დაავადება, რომელიც ადამიანებს ოჯახთან აშორებს
font-large font-small
დაავადება, რომელიც ადამიანებს ოჯახთან აშორებს
"ჩვენ ცოცხალი მიცვალებულები ვართ"
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მყოფი პაციენტები რამდენიმე დღეა, მედიკამენტებისა და საკვების მიღებაზე უარს ამბობენ.

მათი მტკიცებით, წამლები, რითაც მათ მკურნალობენ, მათთვის გამოუსადეგარია. პაციენტები სახელმწიფოსგან ფრანგული წამლების შემოტანას ითხოვენ და სხვა პრეტენზიებსაც უყენებენ საავადმყოფოს ადმინისტრაციას. ყველასთვის ცნობილია, რომ ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. დაავადებულთან კონტაქტი ძალზე საშიშია და ხშირად მათი ოჯახის წევრებიც ავადდებიან, ამიტომ ოდითგანვე ის მემკვიდრეობით სენად მიიჩნეოდა. მართალია, დღეს სპეციალისტები ამბობენ, რომ ტუბერკულოზი იკურნება, მაგრამ პაციენტების მტკიცებით, საქართველოში არსებული მედიკამენტებით არ იკურნება.

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეა და მთელ მსოფლიოში 1992 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად აღინიშნება. სწორედ ამ დღეს დაიწყო პაციენტების პროტესტი საავადმყოფოში და დღემდე გრძელდება. გაფიცულები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისგან კონკრეტულ პასუხს ელოდნენ.

მარიამ ჯაშის განცხადებით, ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი პრეპარატების ეფექტიანობა ბოლომდე შესწავლილი არ არის და საქართველო მათ შემოსატანად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.

GzaPressპაციენტებს ეს პასუხი არ აკმაყოფილებთ. ირწმუნებიან, რომ საფრანგეთში წასული, მომაკვდავი ქართველი პაციენტები სრულად განიკურნენ.

ავადმყოფების პრობლემების უფრო დეტალურად გასარკვევად ხუდადოვზე ავედი. იქ უმძიმესი პაციენტები დამხვდნენ. თავად ამბობენ, რომ მათთან კონტაქტი საშიშია. მათი დიდი ნაწილი ყოფილი პატიმარია.

ანზორი:

- 2009 წლიდან აქ ვარ. ვსვამ წამლებს, მაგრამ არანარი შედეგი არ ჩანს. საფრანგეთში არის პროგრამა, რომელიც სრულად კურნავს ტუბერკულოზს. საუბარია 4 მედიკამენტზე, რომელიც კომპლექსურად უნდა მივიღოთ. იყო შემთხვევები, როცა ჩვენმა ექიმებმა უარი უთხრეს ადამიანებს მკურნალობაზე. ძლივს იდგნენ ისინი ფეხზე, ფაქტობრივად, მომაკვდავებმა მოახერხეს ემიგრაციაში წასვლა. ზოგმა სახლი გაყიდა იქ სამკურნალოდ რომ წასულიყო და ბევრი განიკურნა კიდეც. იმ წამლების ჩამოტანას ვითხოვთ კარგა ხანია, მაგრამ საშველი არ დაადგა. მინისტრის მოადგილემ ცრუ დაპირებები მოგვცა და წავიდა. ამასობაში ჩვენ თვალწინ მძიმდება ჩვენი მეგობრების მდგომარეობა, გადაჰყავთ სასუნთქ აპარატზე, ზოგს სისხლდენა ეწყება და კვდება. საშინელი სიტუაციაა, ამის გაძლება აუტანელია. ახლაც ზოგი ჟანგბადზეა შეერთებული და სულს ღაფავს. ფრანგული წამლის ჩამოტანა ალბათ ძალიან ძვირი დაუჯდება სახელმწიფოს, თანხის გაღება არ უნდათ, ამიტომ არ ადარდებთ ჩვენი ბედი. კურსის დასრულების შემდეგ ექიმები ამბობენ, ვეღარ გშველითო და ასეთი ხალხი ქუჩაში გადის. ის მერე მალავს ამ ამბავს და ავადდება მის გვერდით უამრავი ადამიანი.

- თქვენ როგორ დაავადდით?

