ეროტიკული "დიჯეის" გამო სკანდალში გახვეული მოქანდაკე, რომელმაც ოთარ მეღვინეთუხუცესის ქანდაკება შექმნა - გზაპრესი

ეროტიკული "დიჯეის" გამო სკანდალში გახვეული მოქანდაკე, რომელმაც ოთარ მეღვინეთუხუცესის ქანდაკება შექმნა

ყველაფერი კი პიონერთა სასახლიდან დაიწყო, სადაც წლების განმავლობაში ეუფლებოდა ქანდაკების ხელოვნებას. უფრო მეტად თუ ჩავიხედავთ მის წარსულში, დავინახავთ სურათს, სადაც სამი წლის ბავშვი ბებიას არ ასვენებს და არ აცდის ცომის მოზელას, ის კი პატარას გასაჩერებლად, ცომის ნაჭერს უჭრის. ასე ჩნდება პირველი ფიგურები და მოგვიანებით ცომს თიხა ცვლის.

წლების შემდეგ ლევან ვარდოსანიძემ ქანდაკებების შექმნა ბრინჯაოსა და მარმარილოს სინთეზით დაიწყო. ხელოვანის პატარა გალერეად ქცეულ სახლში ქალის, სპორტსმენებისა და მუსიკოსების ფიგურები სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ადგილებზე დგას.

- ბოლო წლის განმავლობაში თბილისში სერიოზული მუშაობა მომიხდა. უმთავრესად მინდა აღვნიშნო მაჩაბლის ქუჩაზე, ოლიმპიური კომიტეტის ტერიტორიაზე, ქართველი ოლიმპიელების მემორიალი. ეს მემორიალი ჩვენს ოქროს მედალოსნებს მიეძღვნა. მომავალში კიდევ გვეყოლება ჩემპიონები, ეს გარდაუვალია და მემორიალის უკანა მხარე მათი სახელებით შეივსება. ოლიმპიური მემორიალი 2014 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა. პარალელურად ვმუშაობდი ოთარ მეღვინეთუხუცესის ქანდაკებაზე. ჩვენი კორიფეს ფიგურა მეფე ლირის როლში უნდა ყოფილიყო. როგორც გადმომცეს, მსახიობს ეს როლი განსაკუთრებით მოსწონდა და მის გამო საზღვარგარეთ უამრავი პრემია გადასცეს.

- ფოტომასალა დაგეხმარებოდათ მუშაობის პროცესში...

GzaPress- სხვათა შორის, ძალიან მწირი ფოტომასალაა. ამ როლის დროს გადაღებული ერთადერთი ფოტო მომაწოდა ქალბატონმა გურანდამ. ესკიზი რომ შეიქმნა, ყველას ძალიან მოეწონა. პირადად არ ვიცნობდი მსახიობს, მხოლოდ სპექტაკლებსა და ფილმებში მყავს ნანახი. დეტალებს ვათანხმებდი ქალბატონ გურანდასთან, თეატრის წარმომადგენლებთან, ვისაც ახსოვდა ეს როლი. თან, მინდოდა, ჩემი სტილი დამეცვა. ძეგლი 2015 წლის 16 იანვარს გაიხსნა და ვფიქრობ, შეძლო თეატრალური ატმოსფეროს შექმნა.

- ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გახსნიდან მეორე დღეს დააზიანეს. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, სხვა მოქანდაკეებიც აღმოჩენილან მსგავსი ფაქტის წინაშე. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს?

- ალბათ იმის გამო, რომ საქართველოში არ არის დალხენილი ცხოვრება და ლითონს აბარებს ხალხი. მოგეხსენებათ, წლების წინ, შარდენზე სოფიკო ჭიაურელის სკულპტურული კომპოზიციის ერთი ნაწილი სიონის ბაღიდან მოიპარეს. ეს ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილია, სადაც სულ ხალხმრავლობაა. ჯერ სამჯერ დაარბიეს და შემდეგ მთლიანად მოიპარეს ერთ-ერთი, კერძოდ - ფუფალას ქანდაკება. ჯერჯერობით ფიგურები შინ მაქვს, ჩაუტარდა რესტავრაცია და ამ დღეებში უნდა გადაწყდეს მისი ბედი. რაც შეეხება ოთარ მეღვინეთუხუცესის ქანდაკებას, არ მოუპარავთ, მაგრამ დააზიანეს. ლითონის მოპარვის გამო, სხვა ქანდაკებებიც ირბევა თბილისში. ზოგს ფეხს აჭრიან, ზოგს - ხელს და შემდეგ ჩამბარებელ პუნქტებში ჯართის ფასად აბარებენ.

- შეიძლება უდროო ანდა ბანალური კითხვაა, მაგრამ რა განცდაა, როცა თქვენს ნამუშევართან მიდიხართ და დარბეულს ხედავთ?

- სოფიკოს ძეგლი რომ დაარბიეს (მაშინ გვირგვინი მოუშალეს), ძალიან ვინერვიულე. ეს იმდენად დიდი სტრესია, რომ შეიძლება, ადამიანმა ინფარქტი მიიღოს. თითოეულ ნამუშევარში მოქანდაკე მაქსიმუმს დებს, ის იმ დროს მისი უსაყვარლესი ხელოვნების ნიმუშია. ბატონი ოთარის ქანდაკებას წარწერა რომ მოაძრეს, რასაკვირველია, ქალბატონი გურანდა შეძრწუნებული იყო, მეც - არანაკლებად. გავიგე თუ არა, იმწუთასვე გადავწყვიტე სანახავად მისვლა, მაგრამ საჭესთან ვერ დავჯექი. გონება გადამეკეტა. ჩემი მეგობარიც მოვიდა, ისიც აღელვებული იყო, მაგრამ მანქანაში ჩამსვა და წამიყვანა.

- ბატონო ლევან, წლებია, ბევრ დროს საზღვარგარეთ ატარებთ...

- დიახ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხელოვანებს გზა გაგვეხსნა, რომ საზღვარგარეთ წავსულიყავით და იქაური, თუნდაც გალერეების მუშაობის წესი გვენახა. მეგონა, გალერეაში ნამუშევარს რომ მიიტანდი, მაშინვე მიიღებდნენ. არადა, არის სხვადასხვა სტილის გალერეა, ზოგი მოდერნზე მუშაობს, ზოგიერთი - პეიზაჟზე, ზოგიც - ავანგარდზე. ბერლინში გამოჩნდა ორი გალერისტი, რომლებიც ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდნენ და მას შემდეგ დავიწყე გერმანიასთან მჭიდრო კონტაქტი. ზოგჯერ თვეობით მიწევდა ბერლინში ყოფნა, სადაც ძირითადად ესკიზებზე ვმუშაობდი და თბილისში უკვე ჩამოსხმა ხდებოდა. გერმანიაშიც და შემდეგ უკვე ამერიკაშიც დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ აქ მყავდა ოჯახი, მშობლები და სამუდამოდ ვერ გადავიხვეწებოდი, წლობით ვერსად დავრჩებოდი. ევროპელი გალერისტები სხვადასხვა ქვეყანაში ჩემი ქანდაკებებით "მოძრაობენ" და მათთან ერთად, გამოფენების გახსნაზე, საფრანგეთში, იტალიასა თუ სხვაგან, მეც მიწევს ყოფნა. ზოგიერთი რამდენიმე კვირა გრძელდება, ზოგი გამოფენა - თვეზე მეტხანს, მაგრამ გალერეაში ყოფნა მხატვარს არ უწევს, ყველაფერს გალერისტი ხელმძღვანელობს. გამოფენების პარალელურად, ახალ ნამუშევრებზე ვმუშაობ და ეს რეჟიმი დღემდე გრძელდება.

- თქვენს სამუშაო პროცესს ყოველთვის თან სდევს ესა თუ ის მელოდია...

GzaPress- მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია და ზოგჯერ ვამბობ, რომ მეორე პროფესიაა. მაქვს სხვადასხვა ჟანრის კოლექციები - ჯაზის, პოპმუსიკისა და ბლუზის ჟანრში. აპარატურას დიდ ყურადღებას ვაქცევ, რომ მაღალ ხარისხში მოვუსმინო ამა თუ იმ შემსრულებელს. ინტერნეტიდან ცოტა შორს ვარ. კომპიუტერი არაჩვეულებრივი რამაა, მაგრამ ვფიქრობ, საათები სჭირდება ინტერნეტში ყოფნას და საამისო დრო არ მაქვს. ჟურნალებისა და წიგნების კითხვა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- წლების წინ, სიმაღლეზე იდგა ქანდაკებები, დღეს კი პედესტალებიდან "ჩამოქვეითდნენ", პირდაპირ ქუჩაში დგანან და ხელშესახები გახდნენ გამვლელებისთვის. მთელ მსოფლიოში შეინიშნება ეს ტენდენცია...

- მე თუ მკითხავთ, უზარმაზარი "გაუგებრობების" დადგმა საბჭოთა კავშირისთვის იყო დამახასიათებელი. რასაკვირველია, მსოფლიოში გრანდიოზული ზომის თითო-ოროლა მართლაც რომ შედევრი არსებობს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ქანდაკების ზომას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საქმეს სახელმწიფო აფინანსებდა და, მარტივად რომ ვთქვათ, ვინც უფრო მაღალ ქანდაკებას გააკეთებდა, მეტ ხელფასს უხდიდნენ. გრანდიოზული ქანდაკებები ყოველთვის პლაკატის შთაბეჭდილებას ტოვებდა. რასაკვირველია, გამონაკლისებია: მიქელანჯელოს "დავითი", რომელიც შედევრის შედევრია, ზევსის ქანდაკება, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია, რიო-დე-ჟანეიროში - "ქრისტე" და კიდევ რამდენიმე და ვფიქრობ, ეს ნათქვამი არც ერთ მხატვარს არ ეწყინება (იღიმის).

- ჩვენს ქალაქში ვაკის პარკთან თქვენი "დიჯეის" ქანდაკება დგას...

- დიახ, კლუბი "სენატი" რომ გაიხსნა, მის წინ ჩემი ქანდაკება დაიდგა და ამ ფიგურით ძალიან ვამაყობ. ჩემი დიჯეი შავკანიანი ქალის ფიგურაა, რადგან ვფიქრობ და ამას ყველგან გამოვაცხადებ, რომ შავკანიანების პლასტიკა სულ სხვაა. ქანდაკებაში ქალის ფიგურის გარდა, ჩართულია აუდიოაპარატურა და ყურსასმენები. ქანდაკების გამო სკანდალი ატყდა, ერთი პერიოდი მოხსნეს კიდეც, მაგრამ დღეს ისევ თავის პირვანდელ ადგილას დგას.

- შევახსენოთ მკითხველს, რაც მოხდა...

- ქანდაკებას განსაკუთრებული ეროტიზმი დააბრალეს, თუმცა საერთოდ, ქანდაკება ეროტიზმის გარეშე ვერ წარმომიდგენია. როგორც კლუბის ხელმძღვანელობისგან ვიცი, ვიღაც ახალგაზრდების ჯგუფმა გამოთქვა ამგვარი აზრი, შემდეგ ინტერნეტსა და ტელევიზიაში ატყდა ერთი ამბავი. ამის გამო, ქანდაკება დროებით მოხსნეს. სხვათა შორის, ძალიან ადამიანურად მომიდგნენ: "დიჯეი" ჩემი სახლიდან დაახლოებით სამას მეტრში დგას და როცა დემონტაჟი მოხდა, გამიფრთხილდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მითხრეს, რომ ამ პროცესს არ შევსწრებოდი და არ მენერვიულა. დღეს ქანდაკება ისევ იმ ადგილას დგას თავისთვის, არავის "ერჩის" და არც "ქვებს ესვრის" ვინმეს (იღიმის).

ანა კალანდაძე