"ხელოვნებაზე დაქორწინებული" ქართველი და ემიგრაციაში გატარებული ცხოვრება - გზაპრესი

"ხელოვნებაზე დაქორწინებული" ქართველი და ემიგრაციაში გატარებული ცხოვრება

მსოფლიოში სახელგანთქმული თეატრალური მხატვრისა და სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის დისშვილი; ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ფრესკული მხატვრობის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტის, თინა ვირსალაძის შვილი და ა.შ. ჩამონათვალი ამით არ მთავრდება... ბატონ გოგისთან მის ნათესავებსა და წინაპრებზე საუბრისას, საზოგადოებისთვის ცნობილი გვარ-სახელები ერთმანეთს ენაცვლებოდა... თუმცა, ამჯერად ის დედასა და დედის ძმას: თინა და სოლიკო ვირსალაძეებს იხსენებს...

- ცნობილია, რომ სოლიკო ვირსალაძე, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა, განსაკუთრებული პატრიოტიზმით გამოირჩეოდა...

GzaPress- მართალი ხართ. ერთხელ ჰკითხეს, რომელ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებასო? უპასუხა: ჩემს სამშობლოში, მხოლოდ, საზღვარგარეთ გასვლის უფლებითო. მოგეხსენებათ, პეტერბურგში ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი იყო და როგორც კი 25 საპენსიო წელი შეუსრულდა, განცხადება დაწერა წამოსვლის შესახებ. შესთავაზეს, სახელფასო თანხა თავადვე დაესახელებინა, ოღონდ კი დარჩენილიყო, მაგრამ იუარა: მე ქართველი ვარ და საქართველოში მსურს დაბრუნებაო. თბილისის "დინამო" რომ აგებდა, ცუდ გუნებაზე დგებოდა, ამ დროს ხმას ვერ გასცემდი. არადა, ქართულად ლაპარაკი უჭირდა...

GzaPress1988 წლის ნოემბრის აქციებისას, მთავრობის სახლის წინ მცხოვრები სოლიკო თვალცრემლიანი ამბობდა: "ნაცია ცოცხალია!" არ დარჩენილა მსოფლიოს არც ერთი ქალაქი, ბალეტი არ გაეფორმებინა ან გასტროლით მაინც არ ყოფილიყო ჩასული. მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე 12 ბალეტი გააფორმა, სადაც მთავარი მხატვრის თანამდებობაც ხვდა წილად. მსოფლიო თეატრების სცენებზე მუშაობდა. მისი შემოქმედება მოიცავს როგორც დრამატულ სპექტაკლებს, ასევე ფილმებს - მან შექმნა კოსტიუმები კოზინცევის ფილმებისთვის: "ჰამლეტი" და "მეფე ლირი". ერთადერთი, სადაც ბოლო ოცი წლის მანძილზე მუშაობა ვერ მოახერხა, საქართველო იყო. მას მსოფლიო მოქალაქედ მივიჩნევდი. ცოტა "მოდისიდენტო ელემენტი" ვიყავი: ხან დამიჭერდნენ, ხან დავლევდი და შარში გავეხვეოდი. მეტყოდა ხოლმე, - "გეყოფა! გგონია, მე ცოტა მქონდა უსიამოვნება?! იცი, რამდენი სპექტაკლი გამიფუჭეს?!"

- რას გულისხმობდა?

