"მე მებრძოლი ვარ!"
font-large font-small
"მე მებრძოლი ვარ!"
"მინისტრმა სამსახურის დაწყება რომ შემომთავაზა, ლამის ეტლიდან წამოვდექი"
"მე დავიბადე მუდმივი ბრძოლისთვის... ბრძოლის ველზე ყველა საკუთარ წილ ცრემლსა და სისხლს ღვრის...

მიზანი თითქმის ყველასთვის ერთია - იცხოვროს შინაარსიანად და საინტერესოდ. ეს პირველი სურვილია, რომელიც მოდუნების საშუალებას არასდროს მაძლევს და რაც მიძლიერებს სურვილს, დავუმტკიცო სამყაროს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია", - ეს ამონარიდია 25 წლის გიგა აბულაძის ჩანაწერიდან. გიგა ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა უწყებაში სამუშაოდ მიიწვია. ის შშმ პირია (დიაგნოზი - თანდაყოლილი სპინალური ამიოტროფია) საინტერესო იდეებითა და გეგმებით. ბიჭი, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს.

- ყოველთვის აქტიური ბავშვი ვიყავი და განათლების მიღების სურვილი მქონდა. სახლში მასწავლებლები დადიოდნენ, ყველა საგანში ვემზადებოდი. 15 წლის ვიყავი, როცა ჩემი ძმა დაიბადა ზუსტად ისეთივე დიაგნოზით, რომელიც მე მაქვს. ეს გარდამტეხი ეტაპი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, სხვანაირად აზროვნება დავიწყე, ცვლილებების აუცილებლობაზე დავფიქრდი. ჩემი პატარა ძმა რომ გაიზრდება, აღარ უნდა წააწყდეს იმ წინააღმდეგობებს, რომელიც ბავშვობაში მე გავიარე და რასაც დღემდე ვაწყდები.

- რას გულისხმობ?

- თუნდაც იმას, რომ გარემო არ არის ადაპტირებული. პროგრესი ძალიან ნელი ტემპით მიდის. მწვავედ დგას მენტალური პრობლემის საკითხიც. ჩვენსა და საზოგადოებას შორის უდიდესი ზღვარია, საჭიროა, ზღვარი ორივე მხრიდან წაიშალოს.

- რა იგრძენი საზოგადოებისგან? გული რამ გატკინა?

- ძალიან ხშირად, შეიძლება, პირდაპირ არ ამბობდნენ, მაგრამ მაგრძნობინებდნენ, რომ პრობლემა მაქვს და სახლში უნდა ჩავიკეტო, წარმატების მიღწევაზე არც უნდა ვიოცნებო, არ უნდა ვისწავლო.
GzaPress
ქეთი ჯინჭარაძე, გიგას დედა:

- ზურგს უკან მუდამ გვესმოდა, - ამდენი მასწავლებელი სახლში რატომ დაჰყავთო? ბავშვს სწავლა უნდოდა და ხელი როგორ არ შემეწყო? დღეს გიგა ლაპარაკობს რუსულ და ინგლისურ ენებზე, მუდმივად ისმენს ონლაინ ლექციებს. ყოველდღე ცოდნას იღრმავებს, ბრენდინგი და მარკეტინგი აინტერესებს. ჩვენ მოვერიეთ თავს, გადავლახეთ კომპლექსები, არ დავნებდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ორივე შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, სრულფასოვანი, შეკრული და თბილი ოჯახი გვაქვს. ჩვენთან სტუმრად მოსული ადამიანი თავს დათრგუნვილად, შებოჭილად ან მოწყენილად ვერ იგრძნობს. ეს გარემო ყველამ ერთად შევქმენით. მიხარია, რომ გიგას ხასიათში ეგოიზმი არასდროს შემიმჩნევია. მე მაქვს ურთიერთობა სხვა დედებთან, რომლებიც ამის გამო ხშირად ჩივიან. საზოგადოების მხრიდან ბევრი უტაქტო შეკითხვაც მომისმენია... ჩემი ოცნებაა, გიგამ დამოუკიდებლად შეძლოს სამსახურში, მეგობრებთან წასვლა. არსებობს ქვეყნები, სადაც მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანები დამოუკიდებლად ცხოვრობენ. ჩემს შვილებს ისეთი დიაგნოზი აქვთ, როგორ განვითარებულ ქვეყანაშიც უნდა წავიდეთ, ყოველგვარი სამედიცინო ჩარევა რისკებს მეტად ზრდის.

