პრეზიდენტი და შეყვარებული წყვილები თბილისის ბაგა-ბაღში - გზაპრესი

პრეზიდენტი და შეყვარებული წყვილები თბილისის ბაგა-ბაღში

ამ მიზნით ერთ-ერთ საბავშვო ბაღს ვეწვიე და პირველ რიგში, ყველაზე პატარების - 2-3 წლის ბავშვების ჯგუფში შევედი. პატარებს ჩემს დანახვაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. მაგიდებს მისკუპებულები სხვადასხვანაირად ერთობოდნენ: ზოგი მღეროდა, ზოგი - შინიდან მოტანილი ნივთით თამაშობდა, ზოგიერთი კი საწოვარას მონდომებით "ამუშავებდა". ერთ-ერთ ბიჭუნასთან მივედი და სახელი ვკითხე. - ეგ ბასილაძეა და თავისი სახელი არ იცის, - პატარა ბიჭუნას ნაცვლად, გოგონამ მიპასუხა. - შენ იცი შენი სახელი? - კი, ნიაკო წიწაკაძე ვარ. - იქვე მჯდომმა ბიჭუნამ კი შემომჩივლა, ბასილაძე მანქანებს მიფუჭებს ხოლმეო. ამასობაში, ოლიკო მასწვალებელმა სია ამოიკითხა და გაირკვა, რომ იმ დღეს ბაგა-ჯგუფში 28 ბავშვი იყო. მერე პატარებმა ლექსები თქვეს. თითოეულს თანატოლები მხურვალე აპლოდისმენტით აჯილდოებდნენ. უცებ, ერთი ბიჭუნა წამოხტა, - ოლიკო, მეფხანებაო. - ხელი გაისვი და გაგივლის. - მშვიდად აუხსნა მასწავლებელმა.

ლექსების თქმა რომ დაასრულეს, ოლიკო მასწავლებელმა პატარებს კითხვა დაუსვა: აბა, ბავშვებო, რას გვაძლევს ძროხა? - სიყვარულს, - წამოიძახა პატარა ელენე სტეფნაშვილმა... ოთახის ბოლოში მდგომ მაგიდასთან რამდენიმე გოგონა იდგა და ინტერესით აკვირდებოდნენ რაღაცას. მათ შევუერთდი. პატარა რუსკას შინიდან პარფიუმერიის ნაკრები წამოუღია და პატარები გაპრანჭვას გულმოდგინედ ცდილობდნენ. ვთხოვე, - მეც წამასმევინეთ ტუჩსაცხი-მეთქი, მაგრამ უარი მივიღე. ოდნავ მოგვიანებით, ჯგუფში მხოლოდ გოგონები კი არა, ბიჭებიც "მაკიაჟით" იყვნენ და მერე მათი სახის გაწმენდა ძიძას - ირას მოუხდა.

- მგონი, ასეთ რამეს მშობელი შვილს საბავშვო ბაღში არ უნდა ატანდეს, - ჩემი მოსაზრება მასწავლებლებთან მას შემდეგ გამოვთქვი, რაც რუსკას თეთრ მაისურს თვალი შევავლე. გულისპირი სულ ტუჩსაცხით ჰქონდა მოსვრილი. - ამას რა უჭირს, ამას წინათ ერთმა ბავშვმა კბილის ჩხირები მოიტანა. კიდევ კარგი, დროზე შევნიშნე, თორემ ვინმეს შეარჭობოდა, - მითხრა ოლიკო მასწავლებელმა და იქვე დასძინა: - მეორეს კი შინიდან მოტანილი ლობიოს მარცვლები აღმოვუჩინეთ. წარმოიდგინე, ეს მარცვლები ან ცხვირში, ან ყურში რომ შეეტენა ვინმეს. ბავშვებს ისეთი უსაზღვრო ფანტაზია აქვთ, ათას რამეზე უნდა ვიფიქროთ...

