დაქირავებული საქმრო... - გზაპრესი

დაქირავებული საქმრო...

მისთვის რომ ეკითხათ, მსახიობი გახდებოდა და ფილმებში ითამაშებდა, მაგრამ არც გაუმხელია სურვილის შესახებ - კარგად იცოდა, რასაც ეტყოდნენ სიმკაცრით გამორჩეული მამა და ორი უფროსი ძმა: მათი აზრით, მსახიობობა "პატიოსან ოჯახში გაზრდილი გოგოს" საქმე არ იყო...

რომ თქვა, - სწავლას თავს ვანებებ და საზღვარგარეთ მივდივარ სამუშაოდო, არც ეს ესიამოვნათ, მაგრამ რადგან სხვა ოჯახებივით, თვიდან თვემდე თავის გატანა მათაც უჭირდათ, დათანხმდნენ: შენს თავს მაინც მიხედავ და უზრუნველყოფ სამომავლოდო...

ექვსი წელიწადი უვლიდა ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულ მარტოხელა მოხუცს - იოვანა ქსანდოპულოსს და ისე შეაყვარა თავი, ხელფასს ხომ სხვა ემიგრანტებზე მეტს იღებდა და საჩუქრებითაც ანებივრებდნენ. იოანას გარდაცვალების შემდეგ კი, მისი ანდერძის თანახმად, იმდენი თანხა მისცეს, თავისუფლად შეეძლო საქართველოში დაბრუნება და საკუთარი საქმის წამოწყებაც კი. დაბრუნდა კიდეც, მაგრამ მანამდე ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა მის ცხოვრებაში...

რადგან მოხუცის გამო სახლიდან გამოსვლასა და ადამიანებთან ურთიერთობას ვერ ახერხებდა, ინტერნეტი იყო მისთვის ყველაფერი. კომპიუტერი სულ ჩართული ჰქონდა და ასე ურთიერთობდა გარესამყაროსთან. ერთხელაც თაზო გაიცნო. ბიჭი იმერეთის მთიანი სოფლიდან იყო და მისი ერთადერთი ოცნება ქალაქში გადასახლება გახლდათ, რაშიც უსახსრობა უშლიდა ხელს. თიკას ღარიბი და გაჭირვებული თავიც ეჯავრებოდა, მაგრამ ისე მოიხიბლა ბიჭის გარეგნობითა და სიტყვა-პასუხით, რაღაცებზე თვალი დახუჭა და ფულიც კი გაუგზავნა "შეყვარებულს", რომ საბერძნეთში ჩასვლა მოეხერხებინა. რადგან თაზო მართლაც, სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა, თიკას ბევრი არც უფიქრია, ისე გადაწყვიტა მისთვის დაეკავშირებინა ბედი და ქალბატონი იოვანას სიცოცხლეშივე დაიწყეს ერთად ცხოვრება. მოხუცი ქალბატონი თანაუგრძნობდაAშეყვარებულებს და თაზოს არა მარტო სამუშაოც, არამედ მის ოჯახში ცხოვრების უფლებაც მისცა.

სამი თვე ისე იცხოვრეს ერთად, თიკას არ გაუმხელია ოჯახისთვის - გავთხოვდი და ოფიციალური ქორწინების გარეშე ვცხოვრობ კაცთანო. ეჭვიც არ ეპარებოდა, უცხოეთშიც მისწვდებოდნენ მამა და ძმები "შემარცხვენელს". მხოლოდ მას შემდეგ შეატყობინა ახლობლებს - საქმრო მყავს და დაქორწინებას ვაპირებო, როცა ქალბატონი გარდაეცვალა და საბოლოოდ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. თაზოსაც თითქოს, არაფერი ჰქონდა ამის საწინააღმდეგო, მაგრამ წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გაუჩინარდა და თიკას ბარათი დაუტოვა: მაპატიე, მაგრამ საქართველოში ვერ დავბრუნდები და ვერც ცოლად შეგირთავ, რადგან დიდი ხანია, ცოლიც მყავს და ორი შვილიც. საბერძნეთშიც მათ გამო წამოვედიო...

მერე აღმოაჩინა, რომ თაზომ გარკვეული თანხა მოჰპარა კიდეც "საცოლეს". კიდევ კარგი, ძირითადი თანხა გამოგზავნილი ჰქონდა საქართველოში, რომ ძმებს ბინა დაეხვედრებინათ მისთვის ნაყიდ-გარემონტებული; ანდერძით დატოვებულ ფულს კი მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ აიღებდა...

არც უფიქრია თაღლითის მოძებნა. შეკრა ბარგი და გამოფრინდა საქართველოში გულმოკლული. მხოლოდ ის ადარდებდა, - რა ეთქვა ახლობლებისთვის და როგორ აეხსნა საქმროს გარეშე დაბრუნება. ამ მწარე ფიქრებში იყო ჩაფლული, როცა გვერდით მჯდომმა კაცმა მინერალური წყალი მიაწოდა და მისი მოწყენის მიზეზით დაინტერესდა:

- ასე ძალიან მეტყობა, რომ ცუდად ვარ?! - ამოიხვნეშა თიკამ და რატომღაც, გული გადაუშალა უცნობს: - გამძარცვა და მიმატოვა. აზრზე არა ვარ, რა უნდა ვუთხრა ჩემებს...

კაცს გაეცინა:

- პროფესიით მსახიობი ვარ და თუ გნებავთ, თქვენთვისაც ვითამაშებ ერთ სპექტაკლს - მიგყვებით თქვენებთან, ვითომ მე ვარ ის თაზო და მერე მოიფიქრებთ რამეს...

- მართლა?! - შვებით ამოისუნთქა თიკამ: - არ ინანებთ, კარგად გადაგიხდით...

კაცმა ხელი გაუწოდა:

- მე ნიკა მქვია...

...მეორე დღესვე გააცნო თიკამ ოჯახის წევრებს "საქმრო", რომლებსაც ისე მოეწონათ ნიკა, ახალგაზრდებს ქორწილის დაჩქარება ურჩიეს და ახალი ბინაც უჩვენეს, რომელიც მართლა ჩინებული იყო...

- ერთი თვე მაინც იყავით ჩემ გვერდით და მერე მოვიფიქრებ რამეს - მორიდებით სთხოვა თიკამ კაცს...

თითქმის ყოველდღე ერთად იყვნენ. ნიკა მანქანის შერჩევაშიც დაეხმარა თიკას და ადგილიც შეარჩევინა, სადაც სამკერვალო ატელიეს გახსნა გადაწყვიტა გოგომ. თვის ბოლოს კი, როცა გასამრჯელო უნდა მიეღო ბიჭს და ერთმანეთს დამშვიდობებოდნენ, ნიკამ ქეჩო მოიქექა:

- ისე შეგეჩვიე, მგონი, შემიყვარდი და მართლა ხომ არ დავქორწინებულიყავით?!

თიკას ცრემლი მოადგა თვალზე...

წყვილს უკვე ორი თვის გოგონა - ანამარია ჰყავს და რაც მთავარია, სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი.

ინგა ჯაყელი