"იყავით ის, ვინც ხართ ცხოვრებაში..." - გზაპრესი

"იყავით ის, ვინც ხართ ცხოვრებაში..."

რა ბედნიერი იყო ერთი წლის წინ, როდესაც დაბადების 88 წლისთავი და მისი უკვდავი "ჯარისკაცის მამის" ნახევარსაუკუნოვანი იუბილე იზეიმა საქართველომ და შეიძლება ითქვას - მსოფლიომ, რადგან ეს იუბილე 11 დეკემბერს, რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში "იუნესკომ" დიდი პატივით აღნიშნა.

უდიდესი მნიშვნელობის კინემატოგრაფიული ძეგლი მან 37 წლის ასაკში შექმნა და მას შემდეგ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე უამრავი ადამიანი ჯარისკაცის მამას საკუთარ მამად აღიქვამდა. მაგალითად, ამას აღიარებდა რეჟისორი რაჯ კაპური; იმავეს წერდა ცნობილი იაპონელი რეჟისორი უსიხარა; ქართველი პოეტის, ფრიდონ ხალვაშის ჩანაწერებში შემორჩენილა დიდი ხნის წინ, თურქეთში მცხოვრები ქართველების ნათქვამი: "როცა "ჯარისკაცის ბაბაიას" ვუყურებდით, ყველანი ცრემლითა და სიხარულით ვუტაშუნებდითო"; ცნობილი ამერიკელი მსახიობი - ოდრი ჰეპბერნი სიამაყით წერდა, რომ ხელზე აკოცა იმ რეჟისორს, რომელმაც "ჯარისკაცის მამა" გადაიღო...

GzaPressცხადია, მარტო ეს შედევრი ეყოფოდა მსოფლიოს მშვიდობის ელჩის საპატიო ტიტულის მქონე შემოქმედს უკვდავებისთვის, მაგრამ მას სხვა შედევრებიც აქვს: "მაგდანას ლურჯა", "ჩვენი ეზო", "მაია წყნეთელი", "ღიმილის ბიჭები", "ნერგები", "ცხოვრება დონ-კიხოტისა და სანჩოსი", "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი" და სხვა. თითოეულმა არაერთი წარმატება, წოდება, პრემია, პრიზი მოუტანა. უმთავრესი კი მაინც ქართველებისგან მიღებული სითბო და სიყვარული იყო, რომელსაც მსოფლიოს საზოგადოების დიდი პატივისცემაც ერთვოდა.

დღეს ექსპრომტად რეზო ჩხეიძეზე საუბარი მის "გმირებს" ვთხოვეთ; იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ბატონი რეზოს ფილმებში მონაწილეობდნენ.

"ერთმა ჩხეიძემ არაჩვეულებრივი ბავშვობა მაჩუქა, მეორე ჩხეიძემ - არაჩვეულებრივი ბავშვი"

ნანი ჩიქვინიძე, მსახიობი ("მაგდანას ლურჯა", "ჩვენი ეზო"):

- ძალიან მეწყინა... რასაკვირველია, მესმის, რომ ასაკოვანი იყო და ყველანი ასე ვთქვათ, სიკვდილის შვილები ვართ, საბოლოოდ იმქვეყნად წავალთ, მაგრამ... ბატონი რეზოს გარდაცვალება ჩემთვის მაინც განსაკუთრებულად დიდი ტკივილია, რადგან ამ ადამიანთან არის დაკავშირებული ჩემი ბავშვობა ისევე, როგორც ბატონ თენგიზ აბულაძესთან და ისიც წასულია ამ ქვეყნიდან. ამ ხალხმა მაჩუქა არაჩვეულებრივი ბავშვობა, რასაც ალბათ, ნებისმიერი ინატრებს დღესაც, არათუ - მაშინ.

- ბატონი რეზოსთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო ის ფილმი, რითიც ფაქტობრივად, თქვენი სამსახიობო კარიერა დაიწყო - "მაგდანას ლურჯა" ხომ თენგიზ აბულაძესთან ტანდემში, მისი პირველი მხატვრული ფილმია!

GzaPress- ეს იყო შესანიშნავი ტანდემი და ორი შესანიშნავი რეჟისორის დაბადება. ამავე დროს, ეს ახალი ქართული კინოს დაბადებაც იყო.

ბავშვები ყოველთვის კარგად თამაშობენ კარგ რეჟისორებთან და თუკი ჩემი და მიხოს (მეორე მთავარი როლის შემსრულებელი, რეჟისორი მიხო ბორაშვილი. - ავტ.) გმირები ძალიან შეიყვარა მაყურებელმა, სწორედ ბატონი რეზოსა და ბატონი თენგიზის დამსახურებაა. ამისთვის მათი მადლიერი ვარ.

ბატონმა რეზომ ჩემი მომავალი ცხოვრებაც განსაზღვრა. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებას არ ვაპირებდი და სწორედ მან მომცა ძალიან დიდი სტიმული. სკოლას რომ ვამთავრებდი, ჩემი მშობელიც კი დაიბარა, ელაპარაკა, მეც მირჩია და ამან განაპირობა ჩემი არჩევანი. მოკლედ, ბატონმა რეზომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში და საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ ჩხეიძეების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა და მაქვს - ერთმა ჩხეიძემ (რეზო ჩხეიძემ) არაჩვეულებრივი ბავშვობა მაჩუქა, მეორე ჩხეიძემ (მეუღლემ - რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ) - არაჩვეულებრივი ბავშვი.

