"ვერის უბნის ბავშვის" ტრაგიკული თავგადასავალი და უსაბუთოდ გატარებული 24 წელი - გზაპრესი

"ვერის უბნის ბავშვის" ტრაგიკული თავგადასავალი და უსაბუთოდ გატარებული 24 წელი

ვერ სწავლობენ და ვერ მუშაობენ, ვერ სარგებლობენ საბანკო მომსახურებით, ჯანმრთელობის დაზღვევით... ჩემი რესპონდენტი გიორგი მამალაძე გახლავთ - თავად კი იცის, რომ ეს მისი სახელი და გვარია, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთები არ გააჩნია.

- ხელვაჩაურში დავიბადე. როგორც მახსოვს, ჩემი სახლი პოლიციის შენობასთან ახლოს იყო. მამა გია მამალაძე გახლდათ, დედა - რუზანა სიმონიანი. 6 წლის ვიყავი, როცა მშობლები დავკარგე - ავტოავარიას ემსხვერპლნენ. ამ ამბიდან ძალიან მალე ბებიამ გლდანის ბავშვთა სახლში მიმიყვანა.

- ხელვაჩაურიდან თბილისში რატომ წამოგიყვანა?

- არ ვიცი.

- და ან ძმა არ გყავს?

- ძმა მყავს. ის ჩემზე უფროსია, მაგრამ ყურადღებას საერთოდ არ მაქცევს. არ ვიცი, 6 წლისა ბავშვთა სახლში ჩასაბარებლად რატომ გამიმეტეს. ჩემი ძმა მაშინ 14 წლის იყო.

- ბავშვთა სახლში შენი ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

- იქ 3 თვე ვიყავი. გაძლება ძალიან გამიჭირდა, მე და ჩემს თანატოლებსაც გვცემდნენ.

- ვინ გცემდათ?

- მასწავლებელი, რომელსაც სახელად ბუხო ერქვა. ის სახაზავს ხელებზე ისე მწარედ გვირტყამდა, რომ მაშინ განცდილი ტკივილი ახლაც მახსოვს.

- ბებიამ აღარ მოგაკითხა?

GzaPress- ერთხელ მოვიდა, მაისური და ქუდი მომიტანა - მხოლოდ ეგ იყო.

- არ სთხოვე, სახლში წაეყვანე?

- უნდოდა, წავეყვანე, მაგრამ ბავშვთა სახლის დირექტორმა უთხრა: ვიდრე მოწმობას არ მოიტანთ, რომ ნამდვილად ამ ბავშვის ბებია ხართ, ვერ გაგატანთო. მერე აღარ გამოჩენილა.

- პირადობის მოწმობის გარეშე ცხოვრობ. ბებიამ ბავშვთა სახლში რომ მიგიყვანა, საბუთები არ გქონდა?

- არა. იმ სახლში ვინმე ნინო მუშაობდა. ერთხელ ვკითხე: მე ვინ ვარ-მეთქი? მიპასუხა, - შენ რომ მოგიყვანეს, ფურცელზე მხოლოდ ეს სიტყვები ეწერა: "გიორგი მამალაძე, დაბადებული 1990 წელს".

- ბავშვთა სახლიდან როგორ გამოიპარე?

- ჩემთან ერთად 17 წლის ბიჭი - გია ცხოვრობდა. მან ბოქლომი გატეხა და 10 ბიჭი გამოვიქეცით, მეტროში ჩავედით. არც ვიცოდი, მეტრო რა იყო. 2 დღე ვიხეტიალეთ. ერთ დღეს მატარებელს რომ გამოვყევით და გამოაცხადა: "შემდეგი სადგური რუსთაველი", ვაგონიდან გამოვედი, დანარჩენები არ გამომყვნენ და იმ ადამიანებს ასე დავშორდი. არც ვიცი, სად წავიდნენ. მეტროდან გამოსულმა გზა ვერისკენ გავაგრძელე, რუსთაველზე არ გავსულვარ. კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში თანატოლი ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ, მეც მათთან მივედი და თამაშში ავყევი. მოსაღამოვდა... ყველა ბავშვს მშობელმა დაუძახა, ზოგიერთს ბებია-ბაბუამ მოაკითხა და მარტო დავრჩი. ერთმა კაცმა ყურადღება მომაქცია: შვილო, შენ სახლში რატომ არ მიდიხარო? ავუხსენი, - არც სახლი მაქვს, არც მშობლები მყავს-მეთქი. შევეცოდე, საცხოვრებლად საკუთარი ავტოსადგომი დამითმო და საკვებსაც მაწვდიდა, ყურადღებას მაქცევდა.

- ის ადამიანი ახლა სად არის?

- როგორც ვიცი, ახლა რუსეთშია, იქ აქვს ბიზნესი. მაშინაც ბიზნესით იყო დაკავებული. წლების განმავლობაში იმ ავტოსადგომში ვცხოვრობდი, მერე წამოვიზარდე და "სტაიანკაზე" დავიწყე მუშაობა. პურის ფულს ვშოულობდი. შემდეგ ერთ-ერთ კაზინოში დამასაქმეს, აპარატებს ვწმენდდი. დღეში 10 ლარს მიხდიდნენ. ამ თანხიდან ცოტაოდენი დანაზოგის გაკეთება მოვახერხე და მეგობართან ერთად ბინა ვიქირავე. მერე ხელვაჩაურში ჩავედი, მშობლების საფლავი მოვაწესრიგე. დღესაც ვუვლი, უპატრონოდ არ ვტოვებ.

- როგორც ვხვდები, ძმაზე ნაწყენი ხარ, არა?

- გული ძალიან მტკივა. მართალია, ბებიამ წამომიყვანა, მაგრამ მან როგორ დაუშვა, ერთადერთი ძმა ბავშვთა სახლისთვის გაემეტებინა? ის ხომ მაშინ 14 წლის იყო. მას ვერ მივიღებ, არ შემიძლია. რაც ჩემი გასაკეთებელია, ვაკეთებ. ბებია უკვე გარდაიცვალა, მაგრამ როცა ცოცხალი იყო, არც მასთან მქონდა ურთიერთობა.

- შენით ნათესავებიც არ დაინტერესდნენ?

- არა, არავის ვახსოვარ.

- სკოლაში არასდროს გივლია?

- მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ძალიან მინდოდა, სკოლაში არ დავდიოდი. რამდენიმე სტუდენტი გავიცანი და როცა დრო მქონდა, უნივერსიტეტში შევდიოდი, ლექციებს ვესწრებოდი. გული მწყდება, რომ ვერ ვისწავლე.

- ამ ხნის განმავლობაში, გქონდა თუ არა გქონდა ცდუნება, არასწორ გზას დადგომოდი?

- რას ამბობთ, არასდროს ვიქურდებ, ბოროტებას ვერ ჩავიდენ, ღმერთმა დამიფაროს... ვფიქრობ, კაზინოებს თუ დაკეტავენ, ახალგაზრდა ბიჭები თავს აღარ მოიკლავენ. ჩემმა ერთმა მეგობარმა თავი ჩამოიხრჩო, რადგან თანხა ჰქონდა წაგებული. კაზინოებში "ბინძური" ხალხი მუშაობს; უხარიათ, როცა ადამიანები აგებენ. გაჭირვებულს რომ ვხედავ, გული მიკვდება. ადამიანი ნაგვის ურნაში რომ პურს ეძებს და ამ დროს ჯიბეში 2 ლარი მაქვს, როგორ მოვისვენებ, პური (ხან ხაჭაპური) რომ არ ვუყიდო? ახლა ზაფხულია და ნაყინს ვყიდი. როცა უფალთან ახლოს ხარ, განსაცდელი ვერაფერს დაგაკლებს. ქაშუეთში მამა დიმიტრი წირავს. ამ ადამიანმა მასწავლა, როგორ უნდა ვიცხოვრო.

- მისი დარიგებებიდან რა გახსენდება?

GzaPress- ერთხელ მითხრა: არასდროს არც ერთ ადამიანს არაფერი დაუშავოო. მეც ვცდილობ, ასე ვიცხოვრო. პერიოდულად, აფრიკის დასახლებაში მივდივარ. იქ საპატრიარქოს პატარა, სამლოცველოსმაგვარი ადგილია, სადაც საკმეველი, ნახშირი მზადდება. 3 დღეში ერთხელ მივდივარ და ფულს მჩუქნიან. ხატებისთვის ჩარჩოებსაც ვამზადებთ. იქ მამა დიმიტრიმ მიმიყვანა.

- მიამბე, პირადობის მოწმობის არქონის გამო, რა წინააღმდეგობებს აწყდები?

- ცოტა ხნის წინ, გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელ ერთ-ერთ ქარხანაში მივედი, მუშაობის დაწყება მინდოდა. მიმიღეს, მაგრამ საქმე საბუთების გაფორმებაზე რომ მიდგა და ვთქვი, - პირადობის მოწმობა არ მაქვს-მეთქი, დასაქმებაზე უარი მითხრეს. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ მქონია. რომ დამჭირდეს, თანხას ბანკიდანაც ვერ ავიღებ და არც სამედიცინო დაზღვევა მაქვს.

- არ გიცდია, ეს პრობლემა მოგეგვარებინა?

- იუსტიციის სახლში მივედი და მითხრეს, - თქვენი მშობლების ქორწინება რეგისტრებული არ არისო. თურმე, ხელი არ ჰქონიათ მოწერილი. ხელვაჩაურშიც ჩავედი, იქნებ საბუთების საკითხი იქ მაინც მოვაგვარო-მეთქი, მაგრამ ისევ იმედგაცრუებული დავრჩი. რადგან სამშობიაროში არ გავჩნდი და სახლში დავიბადე, ჩემი დაბადების მოწმობაც კი არ არსებობს, არქივშიც ვერაფერი მოძებნეს. უკვე აღარ ვიცი, რა გავაკეთო...

გიორგის სავაჭრო ობიექტზე დამხმარედ ქალბატონი ნათელა მაისურაძე ამუშავებს:

- გიორგი ვერის უბნის ბავშვია. ყველა სცნობს და პატივს სცემენ. იციან, რომ ამ ადამიანის ნდობა შეიძლება. გუშინ ერთი ბიჭი მოვიდა, თავად 2-ლარიანი სიგარეტი იყიდა და გიორგის 4-ლარიანი უყიდა... ეს ბიჭი 6 წლის წინ გავიცანი. როცა ეს სავაჭრო ობიექტი გავხსენი, სიგნალიზაციის სიტემა ვერ დავაყენე და გიორგის იმედად ვიყავი; ყურადღებას აქცევდა, რომ ვინმეს არ გაეტეხა. წლებია, ვხედავ, როგორ წვალობს, როგორ შრომობს... უნდა, სწორი გზით იაროს. სანდოა. ბრილიანტებში რომ ჩასვა, ერთს არ მოიპარავს. ხშირად მეხმარება: 300-400 ლარს ვატან და საქონელი მოაქვს. უსაბუთობის გამო შეწუხებულია. იქნებ თქვენს სტატიას მაინც მოჰყვეს შესაბამისი ორგანოებიდან რეაგირება.

P.S. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი შემთხვევების შესწავლა უნდა მოხდეს. გიორგის არ აქვს სწავლის, მუშაობის დაწყების, არჩევნებში მონაწილეობის, სამედიცინო დაზღვევით სარგებლობის უფლება... ის ვერ გააფორმებს სამოქალაქო ქორწინებას. მოხარული ვიქნებით, თუ ამ სტატიას გამოხმაურება მოჰყვება და გიორგი მამალაძის საქმის შესწავლა მოხდება.

თამუნა კვინიკაძე