- მიშას "ნულოვანი ტოლერანტობიდან" გამომდინარე, ციხეში აღმოვჩნდი, ერთ "კოიკაზე" უამრავ ადამიანს გვეძინა. ქსნის ზონაში ვიხდიდი სასჯელს, სამანქანო გზა გვყოფდა ქსნის ტუბზონისგან. თუ წამალს არ დალევდა ტუბზონაში პატიმარი, რეჟიმის დარღვევისთვის სჯიდნენ, გადმოჰყავდათ ჩვენთან, 3-ათასკაციან დაწესებულებაში და სხვებიც ავადდებოდნენ. ვიცოდით, ავადმყოფი რომ იყო, მაგრამ რა გვექნა? ერთი თვე სულ სიცხე მქონდა. ექიმმა არ მომაქცია ყურადღება, სანამ სისხლდენა არ დამეწყო. ამ საავადმყოფოდან ბევრჯერ ვარ გაგდებული. ადმინისტრაცია ვერ იტანს შენიშვნას, პროტესტი არ უნდა გამოხატო. 4-დან 7 საათამდე საავადმყოფოს დატოვება შეგვიძლია. ბანკომატი არ არის საავადმყოფოში, არც მაღაზიაა, ამიტომ ქალაქში გვიწევს გასვლა. იმას ვერ მივაღწიეთ, ერთი სარეცხი მანქანა დაედგა ადმინისტრაციას. მარტო თეთრეულს გვირეცხავენ. ამდენი თვე აქ ვართ, ხომ გვინდა სარეცხის გარეცხვა? გამაგებინეთ, რა იქნება, გაგვარეცხინონ აქვე?! აქაური მანქანა ორსულად არის? თეთრეულთან ერთად ტანსაცმელიც რომ გარეცხოს, მუცელი მოეშლება? დაბანის საშუალება კვირაში ორჯერ გვაქვს. პრობლემა ამის გამოც შეგვექმნა. "ყაზტრანსგაზის" დავალიანება დაუგროვდათ, ამიტომ კვირაში ერთხელ გვაძლევდნენ დაბანის უფლებას. ბავშვები არიან დაავადებული, ისინი რომ ნახოთ, ატირდებით. მომაკვდავ ბავშვებს მულტირეზისტენტური ფორმის ტუბერკულოზი აქვთ. ორი ძროხა გავყიდე, მეზობლებმა, ნათესავებმა გამიწიეს დახმარება, მაწვდიან საჭმელს, მაგრამ რა ვქნათ, ასე როდემდე ვიყოთ? მარტო ტომოგრაფიის გადაღება 250 ლარამდე ჯდება. არის უფასო ჩვენთვის, ძველი აპარატით გადაღება, ის 26 ლარი ღირს, მაგრამ ბევრი რამე არ ჩანს. 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე რომ აღინიშნებოდა "თბილისი მარიოტში", ეს ამბავი მეუღლემ შემატყობინა. აქ არავის არაფერი უთქვამს. გავიპარე და იქ დავაფიქსირე ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ რა? საშველი არსაიდან ჩანს.

ანალოგიურ მდგომარეობაშია 34 წლის ნინო. ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის მისი მონათხრობის მოსმენა.

ნინო:

