"დედამთილმა მაიძულა, საზღვარგარეთ წავსულიყავი" - გზაპრესი

"დედამთილმა მაიძულა, საზღვარგარეთ წავსულიყავი"

ამ ქალმა იმდენი მოახერხა, რომ ქმართან ურთიერთობა დამეძაბა და იძულებული გავხდი, საზღვარგარეთ წამოვსულიყავი, მიმეტოვებინა საყვარელი ადამიანი და რაც მთავარია, შვილები, რომლებიც სიცოცხლეს მირჩევნია. ცუდია, რომ ახლა მათ ზრდის ის ქალი, ვინც მაიძულა, მათგან შორს ვყოფილიყავი და როცა შვილებს ტელეფონით ველაპარაკები, ვგრძნობ, თანდათან სულ უფრო მეტად მშორდებიან", - მომწერა 32 წლის მაგულიმ, რომელსაც ჩვენი მკითხველისთვის გულის გადაშალა მეგობარმა ურჩია, იმ იმედით, - იქნებ შენი ინტერვიუ ლადომ (მაგულის მეუღლე) წაიკითხოს და მიხვდეს, რომ მისგან წასვლა დედამისმა გაიძულაო.

- 17 წლის ვიყავი, როცა პირველად შემიყვარდა და ის კაცი ჩემი მეუღლე გახდა. ერთმანეთი საერთო ნაცნობმა გვაპოვნინა. პრინციპში, ის იყო ჩვენი მაჭანკალი. ლადო დანახვისთანავე მომეწონა. თან, ვიდრე ვნახავდი, ნაცნობმა მასზე ბევრი რამ მიამბო. ეტყობა, ლადოსაც მოვეწონე და გაცნობიდან ცოტა ხანში ცოლობა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი და მშობლებმაც შემიწყვეს ხელი გათხოვებაში. მამას ძალიან მოეწონა ჩემი გადაწყვეტილება. მისთვის ქალი კუხნაშია სასარგებლო და არა - კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურაში... თან, ლადო ჩემზე 8 წლით უფროსი იყო და "დაღვინებული" გახლდათ, საკუთარი მცირე შემოსავალიც ჰქონდა.

- მისმა მშობლებმა როგორ მიგიღეს?

GzaPress- მამა არ ჰყავს, დედამისმა კი თავიდან გულში ჩამიკრა. ეტყობა ეგონა, რომ ჩლუნგი მოჰყავდა მის შვილს ცოლად. ისეთი გოგო ვეგონე, რომელიც უბატონოდ ხმასაც ვერ გასცემდა და რომელსაც "იღლიაში ამოიდებდა".

- რას გულისხმობ?

- ერთ-ერთი სოფლიდან ვარ. სკოლა დავამთავრე თუ არა, გავთხოვდი და ეგონა, არაფრის აზრზე არ ვიყავი, პატარა გოგოს თავის ჭკუაზე გამზრდიდა, მაგრამ როცა მიხვდა, უკვე გაზრდილი ვიყავი და ჩემი ჭკუა-გონებაც საკმარისად მქონდა, სხვის დაკრულზე ცეკვას ვერ შევეგუებოდი, მერე ამითვალწუნა.

დაახლოებით ერთი წელი სიამტკბილობაში ვიცხოვრეთ. მე და ჩემი დედამთილი თითქოს, ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. ისე მომწონდა ამ ქალის გვერდით ყოფნა, რომ "დედასაც" ვეძახდი. ერთადერთი, რაც მიკვირდა, ის გახლდათ, რომ ასეთ ტაქტიან, განათლებულ ქალს შეეძლო, შვილის ოთახის კარი ნებისმიერ დროს, დაუკაკუნებლად შემოეღო. ჩემი ქმარი გახარებული იყო, დედამისს ასე კარგად რომ გავუგე. ორივეს გვეხუტებოდა ხოლმე: ჩემი ანგელოზები ხართ, უსაყვარლესი ქალებიო. მერე, როცა დავფეხმძიმდი, ჩემ მიმართ შეიცვალა, სულ მოღუშული დადიოდა და ფეხმძიმეს უცნაური საქმეების კეთებას მავალებდა. არ მოსწონდა, მისი შვილი მე უფრო მეტ დროს რომ მითმობდა, ვიდრე მას. არადა, ბუნებრივია, როცა ქმარი ფეხმძიმეს დიდ ყურადღებას გაქცევს, მით უმეტეს, რომ რთული ორსულობა მქონდა, ხშირად მიწევდა წოლითი რეჟიმის დაცვა და ა.შ.

- ალბათ, შვილიშვილის დაბადებამ გუნება გამოუკეთა, არა?

- პირიქით, როცა ბავშვი დაიბადა, დედამთილი კიდევ უფრო დაიძაბა და ახლა შვილს უკვე ღიად საყვედურობდა, - ჩემთვის ვეღარ იცლიო. თითქოს ეჭვიანობდა ჩემზეც და ბავშვზეც. პატარა ტირილით რომ გამსკდარიყო, ხელშიც არ აიყვანდა. მიკვირდა მისი ასეთი სახეცვლილება, მაგრამ ყველაფერს ვითმენდი. ქმარს ისიც კი ვუთხარი: დედაშენს დაელაპარაკე, მგონი, რაღაც აწუხებს-მეთქი. ლადო რომ ელაპარაკებოდა და ეფერებოდა, მხოლოდ მაშინ იცინოდა, სხვა დროს მოღუშული გვიყურებდა და თუ მისი შვილი სახლში არ იყო, ხმასაც იშვიათად მცემდა. რაღაც პერიოდის შემდეგ თითქოს, ძველებურად მხარში ამომიდგა და მეც გული მომიბრუნდა. ვიფიქრე, რომ უხასიათობამ გადაურა. ცხადია, შევცდი.

მოკლედ, დამატებითი შემოსავალი ჩვენს ოჯახს ჰაერივით სჭირდებოდა. მხოლოდ ჩემი ქმრის შემოსავალი ისე მცირე იყო, ძლივს გაგვქონდა თავი. დედამთილის დაქალმა მაღაზიაში მუშაობა შემომთავაზა. გამიხარდა, გულუბრყვილოდ მივიღე მისი წინადადება და ბავშვი დედამთილს დავუტოვე. თითქოს მიჯიგრა და ჩემს შვილს დაუმადლებლად ზრდიდა, მუშაობის საშუალება მომცა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ყელში ამომადინა პატივისცემა. ყველგან ამბობდა, რომ მუშაობის დაწყება ჩემი ახირება იყო, რომ ცუდი დედა გახლდით და თითქოს, ბავშვის მოვლას ყველაფერი მერჩივნა. - შვილს ყურადღებას არ აქცევს, ბოლომდე მე მომიგდო საცოდავი ბავშვიო. არადა, სამსახურიდან შინ დაბრუნებული საკუთარი თავისთვის დროს ვერ ვპოულობდი: შვილს ვეფერებოდი, ვაბანავებდი, როცა ის დაიძინებდა, მის ნივთებს ვალაგებდი, სახლს ვასუფთავებდი, მეორე დღისთვის სადილს ვამზადებდი და ამასობაში ისე ვიღლებოდი, საწოლამდე მისვლას ძლივს ვახერხებდი. თუმცა, ამას ჩემი ქმრის გარდა, ვერავინ ამჩნევდა, არადა, მასაც ყელში ამოუვიდა ცოლის "უყურადღებობა" და ამის გამო ხშირად ვკამათობდით. სამაგიეროდ, დედამთილს მოსწონდა, მონურ შრომაში რომ ვიყავი. სახლს ისე არეულს მახვედრებდა, თითქოს ბომბი ააფეთქესო. ვისი ნივთი სად ეგდო, ვერ გაიგებდით. მიკვირდა, ასეთი აურზაური მხოლოდ ჩემმა შვილმა როგორ მოაწყო-მეთქი? ოჯახში შემოსული ყველა სტუმარი, მეზობელი თუ ნათესავი ტვინს მიბურღავდა: ეს როგორი კარგი დედამთილი გყავს. მის ადგილას ბევრი მუშაობის უფლებას არ მოგცემდა და შვილიშვილს გასაზრდელად არ დაიტოვებდა, თან - როგორი ჭირვეული ბავშვიაო. არადა, სულაც არ იყო ჭირვეული და მწყინდა, როცა მეუბნებდნენ, - რა გენაღვლება, ბავშვი დედამთილმა გაგიზარდა, მეტი რა გინდაო?

- ეს რატომ გწყინდათ? დედამთილი ხომ ზრუნავდა შენს შვილზე?

- მიმაჩნია, რომ შვილი თავად გავზარდე, ოღონდ - დედამთილის დახმარებით და როცა ისევ ბავშვის კეთილდღეობისთვის სამუშაოდ მივდიოდი, ბებია კი მას იტოვებდა, ამაში გასაკვირი არაფერია - ასე ხომ ბევრი იქცევა და უმეტესობა რძალს სულაც არ აყვედრის იმას, რომ დახმარების ხელს გაუწოდა. პირიქით, ბევრი ისეთი დედამთილი ვიცი, რომელიც ბავშვსაც აზრდევინებს რძალს და სახლსაც დალაგებულს ახვედრებს, არც სადილის მომზადება ეზარება და ა.შ. თუმცა, მე მისგან ამას არ ვითხოვდი, ცხადია.

როცა გაიგო, ისევ ორსულად არისო, დამაყვედრა: რა გენაღვლება, უფასო ძიძა კი გყავს ჩემი სახით და კიდევ ერთს კი არა, 5 ბავშვს რატომ არ გააჩენო.

- მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, მუშაობა გააგრძელე?

- ხომ იცით, დამადლებული არაფერი ვარგა და მეორე შვილი რომ გამიჩნდა, ვთქვი: შვილებს თვითონ გავზრდი, ქმარი კი ვალდებულია, გვარჩინოს და როგორც იქნება, თავს გავიტანთ-მეთქი. ლადოს გაუხარდა, ახლა ჩემთვისაც გამონახავ დროსო, მაგრამ დედამთილმა არ გამაჩერა, "დაიქოქა": ახლა, როცა ორი შვილი გყავს, სახლში დაჯდომის დროა? შიმშილით რომ დავიხოცებით ან ტყიურებივით უშუქობაში მოგვიწევს ყოფნა თანხის გადაუხდელობის გამო, მერე მოხვალთ ჭკუაზეო. შევთავაზე: იქ, სადაც მე ვმუშაობდი, უფროსი ასაკის ქალებსაც სიამოვნებით მიიღებენ. ჰოდა, თქვენ მიბრძანდით, მე კი შინ ყველაფერს გაკეთებულს დაგახვედრებთ-მეთქი. სულ თავხედი მეძახა და კიდევ ათასნაირი შეურაცხყოფა მომაყენა. თავიდან ვითმინე, მაგრამ მერე უკვე გავმწარდი და სერიოზულად ვიჩხუბეთ. ლადო შინ რომ დაბრუნდა, არ ვიცი, დედამისმა ასეთი რა უთხრა, მაგრამ მანაც მომცხო. იმ დღეს გიჟივით იქცეოდა, ლოგინიდან წამომაგდო, ჯერ საჭმელი მომთხოვა, მერე შარი ამიტეხა და ხელითაც შემეხო.

GzaPressმეორე დილით თითქოს არაფერი მომხდარა, თვალჩალურჯებულს მაკოცა და სამსახურში წავიდა. ყოველდღიურად საშინელი სიტყვებით რომ გლანძღავენ და იცი, ოჯახის ერთ-ერთი წევრი ყველას შენზე ეჭორავება, იგონებს ათასნაირ სისულელეს, - თუ როგორ ცუდად ექცევი შვილებს და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან ძნელი ასატანია.

- მაინც, რას იგონებდა?

- ამბობდა, რომ შვილებს ვცემდი, ქმარს სადილსაც არ ვახვედრებდი, დედამთილს ვავიწროებდი ისე, როგორც შემეძლო; ორი ბავშვი რომ გავაჩინე, ოჯახს ამას ვამადლიდი და ვითხოვდი, ჩემთვის ფეხები დაებანათ; რომ შვილებს ზოგჯერ, მხოლოდ იმიტომ ვუყვიროდი, თუ გაბედავდნენ და მეტყოდნენ, რომ შიოდათ ან სწყუროდათ და ასეთ დროს "საწყალ" ბებიას თურმე, გული ყველაზე მეტად სტკიოდა... ეს ყველაფერი თითქოს, წვრილმანია, მაგრამ ნერვებისმომშლელიც არის, დამეთანხმებით.

ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა ორი წელია. ისინი დიდი წვალებით გავზარდე - მე ასე ვფიქრობ. უხდებოდათ დედ-მამის ჩხუბის ყურება, ბებიის ბუზღუნის მოსმენა და ეს მათთვის ჩვეულებრივი, ბუნებრივი ამბავი იყო. ჰოდა, როცა გაიზარდნენ, მაშინაც აღარ ჰქონდათ რეაქცია ჩვენს ჩხუბზე.

უმცროსი შვილი 7 თვის იყო, როცა მივხვდი ან მუშაობა უნდა დამეწყო, ან ცუდად წაგვივიდოდა საქმე, რადგან ერთ დღეს მართლაც მოვიდა ინკასატორი და გაზი ჩაგვიჭრა, მერე შუქიც გამოგვირთეს. ლადოს ხელფასი მართლა არაფერში გვყოფნიდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს შვილებს პამპერსი არ ღირსებიათ, შუა საუკუნეების მსგავსად, ქსოვილებს ვიყენებდით.

- სამსახური იოლად იშოვე?

- კი, ახლობლები დამეხმარნენ და მიშოვეს საქმე. სხვა გზა არ იყო და ბავშვები ისევ დედამთილს დავუტოვე. ჰოდა, დაიწყო შურისძიება: ჩემს შვილებს თავის ჭკუაზე ზრდიდა. თუ პატარები რაიმეს დააშავებდნენ და მათ დასჯას გადავწყვეტდი, მიყვიროდა: ბავშვებს მე ვუვლი და ესენი შენი კი არა, ჩემი შვილები არიან, მათთვის ხმამაღალი სიტყვის თქმას არ გაპატიებო. გეგონებოდა, პატარები ჩემზე მეტად უყვარდა. მოკლედ, მათზეც მბრძანებლობდა და ჩემზეც. ჰოდა, ამის გამოც ბევრჯერ გვიჩხუბია, მაგრამ მერე ისევ მიწევდა შვილების მისთვის დატოვება - სხვა გზა მართლა არ იყო.

რაღაც პერიოდის შემდეგ ლადომ სამსახური დაკარგა, ცუდ დღეში ჩავცვივდით. დარჩა უმუშევარი და დღემდე შინ უქმად ზის. მისთვის ძნელი აღმოჩნდა სამსახურის დატოვება და დარდს ღვინოში კლავდა. მთვრალი უფრო აგრესიული გახდა ჩემ მიმართ, სულ საცემრად იწევდა, მეჩხუბებოდა და მეძახდა, - შენ როგორი დედა ხარო?! არადა, კარგად იცოდა, როგორი დედაც ვიყავი, რომ შვილებთან ყოფნა ყველაფერს მერჩივნა და თითქოს, მაზოლზე წიხლს მაჭერდა... იმ პერიოდში სოციალური დახმარება დაგვინიშნეს, რაც ძალიან დაგვეხმარა.

- საზღვარგარეთ წასვლა რამ გაფიქრებინათ?

- ისევ დედამთილმა! მან ამოიჩემა, - ყველა კარგი დედა შვილების სარჩენად საზღვარგარეთ წავიდა და შენ რატომ არ მიდიხარო? - რატომ უნდა წავიდე, როცა აქაც ვმუშაობ? ხომ იცი, ბებიებიც დადიან შვილიშვილების საკეთილდღეოდ საზღვარგარეთ-მეთქი... ასე იყო თუ ისე, თავად გამიჩალიჩა საბერძნეთში წამოსასვლელი ფული, გზებიც თავად მოიძია და გადაწყვიტა, სად უნდა წავსულიყავი. ისე იქცეოდა, თითქოს ვალდებული ვიყავი, ოჯახის სარჩენად საბერძნეთში გადმოვხიზნულიყავი... როცა ლადომაც მითხრა, - თუ გინდა, წადიო, მერე უკვე მეც დავფიქრდი ჩემს ყოფაზე, ცხოვრებაზე, შვილების მომავალზე და გავრისკე, ემიგრანტად ვიქეცი. მივხვდი, რომ მატერიალური პრობლემა მართლაც ანადგურებს სიყვარულს!

- რამდენი ხანია, რაც საქართველოდან წახვედით?

- ჯერ მხოლოდ 2 წელია, აქ ვარ და ვგრძნობ, შვილები გამიუცხოვდნენ. დრო რაც უფრო გადის, მათი ხმა მით უფრო ცივი ხდება და ეს გულს მიკლავს. ვიცი, მათ ჩემზე ათას რამეს ეუბნებიან, ყოველ წუთას ჩემი ლანძღვა ესმით (აბა, რით იმართლონ თავი, მათი დედა რატომ გააგდეს საზღვარგარეთ?!), ბავშვები არიან და მტყუან-მართლის გარჩევა არ შეუძლიათ. ალბათ ჰგონიათ, რომ მათი სიყვარული არ მაქვს და მათგან შორს ყოფნა თავად მინდოდა... აქ ქალები მამშვიდებენ, - დრო რომ გავა და გაიზრდებიან, ყველაფერს მიხვდებიანო, მაგრამ ამის აღარ მჯერა. აქედანვე თუ არ ექნათ დედის სიყვარული და პატივისცემა, ასე მგონია, მომავალში მათთვის მხოლოდ ფულის მანქანა ვიქნები, რომელსაც მხოლოდ ფულს სთხოვენ, სითბოსა და სიყვარული კი არა...

ახლა თითქოს ლადოც მიბრაზდება, არადა, დედამისმა არ მაიძულა საქართველოდან წამოვსულიყავი?

- რატომ გგონიათ, რომ გიბრაზდებათ?

- ტელეფონითაც არ მელაპარაკება და აბა, სხვა რა ვიფიქრო? ბოლოს და ბოლოს, თავად არ მითხრა (მართალია, მთვრალმა, მაგრამ მაინც): აქედან თუ წახვალ, ეს ყველასთვის უკეთესი იქნებაო?! ახლა უთქვამს, - მაგულისთვის ასეთი რამ არ მითქვამს, ხომ არ დაესიზმრაო? ჰო, შეიძლება არ ახსოვს, მაგრამ რატომ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ასე სწორედ ოჯახის გამო მოვიქეცი? ქართულის გარდა, სხვა ენა არ ვიცოდი, აქ ნათესავი, გულშემატკივარი არავინ მეგულებოდა, სრულიად უპატრონოდ ჩამოვედი და როგორ ფიქრობთ, ეს მიხაროდა? ნუთუ ჰგონიათ, რომ უცხო ქვეყანაში, მონურ შრომაში მყოფს გული სიხარულით მაქვს სავსე? ოჯახს რომ მოვწყდი და შვილები ძველებურად, სიყვარულით აღარ ამბობენ სიტყვა "დედას", ეს უნდა მაბედნიერებდეს? ჩემი გული და ბედნიერება კარგა ხანია, დავასამარე, რადგან მივხვდი: შვილები მხოლოდ მაშინ მირეკავენ, როცა ოჯახში რაღაც არის საჭირო და ჩემი დედამთილი აიძულებს მათ, დამირეკონ, რაღაც მთხოვონ. ხმაზე ეტყობათ, რომ ნაძალადევად მელაპარაკებიან, თითქოს მათთვის უცხო ვიყო. ჩვენი დიალოგი დაახლოებით ასეთია: "გამარჯობა, როგორ ხარ, დედი?" "კარგად, შენ როგორ ხარ?" "რას ვიზამ თქვენგან შორს მყოფი? ძალიან მოწყენილი ვარ!" "მაშინ ჩამოდი". "ჯერ ვერ ჩამოვალ, შვილო, ისევ თქვენ გამო უნდა დავრჩე აქ..." "კარგი, ფულს როდის გამოგვიგზავნი? რაღაცები გვაქვს საყიდი და ბებოს არ აქვს ფული". "მალე, დედიკო მალე გამოგიგზავნით... სხვა ხომ არაფერი გჭირდებათ?" "არა, ბებო ყველაფერს ყიდულობს ჩვენთვის... კარგი, წავედი, სამეცადინო მაქვს ახლა და მერე დავრეკავ..." ტელეფონს ცივად მითიშავენ, მე კი ამ დროს ვინ იცის, უკვე მერამდენედ ვკვდები...

P.S. ძვირფასო მკითხველებო! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამორჩეული ხართ ან გსურთ, საკუთარი თავგადასავალი გვიამბოთ, საკუთარ პროფესიასა და მიღწევებზე ისაუბროთ ან სულაც, ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ, მაშინ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: ლიკა.ქაჯაია@გმაილ.ცომ

ლიკა ქაჯაია