"უთბილესი ადამიანი იყო"

მაკა მახარაძე, ბალერინა და პედაგოგი ("ჩვენი ეზო"):

- ბატონი რეზო განსაკუთრებული, უთბილესი ადამიანი იყო. გადაღებების პერიოდში ისეთი თბილი გახლდათ, გეგონებოდა, დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ერთად. თვითონ იყო ჩემდამი ასეთი განწყობით, თორემ მისდამი ასე განწყობილი ვინ არ იყო?! ვინ არ სცემდა მას პატივს და ვინ არ იხრიდა ქედს მისი ნიჭის, მისი პიროვნების წინაშე!

მისმა გარდაცვალებამ ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული. ადამიანი არ მეგულება, ამით რომ არ იყოს შეწუხებული.

"ჯანღონით სავსე კაცი, იუმორით აღსავსე იყო..."

ლეილა ყიფიანი, არაპროფესიონალი მსახიობი ("ღიმილის ბიჭები"):

- ბატონი რეზო ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი იყო. "ღიმილის ბიჭების" გადაღებისას არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა ყველა მონაწილესთან. იმხანად თვითონაც ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე კაცი იყო, საოცრად ენერგიული, ხალისიანი, იუმორით აღსავსე, მაგრამ მუშაობისას - ძალიან სერიოზული და მკაცრი.

- ამდენ ვაჟში ერთი გოგონა იყავით და თანაც - ულამაზესი. ასე მგონია, ხელის გულზე გატარებდათ...

- კი, ნამდვილად ასე იყო (იღიმის). ძალიან ფაქიზად მეპყრობოდა. რთული და დამღლელი ეპიზოდების გადაღების შემდეგ, მახსოვს, შინ და პირიქით - გადაღებაზე ყოველთვის მანქანით დავყავდი. ძალიან ყურადღებიანი იყო. ალბათ, ბიჭები უფრო მეტს გიამბობდნენ მასზე.

GzaPress

სამწუხაროდ, ეს პუბლიკაცია ოპერატიულად მომზადდა და "ბიჭებთან" ანუ ქალბატონი ლეილას პარტნიორებთან, ფილმის მთავარი გმირების შემსრულებლებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის - "ღიმილის ბიჭების" ბოლოკას როლის შემსრულებლის, გოჩა ლომიას მოგონებას შემოგთავაზებთ:

- მახსოვს, 1967 წლის ივნისის ერთ დღეს სენაკელი ბავშვები მაშინდელ პიონერთა სახლში დაგვიბარეს, მაგრამ არ წავედი, რადგან იმ დღეს "სერიოზული" საკალათბურთო შეხვედრა გვქონდა. კალათბურთის თამაშისას მსაჯმა გაგდება დამიპირა და ვიჩხუბე. ჩხუბისას შევნიშნე, ვიღაც უცნობი კაცი მიყურებდა და სიცილით კვდებოდა. ამ კაცსაც წავეჩხუბე, არადა, ბატონი რეზო ჩხეიძის ასისტენტი არ აღმოჩნდა?! თურმე, ახალგაზრდებს არჩევდა "ღიმილის ბიჭებისთვის". მაინც წამიყვანეს პიონერთა სახლში. იქ დამხვდა ბატონი რეზო ჩხეიძეც და ლექსის წაკითხვა მთხოვა. შევთავაზე, - ლექსის სანაცვლოდ, ანეკდოტებს მოგიყვებით-მეთქი და მოვხსენი გუდას პირი. დაიხოცნენ სიცილით. ბატონმა რეზომ ძლივს გამაჩერა. კიდევ რაღაც გამაკეთებინეს და მერე მკითხა: კინოში გადაღება გინდაო? - ახლა, ოტელოსნაირ როლს ვერ შევასრულებ, თორემ რატომაც არ მინდა-მეთქი?! - ვუპასუხე. იმ დღეს არაფერი უთქვამთ, მაგრამ მალე მომივიდა თბილისიდან დეპეშა და სასინჯ გადაღებაზე დამიბარეს... ასე მოვხვდი ფილმში.

- ბატონი რეზო მუშაობისას როგორი იყო?

- დიდი ფსიქოლოგი გახლდათ. კი არ გიყვირებდა ან გაიძულებდა რამის გაკეთებას, ნელ-ნელა, მშვიდად გიხსნიდა და გარწმუნებდა, რისი გაკეთება როგორ ჯობდა. ძირითადად კი, თავისუფლებას გვაძლევდა და გვეუბნებოდა, - იყავით ის, ვინც ხართ ცხოვრებაშიო...

P.S. ჟურნალ "გზის" რედაქცია უსამძიმრებს ბატონი რეზო ჩხეიძის ოჯახსა და მთელ საქართველოს.

ირმა ხარშილაძე