"ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში"... - გზაპრესი

"ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში"...

ახლა სიმართლე გითხრათ, თითქმის აღარ მახსოვს მისი შინაარსი, მაგრამ ვიცი, რისი თქმა სურდა ავტორს და ვცდილობ, არ დავივიწყო: როცა პატარა ხარ და საკუთარი თავის დაცვა არ შეგიძლია, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ადამიანებს შეგახვედრებს ბედისწერა და ვინ იქნებიან შენი მასწავლებლები. მიუხედავად იმისა, როგორ პირობებში გიწევს ცხოვრება, ყველგან უნდა შეძლო სიკეთის ამოცნობა, დანახვა და შესისხლხორცება...

მთავარი მაინც ის არის, რამაც ახლა ის გაცრეცილყდიანი წიგნი გამახსენა, რომელიც არც კი ვიცი, როდის დავკარგე...

საღამოობით, როცა საოცრად დაღლილი გამოვდივარ ქუჩაში, იმის ნაცვლად, რომ ტრანსპორტში ასვლა ვიჩქარო და რაც შეიძლება მალე დავბრუნდე შინ, ფეხით მივუყვები გზას - რატომღაც, ასე უფრო კარგად ვისვენებ და ვიკრებ ძალას. დავუყვები მშობლიური ქალაქის ქუჩებს და რაზე აღარ ვფიქრობ. უფრო ხშირად კი ადამიანებს ვათვალიერებ და თითქმის ყოველთვის ვპოულობ ერთი შეხედვით ერთფეროვან მასაში საინტერსო სახეებს, რომლებიც იმ ჩანაწერების გმირებად იქცევიან ხოლმე, ჟურნალის ფურცლებიდან ჩემს საყვარელ მკითხველსაც რომ ვაცნობ მოგვიანებით და მიხარია, როცა მათ მაგალითზე ყველანი ერთად ვსწავლობთ რაღაც ისეთ მნიშვნელოვანს, ჩვენს სიცოცხლესა და ადამიანობას გამართლებას რომ მოუძებნის...

ორიოდე დღის წინ ექვსი-შვიდი წლის გოგომ მიიპყრო ჩემი ყურადღება. იჯდა ქუჩის ჭუჭყში, ტროტუარის კიდეზე. ხელში გახდილი ფეხსაცმელი ეჭირა, რომელსაც ზონარი აწყვეტოდა და ალბათ, სიარული ვეღარ შეძლო. დანანებით დასცქეროდა ძველ, აშკარად სხვის გამონაცვალ, გაცვეთილ სანდალს, რომლის ტარება ნამდვილად ნაადრევი იყო ამ სეზონზე, მაგრამ არჩევანიც არ ჰქონდა ალბათ დიდი. მომუშტული მარჯვენათი ცრემლებს იწმენდდა და ხმამაღლა ტიროდა. გეგონებოდა, ხელში ძველი ფეხსაცმელი კი არა, მკვდარი ჩიტი ან საყვარელი ლეკვი ეჭირა და მას დასტიროდა...

ძნელი იყო გოგონა ვერ შეგემჩნია, მაგრამ იმდენმა ადამიანმა ჩაუარა გულგრილად, რაღაცის შემრცხვა...

მერე რა, რომ აშკარად, ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც სამათხოვროდაა გამოსული და დილიდან საღამომდე გამაღიზინებლად გვებლანდება ფეხებში, უამრავ თავისნაირთან ერთად? ის ჯერ კიდევ შემორჩენილ სინდისზე ცდილობს ზეგავლენის მოხდენას და გაიძულებს, შენი შვილების ისედაც მწირი ლუკმა გაუყო, რადგან თუ ასე არ მოიქცევი, დიდხანს გემახსოვრება მისი უძიროდ ლურჯი თვალების არაბავშვური სევდა, ზედმეტად ფერმკრთალი პირისახე (ჭუჭყის სქელი ფენაც რომ ვერ ფარავს) და გულისმომკვლელი სიგამხდრე...

შევჩერდი, რომ დამემშვიდებინა. ორი ნაბიჯით მიმასწრო მასთან ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც გვერდით მტირალი გოგონას ტოლი ბავშვი ედგა. დაიხარა, ნიკაპში მოჰკიდა ორი თითი და თავი ააწევინა:

- ფეხსაცმლის გამო ტირი?! - დაუყვავა ისეთი ტკბილი ხმით, მხოლოდ დედებს რომ აქვთ.

გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და უფრო გული ამოუჯდა.

ცელოფანის პარკიდან საცეკვაო უძირო ჩუსტები ამოიღო და შვილს გაუწოდა:

- ნინუცა, გაიხადე ფეხზე და ესენი ჩაიცვი. სახლამდე თითქმის მივედით, შენი ფეხსაცმელი კი ამ კარგ გოგოს ვაჩუქოთ, რომ არ იტიროს...

შვილმა დედას დაუჯერა და მაშინვე წაიძრო ფეხსაცმელები, გოგონას დაუნანებლად გაუწოდა. დედამისი კი ჩაცმაში მიეხმარა და... ბედნიერმა გადაიკისკისა...

პატარა უკვე აღარ ტიროდა. გაოცებული დაჰყურებდა "ახალ ფეხსაცმელებს" და ძველებს მაინც ვერ იმეტებდა გადასაყრელად. მერე უცებ მოსწყდა ადგილს და ისე გაიქცა, არც მადლობა უთქვამს, არც სიხარული გამოუხატავს... ძალიან მეტკინა გული.

- მე გიხდით მადლობას ამ პატარას ნაცვლად! - ვუთხარი ახალგაზრდა ქალს, რომელმაც განწყობა არ გაიფუჭა და გაღიმებულმა მიპასუხა:

- ჯერ ძალიან პატარაა... გაიზრდება და ისწავლის ბევრ რამეს. რაც მთავარია, ბევრი კარგი მაგალითი უნდა დაინახოს ამ ქუჩებში და ქვეყანაში, რომელიც ასეთი უზარმაზარია მისთვის...

- ჟურნალისტი ვარ და თქვენზე მინდა დავწერო...

- რას ამბობთ! - უარის ნიშნად თავი გადააქნია: - რომელი გმირი მნახეთ? უბრალოდ, დედა ვარ, რომელმაც ატირებულ ბავშვს გულგრილად ვერ ჩაუარა...

...უბრალო კი არა, ნამდვილი დედა იყო, რომელსაც ძალიან ბევრი შვილი უნდა ჰყავდეს, რადგან კარგებს გაზრდის, უეჭველია. მე კი იმათ გასაგონად უფრო ვწერ ახლა ამ ყველაფერზე, ვინაც გულგრილად ჩაუარა გვერდი იმ დღეს ატირებულ პატარას და სრულიად საქართველოსთვის - ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ლამაზი სამშობლოს ქუჩებში მშიერი, ატირებული და ხელგაწვდილი პატარები არ დადიოდნენ - ასე "ძალიან პატარები დიდ ქვეყანაში".

ინგა ჯაყელი