უცხოეთში გადახვეწილთა იმედად... - გზაპრესი

უცხოეთში გადახვეწილთა იმედად...

სხვამაც რომ არ მითხრას, ბრმა ხომ არა ვარ და თავადაც სულ უფრო და უფრო ხშირად მესმის ხან სამეგობროში, ხანაც - სანათესავოში, რომ სამწუხაროდ, ისევ უცხოეთში გამგზავრებაში ხედავენ ადამიანები გამოსავალს.

ოცდაათი გამოკითხულიდან მხოლოდ ხუთმა მითხრა, რომ მისი ოჯახიდან ჯერ არავინ წასულა საზღვარგარეთ სამუშაოდ და ამ ხუთიდან სამი ამის გამო ძალიან წუხს, რადგან უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს...

მანონი წაქაძე, 42 წლის, პედაგოგი:

- ჩემი ქმარი სეზონურ სამუშაოზე დადის თურქეთში და ბოლო ორი წელიწადია, ჩვენი ოცი წლის ვაჟიც მიჰყვება ხოლმე. ბევრს ვერ შოულობენ, მაგრამ ამის გარეშე მთლად დაგვექცეოდა ოჯახი, რადგან ყველანი უმუშევრები ვართ და საპენსიო ასაკამდეც ბევრი გვიკლია ჯერ. სამი წლის წინ მეც მომიხდა სკოლიდან წამოსვლა. რუსული ენის პედაგოგი ვარ და ისე შეამცირეს საათები, რომ ხელფასი გზის ფულადაც აღარ მეყოფოდა. ვზივარ ახლა სახლში და შვილიშვილებს ვუვლი.

მირზა სულამანიძე, 52 წლის, დროებით უმუშევარი:

- ინჟინერი ვარ, მაგრამ სამუშაოს შოვნაზე კარგა ხანია, აღარც ვოცნებობ. ჩემი მეუღლე რვა წელიწადია, საბერძნეთშია. გაუმართლა და კარგ ოჯახში მოხვდა: არც ხელფასს უგვიანებენ და საჩუქრებსაც "უკეთებენ", რადგან მართლა ერთგულად უვლის ქალს, რომელსაც დამოუკიდებლად ჭამაც არ შეუძლია, დამბლის გამო. მძიმე სამუშაოს შესრულება უხდება და ყველა ძვალი მტკივაო, - შემომჩივის, როცა ვურეკავ. აბა, როგორია ჩაწოლილი ავადმყოფის აწევ-დაწევა?! არადა, ვერც სახლში დაბრუნებაზე იფიქრებს ჯერ. ცერებრალური დამბლით დაავადებული ცხრამეტი წლის ქალიშვილი გვყავს, რომლის მკურნალობა ძვირი ჯდება და დედამისი რომ არ წასულიყო საზღვარგარეთ, ვერც იცოცხლებდა ალბათ ამდენ ხანს. ნინუცას მე და ჩემი ოცი წლის ქალიშვილი ვუვლით, რომელმაც სწავლის გაგრძელებაც ვერ შეძლო დის გამო...

ანა ბალავაძე, 78 წლის, პენსიონერი:

- ჩემი სამივე ქალიშვილი იტალიაშია და რამდენიმე წელიწადია, არ მინახავს. ოჯახებს ისინი არჩენენ: შინ შვილები, შვილიშვილები, უმუშევარი ქმრები ჰყავთ და დედ-მამასაც გვპატრონობენ. აბა, რა ქნან, პენსია წამლის ფულადაც არ გვყოფნის და სხვაც ხომ ბევრი რამ გვჭირდება?! მეშინია, რომ ისე მოვკვდები და გამასვენებენ, ვერც ერთი შვილი ვერ გამიწევს ჭირისუფლობას. არალეგალები არიან და ვერ მოახერხებენ ჩამოსვლას...

მერი თავაძე, 58 წლის, დიასახლისი:

- ჯერ რძალი წავიდა საბერძნეთში და მერე ჩემი ქალიშვილიც წაიყვანა. ღვთის მადლით, შემიძლია და შვილიშვილებს მე ვპატრონობ. ძალიან გვენატრება ოჯახის წევრები, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოვლენ: მათი დახმარების გარეშე საჭმელსაც ვერ ვაჭმევდით ბავშვებს...

ვალიდა დოლიძე, 43 წლის, გარემოვაჭრე:

- ჩემი დები წავიდნენ და მეც მირჩევენ, საბერძნეთში ჩამოდიო, რადგან მთელი დღე ქუჩაში მიწევს ვაჭრობა და დები რომ არ მეხმარებოდნენ ზოგჯერ, მაინც მშივრები მეყოლებოდა შვილები - 15 და 12 წლის გოგონები მყავს. ქვრივი ვარ და ვის დავუტოვო შვილები? ცოტა რომ წამოიზრდებიან, ალბათ, მეც მომიწევს ქვეყნიდან წასვლა, რადგან აღარაფრის იმედი არ მაქვს. ყველა მთავრობამ მოგვატყუა და არავინ გააკეთა რამე ხალხის დასასაქმებლად. როგორმე თავად უნდა გადავირჩინოთ თავიც და ოჯახებიც!..

...აღარ გავაგრძელებ, რადგან ყველა რესპონდენტის ისტორია საოცრად ჰგავს ერთმანეთს - ისინი ხომ "ბედკრული საქართველოს" შვილები და რეალობის ამსახველი სარკეები არიან. ამ სარკეებში კი ხშირად უნდა ჩაიხედონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ინებეს ქვეყნის სათავეში დგომა და თუ აქამდე არ გაუაზრებიათ, რომ ამ ხალხის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობაა მათი უპირველესი მოვალეობა, დროა, ახლა მაინც აჩქარდნენ და იმოქმედონ, ვიდრე ყველა არ გაქცეულა. ცუდია, რომ კიდევ ერთხელ მიხდება უბრალო ჭეშმარიტების შეხსენება - უხალხო ქვეყანა არ არსებობს, თორემ უმეფო ან უპრეზიდენტო - რამდენიც გინდათ...

ინგა ჯაყელი