ადამიანი პოზიტივი ბათუმიდან - გზაპრესი

ადამიანი პოზიტივი ბათუმიდან

ჯერ ის ვთქვათ, რატომ შეიძლება წუწუნებდეს ეს ხელოვანი? მას ძვლების იშვიათი დაავადება აქვს (მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს კავკასიაში). როგორც სპეციალისტები ამბობენ, წესით, თბილ რეგიონში ადამიანს ეს დაავადება არ უნდა უჩნდებოდეს. ამაზე გიორგი არასდროს ლაპარაკობს და არც ტრაგედიად აღიქვამს თავის მდგომარეობას. როცა მთელი განვითარებადი სამყარო იმაზე მოთქვამს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს მობილიზებული შშმ პირების ადაპტირებასა და რეალიზებაზე, გიორგისგან ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ მოთხოვნასა თუ თხოვნას. ფუნჯი, ფოტოაპარატი და კალამი მისთვის სამყაროს "ათვისების" საშუალებაა. საჩუქრებს, რომელსაც მოწყალების ფორმა აქვს, არასდროს იღებს და ისე კოხტად ახერხებს ადამიანების გახარებას, რომ ვერც იგებ, როგორ აღმოჩნდება სტუმრის ხელში მისი სუვენირი. გადაადგილება ძალიან უჭირს, ამას მხოლოდ თავისი "მიცუბიშ კოლტით" ახერხებს და შეუძლია ბათუმი უსაფრთხოდ მოგატაროს, გაჩვენოს ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობა და რაც მთავარია, არც ერთი ზედმეტი სიტყვა, არც ერთი ზედმეტი ინფორმაცია!

GzaPress

ამ უპრეტენზიო ადამიანს აქვს ერთი გასაოცარი თვისება - როცა მთელი საქართველო პოლიტიკოსობას "აწვება", მისთვის პოლიტიკა არ არსებობს. ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ არ მივდივართ პოლიტიკაში, არამედ ის მოდის ჩვენთან. საინტერესოა, რატომ არ მივიდა გიორგიმდე პოლიტიკა? მან ჯერ

GzaPress

ბათუმის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის ფაკულტეტი, შემდეგ კი პეტერბურგის გერცენის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაასრულა. 2005 წელს ლირიკული კრებული გამოსცა, 2010 წლიდან უფრო გააქტიურდა, როგორც ხელოვანი და პირველი პერსონალური გამოფენა ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში მოაწყო, მერე "პრესკაფეში" გამოფინა თავისი ნაშრომები, 2011 წელს კი მისი პოეზიის საღამო გაიმართა. ამავდროულად, იყო სახელმწიფო პროგრამის სტიპენდიანტი, ხელოვნების დარგში, მაგრამ ეს სულაც არ აძლევს იმის საფუძველს, რომ სწორუპოვრად ჩათვალოს თავი! როცა კულტურის სფეროში ხშირად დიდი არაჯანსაღი კონკურენციაა და ფარული თავდასხმების გარდა, ღიაობაც თვალში საცემია, ამ არაფრის მთქმელ ომებში არასდროს ერთვება, ის ხელოვანია, რომელიც ქმნის იმას, რაც მისთვის მისაღებია. ფიქრობს, რომ ქმნის იმას, რაც ხელოვნებისა და ხალხისთვის ერთდროულად იქნება მისაღები.

GzaPressმხატვრობაში ცივსა და ნეიტრალურ ფერებს იყენებს. ავანგარდული მხატვრობა არავისთვისაა გასაკვირი, მაგრამ ამ ფერებით ისეთ თბილ კომპოზიციებს ქმნის, რომ ნახატებს არ უჩერებენ. მართალია, თითებს უჭირს ფუნჯის დაჭერა, მაგრამ მაინც ხატავს, თუ ეხატვინება. შეკვეთითა და თხოვნით ვერასდროს დახატავს. - ფაბრიკა კი არა ვარ, - იტყვის და არავინ იცის, სადამდე გადაინახავს მოლბერტს, პალიტრასა და კონტურებიან ტილოს.

- უნახატებო მხატვრად დავრჩი, - თქვა ერთხელ. არ დაეხატა კარგად და ვინ იყიდდა?! გული სწყდება, რომ ნახატების მხოლოდ ფოტოასლები დარჩა. სავარაუდოდ, ამ ნახატებს თავისი სულის ნაწილიც გაატანა, მაგრამ სახლში მათ დალაგებასა და "კრუხივით გადაჯდომას", ისევ გაყიდვა სჯობს.

არტპაუზებს შორის მონაცვლეობით გიორგი ხატავს, წერს ლექსებს, პიესებს, იღებს ფოტოებს, ოღონდ ყველაფერს თავისი ხედვით ხედავს. ის, რაც სხვისთვის ყოველდღიური უფერულება შეიძლება იყოს, გიორგის ობიექტივში, ლექსიკასა თუ ფუნჯში სხვა სიცოცხლეს იძენს.

GzaPress

"წყლისფერ სამოსში წააგავდი ვენეციურ ძვირფას სასანთლეს", - ასე ქალს მხოლოდ გიორგი დაინახავს. უამრავი ეპითეტი, რომელსაც XXI საუკუნეში ხელოვნებათმცოდნეები ამრეზით უყურებენ, მის შემოქმედებაში ზედმეტი არ არის, განსაკუთრებით - პიესებში.

გიორგი ზოგჯერ ტელევიზიაშიც გამოჩნდება, ხანაც რადიოს ეწვევა. მისი ხავერდოვანი ხმა რადიოსთვის ზედგამოჭრილია, თუმცა, ეს იშვიათად ხდება. მშვიდად უყვარს ყოფნა და ჩასაფრებულია, სამი მუზიდან რომელიმეს "გამოსაჭერად". არავინ იცის, როდის გაუჩნდება ხატვის, წერისა თუ ფოტოგრაფირების სურვილი...

როლანდ ხოჯანაშვილი