- მე არ ვყოფილვარ ციხეში, მაგრამ ავად ვარ. არ ვაჭარბებ, ჩვენ ვართ ცოცხალი მიცვალებულები. 20-დან 40 წლამდე ახალგაზრდები ვართ ძირითადად და ცხოვრებაზე ხელი იმის გამო გვაქვს ჩაქნეული, რომ არ გვაქვს წამალი. მულტირეზისტენტური ტუბერკულოზია ჩემი დიაგნოზი. გავცივდი, ექიმთან მივედი და გაირკვა, რომ ტუბერკულოზი მქონდა. ნამდვილად არ ვიცი, ვისგან გადამედო. ჩვენი სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომია წამალი, რომელიც გადაგვარჩენს. ოთხ კედელს შორის გამომწყვდეულები ველოდებით სიკვდილს. პირადად მე, ღმერთს ყოველ დილას მადლობას ვუხდი, რომ ჩემთვის ის დღე გათენდა. გათენება და დაღამება უზომოდ მწარეა. ჩვენც გვინდა ცხოვრება. 2 წელია, ამ ტანჯვაში ვარ. 5-10 წელია, აქ ადამიანები მკურნალობენ და შედეგი არ ჩანს. ამწუთას ვერ ვსვამ ამ წამლებს, რადგან ორგანიზმი არ იღებს. მედიკამენტებს გვერდითი მოვლენებიც აქვს - იწვევს ფსიქიკურ აშლილობას. არიან ადამიანები, რომლებიც ნორმალური ფსიქიკით მოვიდნენ, მაგრამ ახლა დადიან და საკუთარ თავს ელაპარაკებიან. ბევრი აგრესიული ხდება. არის თვითმკვლელობის შემთხვევებიც. წამალი, რასაც ჩვენ ვიღებთ, იწვევს სმენის, მხედველობის დაქვეითებას. მარჯვენა ყურში არ მესმის; კანამიცინს გვიკეთებენ და ამან გამოიწვია. გვერდით მოვლენებსაც მოითმენ განკურნების იმედით, მაგრამ ეს იმედიც არ ჩანს. 13 წლის ბიჭი მყავს, დედაჩემთან არის სოფელში. მას ვერ ვეკარები. გამოდის, ჩემს სიცოცხლეს აქ ვამთავრებ. 2-წლიანია პროგრამა, მანამდე სხვა კურსი დავამთავრე, მაგრამ - უშედეგოდ. თითქმის ყველას დაუზიანა წამლებმა ღვიძლი, აქვთ ჩ ჰეპატიტი, ჩიყვი, ფსიქიკა დანგრეული, სოკო, მეხსიერება დაქვეითებული. საჯარო სამსახური მქონდა, ვერ ვიმუშავებ, ძალა არ შემწევს. კვების მხრივაც ვართ უკმაყოფილო. ჩვენნაირ ავადმყოფს წყალზე დამზადებულ ბრინჯს ან მაკარონის სუპს რომ მიუტან და ერთ ცალ "პერაშკს", ეს გვეყოფა? არაფერს არ ვითხოვთ, წამლის გარდა.

- წამალს რომ არ სვამთ, ამით ხომ თქვენს ჯანმრთელობას ავნებთ?

GzaPress- ვიცი, მაგრამ რა ვქნა? მაინც ვკვდები, სხვა გზა არ მაქვს. წამლებს თუ დავლევ, ორი დღით გვიან მოვკვდები, ეს არის განსხვავება. ახალგაზრდა ქალი ვარ და მინდა, ვიცხოვრო სრულფასოვნად. ერთმა ექიმმა მითხრა ჟარგონით, - თუ წამალს არ სვამთ, მაშინ აქ რა გინდათ, "კოიკა" გაქვთ და აქ იმიტომ ხართო? დიახ, აქ მაქვს "კოიკა", აქედან რომ გავიდე, 13 წლის შვილს ხომ არ გადავდებ? ამიტომ ვერ წავალ ოჯახში, ვერ გადავდებ სხვას. ისე, აქაური ექიმები, ექთანები, სანიტრები გმირები არიან. 160 ლარზე მუშაობენ სანიტრები. ღმერთმა დალოცოს ისინი!.. ბევრი ავადმყოფი ალბათ დიდხანს ვერ შეძლებს უწამლოდ ყოფნას, რადგან სისხლდენა დაეწყება. ამოხეთქა ჩვენმა ტკივილმა, გვიშველეთ, რომ გადავრჩეთ. სანამ ამ დაავადებას დავამატებ ჰეპატიტს, არითმიას, სანამ დავბრმავდები, მოდი, ამ ერთი ტუბერკულოზით ვიყო, სხვა გზა ჯერჯერობით არ მაქვს და ღვთის ანაბარად ვარ დარჩენილი.

ზაზა 1996 წლიდან მკურნალობს უშედეგოდ. ისიც ციხეში დაავადდა.

