როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ოცნება - გზაპრესი

როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ოცნება

19 წლის სანდრო მაღრაძემ ცხოვრების ერთი ნაწილი - 8 წლამდე საქართველოში გაატარა, მეორე - ამერიკაში და დედასთან და 2 ძმასთან ერთად, დღესაც იქ ცხოვრობს. ამჯერად, სტუმრად გვეწვია-მეთქი, რომ ვთქვა, შეიძლება, იწყინოს კიდეც, რადგან ორივე ქვეყანას სამშობლოდ მიიჩნევს. კიდევ ის მესიამოვნა, რომ შესაშურად კარგად ლაპარაკობს ქართულად და როგორც შევიტყვე, ეს უპირველესად, სანდროს დედის, მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერის დამსახურებაა.

- 8 წლის ვიყავით მე და ჩემი ტყუპისცალი - ნიკა, 10 წლის იყო ჩემი ძმა - ლევანი, როცა დედასთან ერთად, ამერიკაში წავედით. თავდაპირველად, ერთი წლით ვაპირებდით დარჩენას, მაგრამ დედას უკან დასაბრუნებელი ბილეთი დაეკარგა. იფიქრა, - ეტყობა, ეს ნიშანია და ცოტა ხნით კიდევ უნდა დავრჩეთო. მან მუშაობა განაგრძო, ჩვენ - სკოლაში წავედით, პარალელურად, ინგლისურს ვსწავლობდით, სპორტზეც დავდიოდით და ასე დაიწყო ჩვენი ამერიკული ცხოვრება. საქართველოში პირველად მხოლოდ "მწვანე ბარათის" მიღების ანუ 5 წლის შემდეგ ჩამოვედით. მერე დედა ამერიკელს გაჰყვა ცოლად და დღემდე იქ ვცხოვრობთ, ილინოისის შტატში, ჩიკაგოს გარეუბანში, საქართველოში კი 2 წელიწადში ერთხელ ჩამოვდივართ.

GzaPress

- ალბათ აქ ძალიან ძვირფასი ადამიანები დატოვეთ, რომლებსაც ენატრებოდით და აუცილებლად უნდა მოგენახულებინათ...

- უახლოესები ბებია და ბაბუა იყვნენ, დედას მშობლები. ისინი მარტო ცხოვრობდნენ. ბაბუა - რევაზ კვერენჩხილაძე მალე 87 წლის გახდება. იგი მწერალია და ყოველდღე მუშაობს, ყოველ დილით ვარჯიშობს კიდეც. ბებია წიგნების გასწორებაში ეხმარებოდა ხოლმე ბაბუას, ერთად მუშაობდნენ იმისთვის, რომ საქართველოსთვის კარგი საქმეები ეკეთებინათ. ბებია, სამწუხაროდ, შარშან გარდაიცვალა. ბაბუა მართალია, მხნედ არის, მაგრამ ჩემმა ჩამოსვლამ უფრო გააძლიერა. მასთან 3 თვით ჩამოვედი. ძალიან ვმეგობრობთ, ფეხბურთს ერთად ვუყურებთ და ღამეებსაც კი ვათენებთ. ზოგჯერ ის მიმზადებს საჭმელს, ზოგჯერ - მე...

- ინტერვიუს ჩაწერამდე ეზოს სტადიონზე, ფეხბურთის მოთამაშე პატარა გოგონებს ვადევნებდით თვალს და სიხარულით აღნიშნე, - რა კარგია, ბავშვები ეზოში რომ ერთობიან, ამერიკაში უმრავლესობა კომპიუტერსაა მიჯაჭვულიო. შენ როგორ ცხოვრობდი აქ და მერე - იქ?

- მახსოვს, მე, ჩემი ძმები და მეგობრები აქ გარაჟებზე დავხტოდით, ხეებზე დავძვრებოდით. ძალიან კარგი მეგობრები გვყავდა და ერთი - მარიამ გრიგოლია დღემდე შევინარჩუნეთ. ახლა სხვადასხვა პროექტზეც კი ვმუშაობთ ერთად. ამერიკაში კი... აქ როგორი მეგობრობაც ვიცით, ამერიკაში თითქმის არ არსებობს. იქ ძირითადად, მატერიალური შესაძლებლობების მიხედვით ირჩევენ მეგობრებს. დღეს თუ ფულის გამო დაგიმეგობრდებიან, ხვალ ოჯახის გაკოტრების გამო იოლად გაქცევენ ზურგს. მაგრამ ჩვენ - მე და ჩემს ძმებს ძალიან გაგვიმართლა: ამერიკაში შესანიშნავი მეგობრები შევიძინეთ. ჩემი და ნიკას გარდა, ჯგუფში კიდევ 2 ტყუპი ძმაა და კიდევ, 3 ბიჭი, რომლებთანაც ვძმაკაცობთ. ეს 9 ადამიანი ერთმანეთისთვის ნამდვილი მეგობრები ვართ. არადა, თავდაპირველად ბევრი სკოლა და კლასი გამოვიცვალეთ და ადამიანებთან ლაპარაკს გავურბოდით - გვაკომპლექსებდა ჩვენი აქცენტი, ჩაცმულობა. ხანდახან ისეთი ჩაცმულები დავდიოდით, სარკეში ჩახედვისაც გვეშინოდა. გრძელი თმა გვქონდა, რაღაცნაირი "შორტები" და გრძელი თეთრი წინდები გვეცვა - მოკლედ, ყველასგან განვსხვავდებოდით (იცინის). წლების განმავლობაში ჩვენც დავიხვეწეთ, ჩაცმა ვისწავლეთ და რაც მთავარია, მივხვდით, რომ სამოსი სულაც არ არის მთავარი; ყველაზე მნიშვნელოვანი - ურთიერთობებია! სკოლებში ამერიკელები "ჯორჯიანსს" ანუ "ქართველებს" გვეძახდნენ და ეს დღემდე შემოგვრჩა, მეტსახელივით. ყველასადმი კეთილგანწყობილი ვიყავით და ყველაზე მაგარი ის იყო, სხვადასხვა ინტერესით ჯგუფებში გაერთიანებული ბავშვები ერთმანეთთან რომ არ ურთიერთობდნენ და ჩვენთან მეგობრობდნენ.

GzaPress

- კიდევ რით განასხვავებ ამერიკულ და ქართულ ცხოვრებას?

- რაც ჩამოვედი, ლექციებს ვატარებ და ყველას ვუხსნი, რომ შეიძლება, საქართველოსა და ამერიკაში განსხვავებული პრობლემებია, მაგრამ გლობალურად თუ ავიღებთ, მაინც იდენტური გამოდის: მთავრობაშიც ორივეგანაა პრობლემები, მეგობრობაშიც და სხვა სფეროშიც. ადამიანი ყველგან ადამიანია, მაგრამ საქმე ის არის, რომ სიტუაციაა ამერიკაში სხვანაირი, ანუ იქ ცხოვრება უფრო იოლია: სამსახურსაც გაცილებით იოლად იშოვი, ხელფასიც უკეთესია; თანამშრომლებთან, კლიენტებთან ურთიერთობა უფრო დახვეწილია, მაგრამ... იცით, რა აკლიათ? თითქმის უმრავლესობა ყველაფერს ფულისთვის აკეთებს. მგონი, ნელ-ნელა საქართველოც აქეთ მიდის: ურთიერთობებს ვკარგავთ და უფრო მეტს ფულზე ვფიქრობთ...

- სანდრო, როგორც ვიცი, დედა მწერალი გყავს, არა?

- დიახ. დედაც მწერალია და ბაბუაც. დედიკომ ჩვენს ამერიკულ ცხოვრებაზე დაწერა წიგნი - "ბილიკები ამერიკისკენ" და აღწერა, როგორ წავიდა, რა გადაიტანა, რას გაუძლო, როგორ გადალახა პრობლემები და ა.შ. რაც გამოცადა, ის დაწერა და ინგლისურად თარგმნასაც აპირებს.

- მწერლობის გარდა, დედა ამერიკაში რას საქმიანობს?

- მასწავლებელია. ახლა კიდევ დაემატა საქმე: საქართველოში ამერიკის ახალ ელჩსა და მის მეუღლეს ასწავლის ქართულს.

- ვიმედოვნებ, მწერალი ქალბატონი და ასეთი კარგი შვილების აღმზრდელი ბევრ კარგ, საინტერესოსა და მნიშვნელოვანს უამბობს ამერიკის მომავალ ელჩს საქართველოსა და ქართულ ბუნებაზე.

- კი, რა თქმა უნდა. რომ ჩამოვლენ, დედას გადაწყვეტილი აქვს, მთელი საქართველო მოატაროს ელჩსა და მის ოჯახს.

- მითხარი, საქართველოში ლექციებს ვკითხულობო. რა ლექციებს გულისხმობ?

- ერთ-ერთ აკადემიაში ინგლისურად ჩავატარე ლექციები ბიზნესზე, ლიდერობაზე, გუნდში ურთიერთობაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ბედნიერებას მიაღწიო და ა.შ.

GzaPress

- კი, მაგრამ ჯერ მხოლოდ 19 წლის ხარ და ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება ან ბიზნესგანათლება საიდან გაქვს, სხვებსაც რომ გაუზიარო?

- წამოსვლამდე ბევრი რამ შევისწავლე და ალბათ, იმიტომ გადავწყვიტე, სხვებისთვისაც გამეზიარებინა. შეიძლება, სულ მარტივი რამ იყოს, რაც საქართველოს აკლია და მინდა, ამ დანაკლისის შევსების პროცესში ჩემი წვლილიც შევიტანო. ამას წინათ, ჩემი ტყუპისცალი ნიკა მელაპარაკა და მკითხა, ამდენი ხნის განმავლობაში რომ არ ყოფილხარ საქართველოში, იქ ყოფნა არ გიჭირსო? მეც ვუპასუხე: რაც ჩამოვედი, ვგრძნობ, შინ დავბრუნდი და რაკი ასეთი განწყობა მაქვს, თუკი ჩემს სახლში ვარ, მინდა, აქ ყველა ბედნიერი იყოს-მეთქი. აქ ბევრ ადამიანს გამოველაპარაკე - ტაქსიშიც, "მარშრუტკაშიც", ქუჩაშიც, სოფელშიც და გავიგე, მათ რა პრობლემები აქვთ და ამის შემდეგ გამიჩნდა ერთი იდეა. შეიძლება, ვინმეს გიჟიც ვეგონო, მაგრამ საქართველოს პრობლემების მოგვარება მინდა. არ ვხუმრობ, აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ. ჩვენს საუკეთესო ხალხს, ჩვენს ქართველებს მინდა გავაგებინო, რომ მართლაც, ერთი გუნდი ვართ და თუკი პრობლემების მოგვარება გვსურს, აუცილებლად ერთად უნდა ვიმუშაოთ საამისოდ. თუკი ყველა სათავისოდ იფიქრებს, გუნდი ვეღარ იარსებებს, საქართველოს ტრადიციებიც დაიკარგება და შეიძლება, საქართველოც მთლიანად დაიკარგოს. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ყველანი ერთმა მიზანმა გაგვაერთიანოს, ყველამ საქართველოს წარმატებულ მომავალზე ვიმუშაოთ.

- ანუ ამბობ, რომ კონკრეტული გეგმაც, პროექტიც გაქვს?

- მაქვს. თუკი ვინმეს ჩემთან დალაპარაკება, მოსაზრებების, პრობლემების, ხედვის გაზიარება სურს, სიამოვნებით შევხვდები და მოვუსმენ. სასურველია, ეს მანამდე მოხდეს, ვიდრე ჩემს პროექტს მთელ საქართველოს წარვუდგენ. და ერთიც, მსურს, ყველას გითხრათ: თუ ოცნება დაკარგეთ, არა უშავს, მე 100%-ით მჯერა საქართველოს წარმატების! ერთად ყველაფერს შევძლებთ! ჩემი წამოწყების მჯერა და ამაში ძმებიც მეხმარებიან, ჩემი ბავშვობის მეგობარი მარიამიც და ვიცი, სხვებიც შემოგვიერთდებით - ძალა ერთობაშია!

ირმა ხარშილაძე