ცხოვრების წესად ქცეული ქველმოქმედება - გზაპრესი

ცხოვრების წესად ქცეული ქველმოქმედება

მათ ღრმად სწამთ, რომ ქვაზე დადებული მადლი უკვალოდ არ იკარგება და ღირსება გაჭირვების დროსაც უნდა შეინარჩუნო. დემურაძეებს რამდენიმე დღის წინ ვესტუმრე.

ჯემალ დემურაძესა და ფატი თავაძეს სამი ვაჟი ჰყავთ: 26 წლის რომეო, 19 წლის დიმიტრი და 17 წლის გიორგი. ერთი გოგონაც ჰყავდათ, რომელიც სამწუხაროდ, გარდაცვლილია.

- გოგონას გარდაცვალების შემდეგ უფალს შევფიცე, რომ დავეხმარებოდი ბავშვებს, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები ვერ აცნობიერებენ, როგორი დიდი ბედნიერებაა ჯანმრთელი შვილის ყოლა; როცა არ გიწევს იმაზე დარდი და ფიქრი, როგორ უშველო, როგორ გადაარჩინო... ახლა 3 ვაჟის მამა ვარ. მადლობა უფალს, ჯანმრთელები არიან და ამის სანაცვლოდ ვალდებული ვარ, სიკეთე ვაკეთო. წლების განმავლობაში ფილარმონიის მსახიობი ვიყავი, მერე თეატრ-სტუდია "მადლი" ჩამოვაყალიბე და თითქმის 10 წელია, კონცერტებს ვმართავ.

- ამ ხნის განმავლობაში, რამდენი ადამიანის დახმარება შეძელით?

GzaPress- არასდროს დამითვლია და ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ საქართველოში ალბათ, სოფელიც კი არ დარჩენილა, რომ არ ჩავსულიყავით და კონცერტი არ გაგვემართა, დიდ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებზე კი აღარაფერს ვამბობ.

- როგორ ეძებთ ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდება?

- როდესაც რეგიონში ჩავდივართ, გამგეობას, საკრებულოს საქმის კურსში ვაყენებთ. კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში შევდივარ, სკოლებში დირექტორებს ვეკითხები: ჰყავთ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი? იყო პერიოდი, როცა მათ თანხითაც ვეხმარებოდით, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ თანხა ყოველთვის მიზანმიმართულად არ იხარჯებოდა. ამიტომ, თავიდან ბოლომდე ვსწავლობ ბავშვის პრობლემას, ვეცნობი რა სჭირდება და მისთვის კონკრეტულ ნივთებს ვყიდულობთ.

- ერთ-ერთ ფოტოზე ტყუპ ბავშვებთან ერთად ხართ.

- ეს ბავშვები სამტრედიელები არიან. მათ ცერებრალური დამბლა და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ორივეს თვალზე ოპერაცია სჭირდებოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, ოპერაციის თანხა დაგვეფარა. სწორედ იმ პერიოდში მათი მამა სამხედრო მოსამსახურე გახდა და ოპერაციისთვის საჭირო თანხას სადაზღვევო კომპანია ფარავდა. ამიტომ, ბავშვების ბებიის თხოვნით, მათთვის ჰიგიენური საშუალებები და სხვა ნივთები შევიძინეთ.

ახალქალაქში ერთ ბავშვს ეტლი ვაჩუქეთ. როგორც ოჯახის წევრებმა გვითხრეს: სამკუთხედი ძვლები აქვს, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და შინ მარტოც ვერ ვტოვებთ. დილით კარტოფილის ნათესებში სამუშაოდ რომ გავდიოდით, ხელში აყვანილი მიგვყავდა, მიწაზე დავსვამდით და გველოდებოდა, როდის მოვრჩებოდით თოხნასო.

- შეგიძლიათ, ყველაზე დიდი ემოცია, მძაფრი შთაბეჭდილება გაიხსენოთ?

- სოფელ გამარჯვებაში ერთ ბავშვს ეტლი გადავეცით. ამ სოფლის სკოლაში 3 შშმ ბავშვი იყო. მეორე ჯერზე რომ ჩავედით, რათა დანარჩენი ორი ბავშვის დასახმარებლად კონცერტი გაგვემართა, სკოლის დირექტორმა მითხრა, - შენთვის სიურპრიზი მაქვსო და ბავშვი, რომელსაც საჩუქრად ეტლი გადავეცით, სცენაზე საკუთარი ფეხით ავიდა, ჩვენი საჩუქარი კი სხვა ბავშვისთვის გადაუცია. ეს შოკი იყო! მსგავსი სიხარული იშვიათად თუ განმიცდია.

გამორჩეულად მახსოვს ერთი ზესტაფონელი ბიჭუნა, რომელსაც სპილოს დაავადება აქვს, რასაც სხვა პრობლემებიც ერთვის. მას იმ ნივთებით დავეხმარეთ, რაც ოჯახმა გვთხოვა. ღონისძიების შემდეგ რომ მივედით, გვითხრა: მე აუცილებლად დავიკლებ წონაში და "ბრეიქ დანსს" ვიცეკვებო.

დემურაძეების ოჯახში ბევრი სამადლობელი, წითელი გულებით გაფორმებული წერილი ინახება. მათი უმრავლესობა თავად შშმ ბავშვების გამოგზავნილია.

