ფეხმძიმე და დამეღუპა და ოთხ დღეში დედაც გარდაიცვალა -ფეხმძიმე გოგონას გმირობა - გზაპრესი

ფეხმძიმე და დამეღუპა და ოთხ დღეში დედაც გარდაიცვალა -ფეხმძიმე გოგონას გმირობა

ვიხსენებთ ხეებზე გაკრულ ლექსებსა და იმხანად აკვიატებულ სტუდენტურ სიმღერებს, რომლის მოსმენაც 1980-90-იან წლებს ფიზიკურად გადარჩენილ ქართველობას დღესაც ჟრუანტელს ჰგვრის... 9 აპრილის ღამეს 20 ადამიანი გარდაიცვალა, უფრო სწორად - 21, რადგან ერთ-ერთი დაღუპული ექვსი თვის ფეხმძიმე გახლდათ. ელისო ჭიპაშვილი 24 წლის იყო და რუსული "სპეცნაზის" მიერ ჰაერში გაშვებულმა მომწამვლელმა აირმა გაგუდა. 9 აპრილის ტრაგედიას და ელისოს მისი ძმა, ბატონი ვახტანგ ჭიპაშვილი იხსენებს.

- არც ერთ წელიწადს არავის დაუძახია ელისოს ოჯახის წევრებისთვის. საერთოდაც, ისე გამოვიდა, თითქოს ის ამ ტრაგედიის მონაწილეც არ იყო. ალბათ იმიტომ, რომ არასდროს არავინ შეგვიწუხებია და არავისთვის არაფერი გვითქვამს. მხოლოდ ამ ამბის 20 წლისთავზე დაგვიკავშირდა და ინტერვიუც ჩაიწერა ჟურნალისტმა ნინო ქაჯაიამ, მაგრამ ის ინტერვიუ ეთერში არ გასულა. მხოლოდ მრგვალი თარიღებისას ახსენდებათ 9 აპრილს დაღუპულები. ახლაც 25 წლისთავია და ალბათ ამიტომ გაიხსენეს იმ ტრაგედიის მსხვერპლები - ოჯახის წევრები პრეზიდენტის სასახლეში მიგვიწვიეს... 9 აპრილი მართლაც, ძალიან ცუდად შეეხო ჩემს ოჯახს - ფეხმძიმე და დამეღუპა და ოთხ დღეში დედაც გარდაიცვალა, ამ ამბავს გადაჰყვა. შინ ორი მიცვალებული გვესვენა.

- ელისოზე გვიამბეთ რამე...

GzaPress- ჩემზე ხუთი წლით უმცროსი იყო. ვერცხლისწყალივით გოგო გახლდათ, ვერაფრით გააჩერებდი. ბავშვობაშიც ძალიან ცელქი იყო, მე კი პირიქით - წყნარი და მორჩილი. თუ მეტყოდნენ, - აქ დადექიო, დავდგებოდი მანამ, სანამ საჭირო იქნებოდა, მას კი დადექიო, - რომ უთხრეს, დაიკარგა (იცინის): 5-6 წლის იყო, როცა ბაზარში ყოფნისას, წამში გაუძვრა დედას ხელიდან, მაგრამ იმდენი მოახერხა, ადმინისტრაციასთან მივიდა და გამოაცხადებინა, ბავშვი დაიკარგა და მშობელმა მოაკითხოსო... იმ ღამით ერთად არ ვყოფილვართ. მართალია, მეგობრებთან ერთად რუსთაველზე მივდიოდი, მაგრამ ვიღაცებმა გვითხრეს, - ტელევიზიასთან ცოტა ხალხია და იქნებ იქ წახვიდეთო. ამიტომ ტელევიზიასთან წავედით. მერე ჩემი მეგობარი - გოგი მაჭავარიანი მეხვეწებოდა, - რუსთაველზე წავიდეთ, იქ ხდება ყველაფერიო, მაგრამ არ წავყევი. ეს ბედისწერა იყო. შეიძლება, იმდენ ხალხში ვერც მენახა, მაგრამ... ხომ შეიძლებოდა, მენახა და გადამერჩინა?! სხვათა შორის, რუსთაველზე იმდენი ადამიანი იყო, რომ სიღრმეში, მოშიმშილეებთან რაც დატრიალდა, ბევრმა ვერც გაიგო. დარბევის შემდეგ რუსთაველიდან წამოსული ლექტორები რომ შემხვდნენ, მხოლოდ ის თქვეს, - კოხტად დაგვშალესო.

- ელისო მაშინ 6 თვის ფეხმძიმე იყო. როგორ ძლებდა მიტინგებზე?

- როგორ ძლებდა კი არა, ისეთი ენერგიული იყო, დარწმუნებული ვარ, ფეხმძიმედ რომ არ ყოფილიყო, იმ საშინელებასაც დააღწევდა თავს. მიტინგებზე სიარულს ვერ დავუშლიდი, რადგან გათხოვილი იყო და თავისი საქმის თვითონ იცოდა. თუმცა ერთხელ, რუსთაველზე რომ შემხვდა, ვუთხარი: აქ რა გინდა? შინ წადი და თავს მიხედე-მეთქი... თუმცა, მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, შინ რა გააჩერებდა? რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა და როგორც ვიცი, იმ ღამეს თანამშრომლებთან ერთად წავიდა მიტინგზე. არადა, წინა დღეებში რამდენჯერმე სწორედ ფეხმძიმობის გამო მოერიდა ხალხმრავლობას, მაგრამ 8 აპრილს, ტანკები რომ გაატარ-გამოატარეს თბილისის ქუჩებში, ამან მასზეც იმოქმედა ფსიქოლოგიურად და მოშიმშილეების დასაცავად გავიდა, - ეგებ, არ დაარბიონო. დამრბევის მიზანიც ხომ ის იყო, დიდი რაოდენობის ხალხს ერთ ადგილას მოეყარა თავი, რათა შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ მთავრობის სახლისა და ტელევიზიის აღებას აპირებდნენ. ფიქრობდნენ, ამდენ ხალხში რაიმე ინციდენტი მაინც მოხდებოდა: ან შუშა გატყდებოდა სადმე, ან სხვა რამ დაზიანდებოდა და დარბევასაც გაამართლებდნენ. იყოჩაღა ხალხმა, მცირედი ინციდენტიც არ მოხდა! თუმცა, დარბევას ამანაც ვერ შეუშალა ხელი და ასეთი ტრაგედია დატრიალდა.

- ელისოს გარდაცვალების ამბავი ვინ შეგატყობინათ?

GzaPress- ეს 9 აპრილის დილას გავიგე. შინ დამირეკეს, - მგონი, მუცელი მოეშალა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევსო. მეც იქ გავიქეცი, მის სიკვდილზე არც ვფიქრობდი. საავადმყოფოს კედლებზე დაღუპულთა და დაშავებულთა სიები იყო გაკრული, მაგრამ ვერ გავეკარე. მერე იქაური თანამშრომელი ქალების ლაპარაკს მოვკარი ყური, ელისოს სახელი და გვარი ახსენეს. მივვარდი, - რა მოხდა-მეთქი? წამში შემომეფანტნენ. მაშინ კი ვიეჭვე, რაღაც უბედურებაა ჩვენს თავს-მეთქი. ამასობაში, ჩემი მეგობრებიც მოცვივდნენ. ამის შემდეგ ახალი სატანჯველი დაიწყო - გვამს ვერ ვპოულობდით; რესპუბლიკურის მორგში არ აღმოჩნდა. გაგვიშვეს "არამიანცში". იქამდე ძლივს მივაღწიეთ, - ქუჩები, ხიდები, უბნები რუსების ტანკებით იყო სავსე და ყოველ ფეხის ნაბიჯზე რუსი ჯარისკაცები გვაჩერებდნენ. ამის მოთმენა არ გინდოდა?! ერთმა გამაჩერა და მართვის მოწმობა და ტექპასპორტი მომთხოვა. მამაჩემის მანქანით დავდიოდი და მინდობილობა მქონდა. ჯარისკაცი მეუბნება, - თქვენს მინდობილობას ვადა გაუვიდაო. კინაღამ გავგიჟდი. მერე ჩემმა მეგობარმა უთხრა: ასეთ საქმეზე დავდივართ, რა დროს მინდობილობააო?! სხვათა შორის, იოლად გაგვიშვა. ბოლოს და ბოლოს, გვამს "არამიანცის" მორგში მივაკვლიეთ. ძლივს ვიცანი, რადგან ჩემს დას მოგრძო სახე ჰქონდა და მომწამვლელი აირისგან სულ გასიებოდა, დამრგვალებოდა. დაჩეხესო, - ასეთი ინფორმაციაც გაავრცელეს, მაგრამ ჭრილობა საერთოდ არ ჰქონია, აირით იყო გაგუდული. გვამი არ გამოგვატანეს, ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდესო. რაღას ვიზამდით? ოღონდ სიმართლე დადგენილიყო და... არადა, შინ ვერაფერს ვამბობდი, დედას მხოლოდ იმას ვეუბნებოდი, - მუცელი მოეშალა და მძიმედ არის-მეთქი. მერე რომელიღაც ნათესავს წამოსცდა და ასე გაიგო... კიდევ კარგი, ჩემი სათქმელი არ გახდა...

GzaPress

"არამიანცის" მორგში რომ მივბრუნდით, არც ერთი გვამი აღარ დაგვხვდა, არც თანამშრომელი ჩანდა სადმე. გარეთ ერთი კაცი გამოვიჭირეთ და ძლივს გამოვტეხეთ, თუ სად გადაასვენეს გვამები. თუმცა არ ვიცი, ასეთი ძალდატანება რატომ დასჭირდა. ის კი თქვა, - ვიღაცები შემოცვივდნენ და გაიტაცეს გვამები: ვაითუ, 1956 წლის მსგავსად ახლაც გადაგვიმალონო. ჰოდა, ან ქაშვეთში დაასვენებდნენ, ან სიონშიო. საბოლოოდ, სიონში აღმოჩნდა. იქ ზღვა ხალხი დაგვხვდა, ძლივს შევაღწიეთ ტაძარში. გასაოცარი სანახაობა დამხვდა - ირგვლივ მიცვალებულები ესვენა, შუაში კი, გვამებს შორის გოგონა დადიოდა და ამ მიცვალებულებს აწესრიგებდა. გაახაროს ღმერთმა... ელისოს პოვნაშიც ის გოგონა დამეხმარა... მერე პატრიარქი მოვიდა და პანაშვიდი გადაუხადა გარდაცვლილებს. ამის შემდეგ კვლავ მორგში უნდა გადაესვენებინათ - გარეთ "სასწრაფოს" მანქანები იდგა და შიგნით მილიციელები ისხდნენ. ძლივს ჩამოვასმევინეთ ეს მილიციონერები და ელისო შინ მოვასვენეთ. მაგრამ ბალზამის გამკეთებელი რომ მოვიყვანეთ, სასტიკად იუარა, - რომ გავაკეთო, დამიჭერენო. გამწარებულმა ვუთხარი: ისინი დაგიჭერენ, მაგრამ თუ არ გააკეთებ, მე მოგკლავ-მეთქი. მერე ის კაცი ჩემმა ბიძაშვილმა, ლაშამ გააპარა. შემდეგ მითხრეს, ვერ დამარხავო და რაღას ვიზამდით, მეორე დღეს ისევ "არამიანცში" წავასვენეთ. ექსპერტიზის დასკვნის დაწერას ვესწრებოდით და სწორედ იმ მომენტში მოსკოვიდან ჩამოსული სამი რუსი - მაიორი, პოდპოლკოვნიკი და პოლკოვნიკი - შემოვიდა. ექსპერტს ეკითხებიან: "ნუ ჩტო ტამ, დავკაო?" ანუ ხომ ჭყლეტა იყოო? - ფაქტობრივად, კარნახობდნენ, რა დაეწერა. მერე ისევ გამოაცხადეს, გვამების გაცემა შეწყვიტეთო... მოკლედ, დიდი ომი გადაგვხდა, მაგრამ მაინც მოვასვენე შინ. მერე ვიღაც უცნობები დადიოდნენ პანაშვიდებზე, ვითომ თანაგვიგრძნობდნენ და ხალხის ნაკადი რომ მცირდებოდა, ტექსტებს წარმოთქვამდნენ: დაო, მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი, ვერ მოგეხმარე და ა.შ. მერე რაღაც ამბებს ჰყვებოდნენ, - ესა და ეს მოხდა და უკანასკნელად ჩვენ ვნახეთო... თურმე, "კაგებეს" აგენტები იყვნენ; უნდოდათ დავერწმუნებინეთ, თითქოს ჭყლეტაში მოყვა, მაგრამ მალევე მივხვდით და გავყარეთ. ელისო შაბათს უნდა დაგვესაფლავებინა და წინადღეს დედა გარდაიცვალა - ამ ტრაგედიას ვეღარ გაუძლო...

მას შემდეგ იმდენი ომი და უბედურება გადაიტანა საქართველომ, რა გასაკვირია, 9 აპრილი აღარ ახსოვდეთ. რას ვიზამთ? ჩემი დის გმირობაზე ლაპარაკს ვერავის მოვთხოვ - ეს ჩემი უბედურება და ჩემი მიცვალებულია.

ირმა ხარშილაძე