რა არის ბულინგი - გზაპრესი

რა არის ბულინგი

თერთმეტი წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. თუმცა, "შეძრა" ხმამაღალი ნათქვამია: მედიაში მცირე საინფორმაციო სიუჟეტები გაკეთდა, ხალხმა თავი მწუხარედ გადააქნია და... ცოტა ხანში ყველაფერი დავიწყებას მიეცა თითქოს ისევე, როგორც ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა და უამრავი სხვა კოშმარი, რომელსაც დიდი ხანია, თვალი და ყური შევაჩვიეთ.

"საძაგელი იხვის ჭუჭული"

როგორც აღმოჩნდა, თანაკლასელები ბავშვს სისტემატურად აბუჩად იგდებდნენ, - ნაშვილები ხარო; თურმე, ეს მშობლებისგან ჰქონდათ გაგონილი. სასწავლო ნაწილის გამგის, ქალბატონ ქეთევან ბეგიაშვილის მტკიცებით, დირექტორმა კარგად განმუხტა სიტუაცია. არ ვიცი, რა იგულისხმა "კარგად განმუხტვაში", რადგანაც ფინალი საწინააღმდეგოზე მეტყველებს - ბავშვმა თავი ჩამოიხრჩო. საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) აღიძრა.

მნიშვნელოვანი დეტალი: ქეთევან ბეგიაშვილმა აღნიშნა, რომ დაღუპული ბიჭუნა სინამდვილეში მშობლების ბიოლოგიური შვილი გახლდათ. კი, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, იყო თუ არ იყო?! ვინ მისცა საზოგადოებას სხვის ცხოვრებაში ასე უხეშად ჩარევის და ბავშვების ტვინის ქსენოფობიით მოწამვლის უფლება?!

ზოგიერთებს აქვთ ზიზღი "ხარვეზიანი" სოციალური სტატუსის ადამიანთა მიმართ ანუ ვისაც ოჯახი ისე არ აქვს აწყობილი, როგორც ეს მეშჩანობით სულმოწამლულთა თვალშია მიღებული. ეს შეიძლება იყოს განქორწინებული დედა და მისი შვილი, ნაშვილები, ე.წ. უპატრონო და ა.შ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქსენოფობია - განსხვავებულის სიძულვილი.

ბავშვები ბაძავენ მოზრდილთა საქციელს და აჭარბებენ კიდეც, რასაც შეიძლება, "საძაგელი იხვის ჭუჭულის სინდრომი" ვუწოდოთ. ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ გაავებით უნისკარტებენ წიწილები და ჭუჭულები ავადმყოფ პატარა ფრინველებს. ადამიანური "საქათმე" ამ კუთხით შორს არ წასულა; ყველა ასაკის "წიწილები" გაავებით პრესავენ "არასრულფასოვანს". აგრესიის ასეთ გამოვლინებას მეცნიერები "ბულინგს" უწოდებენ. ტერმინი ბრიტანელი ჟურნალისტის - ენდრიუ ადამსის პირმშოა (ბულლი - ხულიგანი, ჩხუბისთავი, მოძალადე). ბულინგი შეიძლება გამოიხატოს ამოჩემებული მსხვერპლის სიტყვიერი შეურაცხყოფით, მორალურ ზეწოლით ან სულაც, ცემა-ტყეპით.

2008 წელს საქართველოს განათლების სამინისტრომ, გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, მოზარდთა შორის ძალადობის პრობლემა შეისწავლა, რაც უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის შესამუშავებლად გახდა საჭირო. გამოკითხვამ მთელი საქართველოს მასშტაბით 93 სკოლა მოიცვა. შედეგების თანახმად, ბავშვების 47,1%-ს თანატოლების მხრიდან ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური ძალადობა; ხოლო 47,5% ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. "ეგზეკუციის" ყველაზე გავრცელებული ფორმები იყო: სახეში გარტყმა, მუშტით ცემა, თმით დათრევა, უცენზურო ლანძღვა, იზოლაციაში მოქცევა და ღირსების შემლახავი გაშაყირება. მანდატურებმა მოსწავლეთა შორის მუშტი-კრივს წერტილი დაუსვეს, მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაწყდა და ანაგაში დატრიალებული ტრაგედია ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ვინ არის დამნაშავე ანაგის ტრაგედიაში?

ანაგაში მომხდარი ტრაგედია უამრავ კითხვას ბადებს: რატომ ვერ მოახერხეს პედაგოგებმა ბავშვის დაცვა? რატომ არ ჩანს ამ ამბავში მანდატურთა სამსახური? რა ეტაპზეა გამოძიება? და ყველაზე მთავარი: რა უნდა ვიღონოთ, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს?

ეკა იობაძე, იურისტი:

- ბავშვები ჯერ თოთხმეტი წლისაც არ არიან და მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ. მათი საქციელის სათავე მშობლების შეცდომებში უნდა ვეძიოთ. ცხადია, გამოძიებამ ჯერ უნდა დაადგინოს, რომ ბავშვის თვითმკვლელობა ნამდვილად გარშემო მყოფთა დამოკიდებულებამ განაპირობა. ამ შემთხვევაში შესაძლოა, მშობელთა პასუხისხმგებლობის საკითხი დადგეს. აქ უამრავი თანამდებობრივი პირის არაკომპეტენტურობაც იკვეთება. მასწავლებელთა მოვალეობა იყო კონფლიქტის აღკვეთა და აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება, რაც აშკარად, ვერ მოახერხეს. მათ შეეძლოთ მიემართათ სოციალური უზრუნველყოფის სტრუქტურებისთვის, რომლებსაც სტრესული სიტუაციების დარეგულირების კუთხით ფართო უფლებამოსილება აქვთ მინიჭებული. მანდატურებიც ვალდებული იყვნენ, კონფლქიტი დროზე განემუხტათ და ბოლოს და ბოლოს, შეეძლოთ სამართალდამცავი ორგანოებისთვისაც მიემართათ.

GzaPress

ელენე სამუშია, ფსიქოლოგი:

- ბულინგის პრობლემა დღეს აქტუალურია. ხშირად მომმართავენ მშობლები, რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემა აწუხებთ: სკოლაში სიარული არ უნდათ, მეცადინეობას თავი დაანებეს და სხვა. ისტორიაში ჩაღრმავების შემდეგ კი ირკვევა, რომ ამის ერთ-ერთი ან მთავარი მიზეზი ბულინგია. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორ მოქმედებას მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურების მხრიდან. პედაგოგებს უჭირთ იმის ამოცნობა, არის თუ არა ბავშვი ბულინგის მსხვერპლი. თავად ბავშვი კი, როგორც წესი, მშობლებსაც არაფერს უმხელს. მეორე მხრივ, ერთია ამოცნობა და მეორე - სწორი ღონისძიებების ჩატარება. ზოგჯერ მსხვერპლს და მოძალადეს ერთდროულად იბარებენ და ერთჯერად საუბარს უტარებენ. კერძოდ, შემოიფარგლებიან დარიგებით, მოძალადეს კი პირობას ადებინებენ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება, რაც ცხადია, შედეგს არ იძლევა. არც თუ იშვიათად მუშაობენ მხოლოდ მსხვერპლთან და ავიწყდებათ, რომ მოძალადის ქცევის უკანაც დგას რაღაც პრობლემა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა სათანადო გადამზადება ძალზე მნიშვნელოვანია.

დროა ვიმოქმედოთ!

საზღვარგარეთ ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა დაახლოებით ოცდაათი წლის წინ დაიწყო. 1983 წელს ნორვეგიაში ბულინგის პრევენცია-ნეიტრალიზაციის ეროვნული სასკოლო პროგრამა დაინერგა. მოსწავლეებს თანატოლთა შეურაცხყოფაზე ადეკვატური რეაგირების ტრენინგები ჩაუტარეს. ამის შედეგად ბულინგის მსხვერპლთა და ბულერთა (ბულინგის განმახორციელებელთა) რაოდენობა 30-50%-ით შემცირდა. მსგავსი პროგრამები დიდ ბრიტანეთსა და აშშ-შიც დანერგეს.

წლების შემდეგ ზოგიერთმა ქვეყანამ მიღწეული შედეგები არასაკმარისად მიიჩნია და რეპრესიული მიდგომა არჩია. შემუშავებული იქნა მკაცრი ანტიბულინგური კანონმდებლობა. 2004 წელს ქალაქ ედმონტონის (კანადა) ხელისუფლებამ ბულინგი კანონგარეშე გამოაცხადა. ჩხუბისთავს ჯარიმა ეკისრება და მის ოჯახს კი სულ ცოტა, 250 დოლარის გადახდა მოუწევს. მალე "მათრახი" დიდმა ბრიტანეთმაც მოიმარჯვა და სიმკაცრეში კანადას გადააჭარბა კიდეც: შვილების უზნეობისთვის პასუხი მშობლებმაც უნდა აგონ და მათ ბავშვთა აღზრდის კურსებზე აგზავნიან; თავის არიდება კი 1.000 გირვანქა სტერლინგი (1.500 ევრო) დაუჯდებათ. ათიოდე წლის წინ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მოსწავლეთა ცუდი ყოფაქცევის აღსაკვეთად მიმართული პროგრამებისთვის 140 მლნ გირვანქა სტერლინგი გამოყო და ბულინგთან ბრძოლის ყოვეწლიური კვირეულიც დააკანონა.

დღეს მსოფლიოში ბავშვთა სულიერ-ზნეობრივი აღზრდა მოიკოჭლებს; უფრო სწორედ, საერთოდ არ არსებობს - განათლების სისტემა მთლიანად საგნობრივ სწავლებაზე გადაერთო. ამასთან, ბულინგი საზოგადოებრივი გარემოს აგრესიული მუხტიდანაც საზრდოობს.

დროა, საკუთარ და სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ და საქართველოს სკოლებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად კარგად გააზრებული სტრატეგია შევიმუშავოთ. დისკრიმინაციის აღკვეთას ადგილობრივი კანონმდებლობაც გვავალდებულებს. მანდატურები ბულინგის მხოლოდ შედეგს შეეჭიდნენ, მაგრამ მიზეზი - ბავშვთა სულებში ჩაბუდებული აგრესია თავის ადგილზე დარჩა. შედეგად, ფიზიკური ძალადობა ფსიქოლოგიურმა პრესმა ჩაანაცვლა. აუცილებელია, ამ მოვლენის როგორც მიზეზზე, ისე შედეგზე მუშაობა: ბულინგის პრევენცია და უკვე მომხდარ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება: პირველისთვის სულიერ-ზნეობრივი აღზრდის გამართული სისტემა დაგვჭირდება; მეორისთვის - სპეციალური კანონმდებლობა. ძალზე მნიშვნელოვანია სკოლებში ფსიქოლოგიური სამსახურის აღდგენაც, მაგრამ ზოგადად საზოგადოებრივი გარემოს გაჯანსაღების გარეშე არც ანტიბულინგური კანონმდებლობა და არც უნაკლო აღზრდა სასურველ შედეგს არ მოგვიტანს.

მედეა გოგსაძე