გიგა:

- სახლის პირობებში, როგორც შევძელი, განათლება მივიღე. არსებობს "მართვის აკადემია", საიდანაც ლექციების ჩანაწერებს მიგზავნიან. სხვადასხვა საიტზე უფასო კურსებს მუდმივად გავდივარ.

- ამ ყველაფერზე თავად ზრუნავდი თუ გყავდა მრჩეველი, ვინც სწორი მიმართულება მოგცა?

- ინიციატორი ყოველთვის თავად ვიყავი, მაგრამ ჩემ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც რჩევებს მაძლევენ და მეხმარებიან. 15 წლის ვიყავი, საიტების აწყობა რომ დავიწყე.

- ბრძოლის დასაწყისი რთული იყო? რას ურჩევ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ შინ ჩაკეტილები არიან?

- არ უნდა დაითრგუნონ, საკუთარ სურვილებს ყური უნდა მიუგდონ. რაც უხარიათ და სიამოვნებას ანიჭებთ, ის უნდა აკეთონ. შშმ პირებს გვჭირდება რებრენდინგი სოციუმში, რათა მოვახერხოთ ჯერ კიდევ არსებული დოგმების წარსულში გადასროლა. საზოგადოებას აქვს ძალიან მცდარი და ზედმეტად ფრთხილი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. მინდა, შშმ პირებს ვუთხრა: პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ დაივიწყოთ ფრაზები: "ეს შეუძლებელია", "შენი დახმარება არ მჭირდება", "არ შემიძლია". წარუმატებელი ადამიანები მუდამ გაიძახიან, რომ რაღაც "შეუძლებელია", მაგრამ ნუ აჰყვებით სხვას. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. დახმარებას ყველა საჭიროებს, როგორც ფიზიკურს, ასევე - ინტელექტუალურს. წარმატების მისაღწევად აუცილებელია განათლება და მოტივაცია. ჩვენ, შშმ პირებს უნდა გვქონდეს სურვილი, დავუმტკიცოთ სამყაროს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. არ არსებობს ქვეყნად იმაზე მძლავრი ტკბობა, რომელიც მოდის მაშინ, როდესაც შეძლებთ გააკეთოთ ის, რასაც მთელი სამყარო გიმტკიცებდათ, რომ ვერ შეძლებდით.

ქეთი ჯინჭარაძე:

- ამავდროულად, გვერდით უნდა ჰყავდეთ ადამიანი, ვინც უბიძგებს, გაათამამებს, სწორ მიმართულებას მისცემს. ჩვენთვის ყველაზე დიდ პრობლემად რჩება გადაადგილება: მრავალსართულიან სახლში ვცხოვრობთ, რომელიც არ არის ადაპტირებული და არც ადაპტირდება. ეს დიდი წინაღობაა. რაც ქალბატონმა თინა ხიდაშელმა გააკეთა, ეს საოცრებაა. შეიძლება ითქვას, მან გიგას მომავალი შეცვალა.

- გიგა, მინისტრმა როგორ გაგიცნო?

- მეგობარი მყავს რომელიც ფონდ IDA-ს წარმომადგენელია. რამდენიმე დღის წინ, ამ ფონდმა თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოაწყო მარათონი - "ერთად ვიმარჯვებთ". ჩემს მეგობართან მივედი. ქართულ ჯარზე ვგიჟდები. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სამსახურის შესაძლებლობა არ მომეცა, შინაგანად ჯარისკაცი ვარ. მახსოვს, როცა კომისარიატიდან მომაკითხეს, მათ ვეუბნებოდი, - წამიყვანეთ, წერილის მიმწერი მაინც ვიქნები-მეთქი. ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი.

- ახლა ჯართან ახლოს იქნები ანუ ოცნებები სრულდება.

- ძალიან ბედნიერი ვარ... ამ მარათონზე თინა ხიდაშელიც იმყოფებოდა. მას ჩემს ინოვაციებზე, იდეებზე ვესაუბრე. ქალბატონი თინა ძალიან უშუალო და კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა. მისმა მრჩეველმა, მაია ქავთარაძემ ჩემი კოორდინატები ჩაიწერა. მითხრეს, შეგეხმიანებითო. რამდენიმე დღეში დამირეკეს და სამინისტროში დამიბარეს. მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობა კიდევ თუ მექნებოდა, არ მეგონა, არადა, თურმე უფრო დიდი სიურპრიზი წინ მელოდა. რომ გავიგე, სამინისტროში მუშაობის დაწყებას მთავაზობდნენ, ისე გამიხარდა, ლამის ეტლიდან წამოვდექი. იმ წუთში, პლანეტაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. მეორედ მსგავსი რამ განვიცადე, როდესაც სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელის პოსტი ვნახე, რომელსაც ჩემზე წერდა.
GzaPress
- შენი იდეების შესახებ შეგიძლია, ილაპარაკო?

- დეტალებზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებ. ეს იდეები თუ განხორციელდება, სიახლეს პირველები თქვენ შეიტყობთ. საერთოდ, სამინისტროსა და საზოგადოებას შორის მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

- სხვა რა გეგმები გაქვს?

- ვიდრე სამინისტროში დამასაქმებდნენ, შშმ პირებისთვის სემინარის ჩატარებას ვგეგმავდი, სადაც სიტყვით, ჩემ გარდა, არაერთი პიროვნება გამოვიდოდა. მეორე მხრივ, მინდოდა, "ეიჩარებისთვის", კომპანიებისთვის აგვეხსნა, რომ შშმ პირების სახით ქვეყანაში არსებობს საკმაოდ კარგი რესურსი, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ. ამ სემინარის მცირე ხნით გადადება მომიხდა.

- შენი ჩანაწერი წავიკითხე: "მე დავიბადე ბრძოლისთვის", სადაც აღნიშნავ: "სიმარტოვე ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი მტერია ჩემთვის. მასთან შეჯახებისას იმდენად გამანადგურებელ დარტყმას ვიღებ, ოდნავ სუსტი რომ ვიყო, აუცილებლად დამამარცხებდა". ეს "გამანადგურებელი მარტოობა" ხშირად გაწუხებდა?
- ბავშვობაში უფრო ხშირად მაწუხებდა, როცა ეზოში მოთამაშე ბავშვებს ვუყურებდი. ახლა მეგობრები, ახლობლები მყავს... ის მარტოობა წარსულში დარჩა.

- რა ასაკში გააცნობიერე, რომ თანატოლებისგან განსხვავებული იყავი?

- არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, მაგრამ ეგ ბოლომდე გაცნობიერებული ახლაც არ მაქვს. გადაადგილებისას ვინმეს გზას თუ დავუთმობ, წინ გავატარებ, ჯენტლმენობას გამოვიჩენ, მეუბნებიან: ჯერ შენ გაიარეო. მე ვეკითხები, ჯერ მე, რატომ? ძალიან მინდა, შშმ პირებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება შევცვალო, მაგრამ არ ვიცი, ამისთვის რამდენი სემინარის ჩატარება დამჭირდება. რამდენიმე აქტიურ, მოტივირებულ ადამიანს ვიცნობ. თუმცა, უმეტესობა სახლშია გამოკეტილი. ბოლო პერიოდში სოციოლოგიამ და მაკროეკონომიკამ გამიტაცა. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ, მაგრამ თბილისში ბევრი ისეთი ადგილი არ არის, სადაც შესვლას შევძლებ. ვკითხულობ წიგნებს, ხშირად ვუსმენ 2პაც-ს. ჰიპ-ჰოპი მიყვარს.

- ინტერნეტით საზღვარგარეთ მცხოვრებ შშმ პირებსაც ხომ არ ეკონტაქტები?

- კი. ერთი პოლონელი და ერთი ლიტველი მეგობარი მყავს. ერთმანეთი ფორუმზე გავიცანით. მათ საქართველოზე ველაპარაკები, ჩემს ქვეყანას ვაპიარებ (იცინის).

- თავდაცვის სამინისტროში წარმატებულ საქმიანობას გისურვებ!

- გმადლობ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მინისტრის ნდობა გავამართლო. მთავარია, ჯანმრთელობამ ხელი შემიწყოს. ასეთი მოტივირებული იშვიათად ვყოფილვარ. ყველა ადამიანს აქვს არჩევანი: იბრძოლოს უკეთესი მომავლისთვის ან შეეგუოს არსებულ რეალობას. მე მებრძოლი ვარ!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
02.07.2016
ასე განაგრძე გიგა, კარგი ადამიანი ხარ
ჯაბა
03.07.2015
ყოჩაღ თინა
ნიტა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დაკლებული კილოგრამების ხარჯზე დაწყებული "ახალი სიცოცხლე"
"ამ მეთოდმა ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა თითქმის გაანახევრა"
"რა ვქნა, გენაცვალე, სიმპათიური გამაჩინა ღმერთმა"
მერი ცინარიძე - ქალი, რომელიც ცდილობს, მსხვერპლი მოძალადისგან დაიცვას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი