ნიგერიელის ქართული ცხოვრება - გზაპრესი

ნიგერიელის ქართული ცხოვრება

მართალია, ჩვენს ენაზე ვერ საუბრობს, მაგრამ თითქმის ყველაფერი ესმის, თბილისი და ქართული სამზარეულო ძალიან მოსწონს და რამდენიმე ამოჩემებულ ადგილას მწვადსა თუ ხინკალსაც სიამოვნებით მიირთმევს. ზოგ ქართველთან მეგობრობს კიდეც, მაგრამ ზოგი მის (და ზოგადად, აფრო-ამერიკელების) მიმართ აგრესიასა და ზიზღს არ მალავს. ლუკა ჩვენს საერთო მეგობარს, ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ახლდა და როგორც ჟურნალისტი, დავინტერესდი, რატომ და როგორ ცხოვრობენ ისინი ჩვენს დედაქალაქში, რა ინტერესები აქვთ, რა პერსპექტივას ხედავენ თავიანთი მომავლისთვის აქ მიღებული განათლებით და ა.შ.

GzaPressლუკას ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შევხვდი და გარშემო მყოფების რეაქციით შოკირებული, გაოგნებული დავრჩი... გამვლელები თვალს არ გვაცილებდნენ, თითებსაც კი იშვერდნენ ჩვენკენ და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. განსაკუთრებით, ორი ახალგაზრდა "ბირჟავიკის" რეაქციამ გამაკვირვა და გამაღიზიანა, რადგან წესით, ჩემს და შემდგომ თაობებში მაინც არ უნდა ჰქონდეს მსგავსი რასისტული და ქსენოფობიური გამოხდომები, როგორიც მათ აღმოაჩნდათ...

არ ვიცი, რა იფიქრეს, მაგრამ "ზანგების" მიმართ ნეგატიური და გაკვირვებული დამოკიდებულება, - უიმე, "ზანგი", - პრეზენტაციაზეც შევნიშნე. ნამდვილად ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ XXI საუკუნის საზოგადოებას, რომელსაც პროევროპულ და ამერიკულ კურსსა თუ ორიენტაციაზე, გამოსულობაზე და "კაი ტიპობაზე" აქვს პრეტენზია, აფრო-ამერიკელთან ერთად ქართველი ქალის დანახვაზე ქაჯურად მოიქცეოდა. მსგავს უხერხულ მდგომარეობაში არასდროს ჩავვარდნილვარ. ძალიან შემრცხვა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მომხვდა გულზე, რომ "ჩვენი საამაყო ქართველი ერი" განვითარების ჯერ კიდევ გაურკვეველ საფეხურზე დგას და ერთეულები კიდევ დიდხანს ვერაფერს შეცვლიან...

- ლუკა, საიდან ხარ? გვიამბე შენი ქალაქის შესახებ?

- ნიგერიიდან ვარ, კერძოდ - სურულერედან (ლაგოსი). საკმაოდ დიდი ქალაქია, სადაც კინოს მწარმოებელი კომპანია "ნოლივუდი" მდებარეობს, 504 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მეგაქალაქად იწოდება.

- შენს ოჯახზე რას გვეტყვი?

GzaPress- მშობლები და ხუთი დედმამიშვილი მყავს: ორი ძმა და სამი დაიკო. მე უფროსი ვაჟი ვარ. ისინი ნიგერიაში ჩემს მშობლებთან ერთად ცხოვრობენ და შესაბამისად, სკოლაშიც იქ დადიან. მე და ერთ-ერთი ძმა კი აქ ვსწავლობთ. მშობლებს საკუთარი ბიზნესი აქვთ. ბედნიერი ოჯახი ვართ. დედა საუკეთესო ადამიანია, ვისაც კი მსოფლიოში ვიცნობ და ძალიან მიყვარს.

- რა ტრადიციები გაქვთ ნიგერიაში?

- მე და ჩემი ოჯახი ქრისტიანები ვართ. "პენტოკოსტალ" - ასე ჰქვია ჩვენს რელიგიას. სხვათა შორის, ვაკეში ჩვენი ეკლესია გვაქვს და იქ დავდივარ ხოლმე. როცა წყვილები ქორწინდებიან, უფრო მეტად მუსლიმანურ ტრადიციებს იყენებენ, ზოგი კი - ქრისტიანულს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ბეგრაუნდი გააჩნია იმ ორ ადამიანს ანუ როგორ ოჯახებში აღიზარდნენ.

- რამდენი ხანია, რაც თბილისში ცხოვრობ და რატომ გადაწყვიტე აქ ჩამოსვლა? როგორ გაიგე საქართველოს შესახებ?

- ნიგერიიდან 2011 წლის 27 ნოემბერს წამოვედი და მას შემდეგ თბილისში ვარ. აქ ჩამოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩვენთან მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მოვისმინე და დავინტერესდი. საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მიმაჩნია. პატარა ქვეყანაა, მაგრამ მე მომწონს, რადგან აქ თავს დაცულად ვგრძნობ. გარდა ამისა, კულტურას ვსწავლობ, სხვა უცხოელებთან ერთად ცხოვრებას და ა.შ.

- რას საქმიანობ?

- თბილისი ძალიან მომწონს. აქ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტეზე ვსწავლობ და ვმუშაობ აფრიკულ სალონში, რომლის მარკეტინგული მენეჯერიც გახლავართ. ორი წლის წინ, კომპიუტერული კურსების სერტიფიკატიც ავიღე. ვცდილობ, ყველაფერი ვისწავლო, რისი შესაძლებლობაც მომეცემა.

- ქართულ სამზარეულოზე რას იტყვი?

- ოოო, "გუუდ". კარგი კერძები გაქვთ ქართველებს. მომწონს ხინკალი, ქაბაბი, ლობიანი და ცოტათი - ხაჭაპურიც.

GzaPress

- ამ ხნის განმავლობაში, თბილისში მეგობრები თუ შეიძინე? როგორ გექცევიან?

- ბევრი მეგობარი მყავს და როგორც აღვნიშნე, აქ ცხოვრება ჩემთვის სასიამოვნოა. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, ქართველების უმეტესობა რასისტები არიან. უპატივცემულოდ და ცუდად გვექცევიან იმის გამო, რომ შავკანიანები ვართ. ერთხელ, ქუჩაში ვიდექი, ტაქსი უნდა გამეჩერებინა (სამარშრუტო ტაქსიში ასვლას ვერიდები ხოლმე). ვიღაც შუახნის მამაკაცი მომიახლოვდა, შემომხედა და მომაფურთხა, - თქვენი ჯიში გაწყდაო. ავდექი და მეც სამჯერ დავუფურთხე ფეხებთან... ზოგჯერ კონფლიქტიც მომსვლია. იყო შავი, არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი ადამიანი ხარ. ჩვენ კეთილი გული გვაქვს და ქართველები გვიყვარს.

- როგორც ვიცი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მოგანიჭა და ამის გამო, მისი ფანი ხარ. პირადადაც ხომ არ შეხვედრიხარ?

- პირადად - არა, მაგრამ ვფიქრობ, ის კარგი კაცია, სახელმწიფოს ღირსეული ლიდერი. ის ლაგოსის დედაქალაქში იყო ჩამოსული და იქ სიტყვით გამოვიდა, თუ როგორ უნდა გახდე კარგი ლიდერი და როგორ აქციო ნიგერია უკეთეს სახელმწიფოდ. აქაურ შიდა პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, მაგრამ მჯერა, მაგარი ლიდერია.

- როგორია ნიგერიელი მოსახლეობის ცხოვრების დონე? კმაყოფილები არიან მთავრობის მუშაობით?

- არა, კმაყოფილები არ არიან. მთავრობის წევრები კორუმპირებულები გახლავან და ეგოისტებს უფრო ჰგვანან, ვიდრე მოქალაქეებზე მზრუნველებს. მოგეხსენებათ, ღარიბი ხალხი ყველა ქვეყანაშია და ამ მხრივ, ვერც ნიგერია იქნებოდა გამონაკლისი. თუმცა, იქაც ყველა ფენის წარმომადგენლები ცხოვრობენ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ოჯახი ნორმალურად ცხოვრობს, ჩვენი შემოსავლით კმაყოფილები ვართ და მადლობას ვწირავთ ღმერთს იმისთვის, რაც გვაქვს, რისი ყიდვა და კეთებაც შეგვიძლია.

- ჩემთან საუბრისას აღნიშნე, რომ საქართველოში ცხოვრებით კარგი შესაძლებლობა გეძლევა, აქედან ევროპასა და აშშ-ში იმოგზაურო. რომელ ქვეყნებში ხარ ნამყოფი?

- ჩემი ოცნების ქვეყანა კანადაა და ცხოვრების დიდ ნაწილს იქ სიამოვნებით გავატარებდი... ლონდონში ვიყავი. შესანიშნავი ქალაქია, დისციპლინირებული და ძალადობისგან თავისუფალი. გაერთიანებულ სამეფოში შავკანიანი ბრიტანელებიც ცხოვრობენ, ისევე, როგორც აშშ-ში - ამერიკელი შავკანიანები. იქ ბევრი პარკია, სკვერი, მუზეუმი, თეატრი, ანტიკვარული და საიუველირო მაღაზია, სავაჭრო ცენტრი და ბევრი ისეთი რამ, რაც ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს. ლონდონში ყოფნა კარგია. საერთოდ, მოგზაურობა გახალისებს ადამიანს, მაგრამ იქ ცხოვრებას არ ვისურვებდი, რადგან მაღალი გადასახადებია.

GzaPress

- აფრიკელების ცეკვა ძალიან მომწონს. თან, ცეკვისა და სიმღერის ნიჭი თითქმის ყველა აფრიკელს აქვს და მიუხედავად იმ უკიდურესი გაჭირვებისა, რაც კონტინენტის ზოგიერთ ქვეყანასა და რეგიონშია, ცეკვა-თამაშის ხალისს არ კარგავთ.

- აფრიკელები ამ მხრივ, მართლაც, ნიჭიერი ხალხია. ეს ბევრი ძალისხმევის გარეშე, კარგად გამოგვდის. ცეკვა ჩვენი კულტურული ცხოვრების, ჩვენი სულის განუყოფელი ნაწილია. ნიგერიული კულტურა რამდენიმე ეთნიკური ჯგუფის მიხედვით ჩამოყალიბდა. ქვეყანას აქვს 521 ენა, 250 დიალექტი და ეთნიკური ჯგუფი, მათ შორის, ყველაზე დიდია ჰაუსა და ფულანი. სხვათა შორის, ზოგჯერ აფრიკელები შვებულებასა და დასვენების დღეებს ზღვაზე, კარგ ადგილებში ატარებენ, დადიან სამოგზაუროდ აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ეცნობიან სხვადასხვა კულტურას, ბევრ რამეს სწავლობენ, რომ მერე ეს ცოდნა ქვეყანას მოახმარონ და უფრო განავითარონ.

- ნიგერია და შენი ოჯახი არ გენატრება?

- ძალიან მენატრებიან მშობლები, დები, ძმები, მაგრამ განსაკუთრებულად, დედა მენატრება. როცა მეგობრები ვიკრიბებით და სადღეგრძელოებს ვსვამთ, სულ ვამბობ: "დედას გაუმარჯოს!" იმედი მაქვს, მას და ოჯახის სხვა წევრებს მალე ვნახავ.

თამთა დადეშელი