ლია ლიქოკელის პირველი პროტესტი და სტერეოტიპების მსხვრევა
font-large font-small
ლია ლიქოკელის პირველი პროტესტი და სტერეოტიპების მსხვრევა
"მაინტერესებს, სიყვარულის მოლეკულები რისგან შედგება"
საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციები, სტერეოტიპები, ჩარჩოში ჩასმული და ნორმად მიჩნეული ქმედებები ხშირ შემთხვევაში, ცალკეული ადამიანების პროტესტს იწვევს.

თითოეულ ჩვენგანს გვაქვს კონფლიქტი რეალობასთან. პროტესტის გამოთქმის ფორმა განსხვავებულია. შეიძლება, ეს იყოს დუმილი, ვიზუალური პროტესტი ან სულაც, ნაფიქრის ფურცელზე გადატანა, როგორც ეს ჩემი რესპონდენტის, პოეტ ლია ლიქოკელის შემთხვევაში ხდება.

- ლია, ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობ?

- საკუთარ ცხოვრებაზე, პრობლემებზე ვფიქრობ.

- პრობლემები არსებობს პირადული და საზოგადო. საზოგადო პრობლემებიდან რას გამოყოფ?

GzaPress- სოციალურ თემებზე არ ვილაპარაკებ. ყველაზე მეტად, საზოგადოებაში თავისუფლების ნაკლებობა მაწუხებს. ძალიან ხშირად, ადამიანები ერთმანეთის პიროვნულ სივრცეს, საზღვრებს არღვევენ. საზღვრებს არღვევს ინსტიტუციები, ტრადიციები, რომლებშიც გაგვზარდეს. ჩვენთან ხომ ყველაფერში დადგენილი ნორმა, ჩარჩო არსებობს... ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანებს უჭირთ იყვნენ თავისუფლები, დაამსხვრიონ სტერეოტიპები.

- როგორ იქცევი, როცა შენს პიროვნულ სივრცეს უხეშად არღვევენ?

- პასუხს საერთოდ არ ვცემ. ასეთ დროს ჩემს თავშესაფარში შეძვრომა მირჩევნია, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- საზოგადოება ხომ შენგან, ჩემგან და ბევრი ჩვენნაირი ადამიანისგან შედგება. თავად სხვის პიროვნულ სივრცეში არასდროს შეჭრილხარ?

- რა თქმა უნდა, შევჭრილვარ, მაგრამ ეს განგებ არ გამიკეთებია. როგორც უნდა ეცადო, ხანდახან არ გამოგდის, ისე მოექცე სხვებს, როგორც გინდა, შენ გექცეოდნენ.

- შენში პროტესტს კიდევ რა იწვევს?

- ჩვენ პატრიარქალურ სამყაროში ვცხოვრობთ და ეს ბევრ უსამართლობას წარმოშობს. რადგან ქალად დაიბადე, ბევრი მოთმინება გმართებს, შენი როლი წინასწარ განსაზღვრულია და ეს ძალიან არ მსიამოვნებს. მაინც ვახერხებ, გარემოებებზე დამოკიდებული არ ვიყო. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ადამიანები ერთმანეთს ჩაცმულობაზე, ინტერესებსა და პროფესიებზე ნორმებს არა მხოლოდ უწესებენ, არამედ ამ ყველაფერს ისე აკეთებენ, თითქოს ლეგიტიმურია. საერთოდ, ადამიანი ძალიან ნელა იცვლება. ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი - კარგი განათლებაა. პრობლემა ბევრ ოჯახშია. მშობლებს ავიწყდებათ, რომ შვილი არ არის საკუთრება. ის დამოუკიდებელი ადამიანია, რომელსაც საშენი მასალა უნდა მიაწოდო, რათა მომავალი აიშენოს. და საერთოდ, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ შენ მხოლოდ ერთი ადამიანი არ ხარ: ყველა ადამიანი ხარ, რომელიც არსებობს და მომავალშიც იარსებებს.

- შენს ასეთ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე გავლენა ვინ და რამ იქონია?

- ყველა ადამიანმა, ვინც კი ცხოვრების გზაზე შემხვედრია. კიდევ, სხვადასხვა მოვლენამ, ამბავმა, წიგნმა, მცენარემ...

- ხევსურეთში იზრდებოდი. მთასა და ბარში მცხოვრებ ადამიანთა შორის განსხვავებას ხედავ?

- მთაში გაზრდილები სხვადასხვაგვარები არიან, ისევე, როგორც ბარში გაზრდილები... ბუნებასთან ახლოს მყოფი ადამიანი ადვილად აღიქვამს იმას, რომ მარტო არ არის. სამყაროში ყველაფერი გასულიერებულია, ცოცხალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალაქად მყოფს ეს შეგრძნება არ აქვს. ადამიანს გააჩნია.

- შენს ერთ-ერთ მონოლოგში - "ილაპარაკეთ, გოგოებო!" - "გოგოურ ამბებს" საინტერესოდ გვიყვები. თანატოლებს მოუწოდებ, ღიად ილაპარაკონ საკუთარ გრძნობებზე, განცდებზე. გააცნობიერონ, რომ სიყვარული სირცხვილი არ არის. მაინტერესებს, შენი თაობისა და ბებიის თაობის გოგონების სათქმელს შორის რა განსხვავებას ხედავ?
- ო! განსხვავება მართლაც არსებობს. ჩვენი ბებიები ფიზიკურ შრომაში გაზრდილი გოგონები იყვნენ. შესაძლოა, ამას ყურადღება არ მიაქციო, არც ახსენო, მაგრამ თუ ჩაუღრმავდები, მიხვდები, რომ მათი შრომა ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლა იყო. შესაძლოა, ეს ერთი მხრივ, ადამიანს სიმტკიცეს ჰმატებს, მაგრამ ამავდროულად, აუხეშებს. ქალები საკუთარ თავს ვეღარ უსმენენ, ამისთვის დრო არ რჩებათ, არადა, ადამიანი საკუთარი თავის შეცნობით იწყებს სამყაროს გაცნობას. ბებიები ითმენდნენ, ითმენდნენ ძალიან ბევრ ისეთ რამეს, რაც არ უნდა მოითმინო!
GzaPress
- მაგალითად?

- ბევრ რამეს არა საკუთარი სურვილით, არამედ იძულებით აკეთებდნენ.

- იმ დროს რომ დაბადებულიყავი, შენ რას გააკეთებდი?

- ალბათ ვერაფერს შევცვლიდი და მეც მათსავით ვიცხოვრებდი. შეიძლება, ლექსები მეწერა.

- შენი ლექსები პროტესტია?

- კი. პროტესტია ყოველდღიურობის, ერთფეროვნების გამო... ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვჭამოთ და ვჭამთ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ - ეს ყველაფერი უინტერესოა. არადა, შეიძლება, საინტერესო სამყაროში გაძვრე, ხვრელები გააკეთო და სხვა სამყარო აღმოაჩინო. ხელოვნება ამ ყველაფერში ძალიან მეხმარება. ქალთა უფლებების დაცვის მხრივ, ქვეყანაში საქმე ცუდად არის. ვითარებას ის ართულებს, რომ ადამიანები მდგომარეობის სიმძაფრეს ვერც კი აღიქვამენ. 50 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, მცირე სიკეთე შეინიშნება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ქალის როლი განსაკუთრებით მძიმე მთაში გახლავთ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ქალი დაუცველია. ჩვეულებრივი ამბავია, რომ მას არა აქვს უფლება, ჩაერიოს კაცების ლაპარაკში, ეს ცუდი ტონია. ხშირად მსმენია: ვინ რას გიკრძალავს? გააკეთეო... ამ დროს, გამოგაცხადებენ: "ქალი პოეტი". არავინ ამბობს, - "კაცი პოეტი".

- ეს დამამცირებელია?

- მე არ მივიჩნევ თავს დამცირებულად, მაგრამ მიდგომა არასწორია.

- გენდერულ საკითხზე ხმაური ხელოვნურადაც ხომ არ იქმნება?

- პროფესიით რეჟისორი ვარ. წლების წინ, ერთ-ერთი რაიონის თეატრში მუშაობა დავიწყე. იქ რომ მივედი, გარშემო მყოფთა დამოკიდებულებამ გამაოცა. ამ გოგომ რა უნდა გააკეთოსო?!. - ვგრძნობდი, ყველა ამას ფიქრობდა. ბიჭი რომ ვყოფილიყავი, მსგავსი დამოკიდებულება არ ექნებოდათ. "გოგო ხარ, არ ილაპარაკო", - ეს სიტყვები სასაცილო არ არის? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უთანასწორობის ყველაზე დიდი ნიშანი "ქალიშვილობის ინსტიტუტია". გოგოს არა აქვს უფლება, ჰქონდეს პირადი ცხოვრება, თუ მეუღლე არ ჰყავს. ამაზე უარესი არ ვიცი, რა შეიძლება იყოს? მამაკაცები ქალებს აღიქვამენ, როგორც საკუთრებას. გადავავლოთ თვალი ჩვენს ახლო წარსულს: რამდენმა კაცმა მოკლა ქალი იმის გამო, რომ გაბედა და მასთან დაშორების შემდეგ, პირადი ცხოვრება აიწყო? ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ.

- ამბობ, რომ ლექსები შენი პროტესტია... შენი წითელი თმაც პროტესტის ფორმა ხომ არ არის?

- არა, წითელი თმა უბრალოდ, მომწონს. გარეგნული სახით პროტესტს არასდროს გამოვხატავ და ასეთ დროს არც ხმის აწევა მჩვევია. ამბოხი ჩემში რჩება და მერე შესაძლოა, ფურცელზე გადავიდეს. საკუთარი ფიქრების გამოთქმა ლექსად უფრო მიადვილდება. ყველა ადამიანი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. ადამიანზე ფასეული და საინტერესო ამქვეყნად არაფერია. პიროვნების გადაკეთება არ უნდა სცადო, ეს ჩემში პროტესტს იწვევს.

- შენი გადაკეთება ვინმეს უცდია?

- არა. გამიმართლა, ოჯახში ჩემი ესმით. საერთოდ, დაკვირვებამ უჩვენა: როცა ვინმე ადამიანის გადაკეთებას ეცდება, შედეგი ყოველთვის სავალალოა. ჩემთვის ოჯახში რომ ვერ გაეგოთ, შესაძლოა, კონფლიქტი ყოფილიყო... თუმცა, ხშირად მაქვს განცდა, რომ ადამიანებს ჩემი არ ესმით.
GzaPress
- რა არ ესმით?

- ყველას ჩვენ-ჩვენი ადამიანური ფორმულა გვაქვს. ვუგებთ იმ პიროვნებას, რომელიც ჩვენი მსგავსია. ჩემი გაგება ძალიან გაუჭირდება მას, ვისაც არ ესმის პოეზია. ხშირად მეუბნებიან, შენ ყველაფერს ართულებ, მძიმედ უყურებ, პრობლემებს ეძებ, ტანჯვის ნიჭი გაქვსო. მე ყველაფერს გამადიდებელი შუშით ვუყურებ; იმასაც კი, რასაც ოჯახის წევრების სიყვარული ჰქვია.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მაინტერესებს, სიყვარულის მოლეკულები რისგან შედგება.

- ამ ძიების შედეგად რა დასკვნამდე მიხვედი?

- დავრწმუნდი, რომ არაფერი ერთგვაროვანი არ არის. ნივთი მხოლოდ ისეთი არ არის, როგორც გამოიყურება, ის უამრავი დეტალისა და წვრილმანისგან შედგება. ასევე, არც ერთი გრძნობა არ არის ერთგვაროვანი. ყველანაირი სიყვარული, რაღაც დოზით, სიძულვილსაც შეიცავს... მე არ ვიცი, რა არის სწორი ქცევა, რა - არასწორი, რა არის შეცდომა და ა.შ. კომპრომისები არ მიყვარს. გონებით მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება, თუ ის გრძნობით არაა გამყარებული, ღირებული არ არის. რაც უფრო მეტად მგრძნობიარეები ვიქნებით, ცხოვრება მეტად საინტერესო გახდება.

- პირველი პროტესტი გახსოვს?

- მე არ მახსოვს, მაგრამ დედა იხსენებს: ახალშობილი აკვანში ვერ გამაჩერეს. მთელი კვირა მაწვალეს, მე კი თურმე, ვერ ვიტანდი, როცა ხელებს მიკრავდნენ. აი, ასეთი თავისუფლებისმოყვარე დავიბადე. დედა ამბობს, მაშინ მივხვდი, მომავალში როგორი იქნებოდიო. მერე ვაპროტესტებდი ბაღში, სკოლაში სიარულს...

- დღეს ყველაზე ხშირად რას აპროტესტებ?

- ფანატიზმს. ეს საშინელებაა. როგორ შეიძლება, მხოლოდ ერთი მიმართულება მიგაჩნდეს სწორ გზად და სხვა ნებისმიერ მიმართულებას არათუ არ განიხილავდე, არამედ დანაშაულად მიგაჩნდეს. ხშირ შემთხვევაში, ეს გადადის ძალადობაში, მერე ძალადობა დიდ მასშტაბს იღებს და ადამიანები იდეების გამო იხოცებიან.

- არსებობს თემა, რომელზე ლაპარაკსაც გაურბიხარ?

- არ ვლაპარაკობ პოლიტიკაზე, რადგან ამ სფეროში კომპეტენტური არ ვარ. შეხედულებები, რომელიც მაქვს, ჩემია და დემონსტრირების სურვილი არ გამაჩნია... ვერ ვიტან, როცა ლაპარაკს აზრი არა აქვს. არ მაქვს უფლება, ვინმე შევცვალო, მე მხოლოდ შემიძლია, შევთავაზო, რა წაიკითხოს, რა ნახოს. ჰომოფობს ვერ დავაჯერებ, რომ ჰომოფობია საშინელებაა.

- დაბოლოს, გკითხავ: როგორ ფიქრობ, შენს ნააზრევს ჩვენი მკითხველის დიდი ნაწილი დაეთანხმება?

- მგონი, ცუდი არაფერი მითქვამს. კარგი იქნება, თუ ბევრი ადამიანი შეიგრძნობს თავისუფლებას და იცხოვრონ ისე, როგორც უნდათ, ოღონდ - არავის არაფერი დაუშაონ.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვა