გურული ემიგრანტის მოგონებები
font-large font-small
გურული ემიგრანტის მოგონებები
"ნიუ-იორკში, კერძოდ - ბრუკლინში არის ერთი მეტად ლამაზი ქუჩა, ლამაზი სახელით, - ემონს ავენიუ, რომელიც ოკეანის სანაპიროს მიუყვება. ავენიუს ბოლოც ლამაზი აქვს და ის თვალწარმტაცი ხედით, ნიუ-იორკის პატარა ყურესთან წყდება. ამ ადგილსაც ასე ჰქვია, - "ყურეს გადასახედი".
სწორედ ამ ყურესთან დილიდან ხალხმრავლობა იყო. "სასწრაფოს", სახანძრო და პოლიციის მანქანები ერთბაშად მოქანდნენ, თუმცა მათი გულისგამაწვრილებელი სირენების ხმას ვიღაცის განწირული ბღავილი ფარავდა. ხიდის ჯებირთან პატარა ბავშვის სხეულთან ათიოდე წლის, მულატი ბიჭი ჩამუხლულიყო და მთელი ხმით მოთქვამდა: - ჯეიკოოოოოობ! - ჯეიკოოოოოოოობ! - აღმოჩნდა, რომ ძმები ქუჩაზე გადადიოდნენ, ჯეიკობს დიდი სიჩქარით მომავალი მანქანისთვის მოუკრავს თვალი, ძმისთვის გამაფრთხილებლად შეუძახია, თვითონ კი წაფორხილებულა და დაცემულა... პოლიციელებმა და მეხანძრეებმა ჯეიკობის ცხედარი მანქანაში შეასვენეს, მე კი გონებიდან არ მცილდებოდა სასოწარკვეთილი თვალები, ერთიანად გამურული ლამაზი სახე და ყურში გაუთავებლად ჩამესმოდა პატარა ბიჭის განწირული მოთქმა: - ჯეიკოოოობ! ჯეიკოოოოოობ!

ნანახისგან დაღლილმა, თვალის მილულვა გადავწყვიტე, მაგრამ განცდილმა ლამის დამახრჩო და ზეზე წამომაგდო. უფრო სწორად, 34-35 წლის წინანდელ მოგონებებში გადამისროლა:

- ნინა ბებიააა, ნინა ბებიააა! - გურიის დედაქალაქის დილის მდუმარება გოჩას მყივანა ხმამ დაარღვია.

- რაია, რა ეიანცე ამ უთენია ყოლიფერი, - ნინა ბებო აივანზე გადმომდგარიყო.

- ჩამევიდა დათიე? - გაიღმიჭა გოჩა.

- ჩამევიდა, მარა არ სცალია ახლა, უნდა დეისვენოს, ნამგზავრია და იმიზა...

ბებიას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ისე გასხლტა დათო ეზოში და მთელი წლის უნახავ ძმაკაცს გადაეხვია.

- ჰე, წამოი ახლა წყალზე, - სულმოუთქმელად მიაყარა გოჩამ, - რაფერი ანკესები მაქ, იცი?

- ახლა გამორიცხულია, გინდა, ბებიაჩემი გადარიო? - დათომ თავი შორს დაიჭირა.

- კაი, მაი აფერი... ნინო ბებო ტკბილი ქალია, მარგალიტას კი არ ჰგავს... აღარ მივარგა კანჭები, მაგის ეზოდან რომ გამოვდივარ...

- ???

- აფერი იმფერი, თხილის მოსაბოჭად რომ შევიპარები, მარტო ჩემდა აქვს ჭინჭარი გადანახული, სხვას შეიძლება ცოცხი ესროლოს... მარტო მე უნდა დამშუშხოს...

- წამოით ახლა, სანამ გაცივდა ხაჭაპური, - ნინა ბებო თავზე შეუმჩნევლად წამოადგათ და გოჩას გრუზა თმა სიყვარულით მოუჩეჩა, - წამოით, გოჩი, ახალაძეებს მისდღემჩი რომ არ გაქვენ სანთლის არაყი, გაგაშინჯებ ახლა, გასულ შემოდგომაზე გამოვხადეთ მე და ამ ვაჟბატონმა, - შვილიშვილზე მიუთითა, - კარქივით უნდა იყოს აწი...

სახლში შესულები მაგიდას შემოუსხდნენ. გოჩა ფეხს ითრევდა და ცქმუტავდა. ვეღარ მოითმინა და ნინა ბებიას შეეხვეწა:

- ჩემი ძამია, კობაა ძირში და ხო იცით, რაფრა უყვარს თქვენი გამომცხვარი ხაჭაპური... შეიძლება, დავუძახო?

- ნენაა, მომიკვდეს თავი, ბაღანა ძირში დატიე? წაი, ამეიყვანე, რასაა რომ კითხულობ, თლა დაკარგე ნამუსი? - შეიცხადა ბებომ და პატარა კობასთვის მაცივრიდან ლიმონათი გამოიღო.

დათო და გოჩა 11-12 წლისანი იყვნენ, კობა მათზე მათზე ოთხიოდე წლით უმცროსი იყო, თუმცა გოჩა გვერდიდან არ იცილებდა და სულ თან დაჰყავდა. ბიჭები იმასაც ამბობდნენ, როცა კობა სკოლაში სხვა ცვლაში იყო, ბევრჯერ გვინახავს სერზე, პირველი სკოლის აღმართზე ამომსკდარი გოჩა, რომელიც თავისი ძმის სანახავად იყო მოსულიო.

ბიჭები მალევე დაბრუნდნენ. კობა მორცხვად მიუჯდა მაგიდას და გაუბედავად მოწიწკნა ცხელი ხაჭაპური. ნელ-ნელა გათამამდა და ცოტა ხანში მადიანად შეექცეოდა, ნება-ნება ლიმონათსაც აყოლებდა. გოჩამ და დათომ დიდი კაცებივით რამდენიმე სირჩა სანთლის არაყი გადახუხეს, დილის მადლისა და დაგეგმილი თევზაობის გამართლებისა შესვეს. გოჩამ ტუჩები მოიწმინდა, დათოს თვალი ჩაუკრა და ნინა ბებოს მუდარანარევი ხმით შეეხვეწა:

- წავალთ რა, წყალზე... რა უნდა აკეთოს სახლში დათიამ? გაკვეთილები ხომ არ უნდა იმეცადინოს?

- ე, დეიწყო ახლა... ჩამევიდეს დედამისი და წყალზე კი არა, თუ გინდა, ვულკანზე წაით მერე, - კოპები შეკრა ბებიამ, თუმცა, დათოს სახეზე რომ შეხედა, ხელი ჩაიქნია, - რაც გინდათ ქენითო და ესღა თქვა: - ახალი ჩამოსულია, ხამადაა ჯერე წყალთან და მზესთან. ნუ ამეიხრუკებით და ჩეროს ხშირ-ხშირად შეეფარეთ.

ბიჭები სირბილით მიადგნენ გურულებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი მდინარის, ბჟუჟის ნაპირს. გოჩა დაწინაურდა და პათეტიკურად მიეახლა მდინარეს:

- ო, დიდო ბჟუჟო, მიიღე და შეივრდომე გურიის სამთავრო ქალაქიდან, ქართლს გადახვეწილი ნახევრად გურული და ნახევრად უცხო ტომის შვილი, დათია... - სასაცილოდ იმანჭებოდა გოჩა და თავისსავე ხუმრობაზე გულიანად ხარხარებდა.

ტანსაცმელი რიყეზე დაყარეს და ის იყო, მდინარეში უნდა შევარდნილიყვნენ, რომ დათომ აღმოაჩინა, თურმე ყველასგან განსხვავებით, საბანაო ტრუსები არ ეცვა და ბანაობაზე ცივი უარი განაცხადა. გოჩასა და კობას გარდა, რიყეზე უბნის სხვა ბიჭებიც იყვნენ და თბილისელი სტუმრის უჩვეულო საქციელს ინტერესით ადევნებდნენ თვალს. გოჩას ბევრი აღარ უფიქრია, უმალ ტრუსები გაიძრო და თავისი მჭახე ხმით დაიძახა:

- დღეს ყველანი უნიფხოდ ვბანაოოობთ... ვინცხას არ გინდათ, წაით, ბიძია, სახლში... - დათოს გაუცინა და მდინარეში შევარდა. გოჩას დედიშობილა ბიჭების მთელი ჯგრო მიჰყვა და დუნედ მორაკრაკე ბჟუჟიც თითქოს გამოცოცხლდა და ყმაწვილებს ანცი ტალღებით მიეგება. ბიჭებმა მდინარე გადაცურეს და მეორე ნაპირზე, სიპ ქვებზე სელაპებივით დაეყარნენ. დათოსაც უნდოდა მდინარის გადაცურვა, მაგრამ გოჩამ არ დაანება.

- ბებიაშენის თქმის არ იყოს, მართლა ხამად ხარ, რა გეჩქარება, გაუშინაურდი ჯერ მდინარეს და მერე რამდენჯერაც გინდა გადაცურე, - ამ სიტყვებით ჩქერში გადაინაცვლა და მოზრდილ ქვას დაეჯაჯგურა - მოი, ახლა მომეხმარე, ჯანი ქე გაქვს ღლონტების მოზვერივით და ამაწევიე აი ლოდი, იქნებ ღორჯო დევიჭირო... ჭადზეა ნამეტანი გემრიელი...

უცებ დამდუღრულივით გადმოხტა და ხელზე დაიხედა.

- რა დაგემართა? - შეეკითხა დათო.

- მგონი ის არსახსენებელი უხსენებელი იყო, იმის სიგრძე იყო და ისე ჩამისრიალდა ხელში... - დათოს სახეზე შიში შეატყო და გულიანად შესცინა, - მაი წყალში არ იკბინება, შხამი არ აქვს და იმიზა... "აკაკის აკვანი" მაინც არ წაგიკითხავს? ტყუილს კი არ წერს... მოი ახლა, მე ავწევ და შენ იღორჯავე...

დათო ჩქერში ჩაიმუხლა. ტალღები ზურგზე აწყდებოდნენ და წონასწორობას აკარგვინებდნენ. გოჩას შერჩეული ქვის ქვეშ ხელი მაინც შეყო, სლიპინა და სხმარტალა პატარა თევზი ხელში მოიგდო და გამარჯვებული კაცის ყიჟინით ნაპირზე ამოქანდა. იმ დღეს გაუმართლათ, სამივემ ბლომად თევზი დაიჭირეს, ზოგი ხელაობით, ზოგი ანკესით, ზოგიც მომცრო ბადით. მეთევზეთა კანონის დაცვით, ნაწილი იქვე გამოწელეს, წვრილ ჯოხებზე წამოაგეს და სახელდახელოდ დანთებულ ცეცხლზე შეწვეს. ცოტ-ცოტა ყველას შეხვდა. პატარა კობა დათოს სიცილით ასწავლიდა ცეცხლის დანთებას. საიდანღაც ხმელი ფიჩხიც, ასანთიც და მომცრო ქილით ნავთიც გააჩინა. მარჯვედ ირჯებოდა, შიგადაშიგ ძმას გახედავდა, ჩემით თუ არის კმაყოფილიო. დათომ ჯიბიდან გასაშლელი პატარა დანა ამოიღო, ჯოხის წამახვა უნდოდა. კობას თვალი ზედ დარჩა, გამოართვა, კარგა ხანს ხელში ატრიალა და სევდიანი თვალებით უკან დაუბრუნა.

- კაი ჯაყვაა... კარგად ესობა, - მცოდნე კაცის ტონით შეაფასა.

- შენი იყოს, - ცალყბად ამოღერღა დათომ. დანასთან დაშორება საშინლად არ უნდოდა. მთელი არდადეგები წინ იყო, ბახმაროზეც უნდა ასულიყვნენ და იქ უდანოდ აბა, როგორ იქნებოდა? მაგრამ კობა არას დაგიდევდათ, სასწრაფოდ გაასუფთავა დანის პირი, დაკეცა და ჯიბეში უკრა თავი. სამაგიეროდ, ამ ძირიდან გავარდნილმა, მეორე ჯიბიდან ძველი, ტარმორყეული დანა ამოიღო და საქმიანობა იმით გააგრძელა.

მზე კარგა გადახრილი იყო ურეკ-ქობულეთის მხარეს, როცა ბიჭები სახლში დაბრუნდნენ. ნინო ბებომ ბუხარში, კეცზე ჭადები დაუცხო და თევზიც იქვე შეაწვევინა ბიჭებს. სუფრაც ბუხრის პირას გაუშალა და მაგიდაზე ვაზის ფოთლით თავდაცობილი, მომცრო დოქიც დადგა. დათოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მთელი წელი ამაზე ოცნებობდა და ახლა გოჩასთვის, მისთვის მოყირჭებული რეალობის მშვენიერების დანახებას ცდილობდა.

ორიოდე დღეში დათოს მშობლები, ბიძაშვილები და მათი სხვა ნათესავები ჩამოვიდნენ. დიდხანს არ გაჩერებულან, ერთიანად აიბარგნენ და ბახმაროს ველურ ბუნებას მიაშურეს. გოჩას ოჯახიც უნდა ასულიყო ბახმაროში, მაგრამ დათომ თითქმის მთელი თვე ძმაკაცის ფუჭ მოლოდინში გაატარა.

მახარაძეში დაბრუნებულ დათოს ქალაქი ცივად შეხვდა.

წუწუნავას ქუჩის პატარა შუკა, მთელი აბაშიძისა და მიმდებარე ქუჩები, გაურკვეველი სიავის მოლოდინში იყო. ცა საავდრო არ ჩანდა, მაგრამ ავად მოქუფრულიყო. ხალხიც დაზაფრული დაიარებოდა. დათოს სახლის წინ შავი "გაზ-24" გაჩერდა და გაფითრებული გოჩა გადმოვიდა. დათო ეზოშივე მიეგება:

- მჭირდები, დათია, - დაბოხებული ხმით სთხოვა, - კობა საავადმყოფოში დააწვინეს, სანახავად მივდივარ და თუ ხათრი გაქვს, შენც წამოი.

პალატაში სამარისებური სიჩუმე იყო. ცრემლგამშრალი ქალები კუთხეში მიმსხდარიყვნენ. კობა მისავათებული მიწოლილიყო ბალიშებზე და ტუჩის კუთხით გაღიმებას ცდილობდა. გოჩამ სასთუმალთან ჩაიმუხლა.

- ბალიშის ქვეშ ჯაყვა მაქვს და შემინახე, სანამ მუალ, - სუსტი ხმით ამოილაპარაკა კობამ და ძმას თვალით ბალიშისკენ ანიშნა.

დათოს რატომღაც გული აუჩუყდა, თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ უხაროდა, კობას რომ დანა უსახსოვრა. საერთოდ, გაუგებარი სიტყვები სწვდებოდა მის სმენას და სრულ გაურკვევლობაში იყო. "სისხლის გათეთრება, ძვლის ტვინის გადანერგვა... ბავშვს ვკარგავთ", - ამ სიტყვებიდან აზრი ვერ გამოჰქონდა. უამრავი ნაცნობ-უცნობი ექიმი ირეოდა ირგვლივ. აი, მათი ოჯახის ახლობელი და ნათესავი რატი ღლონტი, ეგერ ვენერა ჭანუყვაძე, ბაბო ექიმიც აქაა, ბიძამისი ილია სპეციალურად თბილისიდან ჩამოვიდა და პროფესორები ჩამოიყვანა. ექიმები დაძმარებული სახით დაიარებიან და თავიანთ უმწეობას ხელების გაშლით გამოხატავენ.

სიჩუმეს ჩუმი ქვითინი არღვევს, რასაც ხმაღალი მოთქმა ცვლის... მოულოდნელად მთელი საავადმყოფო გულსაკლავმა კივილმა შეძრა...

მთელი მახარაძე თითქოს ძაძით შეიმოსა. ღვთის წყრომა და ცოდვის ტრიალი იყო წუწუნავას შესახვევში. ნინო ბებია ვიშვიშებდა და მაღალი წნევის გამო საწოლიდან თავს ვერ სწევდა.

გოჩას შავი სატინის პერანგი ეცვა, მუდამ შუბლზე ჩამყრილი თმა ახლა კოხტად დავარცხნილი ჰქონდა, დაღონებული იდგა აივანზე და გარუჯულ სახეს ღიმილს არ აკარებდა. დათოს დანახვაზე დინჯი ნაბიჯებით დაეშვა კიბეზე და ხელი მდუმარედ ჩამოართვა. ნერწყვი ცრემლთან ერთად გადაყლაპა და ამოიქშინა:

- არ შეხვალ? არ ნახავ? ნუ გეშინია, ისევ ისეთია...

დათომ თავი გააქნია.

- არც მე მინდა, მარა მამაჩემი არ შობა... შენც აქანე უნდა იდგეო...

აღარ ასულა, ჭიშკართან გაჩერდნენ და გოჩა თავის ჭკვიან თვალებს აყოლებდა სამძიმარზე მოსულთ, თითქოს ყოველი მათგანის დამახსოვრება უნდაო.

- თქვენსას, ეზოში შევიდეთ, თვარა აქანე აღარ შემიძლია გაჩერება, - დათოს ყურში ჩასჩურჩულა და ბიჭები ნელ-ნელა გამოერიდნენ მგლოვიარეთ. ნინა ბებიას ეზოში სუსტად, მაგრამ მაინც აღწევდა გოჩას დედის მოთქმა და გოდება.

მარნის შესასვლელთან კუნძზე ჩამოსხდნენ. გოჩა მარნის მასიურ მუხის კარს დაეჯაჯგურა. დაკეტილი იყო. კარს თვალი ააყოლა და კარს ზემოთ დატანებულ სარკმელი დათოს დაანახვა. სარკმელიდან ვიღაცას შუშა ამოეღო, ან სულაც თავისით გატეხილიყო. გოჩამ მიმოიხედა, ჩამომჯდარ დათოს ფეხი მხარზე დაადო და მაიმუნივით აფორთხდა კარზე, სარკმელში გადაძვრა და კარი შიგნიდან გააღო.

- გუშხამ, ბიძაჩემმა და ბიძაშენმა რაცხა მეიტანეს და მოი, ვნახოთ.

დათომ ხათრი აღარ გაუტეხა და მარანში შუქი აანთო. თუნუქის ქილებით სავსე ყუთები უმალ თვალში ეცათ.

- რაღაც კონსერვებია, - ჩაილაპარაკა დათომ.

- კონსერვი შენ ხარ, - გაიცინა გოჩამ, - აი პივაა... ბავარიული... არ გაგიგია?

- კი, რავა არა, - შერცხვა დათოს და უტუხად იცრუა, - მარა ჩვენ თბილისში სადილზე მხოლოდ ჩეხურს ვსვამთ...

გოჩამ ალმაცერად გახედა:

- ნამეტანს ნუ გააცივებთ, ყელის ტკივილი იცის მერე... აი, რაღაა? - წითელ ქილას ათამაშებდა ხელში და დამარცვლით ამოიკითხა წარწერა - "სო-სა კოლა"... ვაა, მგონი "კოკა-კოლაა", დათოია. ჩეიყარე ჯიბეში, ამას კობას წავუღებ, - ანგარიშმიუცემლად წამოიძახა და უმალ დათოს შეხედა. მოულოდნელად ქვედა ყბა ერთდროულად აუკანკალდათ. გოჩას სახე მოეღრიცა და უკვე ცრემლებს ვეღარ იკავებდა. უკეთეს დღეში არც დათო იყო. ბიჭები გადაეხვივნენ და სახეები ერთმანეთის მხრებში ჩამალეს.

საოცარად საზრიანი და გამოუცნობი გუნების ბიჭი იყო გოჩა. ახლაც, უცებ გაინთავისუფლა თავი დათოს მკლავებისგან და სრუტუნ-სრუტუნით, იქვე დაგდებულ "ვინსტონის" გახსნილ კოლოფს დასწვდა. ერთი ღერი დათოს მიაწოდა, მეორე თვითონ ჩაიდო პირში და თვალებით ასანთი დაძებნა. დათომ ვერ მოუკიდა. პირში ედო სიგარეტი და ანთებულ ასანთს უტრიალებდა წინ.

- მოქაჩე, მოქაჩე, მასე რავა აანთებ, - ცმუკავდა გოჩა, - მომეცი მაი და ჩემი მოწიე შენ... ამბობენ, ნერვებს ამშვიდებსო.

დათომ ცხოვრებაში თავისი პირველი ნაფაზი დაარტყა და საშინელი ხველა აუტყდა, თუმცა სიგარეტის არომატული გამონაბოლქვი ესიამოვნა. გოჩამ ზურგზე შემოარტყა:

- ალალი, ალალი, დათია. თბილისში სიგარეტს არ ეწევით, ჩეხური "პივის" სმის დროს? - მაინც თავისებურად გაჰკენწლა და აგრძნობინა, შენი ცრუპენტელობა არ გამომპარვიაო.

- გოჩაა! - მოესმათ ქუჩიდან.

მარნიდან სწრაფად გამოვიდნენ და კარი გამოიჯახუნეს.

გოჩას მამამისი იბარებდა. ეზოში რომ შევიდნენ, შეგროვილი ხალხი გაიშალა და ყმაწვილებს გზა დაუთმო. გოჩა დათოს მხრებს ამოფარებული მოაბიჯებდა. ეზოში ორი სკამი დაედგათ, ზედ პატარა სასახლე დაესვენებინათ. ჭირისუფლები სასახლეს ქვითინით უახლოვდებოდნენ და კობას ცხედარს შუბლზე ეამბორებოდნენ. გამწარებული დედა დიდი წვალების მერე ძლივს განარიდეს შვილის განსასვენებელს.

- მიდი, გოჩა, მიდი შვილო, დაემშვიდობე ძმას... - გაისმოდა ხმები. გოჩამ დათოს მსუბუქად უბიძგა, შემდეგ ორივე ხელი მხრებში ჩაავლო, გზიდან ჩამოიშორა და არაადამიანური ღრიალით ძმის უკანსკნელ სამყოფელს გადაემხო.

- კობაააა!!! კობა, ძამიაააა!!!

ნინო ბებო მოგვიანებით ხშირად ამბობდა:

- ცა ფეხად ჩამევიდა და საცოდაობით დედამიწა იწვოდა, ჩვენს ქუჩაზე. ამ ხნის მევიყარე და ადამიანის მოდგმას, მით უმეტეს ერიცახა ბაღანას ასე თუ შეეძლო ხავილი, არ მეგონაო.

პატარა კობას მთელი ქალაქი ეთხოვებოდა. პროცესია "მოი და ნახეს" სასაფლაოსკენ დაიძრა...

ყურესთან გავედი. ოკეანის წყალს მივეახლე და წარმოვიდგინე, გოჩა როგორ იანგლებდა.

- ო, დიდო ატლანტიკის ოკეანევ, მოისმინე და განსაჯე, გაღმა ნაპირიდან გადმოხვეწილი, ნახევრადგურული და ნახევრად უცხო ტომის შვილი ემიგრანტის ნაცოდვილარი...

ის ხომ ჩემს მოგონებებში სულ ჭაბუკად დარჩება. დაღუპული უცნობი ჯეიკობის სული უფალს შევავედრე და შორეთსა და დასალიერში ვიღაცას დავპირდი, რომ სათუთად გავუფრთხილდები გოჩასა და კობას ნათელ ხსოვნას და მათთან დაკავშირებულ მოგონებებს. Brooklyn".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (11)
22.04.2016
ისე არვიცი ნამდვილი ამბავია ტუ არა მარა, ჩვენ ადამიანებს სიყვარული, პატივისცემა,ზნეობა კი მოგვაკლდა ამ ბოლო ათწლეულიც მანძილზე. ჰოდა ამაზე მწყდება გული.
კახაიე
22.04.2016
რატომ ამატირეთ. ამ მონათხრობმა ჩემი წარსული ტკივილი გამიახლა და გულით ვტირივარ. ღმერთო-ყველას ნათელი სასუფეველი დაუმკვიდრე=ამინ.
ემიგრანტი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ის მორალურ პოლიციად ექცა ბავშვებს და დიდებსაც"
"კახეთში რამდენიმე წელიწადში სულ სხვა ცხოვრება იქნება"
რატომ იწვევს დომენიკ მანგო ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
"ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას"
"სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი