ჩემი მეგობარი "ჯულია რობერთსი", რომელსაც "სრულიად გადმოქართველება" სურს - გზაპრესი

ჩემი მეგობარი "ჯულია რობერთსი", რომელსაც "სრულიად გადმოქართველება" სურს

ევროპელისთვის დამახასიათებელი, ტიპური გარეგნობა აქვს - ქერაა, ცისფერთვალება... გამხდარია. ვეუბნები ხოლმე, - ჩასუქებული ინდაურის წონაც არ ხარ-მეთქი, - და ეს ძალიან ამხიარულებს. პროფესიით იურისტი გახლავთ, საქართველოში იანვარში ჩამოვიდა. ერთ-ერთი ევროპული ჯგუფის წევრია, რომელიც კონსულტაციებს უწევს საქართველოს მთავრობას ამა თუ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ჩვენი შეხვედრა ჩემი პროფესიის წყალობით მოხდა. მის შესახებ საერთო ნაცნობისგან გავიგე, არ მოვეშვი, - ინტერვიუ მინდა მასთან-მეთქი. შევხვდით, მაგრამ ინტერვიუ არ შედგა, რადგან არ უნდა პრესის ფურცლებზე ვინაობის გამჟღავნება. სამაგიეროდ, "დავძმაკაცდით" და ქართულ-გერმანული, მშვენიერი ტანდემი შედგა. საშინელი აქცენტი აქვს და სიტყვებსაც ეძებს, მაგრამ მაინც გამართულად ლაპარაკობს რუსულად და სწორედ ამ ენაზე ვურთიერთობთ.

სხვადასხვა ქვეყანაში უმუშავია და ამბობს, რომ საქართველო ყველასგან განსხვავებულია... თავს რა თქმა უნდა, უცხოდ გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ მეორედ ჩამოვიდა.

პირველი ჩამოსვლა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან თავად მოინდომა სამშობლოში დაბრუნება...

GzaPress- მაშინ "ნაციონალების" (დიახ, ზუსტად ასე თქვა. - ავტ.) დრო იყო და მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ, ამერიკულ ჯგუფს ანიჭებდნენ უპირატესობას და მათ რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ. მაგალითად, სწორედ მათ ურჩიეს, მაღალ თანამდებობებზე ახალგაზრდა კადრების დანიშვნა, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით, მაგრამ არავინ მოგვისმინა. ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ფაქტობრივად, უქმად ვიყავით და მოვითხოვე, უკან დავებრუნებინე.

მოსწონს თბილისი და ცდილობს, ფეხი აუწყოს აქაურ ცხოვრებას...

სახლი ძველ თბილისში იქირავა, რადგან სოლოლაკი ყველაზე მეტად მოეწონა... პატარა, მყუდრო, 2-სართულიანი სახლია, ესპანურ სტილში მოწყობილი. პირველ რიგში, სეისმური მოვლენებისადმი მისი სიმყარით დაინტერესდა და როცა დარწმუნდა, რომ მიწისძვრა ვერაფერს დააკლებდა, მეპატრონეებს თანხმობა განუცხადა...

უცხო ქალაქში მისი მეგზური მე ვარ... ყველაფერს მეკითხება. თუმცა, ვინაიდან არ მცალია, რომ მუდამ თან ვახლდე, ძირითადად მარტო დაეხეტება... მთელი კვირის განმავლობაში დაძაბული სამუშაო აქვს და უქმე დღეებში იცლის სასეირნოდ.

თავიდან იცოდა, რომ რამდენიმე თვით იყო ჩამოსული, შემდეგ აღმოაჩინა, რომ 3-4 წელი მოუწევს აქ ცხოვრება და გადაწყვიტა, სახლი მოეწყო.

ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა და მკითხა, - ავეჯის მაღაზიაში მინდა წასვლა და რას მირჩევო?

შემდეგ მომახსენა, - თურქული მაგიდა ვიყიდე (ჟურნალების მაგიდას გულისხმობდა), ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ შუაში "მახინჯი" ნახვრეტი აქვს, მაგრამ ეს იმის შემდეგ აღმოვაჩინე, რაც შინ მოვიტანე, მანამდე ყურადღება არ მიმიქცევია; წავედი და გადასაფარებელი შევიძინე, ახლა ძალიან ლამაზად გამოიყურებაო...

ვინაიდან სახლში აირღუმელი არ ჰქონდა (არადა, როგორც ამბობს, კარგი კულინარია და მისთვის ეს აუცილებელია), ბინის მეპატრონეს სთხოვა, რომ მიეტანა.

- პატარა მოწყობილობა მომიტანეს, რომელიც ტოსტერს უფრო ჰგავს (მის სახლში ნამყოფი არ ვარ, ამიტომ არ ვიცი, რა მოწყობილობაა და მის ნათქვამს ვენდობი. - ავტ.). ჩემს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ამიტომ შემდგომ "ინვესტიციას" აუცილებლად აირღუმელში ჩავდებო, - შემომჩივლა და რამდენიმე დღის შემდეგ აასრულა კიდეც.

ერთხელ საუბრისას, შემთხვევით ვახსენე მშრალ ხიდზე მდებარე ძველმანების ბაზრობა და ძალიან დაინტერესდა. ჰოდა, რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა და გამომკითხა, როგორ მიეგნო ამ ადგილისთვის. მგონი, "დავღუპე" ჩემი მეგობარი ამ ინფორმაციით, რადგან ახლა ლამის ყოველდღე სტუმრობს მშრალ ხიდს, ათასგვარ ხარახურას ყიდულობს და სახლში მიათრევს.

ძველი, ხელით ნაქსოვი ხალიჩა შეიძინა, რომელშიც იმდენი ფული გადაუხდია, როცა თანხა დაასახელა, თვალები შუბლზე ამივიდა...

გავაფრთხილე, - უჩემოდ არანაირი "ინვესტიცია" აღარ განახორციელო, რადგან უცხოელი ხარ და ძვირად გიფასებენ, რეალური ფასები არ იცი-მეთქი.

- მე მომწონს, ლამაზი ფერები აქვს. იატაკზე დავაგე, ზედ ჩემი თურქული მაგიდა დავდგი და ძალიან უხდება ოთახს... შევევაჭრე, მაგრამ არ დამიკლეს და რა მექნაო? - თავი იმართლა...

მიუხედავად გაფრთხილებისა, რამდენიმე დღის შემდეგ ისევ "გაიპარა" მშრალ ხიდზე და პოსტფაქტუმ შემატყობინა, რომ ძალიან მაგარი ნახატი შეიძინა.

- ცუდი ამინდი იყო, ამიტომ მშრალ ხიდზე მხატვრები არ იყვნენ. იქვე, მოცუცქნულ მაღაზიაში შევედი და ეს ნახატი რომ დავინახე, ძალიან მომინდა, ჩემი გამხდარიყო... როგორც მირჩიე, შევევაჭრე... მერე მეორე გამყიდველი მოვიდა და იმასაც ვევაჭრე, მერე მესამეს დაუძახეს. იმან მითხრა, - ამ პატარა მაღაზიაში ძალიან დიდ ქირას ვიხდით და ვერ დაგიკლებო. ჰოდა, მეც ავდექი და ვიყიდე...

- რა არის ნახატზე გამოსახული?

- საბჭოთა პერიოდს ასახავს, ვფიქრობ, კრებაა... ძველებული ტელეფონიც ჩანს, კიტელებში გამოწყობილი ადამიანები სხედან, ზოგი მაგიდაზე დაყრდნობილი დგას, და რაღაცაზე ბჭობენ... საბჭოთა ატრიბუტებიცაა - დროშა და კიდევ რაღაცები... დიდი ტილოა, 3 მეტრი აქვს სიგრძე, 2 - სიგანე. ნახატი მილივით დახვეული წამოვიღე და სახელოსნოში მივედი, რომ ჩარჩო გამეკეთებინა. ჩვენთან, გერმანიაში ნახატისთვის ჩარჩო ძალიან ძვირი ღირს, რადგან ხელით კეთდება და ხელნაკეთ ნივთებს დიდი ფასი აქვს. აქ დათვალეს, მითვალ-მოთვალეს და მითხრეს, რომ 200 ლარიც არ ჯდებოდა. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ამ ფასად (ევროებში გადაიყვანა ჩარჩოს აქაური ფასი. - ავტ.) ჩვეულებრივი ოჯახური ფოტოსთვის თუ გავაკეთებინებდი ჩარჩოს, რომ ტუმბოზე დამედგა. თანაც, რაც ყველაზე მთავარია, 2 საათში დამიბარეს, მზა ჩარჩოს წამოსაღებად. ჩვენთან ამას 2 კვირა მაინც დასჭირდებოდა. ნახატი რომ გადააკრეს ჩარჩოზე, მივხვდი, რომ მარტო ვერ შევძლებდი ამოდენა ტვირთის წაღებას, თანაც, 6 კვადრატული მეტრი რომელ ტრანსპორტში შეეტეოდა?! აქ მყოფ გერმანელს დავურეკე და დახმარება ვთხოვე. მთელი რუსთაველის გამზირი ხელით ვატარეთ. ახლა კედელზე კიდია და ოთახს ძალიან უხდება.

GzaPress

ჩემი გერმანელი მეგობარი გურმანია და ქართული სამზარეულო უზომოდ მოსწონს.

მთხოვა, ისეთ რესტორნებში წავსულიყავით, სადაც სხვადასხვა უცხო და განსხვავებულ კერძს დააგემოვნებდა. მთელი 2 კვირა მოვანდომეთ, სანამ თითქმის ყველა კერძს გაეცნობოდა... ამასობაში მე წონაში მოვიმატე, ის კი არ იღლებოდა და - კიდევ რა გაქვთ განსხვავებული, ხვალ რა ვჭამოთო, მეკითხებოდა... 2 კვირის თავზე უკვე იცოდა, რომ "ტკემალი" და "ისრიმი" განსხვავებული საწებელებია და რომ ისრიმი ქათამსა და მაყალზე შემწვარ "ასეტრინას" უხდება, ხოლო ტყემალი - ყველა კერძს...

უზომოდ მოსწონს ფელამუში და აღფრთოვანდა ჩაქაფულით. არა მხოლოდ კერძები, არამედ სიტყვებიც მოსწონს. ერთხელ კარგა ხანს იფიქრა და მითხრა: "ლამაზია ქართული ენა. აი, მოუსმინე - ფე-ლა-მუში... ჩა-ქა-ფუ-ლი... - დამარცვლა და საშინელი აქცენტით წარმოთქვა, მაგრამ თვითონ უზომოდ კმაყოფილი დარჩა, რადგან სიტყვების ჟღერადობამ მოხიბლა.

არ შემიძლია, არ გავიხსენო ჩვენი პირველი ვახშამი რესტორანში.

- ვიცი, რომ ქართველებს გაქვთ გემრიელი კერძი - ხინკალი, მისი გასინჯვა მინდა და იქნებ ისეთ ადგილზე წავიდეთ, სადაც მას კარგად ამზადებენო.

ხინკალთან ერთად უამრავი ნიგვზიანი კერძი შეუკვეთა: ბადრიჯანი, ფხალეული, კიტრისა და პომიდვრის სალათაც კი ნიგვზით მოისურვა... არ ჩავთვალე საჭიროდ, რამე დამემატებინა, რადგან ისედაც უამრავი კერძი დახვავდებოდა სუფრაზე.

- შენთვის რატომ არაფერს უკვეთ? - მკითხა გაოცებულმა.

- შენ ხომ შეუკვეთე? - არანაკლებ გაოცებულმა ვუპასუხე.

- ეს ჩემთვის შევუკვეთე და შენ მშიერი ხომ არ დარჩები? თუ არ გშია, რამე მსუბუქი მაინც აიღე.

რაღას ვიზამდი? შემწვარი კარტოფილი შევუკვეთე - ხორცით.

მერე გამახსენდა ევროპელების წესი: ყველა უკვეთს იმ კერძს, რომელიც თავად უნდა მიირთვას. ქართული წესი - "კერძები სუფრაზე ჩადგმით" - მათთვის წარმოუდგენელია.

როდესაც მიმტანმა ყველა კერძი მოიტანა და მაგიდაზე გაანაწილა, ჩემს გერმანელ მეგობარს ძალიან გაუკვირდა, - ეს ყველაფერი ორივესთვის მოიტანესო? ავუხსენი ქართული სუფრის წესი, რამაც ძალიან გააოცა... ბოლოს, ისევ დადგა ერთი მომენტი, რომელიც უცხოელებისთვის, მით უმეტეს - გერმანელებისთვის ძალიან უცხოა, - დანახარჯის გადახდას ვგულისხმობ. როდესაც მიმტანმა ანგარიში მოიტანა, ძალიან მორიდებით იკითხა, - მეორე ქვითარი (ჩემთვის განკუთვნილ ქვითარს გულისხმობდა) სადააო?

- ყველაფერი აქ არისო, - უპასუხა მიმტანმა.

- თუ ნებას დამრთავ, ამჯერად მე დაგპატიჟებ, შენს დანახარჯს მე ავანაზღაურებო, - ახლა მე მომიბრუნდა მორიდებით.

ღიმილით დავთანხმდი. მოგვიანებით კი ავუხსენი, რომ ჩვენთან, საქართველოში მიღებული არ არის, სუფრის ყველა წევრმა მხოლოდ საკუთარი შეკვეთის საფასური გადაიხადოს. თუნდაც კოლექტიურად მივდიოდეთ რესტორანში, მთელი ხარჯი ყველაზე თანაბრად ნაწილდება. ხოლო თუ ქალი და მამაკაცი არიან სუფრასთან, მამაკაცის სირცხვილადაც კი ითვლება, თუ ქალი გადაიხდის, რა თქმა უნდა, იშვიათი შემთხვევების გარდა-მეთქი.

- რადგან ეს ტვირთი მამაკაცს აწევს, ალბათ ამიტომაა, რომ საქართველოში მამაკაცის კულტიაო, - დაასკვნა თავად.

ყველაზე მეტად ის უკვირს, როგორ შოულობს ხალხი ამდენ ფულს, რომ ასეთი ძვირფასი ავტომობილებით გადაადგილდებიან.

- ამდენი ძვირფასი ავტომობილი არსად მინახავს. წარმოიდგინე, რამდენი წელი უნდა იმუშაო ადამიანმა, რომ ასეთი ავტომობილის ყიდვა შეძლო.

ცდილობს, ქართულ სინამდვილეს მოერგოს. ქართველების ხასიათს, ბუნებას სწავლობს...

- მინდა, ქართველი გავხდეო, - ამბობს. - ჩვენთან, გერმანიაში, არავინ აქცევს ყურადღებას, რა გაცვია. ადამიანები ცხოვრობენ კეთილმოწყობილ სახლებში, ყველანაირი ფუფუნება აქვთ შექმნილი, მაგრამ გარეთ რომ გამოდიან, მათი ჩაცმულობით ამას ვერ მიხვდები. აქ კი პირიქითაა, - კარგი მანქანები ჰყავთ, ბრენდული ტანისამოსი აცვიათ, მაგრამ სახლში ელემენტარული კომფორტი არ აქვთ. ვატყობ, რომ ჩაცმას დიდი ყურადღება ექცევა. ადამიანის სტატუსი სწორედ ტანისამოსით განისაზღვრება. რადგან აქ ვცხოვრობ, მინდა, მეც შევიცვალო სტილი და დამეხმარე, მაღაზიაში გამომყევი, შენ უკეთ იცი, აქ მოდური რა არისო...

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს მაღაზიები დავლაშქრეთ. მე სავარძელში ვიჯექი, ის კი გასახდელში იცვლიდა ტანისამოსს და შემდეგ წარმოსახვით პოდიუმზე გამოდიოდა, რომ შემეფასებინა. ამ სიტუაციამ ფილმი - "ლამაზმანი" და ჯულია რობერთსის გმირი გამახსენა... მაღაზიის თანამშრომლებიც ძალიან გამხიარულდნენ და ფილმიდან მელოდიაც კი ჩართეს... იმის შემდეგ ჩემს მეგობარს სახელი გადავარქვი და ჯულია დავარქვი, რაც მაინცდამაინც არ გაუპროტესტებია.

მეორე დღეს გახარებულმა დამირეკა, - მარინკა, იცი, სამსახურში ფურორი მოვახდინე, ყველა აღფრთოვანებულია ჩემი ახალი იმიჯით და მეც ძალიან მომწონს, ათასჯერ მაინც შევედი ტუალეტში, რომ საკუთარი თავი სარკეში შემეთვალიერებინა და დავმტკბარიყავიო...

ახლა ქართული ანბანისა და ენის სწავლა დავიწყეთ "ფეისბუკის" საშუალებით, რადგან ხშირი უშუალო კონტაქტისთვის დროს ვერ ვპოულობ.

ახლახან ერთი კვირით იყო სამშობლოში წასული შვებულებით და დაბრუნებულმა მითხრა, - მარინკა, იცი, აქაურობა მენატრებოდა, ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი, თბილისი მესიზმრებოდა კიდეცო...

"სრულიად ქართველად" სურს გარდაქმნა გერმანელ "ჯულიას", რადგან ქართული ყველაფერი მოსწონს: კერძები, ადათ-წესები, ჩაცმის სტილი, სიტყვები, მოუწესრიგებელი მძღოლები, - მიუხედავად იმისა, რომ ტაქსიში შიშისგან თვალდახუჭული ზის, უსწორმასწორო გზები, ქართული ხასიათი და ისიც კი, როდესაც რესტორანში მიმტანს ამაყად ეუბნება, - ანგარიში მე მომიტანეთ, ქალბატონს არ დაუდოთო...

ქართულ პოლიტიკაში ძალიან კარგად ერკვევა. ცოტა ხანში ალბათ უბანშიც "დააბირჟავებს", ხმამაღლა გინებას დაიწყებს და ერთ მშვენიერ დღეს დამირეკავს, - მარინკა, "პორშე კაიენის" ყიდვა მინდა და სად უნდა მივიდე, ხომ ვერ მიმასწავლიო?..

მოკლედ, იმედია, მთლად ჩემი გავლენა არ არის "ჯულიას" გადმოქართველება, რადგან არც კი ვიცი, ეს ყველაფერი კარგია თუ ცუდი...

მარი ჯაფარიძე