GzaPress- აიძულებდნენ, ბალეტი რეალისტურად დაედგა. რეალისტური ბალეტი "რავარია" (იცინის)?! სულ ამ ჭიდილში იყო... 75 წლისთავზე შევარდნაძემ მეორე ლენინის ორდენი გადასცა. სახლში მოსულს ჯულიეტა ვაშაყმაძე ესტუმრა: ამხელა ჯილდო მიიღეთ და სამადლობელი სიტყვა ჩავწეროთო. წავიდა, გამოიტანა ორდენი: აი, წაუღე შევარდნაძეს, თუ მაგაზე კიდევ მადლობები უნდა ვიხადოო... ტიპური "ფეთქებადი" იმერელი, მაგრამ ძალიან კეთილი იყო. აღიზიანებდა სიყალბე, ზედმეტი პათოსი, გადაჭარბებით ნათქვამი ქართული სადღეგრძელოები. ერთხელ მეც მითხრა: თუ შეგიძლია, რამე რეალურად გააკეთო, გააკეთე, თუ არა და, ნუ "პაკაზუხობო". სცენის დიდოსტატი ცხოვრებაში სცენას ვერ იტანდა. რამდენადაც პოეტური იყო მუშაობაში, იმდენად მკაცრად "პროზაული" და სენტიმენტალობისგან დაცლილი გახლდათ ურთიერთობაში. ამბის საოცარი თხრობა იცოდა, სევდიანი და მოწყენილი არასოდეს გვინახავს. ცუდს არავისზე იტყოდა. სტალინის პერიოდში, სოცრეალიზმის ბატონობისას, ყველაფერი ფოტოსავით უნდა დახატულიყო. ოდნავი ფერი ან ფორმა თუ გამოჩნდებოდა, ფორმალისტად მოგნათლავდნენ და შეიძლება, დაეჭირე კიდეც. ერთხელ სოლიკოს ვკითხე, - აივაზოვსკი როგორი მხატვარია-მეთქი (ზღვას ხატავდა ნატურალისტურად)? - იცი, ის მასტერია, წყალი, ქაფი - ყველაფერს გადმოსცემს, მაგრამ თუ შენ ზღვის ნახვა გსურს, წადი, დაჯექი ნაპირზე და უყურე, რაღა ნახატს მისჩერებიხარო?.. თავისებური იუმორი ჰქონდა. ერთხელ მითხრა: პარიზში რომ ჩახვალ და კაფეში სახით ქუჩისკენ დაჯდები, ჩათვალე, თეატრში ზიხარო. როცა ამის საშუალება მომეცა, მივხვდი, ეს აბსოლუტური სიმართლეა!

- რომ არა ემიგრაცია, ალბათ, დახვრეტას ვერ გადაურჩებოდა...

- როცა სტალინმა 1936 წელს ე.წ. "ხელოვნების დეკადები" გამოაცხადა, ეროვნული კულტურის წარმოსაჩენად კრემლში პირველი ქართველები ჩავიდნენ. ნინოსა და ილიკოს ჯერ ანსამბლი არ ჰქონდათ, მაგრამ წყვილში ცეკვავდნენ. კრემლში წასასვლელად მათი კოსტიუმები სოლიკომ შექმნა. დეკადაზე მისი გაფორმებული "დაისი" მოეწონათ და ლენინგრადში მიიწვიეს. უკვე ერთ წელიწადში ჩვენები დააკავეს: მამა, ბიძა, დედაჩემის მამა, დეიდა...

GzaPress

- დეიდა რატომ დაიჭირეს?

- მან და მისმა მეგობრებმა აკრძალული ლიტერატურა წაიკითხეს. გაუმართლა, გამომძიებელმა კეთილი ნება გამოიჩინა და გააფორმა როგორც არა თავად მოღალატე, არამედ - "სამშობლოს მოღალატის შვილი", "მოღალატეთა ოჯახის წარმომადგენელს" კი სასჯელად 5 წლით გადასახლება მიუსაჯეს. მოგვიანებით, ის გამომძიებელიც დაიჭირეს... დეიდა დიდხანს ჰყვებოდა ციმბირში ნანახ კოშმარებს. სოლიკოს ურჩევდნენ არ ჩამოსულიყო. ატყობინებდნენ პაოლოს, ტიციანის, ევგენი მიქელაძის ხვედრის შესახებ...Aსწორედ ამ დროს მას უკვე შტატში მუშაობა შესთავაზეს და ასე გადაურჩა მოსალოდნელ სიკვდილს.

ევგენი მიქელაძე სოლიკოს ბავშვობის მეგობარი იყო. 36 წლის ასაკში დაიჭირეს და დახვრიტეს. ამბობენ, ყურები გაუხვრიტესო... თურმე, როცა პირველად ოპერაში ორკესტრის დირიჟორობა დაიწყო, პარტიტურა დახურა... გუნდიდან ერთ-ერთს უთხრა, - გუნდი დატოვეთო. აბსოლუტური სმენა ჰქონდა - ამდენ ადამიანში მიხვდა, ვისგან მოდიოდა არასწორი ბგერა... XX საუკუნის ერთ-ერთმა საუკეთესო დირიჟორმა, შოსტაკოვიჩმა ევგენის რეაბილიტაციისას დაწერა: "ევგენი მიქელაძე იყო სიამაყე საბჭოთა მუსიკალური სკოლის, ის გახლდათ საუკეთესო საბჭოთა დირიჟორი..." სოლიკო ამბობდა, ჟენია რომ არ დაეჭირათ, ის, მე და ვახტანგი (ჭაბუკიანი. - ავტ.) მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ თეატრს შევქმნიდითო. ვახტანგს მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავედ მიიჩნევდა. სოლოკიმ მასზე ერთხელ კულტურის მინისტრ თაქთაქიშვილს უთხრა, - დააფასეთ, ასეთი ნიჭიერი ათეულ მილიონში ერთი იბადებაო.

- მის პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

- ცოლ-შვილი არ ჰყავდა. ამბობდა, ხელოვნებაზე ვარ დაქორწინებულიო. საზღვარგარეთ დიდი ჰონორარი ჰქონდა და შეძლებისდაგვარად, ყველას გვინაწილებდა. სოლიკოს დის შვილიშვილი, მსახიობი ლევან აბაშიძე როგორც ფიზიკური, ისე სულიერი მონაცემებით გამოირჩეოდა და ალბათ, ამიტომაც უყვარდა გამორჩევით. სხვათა შორის, მხოლოდ მე მქონდა უფლება მეყურებინა, როგორ ხატავდა სოლიკო. "სიდი, ნო მალჩი", - მეტყოდა ხოლმე, დაჯდებოდა ფანჯარასთან და ხატავდა. სახლი, სადაც ცხოვრობდა, ახლა უკვე ვირსალაძის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღთანაა. პეტერბურგიდან წამოსვლისას იქაური სახლი ამ სახლზე გადაცვალა. იქ ახლა სოლიკოს დისშვილი - ლევანის დედა, მანანა ცხოვრობს. ეს სახლი ფაქტობრივად, სახლ-მუზეუმია. სოლიკოს არაჩვეულებრივი თვალი და გემოვნება ჰქონდა და მსოფლიოდან უნიკალური საოჯახო ნივთები ჩამოჰქონდა. მან ეს უბანი თეატრალური მხატვრების უბნად აქცია.

- დედაზე რას გვეტყვით?

GzaPress- მან შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის შესწავლას, ანალიზს დაუდო სათავე და ამ სფეროში გზა გაკვალა. არაერთი ნაშრომი მიუძღვნა XIX და XX საუკუნეების ქართულ სახვით ხელოვნებასაც. როცა გარდაიცვალა, სორბონას უნივერსიტეტის კათედრაზე ამის შესახებ სპეციალური შეტყობინება მივიდა. მან ერთდროულად დაამთავრდა ისტორიისა და ფერწერის ფაკულტეტები. ხელოვნების ზოგად ისტორიაში ლექციებს მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში კითხულობდა. როცა დედა და მამა დაქორწინდნენ, პეტერბურგში გაემგზავრნენ, სადაც დედა ცნობილი ბიზანტიოლოგის, დიმიტრი აინალოვის ასპირანტი გახდა. პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ, სამუშაოდ მუზეუმ "მეტეხში" მიიწვიეს, სადაც დიმიტრი შევარდნაძესა და ქეთო მაღალაშვილს დაუმეგობრდა. ქეთო ჩემი ნათლია იყო. მას თინას ცნობილი პორტრეტები ეკუთვნის. ფეხბურთი უყვარდა გამორჩეულად. ზუსტად გეტყოდა, რომელი ფეხბურთელი რომელი ფეხით უკეთ თამაშობდა. ტელევიზორში თუ თამაშს უჩვენებდნენ, ხმის ამოღება აკრძალული იყო და როცა მორჩებოდა, დედა და ილიკო საათობით არჩევდნენ ტელეფონზე. მე დღემდე ვამაყობ დედით. ქალი, რომლის გარშემო თითქმის ყველა ფიზიკურად გაანადგურეს და უამრავი უბედურება გადახდა, არასდროს წუწუნებდა. იყო "ვაჟკაცი", ამაყი, გონიერი, ჭკვიანი. ჩემთვის ცრემლი არასოდეს დაუნახვებია. პაპიროსს ეწეოდა - ტარიან სიგარეტს. გარდაცვალებამდე სამი საათით ადრე მის ბოლო პაპიროსს მე მოვუკიდე... ფილტვი, ფაქტობრივად, აღარ ჰქონდა. სულ ორჯერ ვნახე მტირალი: როცა გაიგო, რომ დედამისს კიბო ჰქონდა და როცა დეიდა გარდაიცვალა - ისიც სარკომით. როდესაც უნივერსიტეტში ფიროსმანის შესახებ დიპლომი დავწერე, მითხრა: მშვენიერია! ახლა კი დახიე და თავიდან დაიწყეო... ითხოვდა აბსოლუტურ ლოგიკას. მისი ნაწერებიდან ერთ სიტყვას ვერ ამოიღებ, ისეთი ზუსტი და ლაკონიურია. ვისხედით მე და ჩემი დეიდაშვილი მანანა და ვუსმენდით სოლიკოს, დედას და ლოლოტას საუბარს. რად გვინდოდა უნივერსიტეტი?! (იცინის). ასე რომ, მეცნიერული ლოგიკა დედასგან, მხატვრული გემოვნება ბიძისგან, მითოლოგიისა და რელიგიის სიყვარული დეიდისგან, ლიტერატურის კი - მამიდისგან მერგო. მამიდა, ვარდიკო ხოშტარია საუკეთესო რედაქტორი და კორექტორი გახლდათ. გოგლა ლეონიძისა და გერონტი ქიქოძის ახლო მეგობარი იყო. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ მოესწრნენ... ვერც იმის გაგება მოასწრეს, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერაა - ეს რომ გაეგოთ, მათზე ბედნიერი არავინ იქნებოდა...

- ამ სამი ადამიანის ნიჭიერება ალბათ, "საოჯახო სკოლის" შედეგიც იყო... მათი მშობლები ხომ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები იყვნენ?!

GzaPress- ნამდვილად. ისინი ეკონომისტ ბაგრატ ვირსალაძისა და ბიოლოგ ელენე მუსხელიშვილის ოჯახში დაიბადნენ. საქართველოს რესპუბლიკის წლებში ბაგრატი სახელმწიფო კონტროლის პალატას ედგა სათავეში. ამასთან, დიდი თეატრალი გახლდათ და სოლიკოს თეატრისადმი ლტოლვა დიდწილად ამან განსაზღვრა. მენშევიკების დროს ბაგრატი საგადასახადოს უფროსი იყო. მისი ექიმი ძმის, სპირიდონის სახელს ატარებს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი. სხვათა შორის, სპირიდონის შვილიშვილია პიანისტი ელისო ვირსალაძე. გენერლის ქალიშვილ ელენეს ბაგრატი პარიზში შეხვდა. უცხოეთიდან ჩამოსული ელენე წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მუშაობდა, გიმნაზიაში ბიოლოგიას ასწავლიდა, წერდა მოთხრობებს, შესანიშნავად ხატავდა და მღეროდა. სოლიკო ათი წლის იყო, როცა პერინის საბალეტო სტუდიაში შეიყვანეს. აქ გაიცნო ამავე სტუდიის მოწაფეები, ვახტანგ ჭაბუკიანი და ნინო რამიშვილი. მომავალში, როგორც ნინოს ახლო მეგობარი, თავდაპირველად ნინოსა და ილიკოს, მოგვიანებით კი ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლის კოსტიუმების დიზაინერი იყო. მან არა მხოლოდ ხალხური კოსტიუმი აიტანა სცენაზე, არამედ თავისი შექმნილი კოსტიუმებითაც გაახალხურა "სამაია", "აჭარული", "სადარბაზო", "აფხაზური", "ჯეირანი", "ყაზბეგური", "დოქებით ცეკვა", "ხორუმი" და "სიმდი". სიღრმისეულად იცოდა ყოველი კუთხის თავისებურებები, სამოსს ეთნოგრაფიულად შეისწავლიდა და მისი ეროვნული საფუძვლების გათვალისწინებით სრულიად ახალ, არნახული სილამაზის კოსტიუმს ქმნიდა.

- მართალია, რომ სოლიკომ "აღმოაჩინა" XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ბალეტმაისტერი, დიდი თეატრის ყველაზე დიდი ქორეოგრაფი - იური გრიგოროვიჩი?

- ნამდვილად! ერთხელ უთხრეს, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ქარხნებში ბალეტს დგამდა. ნახა, მოეწონა და აიყვანა. გრიგოროვიჩმა აჩუქა ქართულ თეატრს "მაკნატუნა", სოლიკოს გაფორმებით. იური სოლიკოს თავის სცენის მასწავლებლად მოიხსენიებდა.

შორენა ლაბაძე