მესიჯებით აგებული სიყვარული და ორჯერ დაშვებული შეცდომის მსხვერპლი - გზაპრესი

მესიჯებით აგებული სიყვარული და ორჯერ დაშვებული შეცდომის მსხვერპლი

ახლა ბიძასთან (დედის ძმა) ვცხოვრობ. სახლში არიან ბებია და დედა, ჩემი პატარა ნახევარძმა. სულ სიმწარეში გვიწევს ყოფნა და ქუჩაშიც ბევრჯერ გაგვითევია ღამე, რადგან ბიძა მყავს ავადმყოფი და გამუდმებით გვეჩხუბება. იქნებ თქვენი ჟურნალის მკითხველმა შეძლოს ჩვენი დახმარება, რათა მე და დედამ ბინის დაგირავება შევძლოთ და მერე ჩემი პატარაც წამოვიყვანო. სოფო, 22 წლის". ეს წერილი რომ მივიღე, სიმართლე გითხრათ, ძალიან განვიცადე და ღამით დაძინებაც კი გამიჭირდა, მაგრამ მას მერე, რაც სოფიკო მაწიაშვილი, მისი ნახევარძმა და დედამისი - მაია კანაშვილი რედაქციაში გვესტუმრნენ და მათთან ინტერვიუს ჩაწერა დავიწყე, ცოტა არ იყოს, დავიბენი. თუ რატომ, ამას იმედია, თავად მიხვდებით. სიტუაცია ბევრად რთულია, ვიდრე წარმომედგინა.

სოფო:

- ჩემი შვილი ბავშვთა სახლში იზრდებოდა, ახლა კი "მიმღებ ოჯახში" გადაიყვანეს. ძალიან მინდა, დავიბრუნო, მასთან ერთად ვიცხოვრო, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევენ. მეუბნებიან, - ჯერ საცხოვრებელი პირობები შეიქმენი და მერე სადაც გინდა, წაიყვანეო.

მაია:

- მართლაც, ძალიან ცუდ პირობებში გვიწევს ცხოვრება. თქვენ არ იცით, როგორ გვიჭირს თავის გატანა და ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჩემი ძმა არ გვინდობს ხოლმე.

სოფო:

- წარმოშობით ახალგორიდან ვარ, მაგრამ თბილისში დავიბადე და გავიზარდე. 19 წლის ვიყავი, როცა ხარაგაულელ ბიჭს გავყევი ცოლად, მაგრამ 7 თვეში გავშორდი, რადგან ლოთი აღმოჩნდა.

- სად გაიცანი?

- ტელეფონით გავიცანი. ჩვენ დაახლოებით, ერთი კვირა ვემესიჯებოდით ერთმანეთს, მერე თბილისში, ჩემს სანახავად ჩამოვიდა. რამდენიმე დღეში კი მომაკითხა და ხარაგაულში წამიყვანა.

- გათხოვება ასე სწრაფად რატომ გადაწყვიტე?

- ვინაიდან სახლშიც ცუდი პირობები მქონდა, გადავწყვიტე, ამ ყველაფერს გავრიდებოდი. მეგონა, იქ მაინც ვიცხოვრებდი მშვიდად.

- ხარაგაულში, ბავშვის მამასთან როგორ ცხოვრობდი?

- თავიდამ ყველა კარგად მექცეოდა, მაგრამ მერე ქმარმა სმა დაიწყო, მთვრალი კი ხშირად მცემდა.

- ფეხმძიმეს გცემდა?

- არა, ვერ მოასწრო. იქიდან რომ წამოვედი, ერთი თვის ფეხმძიმე ვიყავი.

- მისი მშობლები შენს დაცვას არ ცდილობდნენ?

- კი, მაგრამ ისინი მუშაობდნენ. ჰოდა, როცა სახლში არ იყვნენ, ძირითადად, მაშინ მეჩხუბებოდა.

- თვითონ არსად მუშაობდა?

- არა, სამსახური არ ჰქონდა. 32 წლის იყო და ხან წაბლს ყიდდა, ხანაც - შეშას.

მაია:

- მართლაც, საცოდავად გავზარდე და გათხოვილსაც არ გაუმართლა. ახლა დედასა და ძმასთან ერთად ვცხოვრობთ. დედაჩემი ყველანაირად, ჩემი ძმის დაცვას ცდილობს და ყველაფერში ჩვენ გვამტყუნებს. ახლაც ტირილით წამოვედი სახლიდან. 24 საათი გამეტებით გვირტყამს ხოლმე, მაგრამ ვერ ვუჩივლებ. ბოლოს და ბოლოს, ძმაა და ციხისთვის როგორ გავიმეტო?..

- ძმა თქვენ და თქვენს შვილებს რატომ გცემთ? ამის მიზეზი რა არის?

- მიზეზი არ სჭირდება. ამოჩემებული აქვს, - შენ შვილები გყავს, მე კი გვარის გამგრძელებელი არ მაბადიაო. მე რა შუაში ვარ, ოჯახი თუ არ შექმნა, მაგრამ გაბოროტებულია. თავის დროზე, ქმარს მეც გავშორდი და მას მერე, ურთულეს პირობებში ვცხოვრობთ. შვილებთან ერთად, სკვერსა თუ ბაღში ბევრჯერ გამითენებია ღამე. ზოგჯერ ვრისკავდი და ბინას ვქირაობდი, მაგრამ ვინაიდან "ხაზეიკას" ფულს ვერ ვუხდიდი, სახლიდან მაგდებდნენ ხოლმე. ზოგიერთი მათგანი დღემდე დამდევს, - ვალი გადამიხადეო. უამრავი ბინა მაქვს გამოცვლილი.

სოფო:

- ბიძაჩემი ლუკმაპურსაც კი ყოველთვის მაყვედრიდა.

მაია:

- ელემენტარულზე გვიბრაზდება... სამწუხაროდ, ცოლის მოყვანაზე ახლა ვეღარც იფიქრებს, რადგან ძალიან მძიმედ არის, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. იმდენს სვამდა, რომ ახლა ფილტვები აწუხებს, დიაბეტიც აქვს... თავიდან ასეთი არ იყო, მაგრამ მერე გაგიჟდა. ახლა აღარ სვამს, მაგრამ უფრო მეტად გაბოროტდა. ამდენი ნერვიულობისგან უკვე მეც შემერყა ჯანმრთელობა: ასთმიან ქალს დიაბეტიც დამემართა. იმასაც განვიცდი, შვილიშვილი რომ წამართვეს. ახლა გვეუბნებიან, - ცხოვრება აიწყვეთ და ბავშვს მერე გაგატანთო. აბა, მითხარით, ცხოვრება როგორ უნდა ავიწყოთ? ეს ბავშვიც (სოფოს ნახევარძმაზე მანიშნებს) ნახევრად მშიერი მყავს, მატერიალურად ძალიან გვიჭირს. მეუღლეს რომ გავშორდი, კარგი მომავლის იმედით, სხვას მივთხოვდი, მაგრამ არც მასთან გამიმართლა და მისგანაც წამოვედი.

- სოფო, ვიდრე შენს შვილს თავშესაფარში წაიყვანდნენ, მას როგორ უვლიდი, რას აჭმევდი?

სოფო:

- ბავშვის გაჩენის შემდეგ, ბაზარში ვყიდდი წვრილმანებს, რათა ცოტაოდენი ფული მეშოვა, ჩემს შვილს კი დედა უვლიდა. ბუნებრივ კვებაზე მყოფს, როცა სახლში არ ვიყავი, ხელოვნურ საბავშვო საკვებს აძლევდა.

მაია:

- მერე ესეც მოატყუა ვიღაც ბიჭმა და თავი კიდევ ერთხელ ჩაიგდო შარში.

- რას ნიშნავს, მოატყუა?

- დიახ, მოატყუა! უთხრა: სახლი მაქვს, კარი და ჩემთან წამოდი, შენს შვილზეც მე ვიზრუნებო. ჰოდა, ესეც გაჰყვა ისე, რომ მის შესახებ არაფერი გამოუკითხავს. სახლში რომ არ მოვიდა, პატრულს გამოვუძახე: შვილს ვერ ვპოულობ-მეთქი. ის კაცი რომ ვნახე, ცუდად გავხდი: ნამდვილი "ბომჟი" იყო.

- სოფო, არც ისე პატარა ხარ, რომ კარგი და ცუდი ერთმანეთისგან ვერ განასხვაო. მას რატომ გაჰყევი? დავიჯერო, გიყვარდა?

სოფო:

- რა ვიცი, მითხრა: ბინა მაქვს, შენც გარჩენ და შენს შვილსაცო. ჰოდა, დავუჯერე. მინდოდა, უკეთესად მეცხოვრა და მხოლოდ ამიტომ გავრისკე.

- ის ბაზარში გაიცანი? თავადაც ვაჭრობდა?

- ბაზარში შემთხვევით გავიცანი. არ ვაჭრობდა, უბრალოდ, აქეთ-იქით დადიოდა, მნახულობდა. თურმე, ისიც ლოთი იყო, ხშირად სვამდა...

- მართლა სახლში წაგიყვანა?

- თურმე ნაქირავებ ბინაში მიმიყვანა (ორთაჭალაში), არადა, მეუბნებოდა, - ჩემიაო. ერთი კვირა იქ ვიცხოვრეთ, მერე "ხაზეიკა" მოვარდა და ჩხუბი დაუწყო: ან ფული მომეცი, ან ბინა დაცალეო. იქიდან წამოვედით და სხვაგან გადავედით ქირით.

- მასთან დაახლოებით, რამდენ ხანს ცხოვრობდი?

- ორი წელი. ამდენ ხანს იმიტომ გავუძელი, რომ მისი მეშინოდა. მცემდა და მეუბნებოდა: თუ დამშორდები, მოგკლავო.

მაია:

- მისგან მიყენებული არაერთი იარა აქვს ხელზე, სხეულზე. ახლაც, თქვენთან შესახვედრად იმიტომ წამომიყვანა, რომ ეშინოდა, მას სადმე არ შეხვედროდა. მისი შიშით, სახლიდან ცხვირის გაყოფაც არ უნდა.

- ქალბატონო მაია, როცა ნახეთ, ვისთან ერთადაც იყო თქვენი შვილი, მისგან რატომ არ წამოიყვანეთ?

- იმიტომაც გამოვიძახე პატრული, რომ ვიცოდი, კარგ ადამიანს არ გაჰყვებოდა. მერე ერთი დღე უშედეგოდ ვეძებდით, მეორე დღეს კი, როცა ბინაში თავს დავადექი, სოფომ მითხრა, დარჩენა მინდაო და წინააღმდეგობა ვერ გავუწიე.

- ამბობს, - ისიც მცემდაო და თქვენც ადასტურებთ, სხეულზე იმ კაცისგან მიყენებული ჭრილობა დღემდე ეტყობაო. იმას, რომ გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება, გიმალავდათ?

- არა, ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ იმასაც მეუბნებოდა, მისგან რომ წამოვიდე, მომკლავს და ამიტომაც, თავი დამანებეო... ისე, ბოლოს მართლა კლავდა. გადასასვლელ ხიდთან ახლოს რაღაც ნანგრევებია და იქ შეათრია თმით, დანას ცხვირწინ უტრიალებდა.

- რატომ, ამის მიზეზი რა იყო? ორთაჭალიდან, სადაც ბინა გქონდათ ნაქირავები, გადასასავლელ ხიდამდე დიდი მანძილია. საინტერესოა, მაინცდამაინც იქ რატომ მიგიყვანა?

მაია:

- სოფიკო ჩემს სანახავად იყო მოსული. მაშინ ბინა მქონდა ნაქირავები ნახალოვკაში. დამირეკა, სალაპარაკო მაქვსო. ბაღში გავედით, დავსხედით და ვლაპარაკობდით, როცა იმ კაცმა დაურეკა. სოფო ტელეფონს უთიშავდა, არ პასუხობდა. მერე მე დამირეკა, - სოფო სად არისო? - არ ვიცი-მეთქი, - ვუპასუხე, რადგან შვილმა მთხოვა, მისთვის არაფერი მეთქვა. - მე საბურთალოზე ვარ და შენთან რომ მოვა, დამირეკოსო, - თურმე მომატყუა, სინამდვილეში იქვე, ჩვენთან ახლოს მდგარა. მერე, როცა მეგონა, რომ სოფიკო სახლში წავიდა, გადასასვლელ ხიდამდე უკან სდია თურმე, მერე იქ დაუჭერია, უცემია, ნანგრევებისკენ წაუთრევია, - რატომ მომატყუეთ შენ და დედაშენმა, რატომ მემალებიო? ამან მოატყუა: დედაჩემს აქვს ჩემი ფული და იმისთვის მივედი მასთანო. მერე სიმართლის გასარკვევად დამირეკეს. იმ ნანგრევებში რომ მივედი, უკვე მაგარი ნაცემი იყო. მერე პოლიციაში ვუჩივლე.

სოფო:

- ახლაც მეუბნება, ყელს გამოგჭრი, თავს მოგაჭრი და შენი თავით ფეხბურთს ვითამაშებ, თუ არ შემირიგდებიო, - მისი ამიტომაც მეშინია.

მაია:

- მას რომ შორდებოდა, პოლიციამ ჩემი შვილიშვილი სწორედ მაშინ ნახა. გვკითხეს, - ამ ბავშვის შენახვა დღეში დაახლოებით, რა გიჯდებათო? - 3 ლარი-მეთქი. - სამი რატომო? იმ "ბომჟმა" კი ჩვენს ნაცვლად უპასუხა: იმიტომ, რომ რასაც თვითონ ჭამენ, ბავშვსაც იმას აჭმევენო. არადა, თვე-ნახევრის პატარას ლობიო როგორ მივცემდით? პოლიციამ მას დაუჯერა. ჩათვალეს, რომ არ ვიყავით ბავშვის ღირსი და წაიყვანეს.

სოფო:

- საბოლოოდ გამანადგურა იმ კაცმა. ახლა ვიცი, რომ აღარავის უნდა ვენდო, მაგრამ გვიანია.

- რამდენი ხანია, რაც ბავშვი თქვენგან შორს იზრდება?

- როცა წაიყვანეს, თვე-ნახევრის იყო, ახლა 2 წლის არის. ამ დროის მანძილზე სულ სამჯერ ვნახეთ.

- მას მერე წელიწადი და 10 თვეა გასული. აქამდე სად იყავით? რატომ, არაფერი იღონეთ ბავშვის დასაბრუნებლად?

მაია:

- გვატყუებდნენ, როცა გინდა, მაშინ განახვებთ, ცოტა რომ წამოიზრდება, გაგატანთო. მაგრამ ხშირად, მას არც გვაჩვენებდნენ. ჩემს დანახვაზე ბავშვს საოცარი რეაქცია აქვს, მეკრობა, მეფერება.

- სოფოს არ ეხუტება?

- მის მიმართ თითქოს გაუცხოებულია, რაც გულს ძალიან გვტკენს.

- ბავშვი რომ გამოგატონონ, შეძლებთ, მას მისცეთ ის, რაც სჭირდება?

- შეიძლება, იქ უკეთეს პირობებში ცხოვრობს, მაგრამ ოჯახური სითბო სულ სხვა რამ არის, დამეთანხმეთ.

- ჰო, მაგრამ თუ თქვენი ძმა ამ 6 წლის ბავშვსაც კი ხელით ეხება (უფროსებზე აღარც ვლაპარაკობ), რა გარანტია გაქვთ, რომ პატარა უმწეო გოგონას დაჩაგვრასაც არ მოინდომებს? თქვენ მის დაცვას შეძლებთ?

- მაგიტომაც გვჭირდება დახმარება, რომ მისი სახლიდან წავიდეთ... სხვათა შორის, სოფოს ძმას აღარ სცემს მას მერე, რაც ჩემი ყოფილი მეუღლე დაელაპარაკა. მართალია, ის კაცი არც მატერიალურად გვეხმარება და არც ჩვენი ხშირად ნახვით იწუხებს თავს, მაგრამ როცა შევატყობინე, რომ ჩემი ძმა ბავშვს ცუდად ექცეოდა, მოვიდა და ჩემს ძმას კაცურად დაელაპარაკა.

- თქვენი ოჯახის შემოსავალი რა არის?

- სოციალური დახმარება და ჩემი პენსია, სხვა არაფერი... როცა ბავშვი წაიყვანეს, სოფიკო ძალიან ცუდად იყო. ღამე წამოხტებოდა ხოლმე და შიშველი, ბავშვის საძებნელად მიდიოდა. ახლაც ძალიან განიცდის, შვილი მის მიმართ გრძნობას რომ არ გამოხატავს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ პატარა გოგონას დაბრუნებაში.

ლიკა ქაჯაია