- სასჯელი მოვიხადეთ, მაგრამ ფაქტობრივად სასიკვდილო დაავადება ავიკიდეთ ციხეში. სანამ სისხლდენა არ დამეწყო, საავადმყოფოში არ გადამიყვანეს. სამჯერ ვარ ნამკურნალები, შეიძლება სხვები ფსიქოლოგიურად ვერ უძლებენ, მაგრამ სამივე კურსი ბოლომდე ჩავიტარე. ვუვლი თავს და ამიტომ გავძელი ამდენ ხანს. ბევრს არ აქვს საშუალება, რომ იკვებოს ნორმალურად და ამ დაავადებას თავი დააღწიოს. დეკემბერში გავარკვიე, რომ ისევ გადამდები ფორმა მაქვს და ამიტომ ვარ აქ. 13 წლის ბიჭი მყავს. წარმოგიდგენიათ, 13-ჯერ არ მოვფერებივარ საკუთარ შვილს იმის შიშით, რომ არ გადაედოს. მან არ იცის მამის სითბო. თავზე ხელს თუ გადავუსვამ, ეს არის ჩემი მოფერება. ჩემს მეგობრებთან სახლში არ დავდივარ, როცა მეპატიჟებიან. რას არ ვიმიზეზებ. შეიძლება, იმ პერიოდში არ ვიყო გადამდები, მაგრამ ვარიდებ თავს ყველას. არიან ისეთი პაციენტები, რომლებმაც შეიძლება ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლონ და ისე გაბოროტდნენ, რომ არ გაუფრთხილდნენ სხვას. მკურნალობის წინ ვთხოვე, რომ მოეცათ ღვიძლის დამცავი მედიკამენტები, მაგრამ არ მომცეს, არადა, ჩ ჰეპატიტი მქონდა. ახლახან ანალიზი ამიღეს და მითხრეს, ღვიძლსაც შეექმნა პრობლემაო. ახლა მაძლევენ წამალს. რა იქნებოდა, მანამდე მოეცათ? აქაური საჭმელი არ გვყოფნის. შეიძლება, ყოველდღე ერთი და იგივე საჭმელი იყოს? ხორციან მაკარონს თითქმის არავინ ჭამს. ერთი ვედრო რომ შემოდის, ნახევარზე მეტი უკან გადის. ხომ შეიძლება, ეს სხვა რამეთი შეცვალონ? წარმოიდგინეთ, დღეში 21 აბ წამალს ვსვამ. არიან ისეთები, რომლებიც 28 აბს მარტო ტუბერკულოზის წამალს სვამენ, ამას ემატება გვერდითი დაავადებების სამკურნალო 4 პრეპარატი. ასე ინგრევა ჩვენი ორგანიზმი. წამლის მიღების შემდეგ რამდენიმე საათი ფეხზე ვეღარ ვდგებით.

"შარშან დღე არ გადიოდა, ერთი ადამიანი არ დაღუპულიყო. ცოტა ხნის წინ რომ დაიღუპა ბიჭი, იმის საწოლზე ახლა მე დამაწვინეს. მივხვდი, რომ უკვე ჩემი დრო მოდის", - მითხრა დანანებით 49 წლის მამაკაცმა. 56 წლის ქართლოსი კი უკვე წლებია, მკურნალობს და მას მხოლოდ ჟანგბადის აპარატი აცოცხლებს. "აქ ახლობელი იწვა, მის სანახავად მოვედი. ექიმმა შემომხედა და მითხრა, ანალიზები თქვენც გაიკეთეთო. შემატყო, ტუბერკულოზი რომ მქონდა. დიაბეტიც მაქვს. 3 წელია, მიწაზე ფეხი არ დამიდგამს. აქ ვარ გამოკეტილი, ეზოშიც ვერ ჩავდივარ, რადგან ჟანგბადის გარეშე არ შემიძლია ყოფნა, ეს მაცოცხლებს. გრძელი "შნური" აქვს და მეორე ოთახში თუ გავდივარ მხოლოდ. მხედველობა დამიქვეითდა, ოპერაცია მჭირდება და ამის ფული არ მაქვს. სმენაც არ მაქვს. ნერვული სისტემაც არ მივარგა. ბევრჯერ თავის მოკვლა ვცადე. ერთხელ ფანჯრიდან გადახტომა დავაპირე და გადამარჩინეს. ძალიან ცუდი წამლებია. რომ დალევ, სიკვდილის გარდა, არაფერი გინდა. რაც აქ ვარ, ალბათ მინიმუმ 500 კაცი გარდაიცვალა ჩემ თვალწინ. აქ ისეთი ახალგაზრდები მოდიან, მათ რომ ვუყურებ, ვტირი. სიცოცხლე უნდა ყველას", - მითხრა მან. მის გვერდით ასაკოვანი, გამხდარი მამაკაცი იჯდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ 35 წლის შვილი ამ დაავადებით გარდაეცვალა.

ამ სტატიით ალბათ ძალიან დავამძიმეთ მკითხველი, მაგრამ გვინდა, მათი გულისტკივილი საზოგადოებამდე მივიდეს. იქნებ სახელმწიფომ მართლა იზრუნოს ამ პრობლემის გადაჭრაზე. უფრო შემაშფოთებელი აღმოჩნდა ნატალია ნიკოლეიშვილის მონათხრობი. რეანიმაციის ექთანად 17 წელია მუშაობს. ეთანხმება ავადმყოფების მოთხოვნებს და ადასტურებს, რომ წამალი არ არის ეფექტიანი. მან სხვა პრობლემებზეც დაუფარავად ისაუბრა.

