რატომ არის შეუძლებელი ერთდროულად შეყვარებულიც იყო და ბრძენიც?! - გზაპრესი

რატომ არის შეუძლებელი ერთდროულად შეყვარებულიც იყო და ბრძენიც?!

ცხრა და-ძმას შორის უფროსი იყო და ისე გახდა 24-ის, არც საწოლი ღირსებია თავისი, თორემ საკუთარ ოთახსა და მით უმეტეს, სახლზე ფიქრი აზრადაც არ მოსვლია. არც ცოლის შერთვაზე შეეძლო ოცნება და თავისებურად დაბოღმილიც იყო ცხოვრებაზე. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ბოღმით სავსე გულში სიყვარულისთვის ადგილი არ აღმოჩენილიყო?!

თბილისში ჩამოსული, შორეულ ნათესავს მიადგა. ის მამის მხრიდან ერგებოდა ბიძად და ბოჩოლასავით შეანათა ცრემლით სავსე დიდრონი თვალები:

- შამშე ბიძია, ნუ მკრავ ხელს, შემომიშვი გადახურულში, სამუშაო მაშოვნინე და თუ გევიმართე წელში, მე ვიცოდე შენი პატივისცემა!

შამშემ ერთი კი შეიცხადა: ეუჰ, შენ რა გითხარი, აქედან უცხოეთში გარბის ყოველი კაცი, აღარც ქარხანაა და აღარც ფაბრიკა, შენ ვის რაში სჭირდებიო?! - მაგრამ ქუჩაში დასატოვებლად მაინც ვერ გაიმეტა ბიჭი და შინ შეუშვა, უცხიმოდ მოხარშული ვერმიშელიც უწილადა, მაგრამ ვერაფრით დააიმედა და იმაზე ფიქრი დაიწყო, როგორ გაებრუნებინა სოფელში რაც შეიძლება მალე...

ის დრო იყო - სიბნელე, სიცივე და უიმედობა რომ გამეფებულიყო ქვეყანაში, ჰაერში კი დენთის სუნი ტრიალებდა...

მაინც იმედით გამოდიოდა დათა ქუჩაში და სამუშაოს ეძებდა. იმდენი იარა, საბოლოოდ გააგდებინა ძირი ისედაც გაცვეთილ ფეხსაცმელს და მოთმინების ძაფიც გაუწყდა. ერთი პირობა, მტკვარში გადახტომაც იფიქრა, მაგრამ ვერ გაბედა. უკან მობრუნდა ხელჩაქნეული: ჯოჯოხეთიდან ჯოჯოხეთში რა მეჩქარებაო?! ჰოდა, სწორედ მაშინ "გაეხსნა ბედი": ვიღაც მსუქან, ღიპიან კაცს შუა გზაზე გაჩერებოდა მანქანა და დამხმარეს ეძებდა, რომ კუთხეში მიეგორებინა. დათა მასთან მივარდა, მიეხმარა და უფრო მეტიც - მანქანის მოტორს ჩახედა და მაშინვე მიხვდა დაზიანების მიზეზს. კოლმეურნეობის ძველი "პაბედის" მძღოლი იყო მამამისი და სულ დაშლილი ეყენა ის მანქანა ეზოში. დათამაც მაშინ ისწავლა მანქანის ნაწილების "ავან-ჩავანი"...

უცებ მოუგვარა პრობლემა და ყოველი შემთხვევისთვის, უცხო კაცი გააფრთხილა:

- თუ ხელოსანს საფუძვლიანად არ გაასწორებინებთ, ისევ დაგტოვებთ შუა გზაში!

კაცმა რატომღაც, სადილზე დაპატიჟა. დათა საჭმელზე უარს აბა, როგორ იტყოდა?!. მადიანად რომ ილუკმებოდა, მაშინ მოუყვა დაწვრილებით თავის ამბავს. არც ის დაუმალავს, სანაპიროზე თავის მოკვლის მიზნით რომ იყო გასული...

კაცს თვალზე ცრემლი მოადგა:

- ღმერთმა ერთმანეთის გადასარჩენად შეგვახვედრა! - და ახლა თავისი გაჭირვება უამბო: - ფულიც მაქვს, ბიზნესიც, სახლ-კარიც, მაგრამ რად მინდა, ოხრად მრჩება - მხოლოდ ერთი ქალიშვილი მყავს და ისიც ისეთი უცნაურია, მილიონის ხათრითაც არავინ ითხოვა... თუ ჩემს ქეთინოს ცოლად შეირთავ, შენ შვილი და მე მამა. ვიდრე ცოცხალი ვიქნები, არაფერს გაგიჭირვებ და რომც მოვკვდე, იმდენს დაგიტოვებ, ასი წელი გეყოფა!

