ემიგრანტის ჩანაწერები - გზაპრესი

ემიგრანტის ჩანაწერები

თვის ბოლოს ჩემი პატარა საფოსტო ყუთი თეთრი და "პუტკუნა-პუტკუნა" წერილებით რომ ივსება, გული მიღონდება!.. "პუტკუნა-პუტკუნა" რატომ არის კონვერტები? - შუქის, წყლის, გაზის, გათბობის, დასუფთავების, ბანკის (ალბათ მალე - ჰაერის) გადასახადებს 7-8 ახსნა-განმარტებითი ფურცელი მაინც მოჰყვება - თითქოს მხოლოდ გადასახდელი ციფრი საკმარისი არ იყოს მიკროინფარქტის მისაღებად!.. თან, ამ 7-8 ფურცლის გამოგზავნის თანხა გადასახდელ თანხას ემატება!.. უკაცრავად კი ვარ, მაგრამ აღარ მინდა ეს თქვენი ახსნა-განმარტებები, ბატონო!..

ამბობენ, ცოდვა გამხელილი სჯობსო!.. მეც გადავწყვიტე, საქვეყნოდ ვაღიარო ჩემი ცოდვა (ეგებ გულზე მომეშვას): უკვე მთელი ათეული წელია, ერთ სავალდებულო გადასახადს არ ვიხდი - ეს არის იტალიის ტელევიზიის პირველი არხის გადასახადი. რა ვქნა, ორგანულად ვერ ვიტან პირველ არხს (ალბათ, ფასიანი რომ არის, იმიტომ) და არც ვუყურებ. ისინი კიდევ, ამბობენ, - ტელევიზორი ხომ გაქვს და გვიყურებ თუ არა, არ გვაინტერესებს, მაინც უნდა გადაგვიხადოო!.. არ არიან ახლა, "უკაცრავად პასუხის" ღირსი?!.

ერთხელ, ერთმა დალოცვილმა ადამიანმა მირჩია, - არ შეცდე და ერთხელ არ გადაიხადო, თორემ მერე აღარ მოგეშვებიანო!.. არ შევმცდარვარ, ბატონო, მაგრამ ვინ მეშვება?! რეგულარულად მოდის და ყოველი წლის ბოლოს კონვერტი უფრო "პუტკუნა" ხდება! მეც რეგურალურად, გაუხსნელად (გულს რომ ჯავრი არ მივუმატო) გადავუძახებ სანაგვე ყუთში და გამომგზავნსა და მის სისხლით ნათესავებს "დიდი სიყვარულითა და რუდუნებით" მოვიკითხავ ხოლმე!

მაგრამ ვაითუ, ერთ დღეს "ამოხიკონ" ყველა, დააჯამონ, დაამატონ ამდენი წლის გადაუხდელობის ჯარიმა და "პოდნოსზე" დადებული კონვერტით მომართვან!!! არადა, მაგის გადამხდელი ვარ ახლა მე? როგორც იტალიელები ამბობენ, ფეხითაც რომ დამკიდონ, ერთი ევროც არ გადმომივარდება!.. ერთი გამოსავალი რჩება ალბათ: გადამპარსავენ თავს და ჩამაცმევენ ზოლიან პიჟამას! მაგრამ გავიგე, თურმე იქ, "შორეულში" ყველაფერი უფასოა: გაზი, წყალი, გათბობა, ჭამა-სმა, ჩაცმა; არ მუშაობ, ფსიქოლოგიც თავს გევლება და გიწყნარებს ცხოვრებისგან აწეწილ ნერვებს!.. არანაირი ბინის ქირა, არანაირი გადასახადის "პუტკუნა" კონვერტები და პლუს, უფასოდ გაყურებინებენ პირველ არხს!..

ახლა, ეს რომ დავწერე და მერე ჩემი ნაწერი გადავიკითხე, ერთი "ბრძნული აზრი" მომივიდა თავში: მგონი, დროა, გადაუხდელი ქვითრები მე თვითონ მოვძებნო ნაგვის ყუთში, დავაჯამო, გადაუხდელობის გამო ჯარიმაც გამოვუწერო საკუთარ თავს, მივიდე და ხელებაწეული ჩავბარდე მართლმსაჯულებას...

P.S. წელს ჩემს დაბადების დღეს, დილაუთენია, ფოსტალიონმა დაზღვეული წერილი მომიტანა! სიხარულისგან მუხლი მომეკვეთა, თვალზე ბედნიერების კურცხალი მომადგა, ხელები ამიკანკალდა და ლამის, გული შემიღონდა: ნეტავ, ვის ვახსოვარ და ვის ვუყვარვარ ასე, რომ ჩემზე ფიქრსა და წერილის წერაში ღამეს ათენებს-მეთქი?.. ფოსტალიონს სამახარობლო ორევროიანი ავაკარი შუბლზე!.. ღელვით გავხსენი დაა... საგადასახადო მილოცავდა დაბადების დღეს!!!

თითქოს, ცივი შხაპი გადამასხეს! გამოვფხიზლდი და თვალწინ წარმომიდგა ის ჟესტი, შეიარაღებულ განგსტერს (ამ შემთხვევაში - საგადასახადოს აგენტს) ორი თითი რომ მიაქვს საკუთარ თვალებთან, მერე შენ რომ მოგიშვერს იმ ორ "გაპარჭყულ" თითს და ამით გეუბნება: გაკონტროლებ და ჩემი მხედველობის არეს ვერ გაექცევიო!..

წერილში მოკლედ, კონკრეტულად და ყოველგვარი ახსნა-განმარტებითი ბარათის გარეშე ეწერა: "გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და თქვენი მოქალაქეობრივი მოვალეობების პირნათლად შესრულებას! გულთბილი მოკითხვა! სა-გა-და-სა-ხა-დო".

ლია უკლება