თანაკლასელები... - გზაპრესი

თანაკლასელები...

ჰოდა, ისე გახდა ოცდაათი წლის, ერთხელაც არ მიუქცევია მამაკაცს მისთვის ყურადღება. მშობლებიც ნერვიულობდნენ, - გაუთხოვარი დაგვრჩებაო, მაგრამ მამიდამ, რომელმაც მეხუთედ მოასწრო ამ დროისთვის გათხოვება და სამი სხვადასხვა ქმრისგან ოთხი შვილი ჰყავდა, თავი გაიგიჟა: როგორ შეიძლება, ჩვენს გვარში გაუთხოვარი ქალი დარჩეს? ან რატომ უნდა დარჩეს, სხვაზე ნაკლები რითია ეს ჩვენი წითელდიპლომიანი გოგოო?! - და დატრიალდა. მართლაც, მალე მოუძებნა ძმისშვილს საქმრო და სამ თვეში დააქორწინა კიდეც ისე, რომ აზრიც არ უკითხავს საბრალო გოგოსთვის: დამოუკიდებლად ვერაფერს მოაბი თავი, კარგა ხანს გაცალეთ და ახლა უარი არ მიიღებაო...

ერთ წელიწადში გოგონა შეეძინათ ახალდაქორწინებულებს, მაგრამ რომ ეგონათ, ოჯახი გვაქვს და აწი შვილი კიდევ უფრო გაგვაერთიანებსო, მაშინ მიატოვა თინიკო ქმარმა: რა ვქნა, ვერ შევძელი შენი შეყვარება და ბავშვის ხათრითაც ვერ დავრჩები შენთან. რუსეთში მივდივარ სამუშაოდ და როგორც კი ფულს ვიშოვი, გამოგიგზავნით, შვილს უყურადღებოდ არ დავტოვებ, შენ კი ნუ დამელოდები, რადგან შენთან დამბრუნებელი არ ვარ და როგორც გინდა, ისე მიხედე თავსო...

სცადა, მაგრამ ვერ შეაჩერა კაცი, რომელიც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში უგზავნიდა ფულს და მერე უკვალოდ გაუჩინარდა: აღარც შვილი მოუკითხავს და აღარც საკუთარი მშობლები, რომლებიც პენსიონერები იყვნენ და შვილის მხარდაჭერა სჭირდებოდათ. თინიკო ისევ დედამთილ-მამამთილთან რჩებოდა და ისინიც ვერ ელეოდნენ: შენ ყოფილხარ ჩვენი შვილიც და პატრონიცო...

ძალიან უჭირდათ და, ბავშვი 3 წლის გახდა თუ არა, ბაღში მიიყვანა, თავად კი სამუშაოს ძებნა დაიწყო. მიუხედავად წითელი დიპლომისა, სპეციალობით დასაქმება ვერ შეძლო და სააგენტოში მივიდა, რომ ძიძის ან შინამოსამსახურის ადგილი მაინც ეშოვა. მალე გაუშვეს ერთ-ერთი პარლამენტარის ოჯახში, სადაც ისეთი მზარეული სჭირდებოდათ, რომელიც ზოგჯერ დამლაგებლის ფუნქციასაც შეითავსებდა...

შეხედა თუ არა დიასახლისს, ფერი შეეცვალა: მისი თანაკლასელი ნანა იყო, რომელიც ძლივს გადადიოდა კლასიდან კლასში ნაჩუქარი "სამიანებით" და ყველა საკონტროლოს თინიკოსგან იწერდა. არც ინსტიტუტში უნდა ესწავლა, წესით, მისი გონებრივი შესაძლებლობების პატრონს, მაგრამ სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვდა ასაკით უფროს, პერსპექტიულ კაცზე თავისი გამორჩეული გარეგნობის წყალობით. იმ კაცმა დიპლომი "უყიდა", რომელიც არასოდეს გამოუყენებია, რადგან ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა ემუშავა?!. ორი შვილი გააჩინა, რომლებსაც ძიძა უზრდიდა და თავად მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, დღე და ღამე სად და როგორ გაეტარებინა...

თინიკომ სახე მოარიდა ბავშვობის მეგობარს, რომელიც გაკვირვებული უცქერდა და კარგა ხანს ვერ იჯერებდა, რომ ეს ძველმოდურ კაბაში გამოწყობილი ქალი მისი კლასელი იყო, რომლის დახმარების გარეშე სკოლასაც ვერ დაამთავრებდა:

- ნამდვილად თინიკო ხარ?! - უთხრა და "კისერზე ჩამოეკიდა": - არ გადამრიო, შენ მოსამსახურის ადგილს ითხოვ ჩემს სახლში?

- რას ვიზამთ, ბედი ასეც დაალაგებს ხოლმე ცხოვრებას...

- ბედიც ჩვენს ხელშია და ცხოვრებაც! - არ მოუსმინა ნანამ და ხელი დასტაცა, სამზარეულოში გაიყვანა: - მე დიდი დიასახლისი არ ვარ და მხოლოდ ამიტომ გთხოვ ახლა, ყავაც მოადუღო და სადილიც მოამზადო, რომ ერთად მივირთვათ, მერე კი დავრეკავ სააგენტოში და ახალ დამხმარეს შევარჩევინებ...

- რატომ ახალს?! - ხმა გაებზარა თინიკოს. - მეც ძალიან მჭირდება ეს სამსახური. ყოფილმა ქმარმა მხოლოდ მე და ბავშვი კი არა, საკუთარი მშობლებიც მიატოვა და ისინიც ჩემი საპატრონოები არიან... - დაწვრილებით უამბო ყველაფერი, თავადაც იტირა და ნანაც აატირა, რომელმაც ცრემლი მალე შეიშრო და უთხრა: ჩვენს კლასში კი არა, სკოლაშიც არ ყოფილა შენსავით ჭკვიანი მოსწავლე და ისიც ვიცი, რომ უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრე. იქით უნდა გემსახურებოდნენ ჩემნაირები... ჩემს ქმარს თანაშემწე სჭირდება და შენსავით ჭკვიან და ერთგულს სად ნახავს?! დღესვე შეგახვედრებ და ჩათვალე, რომ პარლამენტში იწყებ მუშაობას...

- რას ამბობ, პარლამენტში რა გამოსაჩენი ვარ?! - უარის თქმა დააპირა თინიკომ, მაგრამ არც მოუსმინა ნანამ:

- ამ ქვეყანაში ისედაც ბევრი უსამართლობაა და რაც შემიძლია, იმას მაინც გამოვასწორებ...

თავის ოთახში შეუძღვა და უზარმაზარი გარდერობის კარი გამოაღო:

- ამ კაბებიდან ნახევარზე მეტი ერთხელაც არ მცმია და არ ვიცოდი, სად წამეღო... რამდენიმეს შევარჩევთ შენთვის და მერე ისეთი კარგი ხელფასი გექნება, თავადაც შეძლებ ყიდვას...

მერე ბავშვისთვისაც უამრავი რამ ჩაულაგა უზარმაზარ ჩანთაში, - ჩემებს მაინც აღარ ერგებათო, - და ტაქსით გაუშვა შინ, რადგან მისი ქმრის დაბრუნებას აღარ დაადგა საშველი. მეორე დილით კი ადრიანად დაურეკა და სასწრაფოდ შინ დაიბარა: ლამაზად გამოეწყვე, ჩემი ქმარი გელოდებაო...

უკვე ორი წელიწადია, პარლამენტში მუშაობს თინიკო და დაფასებული თანამშრომელია. ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ სცადა ნანასთვის მადლობის გადახდა და ერთხელაც არ მისცა თანაკლასელმა ამის საშუალება: მე მხოლოდ ბავშვობაში შენგან აღებული ვალი გავისტუმრეო, - ამშვიდებს და სთხოვს, ხშირად შეუაროს, არ დაივიწყოს...

თინიკო კი, როცა ეკლესიაში შედის და სანთელს ანთებს, უფალს იმისთვისაც სწირავს მადლობას, ნანას მსგავსი მეგობარი რომ არგუნა, რომელსაც ბავშვობაში ყველა დასცინოდა და "უტვინოს" ეძახდა, რადგან სკოლა ისე დაამთავრა, გამრავლების ტაბულაც ვერ ისწავლა ბოლომდე, მაგრამ ამით არაფერი დაჰკლებია მის ქალობასა და ადამიანობას, რადგან ყველაზე მთავარი მიეცა უფლისგან, - კეთილი გული და სუფთა სინდის-ნამუსი, როცა არც თინიკოს მსგავსების ფასი და მნიშვნელობა დაუკნინებია და არც საკუთარი კეთილდღეობა მიაჩნია გამორჩეულობის ნიშნად. ნანამ ყველაზე მთავარი ცხოვრებისეული გამოცდა ჩააბარა ფრიადზე და ამით დაეწია თინიკოსაც და ბევრ ღირსეულ, წარმატებულ ადამიანსაც.

ინგა ჯაყელი