ის, რაც ჩიტსაც არ ეშლება... - გზაპრესი

ის, რაც ჩიტსაც არ ეშლება...

დავივიწყეთ, რისთვის მოვდივართ ამქვეყნად და რისი გაკეთება გვევალება, რომ გამართლება ჰქონდეს ჩვენს არსებობას...

უკვე რამდენიმე წელიწადია, მარინეს აივანზე მერცხლებმა დაიდეს ბუდე და გაზაფხული ძალაში შევა თუ არა, მაშინვე შეჩვეულ ფუძეს მოადგებიან, საცხოვრებელს დახედავენ და ვიდრე კვერცხებს დადებენ, რათა ახალ სიცოცხლეს მისცენ დასაბამი, გულდაგულ შეაკეთებენ და გაალამაზებენ.

- წელსაც ასე მოხდა! - მიამბო მეგობარმა: - ძალიან მიყვარს ჩემი მერცხლები და როცა ბრუნდებიან, საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ. სადღაც გამიგონია: მერცხლები მხოლოდ ბედნიერი ოჯახების ჭერქვეშ აკეთებენ ბუდესო და მეც მწამს იმისი, რისი დაჯერებაც მინდა. მოფრინდნენ მერცხლები და დიდი მონდომებით დასტრიალებდნენ თავს ძველ ბუდეს, "რემონტი გაუკეთეს"...

ერთ დილით კი ჩიტების გაავებულმა ხმამ მიიპყრო ჩემი ყურადღება და აივანზე გავედი. რაც იქ ვნახე, ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი, მაგრამ დაფიცება შემიძლია, სიტყვასაც არ ვამატებ ამბის შესალამაზებლად: ორი გაავებული მერცხალი ბუდეს ჩასცქეროდა და ისეთ ხმას გამოსცემდნენ, აშკარად, ვიღაც მესამეს, რომელიც მათ ბუდეში იყო მოკალათებული, ეჩხუბებოდნენ. იმ მესამეს კი, რომელსაც ვერ ვხედავდი, რეაქციაც არ ჰქონდა და როცა ვერაფერს გახდნენ, ბუდის პატრონები სადღაც გაფრინდნენ, მერე კი "დამხმარე ძალასთან" ერთად დაბრუნდნენ. ახლა უკვე ათზე მეტი მერცხალი ედავებოდა ბუდის უკანონოდ დამკავებელს და "ცალ-ცალკე ცდილობდნენ მისთვის აეხსნათ", რომ თავხედობას არ შეარჩენდნენ. რადგან "მომხდურმა სიტყვა არ შეისმინა", წამიერად განზე გადგნენ და კარგა ხანს იჟღურტულეს - თითქოს სამოქმედო გეგმა დასახეს და მერე ბუდეს ქვედა მხრიდან შეესივნენ, ძირი გამოუნგრიეს და ცოტა ხანში აივანზე რამდენიმე პატარა კვერცხი ჩამოვარდა, დაიმსხვრა. კვერცხებს მათი პატრონიც მოჰყვა, რომელიც ჩვეულებრივი ბეღურა აღმოჩნდა. დახედა, მიხვდა, რომ ვეღარაფერს უშველიდა და გულმოკლულმა დაიწივლა, მერე კი სადღაც გაფრინდა. მერცხლებმა თავიდან შეაკეთეს ბუდე და აღარც მიუტოვებიათ იმის შიშით, რომ ისევ მოინდომებდა ვინმე მის წართმევას...

მარინეს ემოცია მეც გადმომედო და რაც ეს ამბავი გავიგე, მოსვენება დავკარგე. შემშურდა იმ პატარა ჩიტების, რომლებიც არ ივიწყებენ სამშობლოს და არავის დაანებეს საკუთარი სახლი...

ქართველებს წარსული და ისტორია კი ნამდვილად საამაყო გვაქვს, მაგრამ აწმყოთი რომ თავს ვერ მოვიწონებთ, მე მგონი, ამაში არავინ შემეკამათება. რამდენი ომი, უბედურება გამოიარა ქვეყანამ ბოლო წლებში და თითქმის ყველგან დავმარცხდით. მიზეზი უამრავია, მაგრამ მათ შორის უმთავრესი მაინც, ქართველების გათითოკაცება და "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირით" ცხოვრების პრინციპია, თორემ ქუდზე კაცი რომ გამოსულიყო საკუთარი ქვეყნისა და "ბუდის" დასაცავად, დარწმუნებული ვარ, არც აფხაზეთი დაგვეკარგებოდა და არც - სამაჩაბლო. 2008 წლის ომზეც იმავეს თქმა შეიძლება და გვერდით რომ დადგომოდა სრულიად საქართველო თითზე ჩამოსათვლელ, გულანთებულ ბიჭებს, არც მათ სიცოცხლეს დავკარგავდით და არც მათი უმანკო სისხლით მორწყულ მიწებს...

გულზე მჯიღის დაცემა და პრეტენზიების გამოთქმა კი გვეხერხება, მაგრამ ყველაფერი სხვისი ხელით და სხვის ხარჯზე გვინდა. ასე რომ არაფერი გამოდის, ამასაც შეუძლებელია ვერ ვხედავდეთ, მაგრამ ბრძოლის ველზე გასვლის სანაცვლოდ, საკუთარი ტყავის გადასარჩენად ქვეყნიდან გავრბივართ და... აღარ გავაგრძელებ. ყველამ კარგად იცით, რაც გვჭირს და საითაც მივექანებით. ჩვენს მიწაზე და ჩვენს "ბუდეებში" უცხო "ჩიტები" სახლობენ და მრავლდებიან, ჩვენ კი გულზე ხელდაკრეფილები ვდგავართ და ვინ იცის, რამდენ წელიწადს დავკარგავთ იმ მესიის მოლოდინში, რომელმაც ჩვენს ნაცვლად უნდა გააკეთოს ყველაფერი...

მერცხლებიც კი ჩვენზე გულადები და პატრიოტები აღმოჩნდნენ. ჰოდა, ამან ამაფორიაქა.

ინგა ჯაყელი