GzaPress

ამასობაში, ოთახში ირა შემოვიდა, რომელმაც საუზმე შემოიტანა. ბავშვებმა აყვირდნენ: მოვიდა, მოვიდაო. თეფშზე დალაგებული, კარაქიანი პურის ნაჭრები მასწავლებლის მაგიდაზე ეწყო, ირა კი ბავშვებს ფაფით სავსე თეფშებს უდგამდა წინ. ოლიკომ შენიშნა, რომ ერთი თეფში ცარიელი იყო და გაოცებულმა იკითხა: სად წავიდა კარაქიანი პური? მაგიდის ქვეშ შევიხედე - ბასილაძე და კიდევ ერთი ბიჭუნა, ზუკა მაგიდის ქვეშ მოკალათებულიყვნენ და პურს მადიანად შეექცეოდნენ. საუზმის შემდეგ, ბავშვებთან სიმღერის პედაგოგი მოვიდა. ბასილაძე ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, სულ აქეთ-იქით დახტოდა, ცელქობდა. რომ ვერაფრით დააინტერესეს, ოლიკომ რაჭული სიმღერა წამოიწყო. ჩემდა გასაოცრად, ბასილაძემ ყველა სათამაშო დაყარა, ფეხზე წამოხტა და ცეკვა დაიწყო. ისე საყვარლად იქნევდა ხელ-ფეხს, რომ სიცილი ვერ შევიკავე. თურმე, ეს ცეკვა ძალიან უყვარს და როცა ვერაფრით აწყნარებენ, ოლიკო რაჭულს შემოსძახებს, ბავშვი კი მაშინვე ხელებს შლის. მუსიკის გაკვეთილის შემდეგ ბავშვებმა წავარჯიშება გადაწყვიტეს, მე კი ცოტა უფრო დიდების - 3-დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში შევედი.

პატარებს ჩემთვის არ ეცალათ, რადგან მანანა მასწავლებლის დახმარებით სპექტაკლს - "წითელქუდას" დგამდნენ. მონაწილეები ოთახის ერთ მხარეს იდგნენ, მეორე მხარეს კი ბავშვებს სკამები ჩაემწკრივებინათ და "მაყურებელები" ჩამომსხდარიყვნენ. მეც ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი. მაშინვე პატარა ბიჭუნა მოვიდა და მხარზე ხელი დამიტყაპუნა. გავუღიმე, რადგან მეგონა, ჩემთან საუბარი სურდა. - ადექი, აქ მე ვიჯექი, - მითხრა მკაცრი ხმით. ბოდიში მოვუხადე და ადგილი დავუთმე. რატომღაც, ბავშვებმა ჩემთან ურთიერთობის სურვილი არ გამოთქვეს, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ პატარების ჯგუფთან შედარებით, ესენი გაცილებით ცელქები იყვნენ. როცა ჩემი მოსაზრება გავუზიარე, მანანა მასწავლებელი დამეთანხმა: მართალი ხარ. 35 წელია, საბავშვო ბაღში ვმუშაობ და დავადგინე, რომ 3-4 წელი ყველაზე რთული ასაკიაო.

სადილის დრო ახლოვდებოდა. ბოლო პერიოდში ბაღების კვებაზე იმდენი უარყოფითი ინფორმაცია გავრცელდა, რომ დირექტორს, ქალბატონ მაია ქვლივიძეს ვთხოვე, - იქნებ სამზარეულოშიც შემახედოთ-მეთქი. რა პრობლემააო, - მითხრა და პირველი სართულისკენ გამიძღვა. ჯერ საწყობში შევედი, სადაც ბურღულეულსა და სხვა საკვებ პროდუქტს ინახავენ. ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა და იქაურობაც საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდა. როცა ეს ფაქტი აღვნიშნე, ქალბატონმა მაიამ მითხრა: სურსათის უვნებლობას ორ კვირაში ერთხელ ამოწმებენო. მერე სამზარეულოში შევედი, თუმცა მანამდე სამედიცინო ხალათის ჩაცმა დამჭირდა. იმ დღეს ბარდის წვნიანს, პიურესა და მოხარშულ თევზს ამზადებდნენ. ყველა ქვაბში ჩამახედეს და ჭურჭელიც დამათვალიერებინეს. თითოეული კერძისთვის თავისი ქვაბი, დანა და საჭრელი დაფა აქვთ გამოყოფილი. ისიც მითხრეს, ამ დაფებს ყოველდღე მარილით ამუშავებენ და ამ მეთოდით თურმე, ბაქტერიებს ანადგურებენ...

სადილობის დასრულების შემდეგ დამამთავრებელ ჯგუფს, 5-6 წლის ბავშვებს ვესტუმრე. დირექტორმა მათაც ჰკითხა, - თუ იცით, ჟურნალისტები რას აკეთებენო? ასეთი პასუხები მივიღეთ: - "ადამიანებმა ჟურნალისტებს კომენტარები უნდა უთხრან", "გაზეთს რომ ბეჭდავს, ის არის ჟურნალისტი", "კინოს რომ იღებს, ჟურნალისტი იმას ჰქვია", "მულტფილმს იღებს"... მოკლედ, ბავშვებს ჩემს პროფესიაზე განსხვავებული აზრი აქვთ. როცა მათ ოთახში შევედი, გეომეტრიულ ფიგურებს აფერადებდნენ. ერთმა ბიჭუნამ ამიხსნა: ნახე, ეს სამკუთხედია, ეს ოთკუთხედი, ეს კიდევ "დრომბი". ერთმა გოგონამ კი გამანდო: დედაჩემი ალერგოლოგიაო. - ალერგოლოგი რას აკეთებს? - ექიმებს ზომავს, - არ დაიბნა პატარა თამარ მანჯგალაძე. მეორე მაგიდიდან გოგონამ დამიძახა, - მე ნინო თევდორაშვილი ვარ, ეს კი თევდორაძეა, - და გვერდით მჯდომ მეგობარზე მიმითითა.

- მე დათო მქვია და ჯავახიშვილს მეძახიან. ეს გვარია, რომ იცოდე, - გამაფრთხილა პატარა ბიჭუნამ.

- მე კიდევ, სპორტის მეძახიან, რადგან თავით დადგომა ვიცი, - ჯენტლმენურად გამეცნო კიდევ ერთი ბიჭი: - გინდა, გაჩვენო, თავით როგორ ვდგები? - მკითხა და ვიდრე ვუპასუხებდი, ხელებითა და თავით იატაკს დაეყრდნო, ფეხები ჰაერში ასწია. მერე ისიც მითხრა, რომ რკინის კაცი უნდა გამოვიდეს, რადგან "ის" ბოროტ ადამიანებს კლავსო. - ბოროტი ადამიანები სად უნდა იპოვო-მეთქი? ვკითხე და გამაოგნებელი პასუხიც მივიღე: ჯოჯოხეთში...

GzaPress- მე ბარბარე ვარ. ძალიან ცელქი და მყავს. ჩემი ბიძაშვილებიც ისეთი ცელქები არიან, მე კი წყნარი ბავშვი ვარ. - წამეჭორავა ბარბარე და იქვე დასძინა: - მხატვარ-დიზაინერი უნდა გამოვიდე, რადგან კარგად ვხატავ და თექაზე მუშაობაც მიყვარსო, მერე კი ოთახში გამოფენილი ნამუშევრები მიჩვენა, ჩემი გაკეთებულიაო.

- მხატვარ-დიზაინერი რას აკეთებს? - ისე ხატავს, რომ შეკერილს ჰგავს. - არა, დიზაინერი ადამიანებს "კრასკავს", - შეუსწორა ერთმა ბიჭუნამ. - ამას არ დაუჯერო. ეს დაჩი აბჟანიძეა და ძალიან ცელქია, მასწავლებლებს სულ აბრაზებს. იცი, ამან და ანანომ იჩხუბეს. - ისევ ჩამოარაკრაკა დღის ამბები ბარბარემ. - იმიტომ ვიჩხუბეთ, რომ მითხრა, შენს ბაბუას მოვკლავო, - დაიწუწუნა ანანომ. - იცი, მე პრეზიდენტი უნდა გამოვიდე. - მომახსენა გაბრწყინებული სახით დაჩიმ. - მერე რა უნდა გააკეთო? - "სარჩევლები" უნდა შევიტანო და ქურდები დავაჭერინო. - ამასობაში ორი გოგონა მომიახლოვდა და მითხრეს, ჩვენც გვინდა შენთან ლაპარაკიო. რაზე ვილაპარკოთ-მეთქი? - ვკითხე. ყურში გეტყვიო, მითხრა ერთ-ერთმა და ჩამჩურჩულა: იცი, ჯგუფში სამს თუ ოთხს მოვწონვარო.

- მერე შენ რომელი მოგწონს?

- თორნიკე.

- თორნიკესაც მოწონხარ?

- კი.

- შარშან თორნიკეს მე ვუყვარდი, წელს კი ნანკა შეუყვარდა, - მითხრა ბარბარემ.

- ჯგუფში შეყვარებული წყვილი კიდევ გყავთ?

- როგორ არა, შოთიკოს ნინი მინდელი მოსწონს, ლუკას - ანა, დაჩი კიდევ იტყუება, დაქორწინებული ვარო.

- მე ანა კი არ მომწონს, ლიზი დვალი მიყვარს, - აღიარა ლუკამ.

ცოტა ხანში ბავშვებს დავემშვიდობე. მიუხედავად იმისა, რომ დღე საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, ბავშვებისგან იმდენი დადებითი ემოცია მივიღე, ზუსტად ვიცი, იქ კვლავ დავბრუნდები...

ნათია ჟივიძე