაურობა იქ იყო. ანუ ტყვეთა ბანაკში მიმიყვანეს. იქიდან ახლანდელ ქალაქ კალინინგრადში, მაშინდელ კენიგსბერგში გადაგვიყვანეს, ეს ქალაქი პოლონეთისა და ლიტვის საზღვარზე მდებარეობდა. ამ ტყვეთა ბანაკში, 200 ათასზე მეტი სამხედრო ტყვე იყო. იქ პირველად ვნახე, რა შეიძლება გააკეთოს შიმშილისგან სიკვდილის პირას მისულმა ადამიანმა, - ტაჯიკებმა, უზბეკებმა და ყირგიზებმა ადამიანის ხორცის ჭამა დაიწყეს. ყველაზე "დიდი" ხორცი ადამიანს დუნდულებზე რჩება თურმე, ჰოდა, გარდაცვლილს იმ ხორცს აჭრიდნენ...

1943 წელს, საფრანგეთიდან ორი ქართველი ემიგრანტი ჩამოვიდა, - ბაქრაძე და ინჯია. სახელები აღარ მახსოვს. ეტყობა, დიდი გავლენით სარგებლობდნენ, - მათი დავალებით, ქართველი ტყვეები ცალკე გადაგვარჩიეს და პოლონეთში წაგვიყვანეს, სადაც მუშათა ბატალიონი ჩამოაყალიბეს... შემდეგ, კუნძულ ტექსელზე გადაგვიყვანეს, იქ ერთი ქართული ბატალიონი, სულ 752 ქართველი ვიყავით... ძალიან კარგი პირობები გვქონდა. ამ დროისთვის, გერმანია უკვე დასუსტებული იყო, რომ რამდენიმე ქართველი "გაასამხედროეს" კიდეც და იარაღიც მისცეს.

- მაშ, რა მოხდა, რატომ აჯანყდით?

- იმიტომ, რომ სტალინის პოლიტიკა სხვანაირი იყო... საბუთში, რომელზეც ხელი მოგვაწერინეს, ეწერა, - ერთი ტყვია შენთვის შეინახე, რომ თავი მოიკლა და ტყვედ არ ჩავარდე!. 5 აპრილს, შალვა ლოლაძემ, ვისაც გვენდობოდა, გაგვანდო, - 12 საათზე, კუნძულის დედალაქ დემბურგში სამი რაკეტა გავარდება და აჯანყებას ვიწყებთო... ხმაური რომ არ გამოგვეწვია, გერმანელები დანებით უნდა დაგვეხოცა... იმ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სიკვდილი ვნახე, ეს მართლაც მძიმე იყო... ჩვენი ასეული სიმაღლეზე იდგა და რამდენიმე დღე ვერ ამოაღწიეს. ბოლოს გაზის იარაღი მოიტანეს, - რაღაც ბურთებს ისროდნენ, რომელიც გასკდომის შემდეგ ცეცხლად იშლებოდა და გარშემო ყველაფერი ალში ეხვეოდა...

***

- ერთის წინააღმდეგ 15-20 გერმანელი მოდიოდა. ბოლოს გაზის იარაღი მოიტანეს, - რაღაც ბურთებს ისროდნენ, რომელიც გასკდომის შემდეგ ცეცხლად იშლებოდა და გარშემო ყველაფერი ალში ეხვეოდა. ქვიშასაც კი ცეცხლი ეკიდა. ყოველღამე, ძაღლებით გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ... მიწას გამოვთხრიდით და მის ქვეშ ვიმალებოდით. ერთი სიტყვით, 115 ქართველიდან 8 გადავრჩით, დანარჩენი დაიწვა... ვერც სამშვიდობოს გამოვდიოდით. ღამე მათაც ეშინოდათ, დღისით ისინი აკონტროლებდნენ ვითარებას. მთელი ღამე მეძებარი ძაღლებით დადიოდნენ და ყველგან გვეძებდნენ, სადაც ეჭვი ჰქონდათ, რომ პარტიზანები იმალებოდნენ, ცეცხლს უკიდებდნენ. ერთხელ, დაზვერვაზე ვიყავით წასული, როგორმე ჩვენს ბატალიონამდე გაგვეღწია. ჰოლანდიელებს გალეწილი კალოები ზვინებად ეწყოთ... ძაღლების ხმა შემოგვესმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გაწმენდა დაიწყო. ამ ზვინებში უნდა ჩავმძვრალიყავით, მაგრამ ასვლისას ზვინი თუ ჩამოიშლებოდა, შეგვამჩნევდნენ. ამიტომ დამწვარი ზვინის ბოძიდან გადავძვერით. ჩემთან ერთად ორი ქართველი იყო, ბათუმელი და ქობულეთელი. ისინი უკვე ჩვენ გარშემო წრიალებდნენ. ძაღლები ყეფით აწყდებოდნენ ამ ზვინს. საიდანღაც კიბე მოათრია და ერთ-ერთი მათგანი ზვინზე ამოვიდა... ხატვა რომ შემეძლოს, ახლაც, 70 წლის შემდეგაც დავხატავდი მის სახეს, თვალწინ მიდგას, - ჩვენ შორის ერთი ჩალის კონა იყო, ის იყო ჩემამდე უნდა მოსულიყო, რომ ეს ჩალის კონა მოვიცილე. შავგვრემანი ბიჭი იყო, მე იარაღი შემართული მქონდა, მას მხარზე ეკიდა, - რამდენიმე წამს ვუყურეთ თვალებში ერთმანეთს. მერე კი, გატრიალდა და წავიდა. ამ გერმანული უკვე კარგად ვიცოდი და გავიგე, როგორ გადასძახა თავის ხალხს, - ჰიერ ქეინე რუსსე პარტიზან! - აქ არ არიან რუსი პარიზანებიო. თან ეს ისე ხმამაღლა გასძახა, რომ ჩვენ გაგვეგო. ამოვისუნთქე, მაგრამ ვფიქრობდი, ჩემს მოსატყუებლად ხომ არ თქვა ასე, იქნებ მობრუნდეს და ცეცხლი წაუკიდოს ზვინს-მეთქი, მაგრამ არ მობრუნებულა... მას შემდეგ ვეძებ მას, ვინც სიცოცხლე გვაჩუქა. ვიცი, რომ გულუბრყვილო რამეს ვამბობ, მაგრამ მისი პოვნის იმედი არ დამიკარგავს. ამსტერდამელ ჟურნალისტებთანაც ბევრჯერ ვთქვი, რომ ვეძებდი... ერთი სიტყვით, იქიდან არხში ჩავძვერით და ასე გავაღწიეთ სამშვიდობოს. სამშობლოში ერთი წლის შემდეგ დავბრუნდით, რადგან ხან რომელ ბანაკში დაგვტოვეს, ხან რომელში.

P.S. ინტერვიუს სრულ ვერსიას "გზის" მომდევნო ნომერში იხილავთ...

ლალი პაპასკირი