ქათმების გამო დაპატიმრებული კაცისა და ქალების მახეში გაბმული მოღალატის ამბავი
font-large font-small
ქათმების გამო დაპატიმრებული კაცისა და ქალების მახეში გაბმული მოღალატის ამბავი
პროფესიით მსახიობია და მასთან ინტერვიუ წლების წინ რომ ჩამეწერა, ასე წარვადგენდი: რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ანსამბლ "ფაზისის" სამხატვრო ხელმძღვანელი, ქუთაისის ფილარმონიის გენერალური დირექტორი...
ახლა კი, როგორც თავად ხუმრობს, მხოლოდ სახელი და გვარი დარჩა - ბესო იობაშვილი. ენაწყლიანი რესპონდენტია და ქუთაისური იუმორით კარგ განწყობას შეგიქმნით.

დამსახურებული არტისტი

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ფილარმონიის დირექტორად რომ დამნიშნეს, ქალაქკომში ბეჭედი და გასაღები მომცეს, მაგრამ სამუშაო ოთახი არ მქონდა. 1 თვე ასე გავატარე, ჩავიხედე საქმეებში, მერე მივედი და ეს ბეჭედიც და გასაღებიც უკან მივიტანე, - მთელი ცხოვრება ხალხი ტაშს მიკრავს. მე ამ პირობებში საქმის გაკეთებას ვერ შევძლებ და შერცხვენილი პირით რატომ წავიდე, როცა შემიძლია, ტაშით გამაცილონ-მეთქი?! ეს გადაწყვეტილება არასდროს მინანია.
GzaPress
ქუთაისში ხელოვანებს ნაკლებ ყურადღებას გვაქცევდნენ, მაგრამ "ტორპედოს" წევრები დიდ პატივში ჰყავდათ და წელიწადში 2 მანქანას აძლევდნენ. ერთ დღეს, ფილარმონიაში დარეკეს: "ტორპედოელებმა" წარმატებას მიაღწიეს და "ფაზისმა" კონცერტი ჩაუტაროსო. გავაპროტესტე: ჯერ მე შემეკითხეთ, კონცერტს ვატარებ თუ არა-მეთქი? მიზეზიც დავასახელე. ქალაქკომში დიდი ამბავი ატყდა. დამიბარეს, რა პრეტენზიები გაქვსო? - არ გვაფასებთ და ასე არაფერი გამოვა. სულ 3500 კონცერტამდე გვაქვს ჩატარებული, წელიწადში 200 გეგმური ღონისძიება მაქვს-მეთქი. ეს საკითხი სხდომაზე გაიტანეს, მერე დამიბარეს და რა გნებავთ, დამსახურებული არტისტის წოდება თუ მანქანაო? იმ წუთში ეს კითხვა მოულოდნელი იყო. დავფიქრდი, მანქანა რომ მოვითხოვო, დამსახურებული არტისტის წოდებას არ მომცემენ და დამსახურება რომ მივიღო, მანქანაზე უარი უნდა ვთქვა-მეთქი. ბოლოს მაინც მანქანა დავასახელე. 1 კვირაში ავტომობილი მაჩუქეს. ცხადია, გამიხარდა. მერე ჩემი ანსამბლის მუსიკალური ხელმძღვანელის, ვაჟა აქუბარდიასთვის ბინა გამოვაყოფინე. ცოტა ხნის შემდეგ, ქალაქკომში განცხადება დავწერე დამსახურებული არტისტის წოდებაზე. - რა ხდება, მანქანა ახლახან ხომ გაჩუქეთო? - მერე, რატომ მაჩუქეთ-მეთქი? - რატომ და დაიმსახურეო. - თუ დავიმსახურე, ამ წოდებას რატომღა არ მაძლევთ-მეთქი და მაშინ შემოიკრეს თავში ხელი, ამან როგორ მოგვატყუაო (იღიმის). მოკლედ, ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა. საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, კონცერტები მოგვიხსნეს. არადა, ლამის 5 წლის პროგრამა გვქონდა გაწერილი.

იობაშვილი, იობიძე და ბლიაძე...

- ვინც რუსული იცის, დამეთანხმება, რომ თარგმანში ჩემი გვარის თქმა უხერხულია. უცხოეთში გასტროლზე თითქმის ყოველთვის, მოსკოვის გავლით მივდიოდით. ერთხელაც, ისე მოხდა, სასტუმროს საკითხი მოგვარებული არ იყო, ამიტომ მოსკოვიდან 2 საათის სავალზე სხვა ქალაქში გადავედით. იქ სასტუმროს ადმინისტრაცია გაფრთხილებული ჰყავდათ, მსახიობები მოდიან და ყურადღება მიაქციეთო. ადგილზე შაუაღამეს მივაღწიეთ. ადმინისტრატორმა გაითვალისწინა, რომ ძალიან დაღლილები ვიყავით და შემომთავაზა, - მსახიობები ნომრებში ავიდნენ, თქვენ გვარები მიკარნახეთ და პასპორტები დილით ჩამომიტანეთო. ყველა მსახიობი თავის ნომერში შევუშვით. რადგან ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი, გვარებს მე ვაწერინებდი. ბოლოს 2 მუშასთან ერთად დავრჩი. ერთ-ერთი ადმინისტრატორთან მივიდა. ჰკითხრა, - თქვენი გვარი? - იობიძე. - იყო პასუხი. როგორც ჩანს, ეს გვარი ყურში ცუდად მოხვდა და შემომხედა: - ასე დავწეროო? - დიახ-მეთქი. შემდეგი ბლიაძე იყო და ამ ქალმა კიდევ შემომხედა. შევამჩნიე, უკვე აღარ იღიმის, გაბრაზებული მეკითხება, - ასე დავწერო? ბოლოს ეს ბლიაძეც რომ დავაბინავე და ჯერი ჩემზე მიდგა, იობაშვილის გაგონებისას სულ გაგიჟდა, კალამი ხელიდან გააგდო და გაიქცა, ცოტა ხანში კი სასტუმროს დირექტორთან ერთად მოვიდა, - ხულიგნები არიან ჩამოსულებიო. მე კი ვამტკიცებდი, რომ ხულიგნები კი არა, მსახიობები ვიყავით.

- ვერ მიხვდით, ადმინისტრატორი რამ გააბრაზა?

GzaPress- მოგვიანებით მივხვდი. გვართან დაკავშირებით კურიოზი მანამდეც არაერთხელ მქონია და ბოლოს ისე "გავნაგლდი", აფიშაზე ბესო იობაშვილის ნაცვლად ბესიკ გაბაშვილს ვაწერდი... მოკლედ, დირექტორი უხეშად გველაპარაკა. ბოლოს ნახა ჩვენი პასპორტები და დარწმუნდა, რომ ნამდვილად იობიძე, ბლიაძე და იობაშვილი ვიყავით. ადმინისტრატორს გაბრაზებულმა ვუთხარი: რა მოხდა, მთელი სასტუმრო რომ შეგვიყარე, ჩვენს ანსამბლში კიდევ 2 წევრია, გელხვიიძე და იებანოიძე. კიდევ კარგი, ისინი არ წამოვიყვანეთ, თორემ დაჭერას ვერ გადავურჩებოდით-მეთქი. ადმინისტრატორი გაკვირვებული მიყურებდა. ბოლოს ვუთხარი: თქვენთანაც არის ცუდი გვარები, მაგრამ ჩვენ ამის გამო ადამიანებს არ ვერჩით-მეთქი და მაგალითად ფეხბურთელი ანატოლი ბიშოვეცი მოვიყვანე. ეგ რას ნიშნავსო? - ზუსტად იმას, რასაც ჩემი გვარი თქვენს ენაზე-მეთქი. უნდა გენახათ, მეორე დღეს სასტუმროში რა ხდებოდა, ქალები გვეძებდნენ: იობაშვილი, ბლიაძე და იობიძე სად არიანო?

ნეკროლოგი

- 90-იან წლებში, იმ საყოველთაო გაჭირვების პერიოდში ტელეკომპანია "რიონის" შემოსავლის წყარო ე.წ. ნეკროლოგები იყო და ყოველი საღამოს 1 საათი ნეკროლოგებს ეთმობოდა. გამოცხადების ღირებულება 10 ლარი იყო. ერთ დღეს ქუთაისი კოლორიტი - ტუა სულაბერიძე სამსახურიდან სახლში დაბრუნდა და ტელევიზორი ჩართო, საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა. საინფორმაციოს დასრულების შემდეგ მთელი საათი სულ მიცვალებულებზე ლაპარაკობდნენ. იფიქრა, როგორც ჩანს, დღეს მიცვალებულების დღეაო და ტელევიზორი გამორთო (მაშინ ნეკროლოგების კითხვის ტენდენცია ახალი დაწყებული იყო და ყველამ არ იცოდა). მეორე და მესამე დღესაც იგივე გამეორდა. გაოგნდა კაცი და შვილს გასძახა; ჯაბა, მიდი ერთი, ანტენას შეხედე, სასაფლაოსკენ ხომ არ არის მიბრუნებულიო.

ცოლისა და საყვარლის ოინი

- რაულ კვიცარიძე ჩემი მეგობარი იყო. მან და ნივრა ასათიანმა
ოჯახი სიყვარულით შექმნეს. კაცის ბუნება მოგეხსენებათ და ამ რაულიმ ერთი გოგო გაიცნო, ცელქობა მოინდომა. ეფანცქვალება, ერთ ამბავშია და ზუსტად იმ პერიოდში ნივრამ უთხრა, - ჩემს დასთან, თბილისში 2 დღით წავალო. რაულს გაუხარდა, გავარდა, მატარებლის ბილეთი თავად უყიდა, მერე გააცილა, ჩასვა მატარებელში და დედაქალაქისკენ გამოუშვა. ნივრა ფიქრობდა, ეს კაცი როგორი მზრუნველი გახდაო. მეორე დღეს ახალგაცნობილი გოგო ნახა რაულმა და შინ მიიპატიჟა, - ჩემი მეუღლე თბილისში წავიდა, სახლში მარტო ვარ და შემიძლია, ეს პერიოდი შენთან ერთად გავატაროო. მოკლედ, საყვარელი სახლში მიიყვანა, დატოვა და თავად მაღაზიაში, ღვინის საყიდლად გავიდა. ნივრას და დასასვენებლად ყოფილა წასული და იძულებული გახდა, უკან მობრუნებულიყო. სახლში იმ დროს მივიდა, როცა რაული ღვინის მოსატანად იყო გასული. ზარის ხმა რომ გაისმა, იმ გოგოს ეგონა, რაული მოვიდაო და კარი გაუღო. ნივრას მის ხალათში გამოწყობილი უცხო ქალი დახვდა. ვინ ხარ? - ჰკითხა. მე რაულის ბიძაშვილი ვარო. ნივრა მიხვდა, საქმე რაშიც იყო და რაულიზე შურისძიება გადაწყვიტა. ეს გოგო დაარიგა: ახლა როგორც მე გეტყვი, ისე მოიქცევი, თორემ მე ვიცი, რა დღესაც დაგაყენებო. რაული სახლში გახარებული დაბრუნდა; ერთი სული აქვს, საყვარელთან ერთად როდის განმარტოვდება და კარი მეუღლემ მშვიდი სახით გაუღო. გაოცდა. იცის, სახლში საყვარელი ჰყავს დატოვებული და ვერც მეუღლეს ჰკითხა რამე, გაოგნებული დგას. ნივრამ უთხრა: კი, მაგრამ ღვინო რომ ამოიტანე, ჩემთვის ლიმონათი რატომ არ იყიდეო? - წავალ, ახლავე წავალ და ამოვიტანო, - უკან გაბრუნდა რაული. ვერ გაერკვა, რა ხდება და ფიქრისთვის დრო სჭირდებოდა. იყიდა ლიმონათი, მივიდა სახლში და კარი საყვარელმა გაუღო - სულ გადაირია. სახლში დამუნჯებული შევიდა. ბოლოს მოიფიქრა, სიგარეტის ყიდვა დამავიწყდა, წავალ, ამოვიტანო. გზად მეზობელი შეხვედრია და მისალმებია, მერე უთქვამს: დღეს გვერდით სამჯერ ჩამიარე და არ მომესალმე, ხომ კარგად ხარო? მიბრუნდა სახლში და კარი ცოლმა გაუღო, მერე კი სუფრა გაშალა. შესთავაზა, - მიდი, ხელები დაიბანე, მეც მშია და ერთად ვივახშმოთო. ნივრა სამზარეულოში რომ გავიდა, სიცილის ხმა შემოესმა და ქმარს ჰკითხა: რაული, ხომ კარგად ხარო? - ვერა ვარ მგონი კარგადო, - უთქვამს და აბაზანიდან გამოსულს ნივრას ნაცლად, მაგიდასთან ახლა საყვარელი დახვდა. კაცი ლამის ჭკუიდან შეიშალა და ამ დაძაბულობის ფონზე, ისტერიული სიცილი აუტყდა. ნივრას შეშინებია და "სასწრაფო" გამოუძახებია. ცუდად რომ გახდა, ნივრა თავზე დაადგა, - რა დაგემართაო? რაულიმ თვალი რომ გაახილა და ორივე ქალი ერთად დაინახა, ეს კულმინაცია გახლდათ. ექიმს უთქვამს, - ადვილი შესაძლებელი იყო, ეს ადამიანი ჭკუიდან გადასულიყო, ასეთი ხუმრობა როგორ შეიძლებაო?! ასე მხიარულად დასრულდა რაულისა და მისი საყვარლის თავგადასავალი. ამ ამბის შემდეგ მთელმა ქუთაისმა იცოდა, რომ რაული ცოლის გარეშე არსად მიდიოდა და პირველად ყოველთვის ნივრას ადღეგრძელებდა. ჩვენ მეგობრები კი ამ ქალბატონს დღემდე დიდ პატივს ვცემთ. ძალიან კარგი პიროვნებაა, ჩვენი საძმაკაცოსთვის სათაყვანებელი ადამიანი.
GzaPress
ზარმაცი ძაღლი და "მონადირული" თავგადასავალი

- ჩემი მეგობარი გია წკეპლაძე ძალიან კარგი მონადირეა. ერთ-ერთი ნადირობის წინ ძაღლი გარდაეცვალა და ძალიან ინერვიულა... მერე მეზობელთან მივიდა და უთხრა, შენი მაძებარი მათხოვე, სანადიროდ წავიყვანო. პასუხად უარი მიიღო, - შენ ამას რას მოუვლი, განსაკუთრებულ კვებაზე მყავსო. გია ნადირობისა და ძაღლების ფანია. წავიდა მაღაზიაში, 50 ლარის ძეხვი და სოსისი მოუტანა. მოკლედ, ამ ძაღლს აჭმევს, რომ მიიჩვიოს, დიდ პატივისცემაში ჰყავს. ქუთაისთან ახლოს არის ოღასკურის ტყე, იქვე პატარა ტბაა. დეკემბრის თვეა, ცივა. გია ძაღლთან ერთად ამ ტყეში სანადიროდ წავიდა. ერთ ადგილზე ჩასაფრებული დგას და ფრინველების გადმოფრენას ელოდება. გამოჩნდა იხვების გუნდი, გიამ თოფი მოიმარჯვა, ესროლა და იხვი ტბაში ჩავარდა. ძაღლს შემოუძახა, - მიდი, გაიქეცი, მოიტანეო!!! ძაღლი გაიქცა, ტბის ნაპირთან მივიდა, წყალში ფეხი ჩაყო, როგორც ჩანს, შესცივდა და უკან გამობრუნდა. მიუხედავად შეგულიანებისა, ძაღლი ტბაში ცოცხალი თავით არ შევიდა. გია იხვს ხომ არ დაკარგავდა? სხვა გზა არ ჰქონდა, წყალში შევიდა და ნანადირევი გამოიტანა. მერე ნაპირზე ცეცხლი დაანათო და ძაღლი გასათბობად პირველი მივიდა. მოკლედ იმ ძაღლმა ძალიან გააბრაზა და ამიტომ, მანქანით აღარ წამოუყვანია, ბუქსირზე გამოუბია და ფეხით უტარებია, პატრონისთვის კი ძეხვებსა და სოსისებში დახარჯული 50 ლარიც გამოურთმევია: ასე გეკუთვნის, ამ ძაღლს რომ აქებდიო. გიას ნადირობის ამბავზე მთელი ქუთაისი იცინოდა.

ერთი დღე მიცვალებულის ყარაულად

- ჩემი მეგობრებიდან ზოგიერთი ნადირობის მოყვარულია. ერთხელ სწორედ მათ საზოგადოებაში მოვხვდი. ამბებს ჰყვებიან, ყური რას აღარ გაიგონებს. მსახიობი ვარ და ერთი-ორი ამბავი მეც მოვიგონე, არა, რა მინდოდა, რა მრჯიდა, ხელში თოფიც კი არასდროს მჭერია, მხოლოდ ახალ წელს თუ გავისროდი ხოლმე. ვიფიქრე, თქვენზე ნაკლები რით ვარ-მეთქი და მოვყევი "ჩემი ნადირობის ამბები" და მწყერი, ძერა ისეთ ადგილებზე "მოვკალი", სადაც თურმე, საერთოდ არ არსებობს. მისმენენ და ხვდებიან, რომ ნადირობის გაგებაში არ ვარ. ერთ-ერთმა შემომთავაზა, ხვალ სანდიროდ მივდივართ და ბარემ, ჩვენთან ერთად წამოდიო. ეს პროცესი მაინტერესებდა და დავთანხმდი. მთელი სამეზობლო შემოვიარე, ზოგს თოფი გამოვართვი, ზოგს - ტყვია-წამალი და ისე შევიარაღდი, ბევრ პროფესიონალ მონადირეს შეშურდებოდა. მეგობრის სახლში შევიკრიბეთ, ცოტა ვიქეიფეთ. სახლი ტყის ნაპირზე დგას. შუაღამისას გავედით ტყეში, გარიჟრაჟზე ფრინველებს გადაფრენა რომ არ მოესწროთ. იქვე მოშორებით სასაფლაოა. ბიჭებმა თქვეს, - გადავნაწილდეთო. მითხრეს, შენ აქ დადექი, მე მარჯვნივ წავალო, მე - მარცხნივო და მოკლედ, ფრინველები რომ გადმოიფრენენ, ყველა მხარეს ჩასაფრებულები ვიქნებითო. ღამის სამი საათია, დავრჩი მარტო, ვიღაცის საფლავთან საპატიო ყარაულივით. იქვე ქვა იყო და ჩამოვჯექი. გავიდა 1 საათი, 2 საათი, 3 საათი... ფრინველებს კი არა, კოღოსაც არ გადმოუფრენია. მოვიწყინე, თან საკუთარ თავზე ვბრაზობ, - რა გინდოდა, სად მოდიოდი, რომელი მონადირე შენ ხარ-მეთქი? ამასობაში, ირიჟრაჟა კიდეც. რამდენჯერმე დავიყვირე, მაგრამ არავინ შემეხმიანა. ვიფიქრე, ტყეში ღრმად არიან შესულები და ჩემი ხმა არ ესმით-მეთქი. გათენდა და ჩემი მოთმინების ფიალაც აივსო. დაკავებული პოსტი მივატოვე, მაგრამ ჩემი ძებნა რომ არ დაეწყოთ, მეგობრის სახლში შევიარე. ლუბა დეიდას შევძახე, - ბიჭები რომ მოვლენ უთხარით, მე სახლში წავედი-მეთქი. გაუკვირდა: ბესო, რას ამბობ, ბიჭები საიდან უნდა მოვიდნენო? - როგორ საიდან, წუხელ სანადიროდ ხომ წავედით-მეთქი? - დედა, თქვენ რომ წახვედით, ეგენი უკან ნახევარ საათში მოვიდნენ და მთელი ღამე იქეიფესო. ამის გაგონება მინდოდა? ესენი ქეიფობდნენ, მე მკვდარს ვდარაჯობდი. გავისროლე თოფი და მთელი სამეზობლო შეიკრიბა. მერე საკუთარ თავზე მეც ვიცინე. ღირსი ვიყავი, რომ ასე დამსაჯეს. სამაგიეროდ, ახლა ვიცი, რომ სანადიროდ არასდროს წავალ, ეგ ჩემი საქმე არ არის.

ქათმები 20-კაპიკიანებით

- ომარ ქელბაქიანი დაფნარში მეფრინველეობის საწარმოს დირექტორი იყო. ისე მოხდა, რომ ერთმანეთი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ვნახეთ. ერთ დღეს ქუჩაში შემხვდა და გადავკოცნეთ, მოვიკითხეთ ერთმანეთი. - როგორ ხარ? 5 წელი მაინც იქნება, რაც აღარ მინახავხარ-მეთქი. - შენ ხომ იცი, წყალტუბოში მეფრინველეობის საწარმო რომ იყო (მე რა ვკითხე და მან რა მიპასუხა), იმას საგადასახადო დაადგა. ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ, მაგრამ მიზეზს ეძებდნენ და ბოლოს ჰკითხეს, ქათმებს რით ჰკვებავთო? იმათ უთქვამთ, ხორბალს ვუყრითო. გადარეულან, ხორბალს როგორ აჭმევთ, ქვეყანას ხორბლის შემოტანა ისედაც ძვირი უჯდებაო და ამის გამო ყველა უფროსი გაათავისუფლეს. მერე ეს კომისია ხონში წავიდა. ვიდრე ჩავიდოდნენ, წყალტუბოდან იქ მყოფ კოლეგებს დაურეკეს და გააფრთხილეს, - არ ახსენოთ, ხორბალს თუ აჭმევთო. ხონში მისული საგადასახადოსთვის საწარმოს ხელმძღვანელობას უთქვამს, ჩვენ ზოგიერთებივით ხორბალს ხომ არ ვაჭმევთ? ქათმებს სიმინდით ვკვებავთო. - სიმინდს როგორ აჭმევთ, ქვეყანაში ხორბალი რომ გამოილიოს, ხალხმა სიმინდით უნდა გაიტანოს თავი და თქვენ ქათმებს როგორ აჭმევთო? - გადარეულან. მოკლედ, ხონშიც მოუხსნიათ ხელმძღვანელობა და ახლა მე მირეკავენ, - ჩვენთან საგადასახადო იყო მოსული, ასე დაგვემართა და აბა, შენ იცი, რომ მოვლენ რამე "ისეთი" უთხარი, არ დაიბნე, ხორბალი და სიმინდი არ ახსენოო. დაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი, გაიღო კარი და საგადასახადოს ხალხი შემოვიდა. იქაურობა ისე მქონდა მიწკრიალებული, ენა რომ აგესვა, სკლინტი არ აგყვებოდა, შემოწმების არ მეშინოდა. მართლაც, ყველაფერი მოიწონეს და ბოლოს მკითხეს. - თქვენ ქათმებს რას აჭმევთო? - ჩვენთან ქათამს დღეში 20 კაპიკის საკვები ეკუთვნის. ყოველ დილით ბუღალტერი მოდის, 20-20 კაპიკს აძლევს, მიდიან და რას ყიდულობენ, მე რა ვიცი-მეთქი?.. პაუზის შემდეგ მკითხა, - შენ რა მკითხეო? - ეს 5 წელი სად დაიკარგე-მეთქი? - ეგ 5 წელი ხონში რომ მესამე ზონაა, იქ გავატარეო. თურმე, დაუჭერიათ და მე არაფერი ვიცოდი.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
30.05.2015
Udzvirpasesi xalxi xart,nagdi koloritebi tqven shemogevlet!!!!!!!
qutaislebooooooooo
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
პრობლემის მარეგულირებელი მაწანწალა ძაღლები დაბინძურებულ ქალაქში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2161 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი