გენოციდი რწმენის გამო - გზაპრესი

გენოციდი რწმენის გამო

უფრო საშინელება ის არის, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრები არ ჩერდებიან, - ახლახან სირიაში 5 ლიბიელი ჟურნალისტი მოკლეს...

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სირიასა და ერაყში მიმდინარე პროცესების მიმართ სოლიდარობა სხვადასხვა ფორმით გამოხატეს. მსოფლიო სოლიდარობას საქართველოც შეუერთდა, - 500-მდე ადამიანი ასურელი ბავშვების შვილად აყვანის ინიციატივით გამოვიდა.

ასურელი ბავშვების შვილად აყვანის მსურველები თავადაც ვნახე, როდესაც ქანდაში, ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში მოღვაწე ასურელ სასულიერო პირს, სერაფიმე ბითხარიბის ვეწვიე.

მამა სერაფიმესთან დახმარების მთხოვნელი ოჯახების რიგი არ წყდებოდა, - ისინი სასულიერო პირს დახმარებას სთხოვდნენ. ქანდაში მოღვაწე ბერს სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებსა და საკუთარ ცხოვრებაზე ვესაუბრე.

GzaPress- ასურელებისა და სხვა ხალხის მიმართ აგრესია 2009 წლიდან დაიწყო, მაგრამ რატომღაც ახლა დადგა მსოფლიო და საქართველოს საზოგადოება ფეხზე. ალბათ ამასაც თავისი ახსნა აქვს, - სახარებაში წერია, ყველაფერს თავისი დრო აქვსო და ალბათ მოვიდა ის დრო, რომ ეს თემა გააქტიურდა.

- ბოლო დღეებში ხშირად ისმოდა კითხვა, რით შეგვიძლია მათ დავეხმაროთ?

- იცით, როდესაც ბავშვების უთავო ცხედრების კადრები ვნახე, ჩანდა, რომ ყველა ასირიული ეკლესია განადგურებულია, მძევლად აიყვანეს დედები, მღვდელს ესროლეს, შემდეგ კი, დიაკონს, პირდაპირ წმინდა ტრაპეზთან, ატირებულს. დაცხრილეს მრევლი, მათ შორის - ბავშვები და მოხუცები. ამ კადრების ყურებისას, მხურვალედ ვევედრებოდი უფალს, დაგვხმარებოდა... ეს ქრისტიანთა გენოციდია. შემდეგ უფლის ნებით, მართლაც ბევრი რამ შეიცვალა, ჩემთან მოდიოდნენ ადამიანები და მეკითხებოდნენ, როგორ დავხმარებოდით მათ. მოვიდნენ უბრალო ადამიანები, პოლიტიკოსები, დეპუტატები, სახელმწიფო მინისტრები... მივხვდი, რომ ჩვენ უფალმა არ მიგვატოვა და გარშემო უამრავი ადამიანი იყო, რომელიც რეალურ დახმარებას გვთავაზობდა. ამ რთულ დროს, მძიმე რეალობაში, ისინი მზად არიან, საკუთარი ლუკმა გაუყონ ასურელ ბავშვებს. ბედნიერი ვიყავი, როდესაც ვიგებდი, რომ ჩემთან იყვნენ მოსული, როგორც უშვილო, ისე მრავალშვილიანი წყვილები, რომლებიც თანახმა იყვნენ, ეშვილათ ასურელი ბავშვები... ეს ნიშნავს, რომ უფალმა არ გაგვწირა. "ჯვაროსნული ომების" შემდეგ, ასეთი სისასტიკე ალბათ ისტორიას არ ახსოვს.

არადა, მუსლიმანური რელიგია ამას არ ქადაგებს, - ეს ტერორიზმია, ყველაზე საშიში და დაუნდობელი ფორმებით... მადლობა ღმერთს, რომ ახლა მაინც გამოფხიზლდა მსოფლიო... დავუბრუნდეთ თქვენს შეკითხვას, რა შემიძლია მე, ლოცვის გარდა? - თუ მამაკაცები მოისურვებენ და ჩამოვლენ, მე მზად ვარ, მონასტერში სენაკი გამოვუყო მათ...