დათამ მისი წინადადება დაუფიქრებლად მიიღო, - ასე სცოდნია გაჭირვებას...

ქეთინო ცოტას რომ წაიშტერებდა, ხმაც რომ არ ამოეღო, მაინც ეტყობოდა. ცხრამეტი წლის ასაკში 120 კილოგრამს იწონიდა, რადგან მისი ერთადერთი ინტერესი ჭამა იყო, თორემ ქართულ ანბანში რომ 33 ასოა, დღემდე ვერ ისწავლა... თუმცა, ამას სულაც არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ დათასთვის სამი შვილი გაეჩინა და ოჯახის დიასახლისობაც შეეფერებინა.

სიმამრი დათას აღმერთებდა და დაუნანებლად დაუტოვა ყველაფერი, მერე კი უფალს მშვიდად მიაბარა სული:

- ჩემი ჭკვიანი, ბრძენი სიძე ნამდვილი ღვთის საჩუქარია! - იყო მისი ბოლო სიტყვები.

დათას მართლა ბრძენი კაცის სახელი ჰქონდა, მაგრამ 45 წლის ასაკში ლამის შვილის ტოლი გოგო რომ შეუყვარდა, სახელიც შეელახა...

კომპიუტერის მცოდნე მდივანი დასჭირდა ფირმაში და გასაუბრებაზე 23 წლის ლანამ უჩვენა საუკეთესო შედეგი, რომელსაც ასაკის სიმცირის მიუხედავად, ორჯერ გათხოვება-გამოთხოვებაც მოესწრო და პირველკლასელი შვილიც ჰყავდა.

გადაირივნენ დათას თანამშრომლები: ცოლიანიც და უცოლოც ლანას ეპრანჭებოდა, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქალის ყურადღების მიპყრობაში. ახალგაზრდები ჯანდაბას, მაგრამ 42 წლის ზურაბმა ლამის ოჯახი დაანგრია და როცა მისი ცოლის საყვედურებს ისმენდა (დათა ოჯახის ნათლია იყო), სწორედ მაშინ დაფიქრდა პირველად სიყვარულზეც და მის "დამანგრეველ ძალაზეც"...

ზურა და მისი ცოლი როგორღაც დააშოშმინა და შინ გაისტუმრა თუ არა, ლანა კაბინეტში დაიბარა. ყურადღებით შეათვალიერა მოკლეკაბიანი გოგო და მისი გრძელი ფეხები უნებურად, ცოლისას შეადარა, მერე კი უცნაურად გააჟრჟოლა - გულის კოვზთან სასიამოვნო წვა იგრძნო და სითბომ მთელ სხეულში დაუარა...

ლანა იმისთვის დაიბარა, რომ მკაცრად გაეფრთხილებინა: თუ ასე გააგრძელებ, სამსახურიდან გაგიშვებო, მაგრამ ამის ნაცვლად, ყავის მოდუღება სთხოვა და როცა ახლოს მოსულ ქალს გულისპირში ჩახედა, ისევ უცნაური სიმსუბუქე იგრძნო და წნევის გაზომვის სურვილი გაუჩნდა...

საბოლოოდ, დათამ მაინც დაითხოვა ლანა სამსახურიდან, რადგან მასთან დაკავშირებული "ამჩატება" ორიოდე თვეში იმდენი დაუჯდა, ლამის ფირმა გააკოტრა და შესაბამისი დასკვნაც გამოატანა: სიყვარულს სიბრძნესთან საერთო არაფერი აქვსო...

ლანას ადგილას მსუქანი მარგო მიიღო, რომელმაც კომპიუტერიც ჩინებულად იცოდა და რაც მთავარია, გარეგნობით ძალიან ჰგავდა მის ცოლს - ქეთინოს. ამის გამო დათა ორმაგად ბედნიერია - საქმეც ჩინებულად მისდის და აღარც წნევა აწუხებს, აღარც - გულის ფრიალი და არც ის თავბრუს ხვევა, სიბრძნეს რომ აკარგვინებს კაცს.

ინგა ჯაყელი