სადაცაა ბედი შენი... - გზაპრესი

სადაცაა ბედი შენი...

ხომ იცით, არც ისე შორეულ წარსულში, განატაცები და შინ მობრუნებული გოგო საზოგადოებისგან განწირული იყო ჭორებისთვის, "ჩაქოლვისთვის". აღარც იმისი იმედი უნდა ჰქონოდა, რომ ვინმე სერიოზულად დაინტერესდებოდა და მასთან ოჯახის შექმნას ისურვებდა...

მიუხედავად ყველაფრისა, მაიამ მშობლებს მტკიცედ განუცხადა: შინ თუ არ დამაბრუნებთ, სხვაგან წავალ და მარტო შევეცდები ცხოვრების აწყობას. იმ კაცთან კი, ვინც არ მიყვარს, არ გავჩერდებიო...

სცადეს მისი დაყოლიება, მაგრამ პირველმა მამამ დათმო: ვიცი ჩემი გაზრდილის ხასიათი და სიჯიუტე - რადგან ასე გადაწყვიტა, არ დაიხევს უკან და როგორც მამა, ვალდებული ვარ, მხარში ამოვუდგე. არ მაინტერესებს, სხვა რას იტყვის. რაც მთავარია, მე ვიცი, ჩემი შვილი არაფერს ჩაიდენს ისეთს, რომ გული მატკინოს და შემარცხვინოს. მეც მისი გახარებისთვის ვიცხოვრებ დღეიდანო. იმის გამო, რომ შვილი ჭორებისგან და გულისტკივილისგან დაეცვა, მშობლიური ქალაქის დატოვებაც კი გადაწყვიტა. მამა-პაპისეული სახლ-კარი გაყიდა და დედაქალაქში გადასახლდა. მაიამ ბავშვობის ოცნება აისრულა და სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა.

მას შემდეგ ოც წელიწადზე მეტი გავიდა. მაია კარგი ექიმია, სპეციალობით გინეკოლოგი და სათვალავი აერია, რამდენ პატარას დაეხმარა დაბადებაში. ყოველი ახალი სიცოცხლის მოვლინება ბედნიერების ნაპერწკლით ავსებდა მის თვალებს და არავის უნახავს, როგორ ტიროდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, რადგან დედობის სურვილი კლავდა და მშობლების რიდი რომ არ ჰქონოდა, დიდი ხნის წინ გააჩენდა პატარას, ოფიციალური ქორწინების გარეშეც... მამას და მის თავმოყვარეობას უფრთხილდებოდა, რომელიც ხშირ-ხშირად უმეორებდა: არ ვნანობ, რომ გვერდით დაგიდექი და არ გაგწირე მაშინ, ჩემი საამაყო და "სუფთა" შვილი ხარო...

არადა, მშობლებიც მოხუცდნენ და როცა იქნებოდა, ისინიც შეუერთდებოდნენ მარადისობას. იმ დღის ეშინოდა მაიას, როცა აღარც საყვარელი დედ-მამა ეყოლებოდა გვერდით და აღარც შვილის გაჩენის შანსი ექნებოდა.

დაახლოებით სამი წლის წინ, მეზობლად შუახნის კაცმა იყიდა ბინა. მას ორ შვილი ჰყავდა. როცა ერთმანეთი გაიცნეს, აღმოჩნდა, რომ და-ძმა ტყუპი იყო და დედა მათზე მშობიარობას გადაჰყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ურჩევდა დაქორწინებას, თემომ ყველა შემოთავაზებაზე უარი თქვა: ჩემი თავი უნდა დავივიწყო. შვილებს რომ დედინაცვალმა თუნდაც, დამსახურებლად უყვიროს, ვერ ავიტან. მირჩევნია, მარტო ვიყო. არც სხვის ცოდვას დავიდებ და არც საკუთარი თავისასო... როცა ბავშვებმა სკოლა დაამთავრეს და სტუდენტობის დრო დაუდგათ, ვერ შეელია, ქალაქში მარტო ვერ გამოუშვა და მათთან ერთად წამოვიდა, დანაზოგით მოკრძალებული ბინა იყიდა. მაშინვე მუშაობა დაიწყო, არანაირ საქმეს არ თაკილობდა.

თუ შემთხვევით შეხვდებოდა, ისე ესალმებოდა მაიასაც, როგორც სხვა მეზობლებს, რომელთაც "გამარჯობის" გარეშე გვერდს ვერ ჩაუვლი და დანარჩენი არაფერი გევალება. მაიას კი თემოზე ადრე, მისი შვილები შეუყვარდა, განსაკუთრებით კი გოგონა, რომელიც ხშირად უკაკუნებდა კარზე და ეკითხებოდა, როგორ მოემზადებინა ესა თუ ის კერძი, რათა დაღლილი მამისთვის ესიამოვნებინა. მაიამ დაინახა, რომ უდედოდ გაზრდილ გოგოს სხვაც ბევრი რამ ეშლებოდა და ამიტომ, მოიცლიდა თუ არა, თავადაც ხშირად შედიოდა მასთან და იმდენი რამე ასწავლა, დახვეწილ გოგოდ აქცია "სოფლელი" ეკა და მის ძმასაც დაეტყო მზრუნველი ხელი. მხოლოდ თემო ვერ ამჩნევდა შვილებს ცვლილებას, რადგან ბრმად იყო მათზე შეყვარებული და მანამდეც უნაკლოებად თვლიდა...

და-ძმა მალე მიხვდა, რომ მაიამ მათ დედა შეუცვალა, მისმა დედ-მამამ კი მზრუნველი ბებია-ბაბუა და ამდენი წლის შემდეგ, ისე, რომ მაიასთვის არც უკითხავთ აზრი, მამას "აუტყდნენ" - ცოლი უნდა შეირთო. აბა, როდემდე იქნები მარტო? ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და შენი მარტოობით მხოლოდ ხელს შეგვიშლიო...

გაოცებული უსმენდა შვილებს თემო და ბოლოს ამოღერღა: რომც დაგთანხმდეთ, საჩემო ქალი სად ვიპოვო ახლა, ჩემმა მატარებელმა დიდი ხანია, ჩაიარაო, მაგრამ აზრზე მოსვლაც არ დააცადეს შვილებმა, ისე "აჯახეს": საცა ჩვენ დედა ვიპოვეთ, ცოლსაც იქვე დაინახავო! - და მაიასკენ გაახედეს.

- ეგ კარგი ქალი გაუთხოვარია?! - გაუკვირდა თემოს და იქვე დაამატა: - ასეც რომ იყოს, უბრალო გლეხკაცი რაში ვჭირდები? ვერ ხედავთ, გაპრანჭული რომ დადის და ჩემზე ბევრად უკეთესებსაც ვერ ამჩნევს ალბათ...

- შენ ნუ დარდობ და მაგ საქმეს ჩვენ მოვაგვარებთ! - შეაწყვეტინეს შვილებმა და არც მაიას მისცეს ბევრი ფიქრის საშუალება: - დედასავით მიგიღეთ და არ გვინდა, მეორედ დავკარგოთ ასე საოცნებო ადამიანი... მამა არაა ცუდი კაცი. გაიცნობ და დარწმუნდები, რომ ისიც ღირსია ბედნიერების...

ეს რომ გაიგონეს, მაიას მშობლებმაც ამოიდგეს ენა: საფლავში ნუ გაგვაყოლებ შენს დარდს. ვიცოდეთ, რომ ქმარიც გყავს და ასეთი კარგი შვილებიც, რომლებსაც გულით უყვარხარო...

მოკლედ, არ მოეშვნენ და მაინც დააქორწინეს გაჯიუტებულები: რაღა დროს ჩვენი პირად ცხოვრებაზე ფიქრიაო? თავიდან კი გაუჭირდათ ერთად ცხოვრება, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ სწორედ ერთმანეთი სჭირდებოდათ სიყვარულსა და ადამიანურ თანადგომას დანატრებულებს. ღმერთმა მალე საერთო შვილიც აჩუქა წყვილს და მესამე წელია, ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობენ.

ინგა ჯაყელი