"სიბერემდე ჯერ კიდევ შორია" - გზაპრესი

"სიბერემდე ჯერ კიდევ შორია"

ჩემ წინ ხელჯოხს დაყრდნობილი ასაკოვანი ქალი იდგა, რომელსაც დაჯდომა შესთავაზეს, მაგრამ იუარა: ოპერაციის შემდეგ დაჯდომა არ შემიძლია, მაგრამ არა უშავს, მალე ჩავდივარ და გავუძლებო...

ამ ამბავს გაგრძელებაც არ ექნებოდა, მძღოლს მოწყვეტით რომ არ შეეჩერებინა ავტობუსი გაჩერებაზე და წონასწორობადაკარგულ ადამიანებს ერთმანეთი არ "გადაგვეთელა". ჩემ წინ მდგომი ქალი კი ლამის თავზე დაემხო მძღოლს. იმის ნაცვლად, ბოდიში მოეხადა, უკმაყოფილო კაცმა აქეთ შეუტია: ფრთხილად იყავი და თავი შეიკავე, ბებია, ჩემი გასასვენებელი გინდა გახდე?! - უტაქტოზე მეტად, უზრდელური იყო მისი გამოხდომა და სხვებმაც არ დააკლეს საყვედური:

- ხალხი მიგყავს თუ შეშას ეზიდები, შე ოჯახდაქცეულო?.. თავი თუ არ გენანება, ჩვენ რაღას მიგვათრევ უდროოდ საიქიოში?!

სხვა რამეც უთხრეს, მაგრამ იმ წუთში იმ ქალბატონის სახის გამომეტყველებას უფრო მივაქციე ყურადღება, რომელსაც მძღოლმა ბებია დაუძახა - ტკივილი და სევდა ჩაუდგა მზერაში. არადა, ღიპიანი და ერთიანად გაჭაღარავებული მძღოლი დიდი-დიდი, ათიოდე წლით თუ იქნებოდა ამ ქალზე უმცროსი...

ისე შემეცოდა გულნატკენი ქალი, მძღოლს სამაგიერო გადავუხადე და ხაზგასმით მივმართე:

- როცა ხალხი მიგყავს, ფრთხილად უნდა იარო, ბაბუ!

არც ის იყო ბაბუაჩემის ხნის და გაკვირვებულმა შემომხედა, რაღაცის თქმაც დააპირა, მაგრამ არ დავაცალე და უკვე ავტობუსიდან ჩასულმა მივაძახე:

- კაცი დაბერებულხარ და პენსიაში გასულხარ, მართვა კი ვერ გისწავლია... - ბოლომდე "ვიძიე შური" და გაღიმებულ ხელჯოხიან ქალს თვალი ჩავუკარი: - ასე ეკუთვნის მაგას, თავი "მწვანე კიტრი" რომ ჰგონია-მეთქი...

- ეჰ, მე კი ვიცი, შვილო, რომ უცებ დამაბერა ავადმყოფობამ, მაგრამ... შენ მაინც კარგი გოგო ხარ და მადლობელი ვარ ქალური სოლიდარობისთვის! - დამემშვიდობა და მარცხნივ გადაუხვია, მე კი პირდაპირ გავაგრძელე გზა და საფიქრალიც გამიჩნდა. შემხვედრ ქალბატონებს ვაკვირდებოდი, რომელთა უმრავლესობა მოუვლელი იყო და ასაკზე უფრო ხნიერად გამოიყურებოდა...

სახლში მისულმა პირველ რიგში, სარკეში შევათვალიერე თავი და არც მე დავრჩენილვარ აღფრთოვანებული ფერმკრთალი სახის კანითა და გამუქებული წრეებით თვალების ირგვლივ, რაც აშკარად მმატებდა ასაკს და უცებ, ჩემი კლასელი გოგოს - დეას სახე ამომიტივტივდა გონებაში. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ისე დაუნაოჭდა სახისა და კისრის კანი, მის დანახვაზე სულ ინდაური მახსენდება (ალბათ იმიტომ, რომ მასავით ჰკიდია მომჭკნარი ღაბაბი). რადგან ჯერ კიდევ გასათხოვარია და იმედს არ კარგავს, რომ მისი ბედიც ახლოს არის, ვერ ვუბედავ ვკითხო - რისი ბრალია მისი ეს უდროო ჭკნობა (სხვა რამე არ ჰქვია მის მდგომარეობას). სამაგიეროდ, როცა ხალხმრავალ ადგილას შევხვდებით და ერთმანეთს მოვიკითხავთ, ვნატრობ, სკოლაზე არ ჩამოაგდოს სიტყვა, რომ ხალხს "მეც მისი ტოლი არ ვეგონო", არადა, რეალურად ხომ ასეა...

...საღამოს კომპიუტერი ჩავრთე და თქვენთვის კარგად ნაცნობ ჩემს მეგობარს, ფსიქოლოგ ხატია ხომერიკს გავუზიარე ქალის ასაკთან დაკავშირებული განცდები: ავტობუსში მომხდარიც ვუამბე და დეაც შევახსენე, რომელსაც თავადაც კარგად იცნობს.

- არ დამიმალო, გეხვეწები და პირდაპირ მითხარი, მეც ასე საშინლად გამოვიყურები?!

თავიდან გაეცინა, მაგრამ როცა მიხვდა, სერიოზულად განვიცდიდი ასაკთან დაკავშირებულ პრობლემებს, ისე წარიმართა ჩვენი დიალოგი, მივხვდი, აუცილებლად უნდა გამეზიარებინა მისი რჩევები თქვენთვის:

- ჩემგან არ გესწავლება, რომ ადამიანის გარეგნობა ძალიანაა დამოკიდებული მის სულიერ მდგომარეობაზე და შესაბამისად, ჯანმრთელობაზე. როცა სიბერეზე ფიქრი გიმძაფრდება და შიში გიჩნდება, ეს ერთ-ერთი სიგნალია საიმისოდ, რომ ჩვენს სხეულს რაღაც უჭირს და ყურადღებას ითხოვს. სამწუხაროდ, ადამიანები განწყობასა და შინაგან შფოთვას არ აქცევენ ყურადღებას. არადა, ეს ინტუიციაა და აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ საიდან მოდის უარყოფითი ემოცია.

- თუ არაფერი მტკივა, ექიმთან ხომ არ გავიქცევი: გული მიგრძნობს რაღაც ავადმყოფობა მეწყება-მეთქი?!

- ჯერ ერთი, კულტურული ადამიანი ექიმთან პროფილაქტიკის მიზნით ისედაც უნდა მიდიოდეს, მაგრამ ქართველები ხომ ის ხალხი ვართ, ვინც "წაქცევამდე" არ მიდის ექიმთან და შედეგიც ამიტომ გვაქვს საშინელი, მაგრამ ეს სხვა თემაა და იმას დავუბრუნდეთ, რამაც ასე აგაღელვა დღეს - ასაკს. ხომ გაქვს გაგონილი: ორმოცი წლის ქალი ისე გამოიყურება, რაც თავისი ცხოვრების წესით დაიმსახურაო და სულაც არ მიკვირს, ქართველი ქალები ასაკზე ბევრად ცუდად რომ გამოიყურებიან. დაკვირვებული ვარ, გათხოვდებიან თუ არა, ქალების 80% ფიქრობს ყველაზე, საკუთარი თავის გარდა. ემსახურება ქმარს, დედამთილ-მამამთილს, შვილებს და ურიცხვ ნათესაობას, მიმსვლელ-მომსვლელს. ყველას უნდა ასიამოვნოს, რასაც ვერასოდეს გაიგებენ ევროპელი ქალები. ერთ მაგალითს მოგიყვან: როცა საღამოს მოდის ქმარი, მოიყოლებს ხუთ მეგობარს და გასცემს ბრძანებას: ქალო, სუფრა გაშალე! - და სულაც არ ენაღვლება, რომ ცოლი დაღლილია, დაძინება და დასვენება სჭირდება. უამრავი მსგავსი პრობლემაა, რასაც ქალი ითმენს. არადა, ეს ყველაფერი დამანგრეველია ქალის ჯანმრთელობისთვის. უნდა მივეჩვიოთ წინასწარ დაგეგმილ ცხოვრებას, როცა სტუმარსაც კი თავისი დრო ექნება მოსასვლელად და სტრესულ მდგომარეობაში არ ჩაგვაგდებს მოულოდნელად შინ შემოჭრილი, ქეიფის საღერღელაშლილი ადამიანების ხროვა. ქმარმა და შვილებმაც უნდა ისწავლონ დედისა და მეუღლის დაფასება, რომლის ჯანმრთელობის ხარჯზეც აქვთ სახლში სიმშვიდე, სისუფთავე და კომფორტი. თუ ვერ ხედავენ, უნდა დავანახვოთ და დავაფასებინოთ ჩვენი თავდადება. უნდა ვასწავლოთ, რომ ოჯახის დიასახლისიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც მათსავით სჭირდება დასვენებაც და გართობაც...

სხვათა შორის, მარტო იმ მძღოლს კი არა, ყველა კაცს ჰგონია, რომ ქალი ბერდება და კარგავს სილამაზეს, კაცი კი მაინც მომხიბვლელი და ახალგაზრდაა, რამოდენა ღიპიც უნდა დაიდოს, თუნდაც, თმაც აღარ შერჩეს "მონიკელებულ" თავზე და შვილის ტოლებისკენ გაურბის თვალი. ეს მამაკაცური და ძნელად ასახსნელი ფსიქოლოგიაა. ეგონოთ თავები ახალგაზრდა და მომხიბვლელი. ოპტიმიზმი კარგ განწყობას შეუქმნით და კარგი განწყობა ჯანმრთელობას წამალივით ერგება. ქალებს კი ის არ გვირჩევნია, თუ ჯანსაღი კაცი გვეყოლება გვერდით (თუნდაც, ილუზიების ტყვეობაში მყოფი)? მაგრამ ის კი ყველა კაცს უნდა ვასწავლოთ, რომ ქალსაც სჭირდება საკუთარი თავის რწმენა და კარგი განწყობა. უნდა იცოდნენ, რომ ქალები ძალიან მტკივნეულად განიცდიან დაბერების პროცესს და არასოდეს უნდა დაუძახონ უცნობ ქალს არც ბებია და არც - დეიდა. ამისთვის გვაქვს მშვენიერი სიტყვები, თუნდაც - "ქალბატონო"...

- იცი, რა გამახსენე ახლა? სამსახურიდან რომ გამოვდივარ, ერთი კაცი მხვდება ხოლმე ამოჩემებულ ადგილას. მოწყალებას ითხოვს და ხშირად გამიმართავს მისთვის ხელი. მგონია, ჩემზე უფროსია რამდენიმე წლით მაინც და ამას წინათ დეიდა არ დამიძახა?! - ისე მეწყინა, მისაცემად გამზადებული ფული აღარ ამოვიღე ჯიბიდან! - გამეცინა მე და ხატიაც ამყვა:

- სწორედ ამაზე გელაპარაკები და იმედია, აღარასოდეს დაუძახებ "ბაბუას" იმ კაცს, რომელიც "გეპრანჭება", თუნდაც მართლა ბაბუის ასაკის იყოს. რუსი კლასიკოსი, ნიკოლოზ გოგოლი გამახსენე ახლა (ხატიასაც რუსული განათლება აქვს). ამბობდა: ოცი წლის ახალგაზრდას რომ მისი სიბერის სურათი უჩვენო, შეიძლება გული გაუხეთქო და სამუდამოდ დაუკარგო სიცოცხლის სურვილი, თუ იმ წუთში ცოცხალი დარჩაო და მოდი, ნუ შევახსენებთ ერთმანეთს, რომ დავბერდით და ცუდად გამოვიყურებით. მაშინაც კი კომპლიმენტი ვუთხრათ ერთურთს, როცა არც ისე კარგადაა ჩვენი საქმე და ნახავთ, სიხარული როგორ გააბრწყინებს ყველაზე ჩამქრალ მზერასაც კი...

ხატიასთან საუბრის შემდეგ სულ სხვა განწყობით შევხედე საკუთარ გამოსახულებას სარკეში და დავიჯერე, რომ სიბერემდე ჯერ კიდევ შორია.

ინგა ჯაყელი