ჩაკბეჩილი ვაშლი... - გზაპრესი

ჩაკბეჩილი ვაშლი...

მათ უკან რამდენიმე მეტრში ძველი, გაცვეთილი ტანსაცმლით მოხუცი ქალი მიდიოდა, რომელმაც ნელ-ნელა ქვიშაზე ჩაიჩოქა, რაღაცას აგროვებდა და ძველ დახეულ ჩანთაში დებდა.

შეზლონგზე წამოწოლილმა ქალმა მოხუცს გადმოხედა და ქმრის გასაგონად, ხმამაღლა თქვა:

- პატრონი არავინ ჰყავს, ნეტავ, საჭმელი რომ აჭამოს და ასე სამარცხვინოდ არ ეძებოს ნარჩენები სანაპიროზე?..

კაცს თითქოს არც გაეგონოს, თავიც კი არ მოუბრუნებია მოხუცი "მათხოვარი" ქალი რომ დაენახა.

პატარა გოგონამ წითელი ვაშლი აიღო, ჩაკბიჩა. მოხუცს ბავშვური ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს, მერე წამოდგა და ნელ-ნელა მიუახლოვდა. მოხუცმა ბავშვის მიახლოება რომ იგრძნო, მზეზე დაკოჟრილი ხელით მოიჩრდილა და თბილად გაუღიმა. ბავშვი მოხუცს დააჩერდა და შემდეგ ორივე ხელით თავისი ჩაკბეჩილი წითელი ვაშლი გაუწოდა.

- არა, ბებო, არა! - შეწუხდა მოხუცი, მაგრამ ბავშვი ისევ ხელებგამოწვდილი და თავგადახრილი იდგა და თან ისე საყვარლად ბერავდა გაბუშტულ ტუჩებს, რომ მოხუცმა უარი ვერ უთხრა და ვაშლი გამოართვა. მადლობასა და დალოცვას რომ აპირებდა, უეცრად დედა სირბილით მივარდა, გოგონა ხელში აიტაცა და ქალს გაბრაზებული მზერა ესროლა.

- რამდენჯერ უნდა გითხრა, ასეთებს არ მიეკარო-მეთქი! - გაუჯავრდა პატარას.

მოხუცმა ქალმა ჩაკბეჩილი ვაშლი გულში ჩაიკრა, გაჭირვებით წამოდგა, აიღო ძველი ჩანთა, საიდანაც მინის ბოთლის ნამსხვრევები წკრიალებდა და ცხელ სანაპიროს გაუყვა.

დროდადრო ჩაკბეჩილ ვაშლს დახედავდა და გულში სითბო ეღვრებოდა კმაყოფილს იმით, რომ გოგონა ქვიშაზე სირბილის დროს უგუნური ადამიანის მიერ დატოვებულ ნამსხვრევებზე ფეხს აღარ გადაიჭრიდა.

რომი, 2014, შემოდგომა

ლია უკლება