როგორ იხსენებს 1960 წლის წყალდიდობას ზოოპარკის მაშინდელი თანამშრომელი - გზაპრესი

როგორ იხსენებს 1960 წლის წყალდიდობას ზოოპარკის მაშინდელი თანამშრომელი

ეს საკითხები სპეციალისტების შესასწავლია. სოციალურ ქსელში გავრცელდა მწერალ ედიშერ ყიფიანის ჩანაწერი, სადაც ის 1960 წლის ზაფხულში მომხდარ წყალდიდობას აღწერს...

ჩვენ ის ადამიანი ვიპოვეთ, რომელიც მაშინ თბილისის ზოოპარკში მუშაობდა და თავად შეესწრო ამ ფაქტს.

მედეა მასხულია-ლიკლიკაძე:

GzaPress- მახსოვს, იმ საღამოს, რამდენიმე საათი გადაუღებლად წვიმდა. თანამშრომლები შეშინებული ვამბობდით, - მეორედ მოსვლა ხომ არ დაიწყოო... ახლაც ყურში ჩამესმის ხმები, - ვერე გუგუნით მოდიოდა. მთელ ხეობაში გამაყრუებელი გრიალი ისმოდა. მოგლეჯილი ხეები და ფიჩხები მოჰქონდა... შეღამებული იყო, როცა წყალმა კატასტროფულად იმატა და ჩვენს ტერიტორიაზეც გადმოვიდა. ზოოპარკის დირექტორმა (გვარი აღარ მახსოვს, რადგან ბევრი დრო გავიდა), რომელიც სავარაუდოდ, ცოცხალიც აღარ იქნება, რადგან მაშინ 50 წელზე მეტის იყო, თანამშრომლები გაგვაფრთხილა, - ყველანი ადგილზე იყავითო. უნდა გვემორიგევა, რადგან რა დროს სად ვიქნებოდით საჭირო, არავინ იცოდა. წვიმა გადაღებას არ აპირებდა. როგორც კი წყალმა იმატა, ცხოველები ყველანი ერთად აღმუვლდნენ... იქაურობა სილით, ნაშალი მიწით, ფიჩხებითა და ნაგვით იყო სავსე...

ვერეს მხარეს მყოფი ცხოველები დაიხრჩვნენ. მაშინაც საშინელი სურათი იყო, მაგრამ მაშინ ან ტელევიზია სად იყო, ან - ფოტოგრაფები, თორემ ძალიან მძიმე ვითარება იყო. დირექტორი წარამარა გვაფრთხილებდა, - მოერიდეთ ცხოველებს, თუ რომელიმე გამოვარდა, შეიძლება, თქვენც დაგგლიჯოთო... ცუდ დღეში ჩავცვივდით, ვერ ვტოვებდით იქაურობას, იქნებ ფრინველების გადარჩენა შევძლოთ-თქო.

- ზარალი დიდი იყო?

- საკმაოდ. ცხოველები კი დაიხრჩვნენ, მაგრამ ადამიანური მსხვერპლი არ ყოფილა... ერთი ბრმა ნიანგი გვყავდა, რომელიც მდინარის დინებას გაჰყოლია, სადღაც კოლექტორში გაჭედილი იპოვეს და მეორე დღეს, უვნებელი დააბრუნეს უკან. ფარშავანგები ქალებივით წიოდნენ... მაიმუნების ვოლიერშიც შევარდა წყალი, - ზემოთ აცვივდნენ და იქიდან წიოკობდნენ შეშინებულები. წყლის დინებას ეტყობა ვოლიერის საკეტი გაუღია და ვეფხვი დირექტორს კაბინეტში შევარდნია...

GzaPress

- იქ როგორ აღმოჩნდა?

- დირექტორი იმ დროს ადგილზე ყოფილა, სამსახური არ დაუტოვებია. შემდეგ იხსენებდა, - კარზე გარედან ფხაჭუნი შემომესმა; გამოვაღე თუ არა, ორ ფეხზე შემდგარი ვეფხვი პირდაპირ ოთახში შემოვარდაო. კაცს ფერი დაჰკარგვია, მაგრამ ოთახში ვეფხვის ფიტული მდგარა და მტაცებელი პირდაპირ მას სცემია. გულგახეთქილი გამოვვარდი და კარი გარედან გადავკეტეო. ის ვეფხვი მისი გაზრდილი იყო და შესაძლოა, არც არაფერი დაეშავებინა, მაგრამ მაინც მუდმივად გვაფრთხილებდა, სტიქიის დროს, ცხოველები მდგომარეობიდან გამოდიან და არავინ იცის, რას მოიმოქმედებენ და ყველანი მოერიდეთო.

- როგორ დააბრუნეს ვოლიერში?

- როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდა და დირექტორის ოთახის კარი გააღეს, მშვიდად გამოვიდა და პირდაპირ თავის ვოლიერში შევიდა... მაშინ დასაძინებელი საშუალებები არც გვქონდა.

- ალბათ მაშინაც დაიწყო სტიქიის მიზეზების შესწავლა...

- დიახ, მეორე დღესვე თათბირი ჩატარდა. გეოლოგები და ინჟინრები იყვნენ მოსული. მახსოვს მათი დასკვნა, - გადაგვარჩინა იმან, რომ მდინარე ვერე ჩაკეტილი არ ყოფილა, თორემ წაგვლეკავდაო... მეორე დღიდან დავიწყეთ ზოოპარკის დასუფთავება. იქაურობა სულ სილით იყო სავსე, ვოლიერებში შესვლა არ შეიძლებოდა. წყალმა ზედა იარუსის ცხოველებამდე ააღწია, მაგრამ მხოლოდ დაასველა ისინი. ყველაფერი არ გაუნადგურებია. დამოუკიდებელი ძალებით მოვაწესრიგეთ იქაურობა. ცხოველებიც შეშინებული და გაღიზიანებული იყვნენ. დამწყვდეულ ცხოველს ადამიანი ყოველთვის ეიმედება და ასეთ დროს საცოდავები ხდებიან, დამფრთხალი და შეშინებული, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვენდობოდით... ცხოველების სიყვარულს ვერავინ მასწავლის, მაგრამ ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით, ყველაფერი უმნიშვნელოა. როდესაც ბოლო სტიქიის კადრებს ვუყურებდი, მთელი ღამე ვტიროდი იმ ადამიანურ დანაკარგზე. ასე მგონია, ადამიანის გაუფრთხილებლობამ გამოიწვია ეს ტრაგედია. რამდენი ადამიანი შეეწირა იმ საბედისწერო ღამეს! დღემდე დაკარგულად ითვლება ჩვენი ახლობლის შვილი, ბუთურიშვილი... დედამისი 13 ივნისის შემდეგ, დამუნჯებულია, არ ჭამს, არ სძინავს, ვერ ლაპარაკობს და იმათ ოჯახებს შენატრის, ვისი ცხედარიც უკვე ნაპოვნია... რამდენჯერმე ვიფიქრე, დავათვალიერებ ახლანდელ ზოოპარკს-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი, ძალა არ მეყო, იქ მივსულიყავი... მაშინ მხოლოდ ზოოპარკი იყო, მხოლოდ ცხოველები გვყავდა, ატრაქციონები და სხვა საბავშვო გასართობები არც ყოფილა...

GzaPress

- ზოოპარკში მუშაობის პერიოდიც გაიხსენეთ...

- იქ 19 წლისა მივედი. დაუსწრებელზე ვსწავლობდი და დეკანმა გაგვაფრთხილა, უნივერსიტეტში სწავლისთვის მუშაობის დამადასტურებელი ცნობა გჭირდებათო. მაშინ, ჩემ გარდა, იქ უამრავი სტუდენტი მუშაობდა. მე ახლობელმა მირჩია იქ მისვლა. თავადაც იქ მუშაობდა. მითხრა, - ძალიან ლამაზი გედები მყავს, მათი მოვლა არ გაგიჭირდებაო. ძნელი არ ყოფილა, - უნდა მეჭმია და აუზში წყალი გამომეცვალა. ჩემამდე მათ რუსი ქალი უვლიდა. სულ შვიდი გედი გვყავდა, ყველანი თეთრები იყვნენ, ერთის გარდა; სიშავის გამო "მურკა" შეურქმევია. ეტყობა, მისი გაზრდილი იყო და გედებს რუსულად ელაპარაკებოდა, ქართული არ ესმოდათ. ის ერთი, მურკა, განსაკუთრებული იყო: ადამიანივით შეეძლო სიყვარულის გამოხატვა. მოვიდოდა და თავს მხარზე დამადებდა. ჩვენი "ურთიერთობის" ამსახველი ფოტო მაშინ თბილისში მყოფმა ჟურნალ "ოგონიოკის" ფოტოკორესპოდენტმა გადაიღო. ძალიან მწყდება გული, რომ ეს ფოტო არ შემომრჩა. მაშინ არც კავშირი იყო ასე გამარტივებული. ფოტოაპარატიც ძალიან ცოტას, სულ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა...

- რამდენი წელი იმუშავეთ ზოოპარკში?

GzaPress- ორ წელზე მეტხანს... ერთი განსაკუთრებული შემთხვევა მახსოვს: მაიმუნს ნაშიერი მოუკვდა და ისე განიცდიდა, გაოგნებული ვუყურებდით. თავში ხელების ცემით, როგორც ქალი, ისე ტიროდა და პატარა, მკვდარი მაიმუნი არავის დაანება... "ხელებში" ეჭირა და აქეთ-იქით წივილით დაატარებდა. პატარა მაიმუნი რითი მოკვდა, არ ვიცი... ცხოველებს მომვლელის მიმართ საოცარი ინსტინქტი აქვთ: ორი წლის შემდეგ მივედი ზოოპარკში, იქაურობა მომენატრა. მურკამ მიცნო და ჩემკენ გამოეშურა. ზუსტად ისე მომეფერა, როგორც - ადრე... მოგვიანებით, 1968 წელს, კიდევ ერთხელ მოხდა თბილისში წყალდიდობა. მაშინ გაგარინის მოედანზე (ახლანდელი ჟვანიას მოედანი), ხალხის ევაკუაციის დროს, ერთი მილიციელი დაიღუპა... მაშინ "სასწრაფო" აღრიცხვას აწარმოებდა.

ჩვენ კიდევ ერთი ადამიანი ვიპოვეთ, რომელიც 1968 წელს მდინარე ვერეს ადიდებას შეესწრო.

ლია დუგლაძე:

- მაშინ "ლაგუნა ვერესთან", "ბარაკებში" ვცხოვრობდით. როდესაც წვიმა ისე ადიდდა, რომ უკვე სახიფათო გახდა, იქ მცხოვრებლებმა სახანძრო გამოვიძახეთ. ამასობაში წყალი შემოვარდა, მუხლებამდე გვწვდებოდა. ის იყო, ეზოში გამოვედი, რომ წელამდე ავიდა. სახლები დაიტბორა. გამთენიისას ყველანი გარეთ გამოგვიყვანეს... მაშინ ტექნიკურ ბიბლიოთეკასთან ახლოს, შემაღლებულზე მცხოვრებლებმა შეგვიკედლეს, გაგვაშრეს, დაგვაპურეს. იქიდან ჩანდა, თანდათან იფარებოდა სახლები წყლით... შემდეგ კი ის დაზარალებულები თემქაზე, ახალაშენებულ ბინებში გადაიყვანეს. რამდენიმე წლის შემდეგ, კიდევ მახსოვს, პლეხანოვის მოედანზეც მოხდა წყალდიდობა, ნავებით გამოჰყავდათ ხალხი.