სოფლელი... - გზაპრესი

სოფლელი...

სოფელში დაიბადა და ისეთი მძიმე მშობიარობა ჰქონდა დედამისს, რომ ძლივს გამოსტაცეს სიკვდილს ხელიდან და მკაცრადაც გააფრთხილეს მრავალშვილიანობაზე მეოცნებე ქალი, რომ თუ სიცოცხლე უნდოდა, მეორედ დაორსულებაზე არც უნდა ეოცნება. არადა, მატერიალურად ძლიერი ოჯახი ჰქონდათ შრომისმოყვარეობით ცნობილ აბულაძეებს და ერთ პატარა გოგოს კი არა, ხუთ-ათ ბავშვს გაზრდიდა და დაასახლებდა მათი ბაღ-ვენახი, ფერმა...

ყველაფერი საუკეთესო ჰქონდა ლიას. რაც უნდა ენატრა, აუცილებლად აუსრულებდნენ დედ-მამა და ბებია-ბაბუები, მაგრამ დაახლოებით 4-5 წლის იქნებოდა, ქალაქიდან არდადეგებზე სოფლად ჩამოსული ბავშვების ყოფა-ცხოვრებას რომ დააკვირდა და ისე მოეწონა მათი მკაცრ რეჟიმში მოქცეული, მაგრამ მაინც რომანტიკითა და აღმოჩენებით სავსე ყოველდღიურობა, რომ მშობლებს გამოუცხადა: როცა გავიზრდები, მეც ქალაქელი "გამოვალ" და იცოდეთ, აზრს ვერ შემაცვლევინებთო...

თავიდან ეცინებოდათ ახლობლებს და ბავშვურ ახირებად უთვლიდნენ უნახავი ქალაქის სიყვარულს, მაგრამ წამოზრდილსაც რომ ვერ შეაცვლევინეს აზრი, რაღას იზამდნენ და ყველანაირად უწყობდნენ ხელს, მით უფრო, რომ ექიმობა ინდომა და ყოველგვარი პროტექციის გარეშე მოხვდა პრესტიჟულ სასწავლებელში...

მიუხედავად იმისა, რომ სხვებზე ნაკლებად არ ეცვა და სწავლაში ბევრ ქალაქელს სჯობდა, მაინც ზემოდან დასცქეროდნენ თანაკურსელები და "სოფლელოს" ეძახდნენ; ხან იმერულ კილოს უწუნებდნენ და ხანაც - ძველმოდურ ჩაცმულობას, რადგან არც კაბა დაიმოკლა და არც შარვალი ამოუცვამს თავის მოსაწონებლად. ეგ კი არა, "მაჯისსიმსხო" ნაწნავებიც არ შეიჭრა, რადგან მამამისს უყვარდა შვილის ლამაზი თმა და სკოლის მოსწავლესავით იწნავდა ყოველ დილით...

მართალია, გაპრანჭვაზე მეტად სწავლაზე ფიქრობდა, მაგრამ მაინც პირველი იყო თანაკურსელებს შორის, ვისი სილამაზეც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ბიჭებს და ერთ-ერთმა მოიტაცა კიდეც. თანაც, ნამდვილმა ქალაქელმა, სოფელი რომ არასოდეს ჰქონია და მისი წინაპრები ხაზგასმით ამაყობდნენ ყოველთვის ძირძველი თბილისელობით. განსაკუთრებით დედამთილი არ ასვენებდა და დღეში რამდენჯერმე აგონებდა: სოფლელი მომიყვანა ჩემმა შტერმა შვილმა და ვერასოდეს დააფასებს, რას ნიშნავს ნამდვილი ქალაქელობაო. მაშინაც კი არ გაუჩერებია ენა, როცა ქალაქში ძალიან გაჭირდა ცხოვრება და ლიას მშობლების მიერ, სოფლიდან გამოგზავნილი სურსათ-სანოვაგე რომ არა, შიმშილით გასძვრებოდათ სული მის მატრაკვეცა დედამთილ-მამამთილსა და მულებს, რომლებიც ყბას კი კარგად უქნევდნენ ნატურალურ და უგემრიელეს სოფლის პროდუქტს, მაგრამ ენაზე მაინც სიმწარე ჰქონდათ გადაკრული, რძლის სოფლელობას წუთითაც კი არ ივიწყებდნენ...

ბევრი მოუთმინა ლიამ, მაგრამ როცა სამი შვილის დედა მეოთხედ დაფეხმძიმდა (დედისერთას ყოველთვის ბევრი შვილის ყოლის სურვილი ჰქონდა) და დედამთილმა ქოქოლა დააყარა: მართლა გაუნათლებელი სოფლელი დედაკაცივით ნუ იქცევიო და აბორტის გაკეთება მოსთხოვა, უხმოდ შეკრა ბარგი, მოჰკიდა შვილებს ხელი და საცხოვრებლად სოფელში გადაბარგდა. მშობლების პროპაგანდით ტვინგადაბრუნებულმა ქმარმაც არ შეაჩერა: წავიდეს, შენ კი შენთვის შესაფერის ქალაქელ გოგოს მოძებნიო...

ეწყინა ლიას, მაგრამ არ შეიმჩნია. ყველას თავისი არჩევანი აქვს და ვერც მე შემაჩერებდა ვინმეო, - არავის მისცა ქმარზე ძვირის თქმის უფლება. მეოთხე ბავშვიც გააჩინა და თავისი წითელი დიპლომიც დაივიწყა დროებით. დედ-მამას ვაჟკაცივით ამოუდგა მხარში და ისევ გააძლიერა მამაპაპისეული ბაღ-ვენახი, ფერმაც განაახლა და შვილებიც გვერდით ამოიყენა, მათაც შეაყვარა შრომა...

მისმა ქმარმა ორჯერ შეირთო ქალაქელი გოგო და ორივე გაექცა, რადგან მისი ოჯახის წევრების გაძლიერებულ მადასა და მოთხოვნებს ვერ უძლებდა "ძირძველი ქალაქელების" საოჯახო ბიუჯეტი...

თორმეტი წლის განშორების შემდეგ ჩააკითხა ქედმოხრილმა ქმარმა სოფელში და მოუბოდიშა. არ გაუგდია ლიას, მაგრამ ერთი პირობით შეუშვა სახლში: სოფლელივით უნდა ეშრომა. თავიდან გაუჭირდა სოსოს, მაგრამ ლიას თავდადებას რომ უცქერდა, სირცხვილით დაღლას როგორ ახსენებდა და თავს ძალა დაატანა, თანდათან შეეჩვია სოფლურ ყოფას და ახლა ყველა მის კარგ კაცობაზე ლაპარაკობს: ნამდვილი ჩვენიანი - სოფლელი ხარო, აქებენ და უხარია. კარგა ხანია, მიხვდა, რომ სოფლელობა ყველაზე დიდი პატივი და პატრიოტობაა ქვეყნისა და ოჯახის წინაშე...

სხვათა შორის, ლიამ დედამთილ-მამამთილიც სოფელში ჩამოიყვანა და მიუხედავად იმისა, რომ არაფრით დაუმსახურებიათ, არაფერს აკლებს მოხუცებულებს: ისევ ჩემმა აჯობოს და ჩემმა სოფლელობამო! - იღიმის ხოლმე.

ინგა ჯაყელი