"ჩაყლაპვის, სუნთვის რეფლექსი და კიდურების მგრძნობელობაც სრულიად გაუქრა" - გზაპრესი

"ჩაყლაპვის, სუნთვის რეფლექსი და კიდურების მგრძნობელობაც სრულიად გაუქრა"

ვიდრე ცუდად გახდებოდა, ნათიას სამსახურიც ჰქონდა და საყვარელ მეუღლესთან ერთად, ბედნიერად ცხოვრობდა. ერთადერთი, შვილის ყოლაზე ოცნებობდნენ და მერე ნათია ხატწერითაც უნდა დაკავებულიყო.

თამარ ფეიქრიშვილი, ნათიას დედა:

- ცოლქმარს ძალიან უყვართ ერთმანეთი, იდეალური წყვილია. აქაც, საავადმყოფოში ვინც უყურებს მათ ურთიერთობას, ამაში ყველა დამერწმუნება. სიყვარულით შექმნეს ოჯახი, მაგრამ მანამდე მათმა გრძნობამ დიდ გამოცდას გაუძლო.

- რას გულისხმობთ?

GzaPress- მეცხრე კლასიდან უყვარდათ ერთმანეთი. იყო რაღაც პრობლემები, გამოცდები, რომლებზეც ახლა ლაპარაკი არ მინდა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩემი სიძე წელიწადი და 8 თვე მონატერშიც ცხოვრობდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა ოჯახის შექმნა. 7 წელია, ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთის პატივისცემა აქვთ, ერთურთის გარეშე სადმე წასვლის სურვილი არასდროს გასჩენიათ... ჩემი სიძე ძალიან მორწმუნეა და გორში მეუფის სტიქაროსანი გახლავთ.

- საავადმყოფოში რომ მიიყვანეთ, რა ჩივილები ჰქონდა?

- უკვე სიარულიც უჭირდა, მხარში შევუდექით და ისე შევიყვანეთ საავადმყოფოში, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, აქ წოლა ასე დიდხანს თუ მოგვიხდებოდა... ხერხემლის არეში ტკივილს ადრეც უჩიოდა, მაგრამ ვფიქრობდით, რომ სამსახურში (ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს) იღლებოდა და ამით იყო გამოწვეული ტკივილის შეგრძნება. აქ მოსვლამდე ერთი კვირით ადრე ძალიან დასუსტდა და გორში ექიმს ვუჩვენეთ. მან კი ნეკნთაშუა ნევრალგიის დიაგნოზი დაუსვა და ექიმის დანიშნულების მიხედვით 5 დღე სახლის პირობებში ვუმკურნალეთ. თუმცა, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, დგომა უჭირდა. ამიტომ, გარკვეული ანალიზების ჩატარება გახდა საჭირო და ისეთი არეული პასუხი მივიღეთ, რომ ქირურგმა სასწრაფოდ თბილისში, სეფსისის ცენტრში გამოგვიშვა.

აქ ნათიას დაუსვეს დიაგნოზი: მწვავე სეპტიცემია, სეპტიმურ-ჩირქოვანი მენინგიტი, სხვა ლოკალიზაციის (კისრის, ზურგის, მარჯვენა ბეჭის მიდამოს) ფლეგმონი, ინტრასპინალური მარჯვენამხრივი ეპიდურული აბსცესი ჩ7-D3 მალების დონეზე, შაქრიანი დიაბეტი (ტიპი-1). ჩაუტარდა ოპერაცია ხერხემალზე და ჩირქის კერებისგან მთლიანად გათავისუფლდა მისი სხეული, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ოპერაცია დაგვიანებული გახლდათ და მდგომარეობა სხვა მხრივ გართულდა: განვითარდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ბაქტერიული გენეზის მენინგომიელიტი, რამაც ოთხივე კიდურის უმოძრაობა გამოიწვია.

როგორც აგვიხსნეს, ოპერაციამდე ჩირქმა მოასწრო და ზურგის ტვინის გარსი დააზიანა, ორგანიზმში აღმავალი ინფექცია დაფიქსირდა. დაზიანდა ე.წ. მოგრძო ტვინი, რომელიც თურმე, ბევრ რამეს მართავს ჩვენს ორგანიზმში. მაგალითად, ჩაყლაპვის, ხველის, სუნთვის რეფლექსი და ფეხებიდან მკერდამდე მგრძნობელობაც სრულიად გაუქრა. ჩაითრია ფილტვებიც. ვინაიდან დამოუკიდებლად სუნთქვა აღარ შეეძლო, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

- ექიმები რას ამბობენ, ხერხემალში ჩირქის დაგროვება რამ გამოიწვია?

- ვინაიდან შაქრიანი დიაბეტი აქვს, თავზე გამოსდიოდა ე.წ. ფურუნკულები, რომელსაც კვეთდნენ და ერთი შეხედვით, ეს ადგილები ჩვეულებრივად შუშდებოდა. არადა, თურმე, ამ ფურუნკულებში დაგროვილი ჩირქი მის მოკვეთამდე იღვენთებოდა კეფიდან ხერხემალში.

- თუ იცით, ასეთი ფურუნკულები დიაბეტით დაავადებულ ყველა ადამიანს უჩნდება?

- ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ეს არის ცხიმოვანი წარმონაქმნი, მაგრამ ნათიას შემთხვევაში, ჩირქოვანიც იყო.

- რამდენი ხანია, რაც უმოძრაოდ არის?

- უკვე მეექვსე თვეა, იტანჯება.

- შექმნილი მდგომარეობიდან ექიმები რა გამოსავალს ხედავენ?

- ამ მომენტში უმოძრაობა კი არის, მაგრამ ძალიან პატარა, თუმცა იმედისმომცემი დინამიკაც შეინიშნება. მაგალითად, მარცხენა ხელის თითების ოდნავი მოძრაობა, თითქოს მხრებიც აამოძრავა; მუცლის არეშიც დაუბრუნდა მგრძნობელობა. ამ წუთას ჩვენი უპირველესი პრობლემა ის გახლავთ, რომ სუნთქვისა და ხველის რეფლექსი ბოლომდე არ აღუდგა და დროდადრო აპარატით სუნთქვა ესაჭიროება. ეს პრობლემა თუ მოეხსნება, მერე რეაბილიტაციაზეც შეიძლება ფიქრი. თუმცა, როგორც ჩანს, ნევროლოგია სპეციფიკური დარგია და ძალიან ძნელია რაიმეს პროგნოზირება...

- როგორ ფიქრობთ, საზღვარგარეთ ნათიას წაყვანის შემთხვევაში, უფრო მალე მოხდება მისი გამოჯანმრთელება თუ ეს ფიზიკურად შეუძლებელია?

GzaPress- ახლა არა, მაგრამ სავარაუდოდ, მომავალში ესეც საჭირო გახდება. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გავიგოთ, რისი იმედი უნდა გვქონდეს, მისი ასეთი მდგომარეობა მომავალში რა პრობლემას შეუქმნის.

- ჯანდაცვის სამინისტრო გეხმარებათ?

- როდესაც აქ დაგვაწვინეს, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მიხედვით 15.000 ლარის მომსახურება მივიღეთ, მაგრამ ეს თანხა დაახლოებით 2 კვირაში ამოიწურა. მერე ხალხი დაგვეხმარა, ნაცნობები თუ უცნობები მხარში ამოგვიდგნენ, როცა ჩემი შვილის ამბავი ინტერნეტით გავრცელდა. სხვათა შორის, ტელევიზიამაც დაგვითმო ცოტაოდენი დრო. ყველა შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდა და ამისთვის ხალხის მადლიერი ვარ. თუმცა, ცხადია, იმდენი თანხა ვერ შეგროვდებოდა, რამდენიც ჩემი გოგონას გამოჯანმრთელებისთვის იქნებოდა საკმარისი. ამიტომ, ისევ ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ უარი მივიღეთ. მერე, როცა ტელევიზიით საკუთარი სატკივარის თქმის უფლება მომცეს, შემთხვევით ვისარგებლე და ეს ფაქტიც აღვნიშნე. იმავე დღეს, 6-საათიან საინფორმაციო გადაცემაში, ერთ-ერთ არხზე გამოვიდა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მარინა დარახველიძე და ისე ილაპარაკა, მატყუარად გამომიყვანა. მან აღნიშნა, რომ სამინისტრომ ნათიას სახელზე გადარიცხა 30.000 ლარი და იქვე დასძინა: ვერ ვხვდები, ქალბატონი თამარი რას გვედავება. რა, მკურნალობა შეუწყდა მის შვილსო? არა, მკურნალობა არავის შეუწყვეტია ჩვენთვის, მაგრამ მაგრამ არც 30 ათასი ლარი გადმოურიცხავთ ჩვენთვის. ამის შემდეგ მასთან გასაუბრება მინდოდა, მაგრამ უარი მითხრეს, მიღება არ გვაქვსო.

მერე ჩემმა სიძემ დარეკა ჯანდაცვის სამინისტროს "ცხელ ხაზზე" და იკითხა: მარინა დარახველიძემ ტელევიზიით ასეთი განცხადება გააკეთა და გაგვარკვიეთ, რა 30 ათასზე იყო ლაპარაკი? თუ ჩარიცხეთ, ეს რატომ არ აისახაო? უპასუხეს: ტექნიკური ხარვეზი გაიპარა და შარშანდელი - 2014 წლის ფული კი ჩაირიცხება საავადმყოფოს ანგარიშზე (მაშინ ის 15 ათასი ლარიც კი არ იყო დარიცხული, უბრალოდ, ამ თანხის მომსახურება უფასოდ მივიღეთ, ასე გამოვიდა), მაგრამ 2015 წლის დაზღვევის იმედი ნუ გექნებათო. თუ ასე იყო და ვერ დაგვეხმარებოდნენ, ის ქალბატონი ტელევიზიით რატომ გამოვიდა? იქნებ ვის უნდოდა ჩვენი დახმარება და მისი განცახდების მოსმენის შემდეგ ეს სურვილი გაუქრა?

ხალხსაც რა აქვს, რომ სხვას დაეხმაროს, თან - ჩემი შვილის გარდა, ვინ იცის, კიდევ რამდენს უწევს დიდი ტკივილის ატანა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს და ამიტომაც, კიდევ ერთხელ მიწევს ადამიანების შეწუხება. უფალი გადაუხდით სიკეთეს სიკეთით. ის თანხა, რაც ისევ უბრალო ადამიანების წყალობით შეიკრიბა, სრულად შემოვიტანეთ საავადმყოფოში, მაგრამ ბოლო ერთი კვირის წინ მოხდა კალკულაცია და როგორც გვითხრეს, უკვე 33 ათასი ლარი გვაქვს საავადმყოფოს დავალიანება.

- ახლა რა სახის მკურნალობა უტარდება?

- სიმპტომატური და ნევროლოგიური მკურნალობა უტარდება. მადლობა ღმერთს, მოთმინების უნარი აქვს და პირველ რიგში, ღმერთის წყალობას ველოდებით... არ ვიცი, რა წყალს მივცე თავი. მაინტერესებს, ჩემს ადგილას ჯანდაცვის სამინისტროს რომელიმე თანამშრომელი რომ იყოს, როგორ მოიქცეოდა? არავინ მოსულა ამბის გასაგებად, არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია თუნდაც, ტელევიზიით ჩემს ნათქვამ სიტყვებს...

- ერთი დღე აქ ყოფნისთვის დაახლოებით რამდენი ლარია საჭირო?

- ზუსტ თანხას ვერ გეტყვით. გააჩნია, რა წამალი დასჭირდება კონკრეტულ დღეს, მაგრამ დაახლოებით 500 ლარი მაინც გვჭირდება, ადრე კი დღეში 1.000 ლარი და მეტიც იხარჯებოდა.

- თქვენ სულ ნათიას გვერდით ხართ?

- კი, ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვეს და ცალკე პალატა გამოგვიყვეს... ჩემს მეუღლეს ოფიაციალური სამსახური არ აქვს, ისიც და ჩემი ვაჟიც უმუშევრები არიან. ჰოდა, ხან ვაჭრობს, ხან - სხვა საქმეს ეძებს და ცოდვილობს, რომ გარკვეული თანხა მოგვაწოდოს.

- როგორც ჩემთან საუბრისას აღნიშნეთ, ნათია კარგად ხატავს...

- კი, ხატვა ეხერხება, მაგრამ ბოლო დროს ამასაც ვეღარ ახერხებდა, სამსახურში დატვირთული დღის რეჟიმის გამო. ის და ჩემი სიძე ოცნებობდნენ შვილის ყოლაზე. ნათიას ხატწერის კურთხევაც მისცეს, მაგრამ ვერ მოასწრო ამის გაკეთება. არადა, სამუშაო ოთახის მოწყობასაც გეგმავდნენ... ძალიან მერიდება, მაგრამ დედა ვარ და ვალდებული გახლავართ, შვილის კეთილდღეობისთვის კიდევ ერთხელ შეგაწუხოთ: ძალიან გთხოვთ, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, დაგვეხმარეთ. არ მინდა, ჩემი გოგონა იტანჯებოდეს. მჯერა, ღმერთი თქვენც სიკეთეს მოგცემთ.

ლიკა ქაჯაია