"აშენება თქვი, თორემ დაქცევა ადვილია"... - გზაპრესი

"აშენება თქვი, თორემ დაქცევა ადვილია"...

განსაკუთრებით ლამაზი იყო ხის მოჩუქურთმებული აივანი, სადაც ოჯახი ხშირად მართავდა მხიარულ წვეულებას და ასეთ დროს შორს ისმოდა სტუმარ-მასპინძლის "რაშოვდა" და "მრავალჟამიერი".

სახლი კიდევ კარგა ხანს გაძლებდა, რომ არა თალაკვაძეების უფროსი ვაჟის - ემზარის ამპარტავნება და კუდაბზიკობა: გაუმართლა და ნასესხები ასი დოლარით დაწყებული ბიზნესი გვარიანად გამართა წელში. ფული რომ იშოვა, მეგობარიც გაიჩინა და კიდევ უფრო მეტი - მტერი. ჰოდა, სწორედ მათი ყიჟინით, წაქეზებითა და დაძალებით პოლიტიკოსობაც მოინდომა.

დაუშალა მამამ:

- ე, ბიჭო, პოლიტიკოსს მაკრატელივით მჭრელი ენა უნდა ჰქონდეს და იმფერი ლოგიკა, ცივ ტყუილსაც რომ დააჯერებს ჭკვიან კაცსაც კი. შენ ვინ მოგცა მაგისი შნო, ხუთი წლისამ ძლივს ამოიდგი ენა, კაი ხანს მუნჯი გვეგონე და მერეც ვერ აჯერებდი შენს სიმართლეში მასწავლებლებსაც. ამიტომაც იყო, "ოთხიანიც" არ გაღირსეს, ისე დაამთავრე სკოლა. დეეტიე შენს ტყავში და შეირგე, რაც გიშოვია, ნურც გამზრდელს აგინებინებ ამ მოტყუებულ-დამშეულ ხალხს!

- ვისზე რა ნაკლები ვარ, მთავრობაში და პარლამენტში რაც ხალხია, 80%-ის სახელიც არ იცის ხალხმა, მათი ნაკეთები საქმე კი არა, მარა ზემოდან გადმოგვცქერიან. გავერევი მეც მათ მარაქაში! - მოირგო ჰალსტუხი, ოქროს ბეჭედი და საათიც საგანგებოდ შეიძინა. ეგ კი არა, მანიკიურ-პედიკიურის საკეთებლად დაიწყო სალონში სიარული და უფრო მეტიც, თმაც შეიღება - ქვეყანა მიყურებს და არაა ლამაზი ჭაღარა, ხალხს ბებერი არ ვეგონოო...

მოკლედ, ვინ დაუდგებოდა წინ მისი ფულის ძალასა და გავლენას? ჰოდა, გახდა ემზარი "თავრობის კაცი" (ასე ეძახდნენ სოფელში)... "თავრობის კაცობამ" თავხედობა გაუორმაგა, სითამამე შემატა და გახადა "უშიშარი, ვითარცა უხორცო"... სად ეცალა საქვეყნო საქმეებისთვის, როცა ბიზნესის გასამმაგებისა და გაოთხმაგების შანსი მიეცა? მართალია, საამისოდ "ხარკიც" გაორმაგებული უნდა გაეღო, მაგრამ საწუწუნოდ მაინც არ ჰქონდა საქმე და რომ აღარ იცოდა, სად წაეღო ამდენი ფული, პაპისეულ სახლს მიადგა:

- არ ეკადრება ჩემი დონისა და გაქანების კაცს ხის სახლი, სასწრაფოდ უნდა დავანგრიო და მის ადგილზე ისეთი სახლი წამოვჭიმო, ჩვენი რაიონის კულტურის სახლიც კი ქოხად მოჩანდეს მის გვერდით!

ისევ სცადა მამამისმა წინააღმდეგობის გაწევა: - დანგრევა ადვილია, შენ აშენება თქვიო! ურჩევდა, ჯერ ახალი აეშენებინა და მერე დაენგრია ძველი, მაგრამ არც ახლა დაუჯერა ემზარმა და ორ დღეში გაასწორა მიწასთან ძველი ნასახლარი, დედ-მამა კი საიდანღაც მოთრეულ ძველ ვაგონში შეასახლა დროებით საცხოვრებლად...

ეს იმ ზაფხულს მოხდა, შფოთიანი შემოდგომა და "ვარდების რევოლუცია" რომ მოჰყვა კვალში, ძველი მთავრობა "ცოცხლად დამარხა" და ემზარიც, რომელიც დიდი პოლიტიკური ალღოთი არ გამოირჩეოდა, დეპოს ჩიხში მოქცეულ მატარებელში ჩარჩა, როცა სხვები რევოლუციის ეშელონში სასიკვდილო ნახტომების ფასად ხვდებოდნენ...

ბიზნესიც რევოლუციის დენთმა შეიწირა და ემზარის სამომავლო იმედებიც...

მას შემდეგ ძველი რკინის ვაგონში ცხოვრობს მოხუცი დედ-მამა და უკვე შეეჩვია თითქოს სოფელი ამ ამბავს. მაგრამ თუ ვინმე შვილს ან შვილიშვილს ამჩატებას შეატყობს, ემზარის ეზოსკენ მიუძღვებიან და ნასახლარისკენ მიუთითებენ:

- სანამ აშენებულს არ დაინახავთ, ნგრევას ნუ იჩქარებთ!

ცოტა ხნის წინ მეც ჩავიარე თალაკვაძეების ნასახლართან. ჭიშკართან შევეჩეხე ძია ალექსანდრეს, ემზარის მამას - ხელის ურიკაზე ბლოკი დაეწყო და ეზოში ეზიდებოდა. მივესალმე, მოვიკითხე...

- არ მინდა მოვკვდე და რკინის ვაგონიდან გასასვენებელი გავხდე. მესამე წელია, ასე ცალობით ვყიდულობ ბლოკს, რომ როგორმე ორი ოთახი ავაშენო და ჭერქვეშ მოვაქციო.

- ემზარი ვერ გეხმარებათ?!

- იქეთაა მისახედი ის ბედოვლათი... იმ ღამურასავით მოუვიდა, თაგვობა რომ იუკადრისა და აღარც ღამურებში აღმოჩნდა მისი ადგილი. ფული რომ აღარა აქვს, აღარც პოლიტიკოსებს სჭირდებათ და აღარც ბიზნესმენები იკარებენ სიახლოვეს. ნეტავი, არ დაიჭერდნენ და... უცებ გამდიდრებული კაცის დაჭერას რა უნდა? ვინ არ იცის, რომ ფულს ჭუჭყის სუნი აქვს?!

- ალბათ ნანობს...

- თუ ნანობს, კიდევ არა უშავს, მაგრამ მეეჭვება: ერთხელაც არ ჩამოსულა. რაც ფული დაკარგა, ამბავიც არ უკითხავს ჩვენი.

- ალბათ რცხვენია! - ავიჩეჩე მხრები.

- უნდა რცხვენოდეს! - ჩაიქნია ხელი ძია ალექსანდრემ და ჭიშკარი შეაღო...

იმ ეზოში დაყრილი ბლოკის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ კარგა ხანს ვერ ააშენებს სანატრელ ორ ოთახს. გული მომეწურა: მართლა არა აქვს ალბათ ადამიანის არეულ ტვინს საღად განსჯის უნარი, თორემ იმ ძველ სახლს დაანგრევდა ჭკვიანი კაცი?!