ნატალია ნიკოლეიშვილი, ექთანი:

GzaPress- არის ინფორმაცია, რომ დასავლეთის ქვეყნებში არის უკეთესი მედიკამენტები და მკურნალობის მეთოდიც უკეთესია. ფაქტია, ეს მკურნალობა არ შველის ტუბერკულოზს. ალბათ საფუძვლიანია პაციენტების მოთხოვნები, მაგრამ მათ ვერ დავეთანხმები იმაში, რომ კვება კარგი არ არის. ბევრ პაციენტს არავინ აკითხავს, პალიატიური პაციენტებიც გვყავს, რომლებიც ოჯახებმა მიატოვეს. არ უნდათ, ასეთი ავადმყოფი სახლში ჰყავდეთ. ჩვენი სანიტრები და ექთანები მათ უვლიან, პამპერსსაც კი უცვლიან. ისიც ხმამაღლა უნდა ითქვას, ჩვენც მსხვერპლნი ვართ ამ დაავადების. ჩვენი მრავალი თანამშრომელი დაავადდა აქ. ძალიან დაბალი ხელფასი გვაქვს და დიდი რისკის ქვეშ ვართ.

- თავს ვერ იცავთ?

- ვიცავთ, მაგრამ რისკი ძალიან დიდია. ქუჩაში ტაქსის მძღოლად მუშაობენ ტუბერკულოზიანი პაციენტები და მათგან მგზავრს შეიძლება გადაედოს. რა იცის მგზავრმა, ვის უჯდება მანქანაში? დისტრიბუციაში მუშაობენ ასეთი ავადმყოფები. სხვასაც აზიანებენ. ეს სერიოზული პრობლემაა სახელმწიფოსთვის და მიხედვა სჭირდება. ჩემი ხელფასი 288 ლარია. ეს არის დაცინვა. ჩვენც ვუერთდებით ავადმყოფების მოთხოვნებს, რადგან ჩვენც ვართ ამ დაავადების მსხვერპლნი.

- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ დაავადებულია?

- უნდა დათესოს ნახველის ანალიზი, თუ აქვს ხველა, ოფლიანობა, დაბალი სიცხე, აუცილებლად მიმართოს ექიმს. არასწორი მკურნალობა ხშირად სავალალო შედეგს იწვევს. იმდენად ძვირი ღირს დიაგნოსტირება, რომ ბევრს ამის საშუალება არ აქვს. დიაგნოსტიკის ხარჯებს არ ფარავს სახელმწიფო. ეს არის სოციალური დაავადება, სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ყურადღება. როცა წამლისა და ექიმის ფული ექნება პაციენტს, ის დროულად მივა. აქ დიაგნოსტიკა მაქსიმალურ დონეზეა, მაგრამ ამას თანხები სჭირდება. თანამშრომლებსაც არ გვემსახურებიან უფასოდ. ერთჯერადად, თუ სიცხე მაქვს და ოფლიანობა, გაგვიკეთებენ უფასო გამოკვლევას, მაგრამ პროფილაქტიკაში ფული უნდა გადავიხადოთ. როცა 280 ლარი მაქვს ხელფასი, როგორ გადავიხადო ეს თანხები? წარმოიდგინეთ, რეანიმატოლოგს აქვს 400 ლარი ხელფასი! ბევრჯერ დავგეგმეთ მასშტაბური აქცია, მაგრამ გაგვაჩერეს. ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ. "ჯანდაცვაში" გვეუბნებიან, - თუ არ გაწყობთ, წადით სამსახურიდანო. ეს არის პასუხი? სად უნდა წავიდეთ დაინფიცირებულები? წარმოიდგინეთ, ჯანდაცვის მინისტრი ერთხელაც არ მოსულა აქ, როცა იცის, რომ ტუბერკულოზის სახით ჯიბეში ბომბი უდევს.

მამუკა ჯაფარიძე, ტუბერკულოზისა და ფილტვის ეროვნული ცენტრის დირექტორი:

- ის, რომ კვება არ ვარგა, სიმართლეს არ შეესაბამება. აქ ყველა კალორაჟი დათვლილი აქვს ექიმ-დიეტოლოგს და იმის მიხედვით ხდება კვება, მათთვის შემწვარი არ შეიძლება. ითხოვენ ნატურალურ წვენებსა და ხილს, მესმის მათი, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს სახელმწიფოს, 5 ლარი ღირს მინიმუმ ერთი ლიტრი წვენი.

- ბატონო მამუკა, სარეცხი მანქანის გამოყენების უფლებას რატომ არ აძლევთ?

- პირადი ნივთებისთვის აქამდეც არასოდეს ყოფილა კლინიკაში სარეცხი მანქანა. თეთრეულს ვურეცხავთ. ახალ კორპუსში უნდა გადავიყვანოთ "ემდიარი" პაციენტები და იქ უკვე დამონტაჟებული იქნება თითო სართულზე თითო სარეცხი მანქანა. ეს პრობლემა მოგვარდება. ახლა ახალ სახელმწიფო პროგრამაზე მიდის მუშაობა, ცვლილებები ნამდვილად იქნება. ერთი დღე სტაციონარში სენსიტიური პაციენტის მკურნალობა 35 ლარი უჯდება სახელმწიფოს, ხოლო "ემდიარი" პაციენტების - 40 ლარი. ეს ძალიან ცოტაა და მიმდინარეობს დეტალური დათვლა. ანტიტუბერკულოზის წამლებს მთლიანად ყიდულობს დონორი ორგანიზაცია, "გლობალური ფონდი", სახელმწიფო ამაში ფულს არ იხდის, ძალიან ძვირად ღირებული მედიკამენტებია. მას იღებენ როგორც სტაციონარში მყოფი პაციენტები, ასევე ისინიც, ვინც ამბულატორიულ მკურნალობას გადის. დანარჩენ წამლებს სახელმწიფო ყიდულობს. მერწმუნეთ, ეს არ არის პატარა თანხა. რაც შეეხება მათ მოთხოვნას. ისინი 4 წამალს ითხოვენ, მათგან - 2 რეგისტრირებულია საქართველოში. თუ დროულად მივა პაციენტი, არის განკურნების შანსი. ყოველთვის უფასო იყო ტუბერკულოზით მკურნალობა, ტუბერკულოზში ეჭვმიტანილი პირის დიაგნოზირებაც უფასოა. საზოგადოებისთვის საშიში დაავადებაა. ადამიანურად მესმის პაციენტების, ძნელია ყოველდღე დალიო ამდენი წამალი, მაგრამ ეს აუცილებელია.

- ძალია დიდია რისკი, სხვას გადაედოს ტუბერკულოზი, ისინი ქუჩაში თავისუფლად მოძრაობენ, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია?

- ჩემი პირადი აზრია, რომ ისინი იზოლირებულები იყვნენ. კანონმდებლობით, დაავადებულს სრული უფლება აქვს, სადაც უნდა, იქ წავიდეს, თუ უარს ამბობს მკურნალობაზე. მიმდინარეობს პარლამენტში კანონმდებლობის შემუშავება ამ მიმართულებით, უნდა მოხდეს მათი "იძულებითი" იზოლაცია. საყოველთაო დაზღვევით ყველას შეუძლია სარგებლობა, მთავარია, ოჯახის ექიმთან მივიდეს ადამიანი და თავისი ჩივილები უთხრას. უფასოა წელიწადში ერთხელ მედპერსონალის გასინჯვა. ისიც ტყუილია, რომ საავადმყოფოს ბევრი თანამშრომელი დაავადებულია. ბუნებრივია, როცა აქ მუშაობ, გადადების რისკი ძალიან დიდია. რაც შეეხება მედპერსონალის ხელფასებს, მიდის მუშაობა სამინისტროსთან და ვფიქრობ, ეს პრობლემაც მოგვარდება.
თეა ხურცილავა
დაავადება, რომელიც ადამიანებს ოჯახთან აშორებს
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
25.05.2015
ხალხნოო რომელ საუკუნეში ცხოვრობთ???სამარცხვინოები ხართ თქვენი მთავრობ-ჯანდაცვის,ტუბსააავადმყოფოს ხელმდღვანებლიანა, როგორ იმართლებთ თავს გგ რ რ ც ხ ვ ე ნ ოდ ე თ... ღ მ ე რ თ ი მ გ ო კ ი თ ხ ა ვ თ თქვე უბედურებო მერე როგორ რა სახით ეს უუფალმა იცის!!!!
გვანცა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ის მორალურ პოლიციად ექცა ბავშვებს და დიდებსაც"
"კახეთში რამდენიმე წელიწადში სულ სხვა ცხოვრება იქნება"
რატომ იწვევს დომენიკ მანგო ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
"ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას"
"სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი