ტყემალი, ქინძი და... იტალია!.. - გზაპრესი

ტყემალი, ქინძი და... იტალია!..

სარკმელში რომ ვიხედებოდი, რატომღაც დაგვიანებულად მოსული თოვლი მეგონა. ცნობისათვის: იტალიელები ტყემალს არ მიირთმევენ და არც საწებელს ამზადებენ, ამიტომაც გავიოცე, რომ ამ შუაგულ რომში მაინცდამაინც ჩემს სარკმელთან "გაიგიჟა" თავი ტყემალმა; როგორც ჯარისკაცის მამა უცხო მიწაზე, გაგანია ომში ვაზს ეფერებოდა: აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო, შენაო! - სწორედ ისე ვეფერებოდი ტყემლის ყვავილებს შორიდან. ნაყოფის გასინჯვაზე, სიმართლე გითხრათ, არც კი მიოცნებია, რადგან ეს ტყემლის ხეები ეკუთვნოდა იტალიელ ბაბუას, რომელიც მთელ კორპუსზე იყო გაბრაზებული, - ეზოს რატომ მინაგვიანებთო და სულ "პინგ-პონგის" ბურთივით აქეთ-იქეთ დახტოდა. ასე რომ, ტყემლის თხოვნა კი არა, გამარჯობის თქმაც ვერ გავუბედე. მაგრამ ერთ დილას თავისი ფეხით მოადგა ჩემს კარს, საჩხუბრად მომართული: ძალიან გთხოვთ, სახლში მთელი დღე ქუსლებიანი ფეხსაცმლით ნუ დაკაკუნებთო! - ჯერ ერთი, მთელი დღე არ ვართ სახლში და მეორეც - ქუსლებზე საკაკუნოდ სად გვცალია-მეთქი?! - ძალიან ცხელოდა და იღბლად, ფეხშიშველი ვიყავი; დავანახე და ვუთხარი: - ხომ ხედავთ, ფეხშიშველი დავდივარ სახლში, რომ არ შეგაწუხოთ-მეთქი!

- გაუმარჯოს ზაფხულსო! - შესძახა ხმამაღლა და უცებ გაუჩინარდა.

ამის შემდეგ, რომ შევხვდებოდით, ვსაუბრობდით ხოლმე. ერთხელ შევაპარე, - თქვენ რომ ეზოში ხილი გაქვთ, საქართველოში ამისგან ძალიან გემრიელ სალსას ანუ საწებელს ვამზადებთ და ცოტას თუ მომცემთ, გავაკეთებ და გაგასინჯებთ-მეთქი. არ ვიცი, შეეშინდა, არ მომწამლოს ამისმა სალსამო თუ იმ ტყემალს ვერ შეელია, ხიდან ქვაფენილზე რომ ცვიოდა და ზედ კოღოები "ქეიფობდნენ", მაგრამ ცივი უარი მტკიცა... მასე არ უნდა-მეთქი და როცა მოსაღამოვდა, ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი წევრი გავიმეტეთ და ფანჯარაში "გადავკიდეთ", დანარჩენები ფეხებზე ვებღაუჭებოდით, რომ არ გადავარდნილიყო და ბაბუას ეზოში გოგრასავით არ გახეთქილიყო (უი... როგორ მენატრება ჩვენებური კვახი!) და ასე საცოდაობით მოვკრიფეთ ტყემალი, რომელიც ისე ცოტა იყო, უტარხუნო ჩაქაფულს ძლივს ეყო...

მალე ბაბუა გარდაიცვალა!.. იმედია, ჩვენი ცოდვით - არა და ჩვენ მიერ მოპარული ტყემლის ჯავრს არ გადაჰყვა! უფალო, მაპატიე!.. ალბათ, ასაკმა უწია - 90 წლის ყოფილა; რომ გარდაიცვალა, ესეც მერე გავიგე.

სახლი გაიყიდა. ახლა რემონტი კეთდება და მალე საცხოვრებლად იტალიელი ცოლ-ქმარი გადმოვა.

ამას წინათ გასაშლელი კიბე დამჭირდა. ეზოში გადავიხედე და ახალი მეზობლები ფუსფუსებდნენ. გამარჯობა, - გადავძახე: - თუ შეგიძლიათ, რომ კიბე მათხოვოთ-მეთქი? - კი ჩამოდიო!.. მივედი, იმერულად დავულოცე კერია, გამრავლება და გახარება ვუსურვე ახალ ფუძეზე და კიბე წამოვიღე. უკან რომ დავუბრუნე, მითხრეს, - თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოსო! ჰა, ჰა, შანსი არ არის, ტყემალს მოვთხოვ!..

ახლა მკითხავთ, ტყემალი - ჰო, მაგრამ ქინძი რა შუაშიაო?! იმ შუაშია: ტყემალი უქინძოდ ვის გაუგონია?!. ცნობისათვის: იტალიელები ქინძს არ მიირთმევენ: მძაფრი სუნი აქვს და ძნელად მოსანელებელიაო. მაგრამ ოჯახი, სადაც ვმუშაობ, აზიის ქვეყნებში იყო სამოგზაუროდ და სხვა სურნელებთან ერთად, ქინძის კაკალიც ჩამოიტანა. ავდექი და ერთ-ერთ ყვავილის ქოთანში ჩავაპირქვავე. ამოიყარა, მაგრამ რა ამოიყარა! ცოტაც სხვა ქოთანში გადავრგე. მეგონა, უკეთ გაიხარებდა, მაგრამ პირიქით - მოიწყინა!.. ქინძიც ჩვენსავით ყოფილა: თავის მიწას რომ მოშორდა, დანაღვლიანდა, მაგრამ იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, გაიხარებს. ყოველ დილით ვრწყავ და ვეფერები. მეშინია, ოჯახის წევრებს სარეველა არ ეგონოთ და არ ამოძირკვონ, თუმცა, ესენი ცარიელ ჭიქასაც არ გადადგამენ უჩემოდ და მაინცდამაინც ქინძს დაეტაკებიან?!

ჩემი სამომავლო გეგმა ასეთია: სხვის ოჯახში ჩემ მიერ გახარებული ქინძი და ჩემი მეზობლის ტყემალი ერთმანეთზე "დავაქორწინო" და გემრიელი საწებელი გავაკეთო!.. ეს გეგმა თუ განვახორციელე, აუცილებლად დაგპატიჟებთ!..

მენიუ ასეთი იქნება: ვარია ტყემლის საწებლით (ვარია ანუ როგორც იმერეთში იტყვიან, "ქალიშვილი ქათამი"). უი... ახლა ეს ვარია სად ვიპოვო ამ შუაგულ რომში?!

რომი, 2012, ტყემლობისთვე

ლია უკლება