ქუჩაში სამღერად გამოსული ახალგაზრდები - გზაპრესი

ქუჩაში სამღერად გამოსული ახალგაზრდები

თავდაპირველად ხალხი მათ ეხმარებოდა, რადგან გაკვირვებულები გონს მოსვლას ვერ ასწრებდნენ და ეგონათ, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს რაღაც გასაჭირი ადგათ, - სხვაგვარად აბა, ფულს როგორ ითხოვენ ქუჩაშიო? მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ახალგაზრდები ამით თან ერთობოდნენ, თან ფულს აგროვებდნენ, რომელსაც მერე სასმელში, სიგარეტსა თუ სხვა "გასართობში" ხარჯავდნენ. ახლა ასეთ "ნაგლებს" იშვიათად გადააწყდებით, სამაგიეროდ, ცენტრალურ ქუჩებში მომრავლდა გიტარით, დოლითა და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტებით შეიარაღებული ახალგაზრდების რიცხვი; ისინი ყოველი ფეხის ნაბიჯზე დგანან. ზოგი თავდავიწყებით მღერის და უკრავს, ზოგი - ნაძალადევად, მათი რომელიმე მეგობარი კი იქვე, ქუდით ხელში დგას, გამვლელებს ღიმილითა და სიტყვებით: "იქნებ ხურდა დაგვიმატოთ" - ეგებება. ეს ახალი ტენდენციაა და როგორც ჩანს, სარფიანიც, რადგან ახალგაზრდებმა უკვე ქუჩებში "თავიანთი ადგილებიც" დაისაკუთრეს.

"ყოფილა შემთხვევა, როცა 50 ლარზე მეტი შეგვიგროვებია"

მარი, 19 წლის:

- სტუდენტი ვარ. აქ მეგობრებთან ერთად, ხშირად მოვდივარ. ვინაიდან სიმღერა და დაკვრა არ შემიძლია, სხვა საქმე გამომინახეს და გამვლელებს ვთხოვ, ნიჭიერ ახალგაზრდებს შრომა დაუფასონ, ზედმეტი ხურდა ფული გაიმეტონ ახალი თაობისთვის.

- შენი აზრით, "ზედმეტი" ფული ვინმეს აქვს?

- ზედმეტი ხურდა იმდენ თანხას ნიშნავს, რამდენითაც გამოსადეგარს ვერაფერს იყიდი და რომელიც გასაცემად არ დაგენანება; მე კი, თუ ამ ხურდა ფულს რამდენიმე თეთრს დავუმატებ, რაღაც გამოვა.

- მერე, შენი დაკვირვებით, ბევრ გამვლელს აქვს ჯიბეში ეს ზედმეტი ხურდა ფული?

- კი, აქვთ. ბევრი გვეხმარება: ზოგი იმიტომ, რომ არ უნდა, ახალგაზრდებს "გაგვიტეხოს", ზოგს მართლა ზედმეტი ფული აქვს და იმიტომ, ზოგსაც უბრალოდ "უტყდება" უარის თქმა და ა.შ. ათასნაირი კატეგორიის ადამიანს შეხვდები ქუჩაში, მაგრამ განსაკუთრებით გულკეთილები საღამოს არიან - ამ დროს ხომ მამაკაცების უმეტესობა ქუჩაში ნასვამი გამოდის და ხელგაშლილებიც გახლავან. იყო რამდენიმე ისეთი შემთხვევა, როცა მუსიკა შეგვიკვეთეს. სურვილს ყველას ვუსრულებთ, განურჩევლად იმისა, კარგი სიმღერის შესრულებას გვთხოვენ თუ გოიმურისას. მუსიკოსები დამკვეთის გემოვნებას უნდა მოერგონ, ბოლოს და ბოლოს, ეს მათთვისვე სასიკეთო იქნება.

- შენ და შენი მეგობრები დღეში დაახლოებით რამდენი ლარის შეგროვებას ახერხებთ?

- გააჩნია დღეს, ამინდს, ხალხის განწყობილებას, პოლიტიკურ მდგომარეობას (იცინის). ყოფილა შემთხვევა, როცა 50 ლარზე მეტი შეგვიგროვებია, ზოგჯერ კი 10 ლარსაც ვერ ვშოულობთ.

- ამ ფულს ერთად ხარჯავთ თუUინაწილებთ?

- ერთად ვხარჯავთ, ცხადია! ერთხელ იცით, ქველმოქმედებაშიც დავხარჯეთ დღის განმავლობაში შეგროვებული ფული და ამით ძალიან ამაყები ვიყავით!

- ვის დაეხმარეთ?

- ერთ მოწყალების მთხოვნელ ბავშვს დავეხმარეთ, რომელსაც თურმე, დედა გარდაეცვალა, მამა უნარშეზღუდულია და პატარა იძულებული იყო, ემათხოვრა, რათა ის და მამამისი შიმშილისგან არ მომკვდარიყვნენ. სამწუხაროდ, არ ვიცი, სად ცხოვრობს და მას მერე ქუჩაშიც არ შემხვედრია, თორემ კიდევ ერთხელ, სიამოვნებით დავეხმარებოდი.

- დაბოლოს, ფულის შოვნის ეს გზა რატომ აირჩიეთ?

- იმიტომ, რომ ჩვენს მშობლებს ჯიბე ფულით გამოტენილი არ აქვთ, რომ შვილების ყველა სურვილი აასრულონ. ჰოდა, ფული რომ არ გვქონდა, იძულებული გავხდით, როგორმე გვეშოვა. მოგეხსენებათ, ჯიბეში ლარიც თუ არ გიგდია, ქუჩაში გასვლა დიდი სისულელეა - სხვებს უნდა უყურო და ნერწვები ყლაპო. ჰოდა, სხვა გზა რომ არ გვქონდა, სხვებს მივბაძეთ, სამეგობროში რამდენიმე ისეთი ბიჭია, ვინც კარგად მღერის, უკრავს და ფულის გამომუშავებაც შევძელით. ჩვენს მომღერლებს "უსმენოები" ისე ვეხმარებით, როგორც შეგვიძლია და ისინიც ძმურად გვინაწილებენ შეგროვებულ თანხას, რისთვისაც მათი მადლიერები ვართ. ჩვენ ერთად კარგი გუნდი ვართ.

"ზოგჯერ თეთრიანებსაც მიყრიან"

სერგი, 19 წლის:

- ქუჩის მუსიკოსი ახლახან გავხდი. შეყვარებული ვარ, მაგრამ საყვარელ ადამიანთან შეხვედრას გავურბოდი ხოლმე, რადგან იმის ფულიც არ მედო ჯიბეში, ყავაზე რომ დამეპატიჟებინა, არადა, მთელი დღე ქუჩაში ხომ არ ვიხეტიალებდით შეუსვენებლად (ასე დღეს არავინ იქცევა)? ჰოდა, ბევრ ადგილას ვცადე მუშაობის დაწყება და ბოლოს, ანიმატორად დამასაქმეს. სამწუხაროდ, სამუშაო რეჟიმი ხშირად, უნივერსიტეტში ლექციის გაცდენას მავალდებულებდა და იძულებული გავხდი, ეს საქმე მიმეტოვებინა. მერე ჩემი ძველი გიტარა გამახსენდა, ქუჩაში გამოვედი და... პირველსავე დღეს ძალიან გამიმართლა: კარგად მახსოვს, 1 საათში 15 ლარი და 95 თეთრი შევაგროვე. გაგეცინებათ, მაგრამ ვიღაცებმა ერთთეთრიანებიც ჩამიყარეს) ამისთვისაც მადლობელი ვარ - ერთ-ერთ მაღაზიაში გადავახურდავე და 15 თეთრი ავიღე (იღიმის)... მოკლედ, იმ დღის შემდეგ გამიტაცა ამ საქმემ და დღე არ გავა, ფულის შოვნაზე რომ არ ვიზრუნო, მერე კი საყვარელ ადამიანს თამამად ვეპატიჟები პაემანზე.

- როგორ ფიქრობ, გიტარაზე დაკვრა რომ იცი, გაგიმართლა?

- აბა, რა, დაკვრა რომ არ მცოდნოდა და გიტარაც არ მქონოდა, ფულს ქუჩაში უქმად დგომაში ვინ მომცემდა? ხალხს ჩემი დაკრული და ნამღერი თუ მოსწონს, ძალიან მიხარია. იმედია, მომავალში რომელიმე სახალხო პროექტში მივიღებ მონაწილეობას მას შემდეგ, რაც საამისოდ მომზადებას შევძლებ.

- შენმა შეყვარებულმა იცის, მის გამო ქუჩაში დგომა რომ გიწევს?

- არა, არ იცის, ამას მის გამო რომ ვაკეთებ. უბრალოდ, ვუთხარი, მუსიკა ისე მიყვარს, ხანდახან ქუჩაში ვუკრავ და თვალს თუ მომკრავ, არ გაგიკვირდეს-მეთქი. "მიტყდება" იმის თქმა, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ფულის გამო დავიწყე და არა იმიტომ, რომ მუსიკა ძალიან მიყვარს. იმედია, როცა სიმართლეს გაიგებს (მაშინ უკვე ჩემი ცოლი იქნება, სავარაუდოდ), შეძლებს გამიგოს და ამის გამო არ გამებუტება.

მოდური დახეული კოლჰოტი

ზეინო, 18 წლის:

GzaPress- მე აქ მეგობრებთან ერთად მოვდივარ. ადგილს ხშირად ვიცვლით. არ გვინდა, სულ ერთსა და იმავე ხალხს შევეჩხიროთ თვალში. მიხარია, რომ ქართველებს შეუძლიათ ადამიანების დახმარება. შეიძლება, სახლში პური არ წაიღონ, მაგრამ თუ ითხოვ, დაგეხმარებიან.

- განსხვავებული იმიჯი გაქვს: დახეული კოლჰოტი, წითელი თმა, პირსინგი... ეს არ იწვევს ხალხის გაღიზიანებას?

- ძირითადად, კაცები მიყურებენ ძალიან უცნაურად. ერთმა ისიც კი მითხრა, - პატრონი არ გყავსო? ახალგაზრდები და ქალები კი შეგუებული არიან ქუჩაში უცნაური იმიჯის მქონე ადამიანების ნახვას და ყურადღებას იშვიათად მაქცევენ. აუ, უნდა გაცინოთ: ერთმა ქალმა მითხრა, - ვაიმე, შვილო, კოლჰოტები როგორ დაგხევია, შენ მოგიკვდი. რა მოხდა, წაიქეციო? თავი ვერ შევიკავე და მაგრად გამეცინა. ეტყობა, ეწყინა და გაბუტული გამშორდა. მერე დავედევნე და ბოდიში მოვუხადე. ვუთხარი, - ეს მოდაშია-მეთქი და ლამის გადაირია: მოდა? ასე მგონია, კოლჰოტს თვალი შემთხვევით რომ წაუვა, ქუჩაში ყველა მე მიყურებს და ასეთ დროს სირცხვილისგან სად დავიმალო, არ ვიცი, შენ კი თურმე, სპეციალურად დაგიხევია. როგორ შეიძლება, დახეული სამოსი იყოს მოდაში? ეს რა უბედურებაა? მგონი, სულ გადაირიეთო და გამცილდა. დაავიწყდა, ხურდა რომ უნდა მოეცა (იცინის).

- ფულის შოვნის ეს გზა რატომ აირჩიეთ?

- აბა, სხვანაირად ახალგაზრდამ როგორ უნდა გამოიმუშაოს ფული? დღეს ისეთ ადამიანებას არ ასაქმებენ, ვინც საკუთარი საქმის პროფესიონალია და სტუდენტი ვის რაში სჭირდება? ბედს არ ვუჩივით - მე და ჩემი მეგობრები იმდენ თანხას კი ვშოულობთ, რომ მერე პიკნიკი ან ექსკურსია მოვიწყოთ, სადმე "ტუსოვკაზე" წავიდეთ, გავერთოთ. ახალგაზრდას სხვა აბა, რა უნდა უნდოდეს? მე ვმღერი, სხვები უკრავენ, ხოლო ვისაც არც სიმღერა შეუძლია და არც დაკვრა, ქუდით ხელში დგას და ხალხს ანიშნებს, - დაგვეხმარეთო. სულ ეს არის ჩვენი საქმე.

- მშობლებმა იციან, დღის განმავლობაში რას აკეთებ?

- არა. ეს რომ გაიგონ, მომკლავენ. ისინი ვერ შეძლებენ ჩემს გაგებას და მეტყვიან, რომ მათ "თავს ვჭრი", ვარცხვენ. მე კი ვფიქრობ, რომ ესეც შრომაა და სათაკილოს არაფერს ვაკეთებ. თუმცა, ისევ მათ ნერვებს ვუფრთხილდები და ჯერჯერობით, აქ რომ "ვაბირჟავებ", ეს ჩემი საიდუმლოა.

"მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, ოჯახის წევრებზეც მიწევს ზრუნვა"

ზურა, 19 წლის:

- ქუჩაში რომ ვმღერი, ამით ვინმეს რამეს ვუშლი? რატომ დაინტერესდით ჩემით?

- უბრალოდ, მაინტერესებს, აქ სიმღერა რამ გაიძულა: ფულის შოვნის სურვილმა და სიმღერის სიყვარულმა?

- ორივე ერთად - ასეთი პასუხი გაწყობთ?

- სავსებით მაწყობს... დიდი ხანია, რაც ქუჩის მუსიკოსი ხარ?

- რამდენიმე წელია...

- ხალხი ყველაზე ხელგაშლილი როდის არის?

- მაშინ, როცა დღესასწაულია...

- დღეში დაახლოებით რამდენ ლარს აგროვებ?

- იმდენს, რამდენსაც ხალხი მომცემს!

- როცა არ უკრავ, მაგნიტოფონს რთავ, არა?

- ჰო, მე ხომ აქ იმისთვის ვარ, რომ ხალხს მუსიკა მოვასმენინო და როცა შესვენება მინდა, ჩემ ნაცვლად კოკერი მღერის. რა, არ მოგწონთ?

- ზოგჯერ აქ მეგობრეთან ერთადაც დგახარ.

- კი, ასეა. ისინი მეხმარებიან ან უბრალოდ, მხარში მიდგანან. თქვენ მკითხეთ, - დღეში რამდენს შოულობთო? ასე გიპასუხებთ: ადრე დღე არ გავიდოდა, 3-4 საათში 10-15 ლარი რომ არ მეშოვა, ახლა მთელი დღე მიწევს აქ ყოფნა, რათა 10 ლარი მაინც მოვაგროვო. ხალხს ეტყობა, რომ ძალიან გაუჭირდა და სხვების დახმარების სურვილი შეიძლება აქვთ კიდეც, მაგრამ ფული არ აქვთ. თან, ქუჩაში ჩემნაირები ძალიან მომრავლდნენ, ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე არიან. არადა, ბევრ მათგანას მატერიალურად არც უჭირს. უმეტესობას მშობლები ჰყავს, ჯიბის ფული ყოველდღე აქვთ, მაგრამ მაინც ქუჩაში დგანან - "ევასებათ" და ამიტომ. მე კი იძულებული ვარ, აქ ვიდგე და ფულის შოვნაზე ვიფიქრო, რადგან ჩემი მშობლები უმუშევრები არიან. მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, ოჯახის წევრებზეც მიწევს ზრუნვა. არ მინდოდა თქვენთან ლაპარაკი, მაგრამ ახლა არ ვიცი, რამ დამაყენა გულახდილობის ხასიათზე. მერწმუნეთ, ფული ასე ძალიან რომ არ მჭირდებოდეს, ხალხს ხურდას არ გამოვართმევდი, მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის, ქუჩაში უანგაროდ ხშირად ვიმღერებდი, ამით მეც ვისიამოვნებდი და სხვებსაც გავახარებდი.

- ოდესმე, ასეთი რაღაც გაგიკეთებია?

- ერთხელ ავტობუსში დავიწყე დაკვრა, სიმღერა. უნდა გენახათ, ადამიანები როგორ მიღიმოდნენ, თბილ სიტყვებს მეუბნებოდნენ, მლოცავდნენ და თვალებგაბრწყინებულები ამბობდნენ, - ასეთი ახალგაზრდები რაც მეტი გვეყოლება, მით უკეთესია. ასეთების გამო საქართველოს გადაშენება არ უწერიაო. "ქართულებს" ვმღეროდი და ესიამოვნათ. ცხადია, ამით მეც მივიღე სიამოვნება და ხალხიც გავახარე. იმ დღეს მეტად ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი. ჰოდა, მას მერე ხშირად ვმღერი ტრასპორტში, ოღონდ, იქ ხურდას არავინ მიყრის და ეს ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე აქ დგომა ფულის საშოვნელად.

ლიკა ქაჯაია