ოთხი ექიმი და... ოთხი დიაგნოზი - გზაპრესი

ოთხი ექიმი და... ოთხი დიაგნოზი

არადა, უმნიშვნელოვანესია ის, რაზეც ახლა უკვე შეშინებული ვფიქრობ და მართლა ძარღვებში სისხლი მეყინება იმის წარმოდგენაზე, თუ სადამდე შეიძლება მივიყვანოთ საქმე და საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა იმ გულგრილობით, ქვეყანაში რომ გავამეფეთ. ყველაფერი, მათ შორის - განათლებაც ფულის საჭრელ მანქანად ვაქციეთ და ჩვენს ქვეყანაში ყველას შეუძლია ნებისმიერი სახის დიპლომის (და არა - განათლების) მიღება, თუ ჯიბეზე ხელს გაიკრავს. კარგა ხანია, არავინ კითხულობს იმას, სჭირდება თუ არა ქვეყანას ამდენი ექიმი, იურისტი, ეკონომისტი და არც იმას იკვირვებენ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, ის ბავშვიც კი ინსტიტუტში მოხვედრას ცდილობს, გამრავლების ტაბულა რომ ვერ ისწავლა თორმეტი წლის განმავლობაში და უშეცდომოდ განცხადების ბლანკსაც კი ვერ ავსებს. დავუწესეთ "ზოგადი უნარების" გამოცდა და იმდენად დაბალი ბარიერი გადასალახად, დაახლოებით 2,5 ნახევარ ქულას რომ უდრის ძველი შეფასებების სისტემით და როგორც წესი, ასეთი ნიშნის მიმღები ინსტიტუტში მოხვდებოდა კი არა, სკოლის მესამე საფეხურზეც ვერ აგრძელებდა სწავლას. შეიძლება, ვინმეს უსამართლობად ეჩვენებოდა ეს სიმკაცრე, მაგრამ ახლა რომ ვაკვირდები, ასე იყო საჭირო...

ზოგადი საუბრით რომ არ მოგაბეზროთ თავი, კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ: დაახლოებით ერთი წლის წინ, სრულიად ჯანმრთელ ჩემს ახლობელს წელში რაღაც "დაეტაკა" და ისე მოკეცა ოთხად, ტკივილებისგან შოკირებული ხმით ტიროდა...

გავაქანეთ საავადმყოფოში, სადაც დაახლოებით ოცდაათი წლის ექიმი დაგვხვდა, რომელსაც კარგი სპეციალისტის სახელი აქვს ქალაქში. ჩაუტარა გამოკვლევა და ხერხემლის თიაქარი დაუდგინა, სასწრაფო ოპერაციისთვის დაუწყო მზადება...

კიდევ კარგი, ბრმად არ ვენდეთ და გადავწყვიტეთ, სხვა ექიმთან გადაგვემოწმებინა დიაგნოზი. პირველისგან განსხვავებით, ამ მეორეს განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული. ვიცოდით, რომ ქართველისთვის არც რუსული დიპლომის "ყიდვა" წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ...

დიაგნოზი პირველისგან რადიკალურად განსხვავებული იყო. თუმცა, ოპერაციას ისიც დაჟინებით ითხოვდა და ავადმყოფის ბაბუამ პენსიაში გასულ მეგობარ ექიმს დაურეკა, შვილიშვილის მონახულება სთხოვა. ოთხმოც წელს გადაცილებულმა დასტაქარმა ყურადღებით გასინჯა დათო (ავადმყოფი), წინა დიაგნოზებს გადახედა და ალალად გვირჩია:

- ნუ იჩქარებთ ოპერაციას და საერთოდაც, გაუჭირვეთ თავს და თურქეთში გაიყვანეთ ბიჭი. რა ვქნა, ვერ ვენდობი ექიმების იმ თაობას, ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში რომ აიღეს დიპლომები. პრაქტიკაზე რომ მოდიოდნენ კლინიკებში, უმრავლესობა ისეთი სუსტი იყო, დანაშაულად მიმაჩნია მათი სამედიცინო ფაკულტეტზე დაშვება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ისეთი განუკითხაობაა ამ მხრივ... ოღონდ, ფული გადაიხადო და ექიმად კი არა, პირდაპირ პროფესორად გაღიარებენ. მე თუ მკითხავენ, მთელი საქართველოს მასშტაბით, კურსდამთავრებულებში დიდი-დიდი, თხუთმეტი-ოცი ახალგაზრდა თუ მოიძებნება წელიწადში, ვისგანაც შეიძლება, მართლა გაზარდო ექიმი, მაგრამ ძველებსა და გამოცდილებს ვინ გვისმენს ახლა?..

სამწუხაროდ, ძია ანზორი მართალი იყო და თუ ვინმეს ნამუსი აქვს, წესით, ვერ უნდა შეეკამათოს. მართალი აღმოჩნდა დათოს დიაგნოზთან დაკავშირებითაც. თურქმა ექიმებმა პაციენტი ყოველგვარი ოპერაციის გარეშე, ორ თვეში ფეხზე დააყენეს, მაგრამ რა ეშველებათ იმ ავადმყოფებს, რომლებსაც იმ ექიმების დიაგნოზის მიხედვით "უმკურნალეს", სასწრაფო ოპერაციას რომ ითხოვდნენ?!.

ორიოდე თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მუხლი დავიზიანე და საკმარისი იყო, ექიმების ხელში აღმოვჩენილიყავი, რომ მაშინვე ოპერაციაზე დაიწყეს ლაპარაკი: ერთმა მყესების პრობლემააო, მეორე უფრო შორს წავიდა და... ახლობლებს მეც პენსიონერი ძია ანზორის მოყვანა ვთხოვე: ყურადღებით გამსინჯა და მირჩია, სახლში გაწერა მომეთხოვა - ერთ თვეში ყოველგვარი ოპერაციის გარეშე დამაყენა ფეხზე...

არ მინდა ექიმების ანტირეკლამა გამომივიდეს და ყველას ერთბაშად ვატკინო გული, მაგრამ არც უთქმელობა შეიძლება და სერიოზულ კონტროლს რომ მოითხოვს ქართველი (განსაკუთრებით, ახალგაზრდების) ექიმების კვალიფიკაცია, ამას ნუ გავხდით საკამათოს. ვიფიქროთ იმ დროზე, როცა ძველი ექიმების თაობა აღარ იქნება და ძია ანზორის მსგავსები მრჩეველებადაც აღარ გვეყოლებიან. საკუთარი თავი მაინც შევიცოდოთ, თუ სხვები არ გვეცოდება - ავადმყოფობამ ხომ არც მეფე იცის და არც პრეზიდენტი?!

P.S. ამ მასალის დაწერას რომ ვგეგმავდი, ჩემმა მეგობარმა, რომელიც ერთ-ერთ სამედიცინო კოლეჯში მუშაობს, გულისტკივილით მითხრა: "ინსტიტუტებს კიდევ რა უჭირთ, შენ ის უნდა ნახო, ექთნობის მსურველებს შორის რამდენია ისეთი, თავის სახელსა და გვარს რომ ვერ წერს უშეცდომოდ და ზოგს გონებრივი ჩამორჩენილობაც აღენიშნება. დანაშაულია მათი მედიცინისთვის მზადება, მაგრამ რადგან ფულს იხდიან, ვინ დატოვებს გარეთ და ასეთი სამედიცინო პერსონალის ხელში მართლა ძნელია წინასწარმეტყველება, რა გველოდება ხვალ?.."

ინგა ჯაყელი