"ეს ადამიანი არის გულკეთილი, სიტყვისკაცი და ამავე დროს, ძალიან სასაცილო აკრობატი. იგი ქველმოქმედებას სჩადის და ამისთვის ღმერთი დააჯილდოებს. ჩემთვის ეტლი რომ ეყიდა, რამდენიმე სკოლაში ცირკი ჩაატარა..." - ეს წერილი 2006 წლით თარიღდება და მისი ავტორი სალომე მოსიავაა. მასპინძელი სიხარულით მეუბნება, რომ დღეს სალომე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.

GzaPress"არიან ამქვეყნად ადამიანები, რომლებსაც ქველმოქმედება ყოველდღიურ საქმიანობად აქვთ გადაქცეული. ბატონი ჯემალ დემურაძე სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება", - წერს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი.

- ადამიანებს არა თუ თავად უჭირთ სიკეთის გაკეთება, ზოგიერთი სხვის აქტიურობასაც კი ეჭვის თვალით უყურებენ. განა სოფელს ისე როგორ უნდა უჭირდეს, რომ ერთი შშმ ადამიანის პრობლემების მოგვარება ვერ შეძლოს? მთავარი სიკეთის კეთების სურვილი და ერთსულოვნებაა! დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს! გულით გაკეთებულ სიკეთეს კი უფალი ყოველთვის წინ დაგახვედრებს. ქვაზე მადლი დადე და გაიარე, - შვილებს ასე ვზრდი. მინდა, სიკეთის კეთებას მიეჩვიონ.

ფატი თავაძე:

- ადრე "ჟიგული" გვყავდა. ერთი შშმ ბავშვი გავიცანით და ჯემალი შეპირდა, - ეტლს მე გიყიდიო. ისე მოხდა, რომ კონცერტების ჩატარება ვეღარ მოხერხდა და ძალიან განიცდიდა: არ მინდა, ის ბავშვი ვანერვიულო, იმედი გავუცრუოო. მანქანა გაყიდა და იმ ფულით ეტლი შეიძინა. ეს ამბავი რომ გაიგეს, ზოგიერთი ამბობდა, - გიჟიაო...

ჯემალი:

- რომ არა ოჯახის მხარდაჭერა, დამოუკიდებლად ამდენი სიკეთის გაკეთებას ვერ შევძლებდი. ჩემი მეუღლე, სამი შვილი და 2 მათი მეგობარი მხარში მიდგანან. ახლო მომავალში კიდევ ერთი ბავშვის გახარება გვაქვს დაგეგმილი. არა მხოლოდ პატარებს ვეხმარებით: ახლახან ერთი საქველმოქმედო კონცერტი პროექტის - "მეც დავბერდები" ფარგლებში, "კათარზისის" მოხუცებისთვისაც გავმართეთ. ყოველი წარმოდგენის შემდეგ, ადამიანები მე, ჩემს მეუღლეს, შვილებს გვლოცავენ და ამაზე დიდი ბედნიერება განა, შეიძლება, არსებობდეს?

- მიამბეთ, თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

ფატიმა:

- მაჭანკლობით ვართ შეუღლებულები. ჯემალი მამიდამ გამაცნო. თურმე, ჩემი სადედამთილო სარძლოს ეძებდა. მამიდამ მითხრა, - ერთი კარგი დედისერთა ბიჭია, შენს გასაცნობად უნდა მოვიყვანოთო. მაშინ მე 18 წლის ვიყავი, ჯემალი - 17-ის. პატარა გოგოს ხომ იცი, ყველაფერი აინტერესებს. იმ პერიოდში საექთნოზე ვსწავლობდი. სასწავლებლიდან შინ რომ ვბრუნდებოდი, ავტობუსში მამიდა და ჩემთვის უცნობი ქალბატონი ამოვიდნენ. რადგან ნათქვამი ჰქონდა, მივხვდი, რომ ის ქალი ჯემალის დედა იყო. თან ინტერესით ვკვდებოდი: ნეტავ, ბიჭი როგორია, კარგად შევხედო-მეთქი. მოკლედ, გარეგნულად იმდენად მომეწონა, თანხმობა ისე მივეცი, არც კი ვიცნობდი. მშობლებმა 700-კაციანი ქორწილი გადაგვიხადეს.

- ვიცი, რომ ბინის პრობლემა გაქვთ და ეს ადგილი თქვენი დროებითი საცხოვრებელია. თქვენს ადგილას ბევრი პირადი კეთილდღეობის მოწყობაზე იზრუნებდა.

ჯემალი:

- თავიდან ქირით ვცხოვრობდით, მერე ერთი პატარა ფიცრული ავაშენეთ, მაგრამ ზედამხედველობის სამსახურიდან მოვიდნენ და მითხრეს: დაანგრიე, თორემ ჩვენ დაგინგრევთ და თან - 10.000-ლარიან ჯარიმას დაგაკისრებთო. ამ შენობაში თვითნებურად ვართ შემოსახლებულები. ყველაფერი გაპარტახებული იყო, თავად დავალაგეთ და დავასუფთავეთ. მესამე წელია, აქ ვცხოვრობთ. ღმერთი უიმედოდ არ დაგვტოვებს. მართალია, დღეს ჩვენც გვიჭირს, მაგრამ ჩვენზე მეტად გაჭირვებულებიც ხომ არიან და მათ ვეხმარებით. ყველა ასე რომ იქცეოდეს, დამიჯერეთ, ამ ქვეყანაში გაცილებით ნაკლები პრობლემა და მეტი სიხარულით სავსე გული იქნებოდა.

თამუნა კვინიკაძე