- ასურელი ბავშვების საქართველოში შემოყვანის საკითხი ახლაც აქტუალურია?

- ასურელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა იოლი არ არის, - რამდენიმე დღის წინ შევხვდი განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს, ასევე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრ გელა დუმბაძეს. მათთან სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ერაყიდან და სირიიდან ასობით და ათასობით ლტოლვილის შემოსვლა არ მოხდება, ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ლტოლვილები იქიდან საქართველოს საზღვრებს მასობრივად მოაწყდებიან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი კი ის არის, რომ მათ დიდ ნაწილს არ უნდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ მესამე ქვეყანაში გადასვლის გამო ისინი თავშესაფრად უფრო კანადას, ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანას ირჩევენ.

- არადა, საქართველოში 500-მდე ოჯახმა გამოთქვა სურვილი, ასურელი ბავშვი იშვილოს და დახმარებისთვის თქვენთან მოდიან...

- დიახ, თავად ნახეთ, როგორ აქტიურობენ. დღეში მართლაც 20-30-მდე ადამიანი მოდის; თუმცა, იმასაც ხშირად მეკითხებიან, რამდენად მზად ვართ ამ ბავშვებისა და იქიდან წამოსული ლტოლვილების მისაღებადო? პოლიტკოსი არა ვარ და ცალსახა პასუხიც არა მაქვს ამაზე, მაგრამ სიხარულით ვიტყვი, რომ ქართველმა საზოგადოებამ, უბრალო ხალხმა ისე გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი, რომ ცოტა დავმშვიდდი. მივხვდი, რომ ტერორისტების წინაშე მარტო არა ვართ. მე, როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ, თხოვნით მივმართე სახელმწიფოს, ეთქვათ, რამდენი ადამიანის შემოსვლისა და მიღების უფლება გვაქვს-მეთქი.

GzaPress

- ადგილობრივი ასურელების დამოკიდებულება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ქანდაში დაახლოებით 2 ათასი ასურელი ცხოვრობს და ისინიც ასე ფიქრობენ. ადრე, სანამ ეს უბედურება დაიწყებოდა, მუდმივად ვსტუმრობდით ირანში ასურელებს. ეს იყო მათთან დაახლოების მცდელობა. რაც შეეხება ერაყელ ასურელებს, ისინი აქ ძალიან ხშირად ჩამოდიოდნენ, ყველა ჩამოსვლაზე, მათთვის ექსკურსიას ვაწყობდი დაYმთელ საქართველოს მოვატარებდით ხოლმე. ასურელი ასურელისთვის უკვე ნათესავია, რადგან შენი მიწა არა გაქვს, ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ასურელი შენს ნათესავად ითვლება... ასე რომ, მადლობელი ვარ, ჩემი ქართველების დიდი თანადგომის გამო, მაგრამ ბავშვებს, ისე, უპატრონოდ არავინ დატოვებს. შესაძლოა, მათ მშობლები დაეხოცათ, მაგრამ ჰყავთ ნათესავები, რომლებიც უპატრონებენ...

- ვიცით, რომ უკვე ჩამოვიდა რამდენიმე ოჯახი...

- დიახ, ისინი შინაგანად ძალიან ცუდად არიან, თუმცა, ადგილობრივთა თბილმა დამოკიდებულებამ და მზრუნველობამ, იმედი გაუჩინათ. ჩვენ სოციალური ქსელით ვეკონტაქტებითYერთმანეთს. ისინი საუბრობენ იმ საშინელებაზე, რაც იქ ტრიალებს. ამის მოსმენა ძალიან ძნელია. ჰყვებიან, რომ დაუნდობლად კლავენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიას არ ეთანხმება. ისინი მასობრივად ტოვებენ ქვეყანას, რათა გადარჩნენ.

- ცოტა რამ თქვენზეც მოგვიყევით, მამაო...

- თბილისელი ვარ, იქ დავიბადე, გავიზარდე, მაგრამ უფალმა ქანდაში ჩამომიყვანა. ადვილი გზა ნამდვილად არ გამივლია. როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, ბერებსაც გვაქვს შინაგანი ბრძოლები. თუმცა, უფალმა ინება და მოვედი აქამდე, ავაგეთ ტაძარი. აქ იმდენად მორწმუნე ხალხი ცხოვრობს, რომ ყველა მათგანმა თითო აგური დადო. ყველა მათგანი, - "უფალო შეგვიწყალეს" წარმოთქვამდა, - ისე აშენდა აქაურობა. ეკლესიის ეზოში ერთი მანქანაც კი არ შემოსულა, ყველაფერი ხელით გაკეთდა. ასურელები ისეთი მშრომელიMხალხი ვართ, ქვაზე ქალაქს ავაშენებთ. ამავდროულად, ძალიან მშვიდობისმოყვარე და უკონფლიქტო ერი ვართ. არავის უნახავს ჩვენი წარმომადგენელი პოლიტიკაში. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ენა და რელიგია შევინარჩუნოთ. ჩვენი წინაპრები VI საუკუნეში ჩამოვიდნენ აქ. რელიგიის შეცვლის საფრთხე არც კი ყოფილა და ენა მაინც შევინარუჩნეთ. ერთი ჩემი გულის ნადები მინდა გაგიმხილოთ, - მე ორი ერის სისხლი მიდუღს ძარღვებში, - ქართველისა და ასურელის. დედა ქართველი მყავს. საქართველო უზომოდ მიყვარს, ჩემი სამშობლოა, მაგრამ ვაღიარებ, ყოველთვის ვამბდობდი და ვლოცულობდი, - ღმერთო, თუ ისე მოხდა, რომ მიწა მოგვეცა, ისე, როგორც ებრაელებს, ფეხსაცმელებსაც გავიხდი და ისე წავალ იქ და ახალ ცხოვრებას დავიწყებ-მეთქი. ვიცი, რომ პირველ მერცხალს ყოველთვის უფრო მეტად უჭირს, მაგრამ სახლი იმდენს ნიშნავს ადამიანისთვის, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ.

- სირიელ, პალესტინელ ასურელებსა და აქაურებს შორის ენობრივი განსხვავება არის?

GzaPress- მცირედი. კლასიკური, კულტურული, ლიტერუტურული არამეული ენა, ანუ ენა, რომელზეც ჩვენ წირვა-ლოცვას აღვავლენთ და ვკითხულობთ, ყველგან ერთია.

- ეკლესიური ცხოვრების წესი განსხვავდება?

- არა, ზუსტად ისეთივე ცხოვრების წესი გვაქვს, როგორიც საქართველოში, საბერძნეთში, რუსეთში, სერბეთში, - ყოველმა ერმა უფალი თავის ენაზე უნდა ადიდოს.

ჩვენ იმ ასურელ ლტოლვილებს დავუკავშირდით, ვინც საქართველოში ვიზის გარეშე შემოვიდა. ისინი ერაყიდან არიან და იქ არსებულ ვითარებას ასე იხსენებენ:

- ჯერ მხოლოდ გვდევნიდნენ. თანდათან მათი ქმედეები აგრესიული და საშიში ხდებოდა. ერთ დღეს, სკოლიდან მომავალი გოგონები დაუჭერიათ და სადღაც "გააქრეს", შემდეგ გაირკვა, "აისისის" მოხალისეებს მიუყვანეს საჩუქრად. ამის გაგონებაზე თავზარი დაგვეცა. მივხვდით, რომ ამაზე არ გაჩერდებოდნენ, - შემდეგ დაიწყო თავდასხმები და უდანაშაულო ხოცვა. დღისით, მზისით იტაცებდნენ, თვალებს უხვევდნენ და ქუჩაში ხოცავდნენ... შემდეგ უკვე ყველაფერი აირია, ყველგან ისინი იყვნენ, ჰიჯაბ-ნიქაბიანი ან უბრალოდ სახეახვეული, წვერიანი ტერორისტები და სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას... ერთ დღეს ჩემი ბიჭუნა სირბილით მოვარდა და გვითხრა, - ჩვენს ქუჩაზე ჩაიარეს, მანქანის ძარაზე ისხდნენ და აქაურობას ათვალიერებდნენო, - ეს ნიშნავდა, რომ მალე დაბრუნდებოდნენ და უნდა გაგვესწრო. ჩვენ გამოვედით და მართლაც შემოვარდნილან, ჩვენს ახლომახლო უამრავი ადამიანი დაუხოცავთ, მათ შორის, პატარებიც. როგორც თქვეს, ერთ სასულიერო პირს, სიკვდილამდე მარჯვენა მოაჭრეს, რადგან აკანკალებული ხელით პირჯვარს იწერდა თურმე... ეს არ არის ისლამი.

"ეს არის ჯგუფი, რომლის დაუნდობლობამ "ალ-ქაიდაც" კი გააოცა. "ისლამური სახელმწიფო", სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან ერთად, სირიასა და ერაყში მიმდინარე კონფლიქტს გავლენის გასაძლიერებლად და სიმდიდრისა და ტერიტორიების მოსაპოვებლად იყენებს..." - წერს დასავლური პრესა და აღნიშნავს, რომ 450 მილიარდი დოლარით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ტერორისტული ორგანიზაცია გახდა.

ყველაფერი 2011 წელს სირიაში საპროტესტო აქციებით დაიწყო და სულ მალე ახლო აღმოსავლეთში "არაბული გაზაფხულის" სახელით გახდა ცნობილი. არეულობა მალე სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 2013 წელს მთელ ქვეყანაში მიმდინარე აჯანყებებს ჰეზბოლაც შეუერთდა, რომელიც სირიის არმიის მხარეს იბრძოდა. 2014 წლიდან კი, სირიის ომში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური რესპუბლიკაც" ჩაება. ამჟამად, ერაყისა და სირიის ნაწილს აკონტროლებს.

2014 წელს "ისლამური რესპუბლიკის" მებრძოლები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან ერაყსა და სირიაში მცხოვრებ ქრისტიან მოსახლეობას...

გაეროს მონაცემებით, ამ უმძიმეს ვითარებას, 2015 წლის მონაცემები, უკვე 220,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაგან 10,808 ბავშვია.

P.S. საქართველოში ასურელთა ცხოვრების პირველ კვალს "ქართლის ცხოვრებაში", ლეონტი მროველის თხზულებაში, ვხვდებით. ადრეულ შუა საუკუნეებში ასურელი მამების სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დაწყება და განვითარება. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანული თემები, მათ შორის ასურელები, სამშობლოდ ქართულ სახელმწიფოს მიიჩნევდნენ. სავარაუდოდ, მუსლიმთა მიერ შევიწროებული ასურელების მცირე ტალღა იმ პერიოდში ჩასახლდა აღმოსავლეთ საქართველოში. XVIII საუკუნის II ნახევარში, ერეკლე II-ის ინიციატივით, ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილი ქურთული და ასურული ოჯახები კახეთში ჩაასახლეს. ცოტა მოგვიანებით კი ასურელთა რამდენიმე ოჯახი დასავლეთ საქართველოშიც დასახლდა. საქართველოში სულ 4 ათასამდე ასირიელი ცხოვრობს. მათ ასირიული ენა ზეპირსიტყვიერად შემოინახეს, თუმცა, წერა-კითხვა არ იციან. წმინდა წერილების მიხედვით, მაცხოვარი არამეულად საუბრობდა, ამიტომ უწოდებენ ამ ენას უფლისას.

ლალი პაპასკირი