სასკოლო ფორმები - მავანთა ახირება თუ წარსულის ნოსტალგია? - გზაპრესი

სასკოლო ფორმები - მავანთა ახირება თუ წარსულის ნოსტალგია?

როგორც ჩანს, თინეიჯერები ჭრელ სამოსში გაცილებით კომფორტულად გრძნობენ თავს. სამაგიეროდ, მშობლებს მუდმივად აქვთ თავსატეხი, როგორ დააკმაყოფილონ შვილების მოთხოვნები, რომლებიც ცდილობენ, ამხანაგებს ჩაცმაში არ ჩამორჩნენ.

თუმცა, ამჯერად თქვენს ყურადღებას სხვა რამეზე შევაჩერებ: ამას წინათ, მიკროავტობუსში ერთი მანდილოსანი დამემგზავრა. ჩანთიდან საფულე ამოუვარდა და მივაწოდე, შემდეგ კი ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. მიამბო, რომ ორი შვილი ჰყავს, რომლებიც თბილისის 14-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ. უფროსი მეთერთმეტეშია, ხოლო უმცროსი დაწყებით კლასში სწავლობს. თურმე, შარშან, ამ სკოლის დირექტორმა დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს გამოუცხადა, რომ სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდებოდა.

"ბევრ ოჯახს არა აქვს შესაძლებლობა, რომ შვილებისთვის ყოველთვიურად ახალ-ახალი სამოსი შეიძინოს. თუმცა, ფორმის ფასიც ხომ ადეკვატური უნდა იყოს? - 42 ლარი გადავიხადეთ. თანაც, წლის განმავლობაში ბავშვს მინიმუმ, ორი ფორმა ხომ უნდა? ჩვენ რაც შეგვიკერეს, უხარისხოა, სინთეტიკური ქსოვილისგან არის შეკერილი და პირველივე გარეცხვაზე "აიბურკლა", ფერიც შეიცვალა. ცოტა არ იყოს, გაუგებარია, ფორმით მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა რატომ უნდა იარონ? თანაც, როგორც ვიცი, ეს ფორმები ერთ-ერთი მასწავლებლის ახლობლის სამკერვალოში შეკერეს ისე, რომ ნიმუშებიც არ გვაჩვენეს... ჩემი მეგობრის შვილი 82-ე სკოლაში დადის, სადაც არა მარტო დაწყებითი კლასების, არამედ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსაც ფორმები აცვიათ და ამ ფორმების შეკერვაში მშობლებმა 6 ლარი გადაიხადეს. ხომ არის სხვაობა 42-სა და 6 ლარს შორის? ვხვდებით, რომ განათლების სისტემაში სრული აურზაურია და არ ვიცი, რა გვეშველება. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?" - შემომჩივლმა თანამგზავრმა.

GzaPress

ცხადია, ამ საუბრის შემდეგ, სიტუაციაში გარკვევა გადავწყვიტე. სამწუხაროდ, მე-14 საჯაროს სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეების სხვა მშობლებმა ჩემთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს იმ მიზეზის გამო, ვაითუ ამის შემდეგ დირექტორმა ან კლასისი ხელმძღვანელმა ჩვენი შვილები აითვალწუნონო...

ითვალისწინებს თუ არა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონი საჯარო სკოლებში ფორმის შემოღებას? აქვს თუ არა დირექტორს მოსწავლის მშობლებისთვის ამის მოთხოვნის უფლება? იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს ფორმის შეძენის შესაძლებლობა არ აქვს, ვალდებულია თუ არა დირექცია, რომ ის სპეციალური სამოსით უზრუნველყოს? - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად განათლების სამინისტროსში დავრეკეთ და როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, "ზოგადი განათლების შესახებ" კანონის თანახმად, სკოლის დირექცია საკუთარ შინაგანაწესს თავად ადგენს, რომლის საფუძველზეც დირექტორს უფლება აქვს, სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახადოს.

"სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლისა და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან ფორმის ტარებაზე. სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულების დაწესებისას, სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ოჯახის მატერიალური მდგომარეობა და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, იგი ამ სამოსით თავად უნდა უზრუნველყონ", - ვკითხულობთ "ზოგადი განათლების შესახებ" კანონის მე-14 მუხლში.

თავის მხრივ, სკოლის შინაგანაწესს იშველიებს მე-14 სკოლის დირექტორი, მაკა გიორგაძეც. მისი თქმით, მოსწავლეებს თეთრი პერანგი, ლურჯი ქვედაბოლო და შარვალი უნდა სცმოდათ.

მაკა გიორგაძე:

- მშობლებისგან გამოიჩინეს ინიციატივა, რომ სასკოლო ფორმები შეკერილიყო. ჩვენს სკოლაში 70% სოციალურად დაუცველია და ბავშვები ერთმანეთს უყურებენ, ვის რა აცვია. ამიტომაც გამოთქვეს სპეციალური სამოსის შეკერვის სურვილი. მათ რამდენიმე მოდელი ნახეს: ზოგი 80 ლარი ღირდა, ზოგი შედარებით ნაკლები. მშობლებმა არჩევანი 42-ლარიან ფორმაზე შეაჩერეს, რომელიც ერთ-ერთმა სამკერვალო ფირმამ შემოგვთავაზა.

- თუ შეიძლება, გვითხარით, რომელ სამკერვალოში შეიკერა ფორმები?

- ფირმა არ არის, ფორმების შეკერვისა და გაქირავების სამკერვალოა... ვინც სურვილი გამოთქვა, მას ფორმა შეუკერეს და მოუტანეს, ხოლო ვისაც არ უნდოდა, არ შეიკერა. სკოლის შინაგანაწესში ისედაც წერია, რომ მოსწავლეს ლურჯი ფერის სამოსი და თეთრი პერანგი უნდა ეცვას. მშობლებს ფორმის შეკერვას არავინ აძალებს.

- როგორც ამბობთ, მოსწავლეების ნაწილს ფორმა აცვია, ნაწილს - არა. "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში კი წერია, რომ ვისაც ფორმის შეძენის შესაძლებლობა არა აქვს, ის სამოსით თავად სკოლამ უნდა უზრუნველყოს. თქვენს შემთხვევაში ასე რატომ არ მოხდა?

- ხომ გითხარით, ფორმების შეკერვის სურვილი მშობლებმა გამოთქვეს და ამიტომაც, სკოლას ტენდერი არ გამოუცხადებია.

GzaPress

რამდენ მოსწავლეს შეუკერეს ფორმა და საერთო ჯამში, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა? - ამ შეკითხვაზე დირექტორისგან პასუხი ვერ მივიღეთ. მე-14 საჯარო სკოლაში 780 ბავშვი სწავლობს. დაწყებით კლასებში სულ მცირე, ორი პარალელური კლასია, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 25-დან 35-მდე მერყეობს. უხეში გათვლებით, 42 ლარს თუნდაც, მოსწავლეთა რაოდენობის ნახევარზე თუ გავამრავლებთ, საერთო ჯამში დახარჯული თანხა 5 ათას ლარს გადააჭარბებს - ასეთ შემთხვევაში, სკოლა ვალდებული იყო, ტენდერი გამოეცხადებინა, რადგან "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში პირდაპირ წერია, რომ თუკი თანხა 5.000 ლარს აჭარბებს, მაშინ შემსყიდველი ვალდებულია, ტენდერი გამოაცხადოს.

გიორგი გახელაძე, განათლების ექსპერტი:

- ფორმის შეკერვა მოსწავლეებთან და მშობლებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. ვისაც არ შეუძლია საფასურის გადახდა, ის სკოლამ უნდა უზრუნველყოს. თქვენს მიერ ნახსენებ კონკრეტულ მაგალითზე გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში, მოსწავლის უფლებები დაირღვა. რაც შეეხება ტენდერის გამოცხადებას: სახელმწიფო შესყიდვების კანონის მიხედვით, დაწესებულია თანხის ზღვარი, თუ რა შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს ტენდერი.

ჯონი კვარაცხელია, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

- მშობელს ვერ დაავალდებულებ, ბავშვისთვის ფორმა შეიძინოს. რა თქმა უნდა, ფორმის შემოღება მისასალმებელია, თუკი ეს კანონს არ ეწინააღმდეგება და ზედმეტ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. სკოლის დირექტორს თუ სურს, მოსწავლეებს ფორმა ეცვათ, მაშინ მან უნდა შეიძინოს და არა - მშობელმა. ვერც იმაში ვხედავ პრობლემას, რომ კლასში რამდენიმე ბავშვი ფორმის გარეშე იჯდეს. მთავარია, მოსწავლეებისა და მშობლების უფლებები არ დაირღვეს.

სალომე გოგოხია