ქართულად აცეკვებული რუსები
რეზო ჯანიაშვილს რუსეთში დიდ პატივს სცემენ. წელს 85 წლის იუბილე მოსკოვში გრანდიოზული ღონისძიებითა და 3 ბანკეტით მიულოცეს. ბატონი რეზოს მიერ რუსეთში დაარსებული ქართული ანსამბლის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა - ტატიანა კრამარმა იუბილარს წერილი გამოუგზავნა: მინდა, ჩვენი ქვეყნები მეგობრობდნენ, ერთმანეთს ვსტუმრობდეთ. თქვენი ტალანტის წინაშე ქედს ვიხრიო...
"პიონერფილმის" ხელმძღვანელი - გრიგოლ ჩიგოგიძე ბატონი რეზოსთვის შემოდგომაზე საღამოს მოწყობას გეგმავს. ანსამბლის ხელმძღვანელი "პიონერფილმელებს" შეხვდება. "1960 წელს მოსკოვში ერთ-ერთ ქორეოგრაფიულ ანსამბლს ვახლდი, როგორც ჟურნალისტი. იმ დიდმა ყურადღებამ გამაოცა, რასაც მოსკოვში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი - "კოლხიდა" ჩვენი ანსამბლის ბავშვების მიმართ იჩენდა", - გვითხრა "პიონერფილმის" ხელმძღვანელმა...
რეზო ჯანიაშვილი რუსეთში ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ, 2007 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. ჩვენთან სასაუბროდ ზესტაფონიდან ჩამოვიდა...
ძნელად აღსაზრდელი რუსი ბავშვები და ქართული ცეკვა
- მოსკოვის ელექტრომექანიკურ ინსტიტუტში ბევრი ქართველი ვსწავლობდით. თვითშემოქმედებითი კოლექტივი შევქმენით, რომელიც ქორეოგრაფიას ემსახურებოდა. ინსტიტუტის ყველა საზეიმო ღონისძიებაში ვმონაწილეობდით და სახელი გავითქვით. პირველად დიდ თეატრში მიმიწვიეს - მოსკოვის თვითშემოქმედებითი კოლექტივების დასკვნითი საღამო იმართებოდა. ჩვენი მხარდამჭერი "გიტისის" (თეატრალური ინსტიტუტი) პედაგოგი - თამარა კაჩენკო იყო... ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთი სამხედრო ნაწილისგან (რომელიც მეტისჩში მდებარეობდა) წერილი მივიღეთ: გვთხოვდნენ, საბჭოთა არმიის იუბილესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო კონცერტის მომზადებაში დავხმარებოდით. რამდენიმე სტუდენტი დიდი ენთუზიაზმით დავთანხმდით. ყოველი დილის 6 საათზე მოსკოვიდან მეტისჩში უნდა წავსულიყავით, მატარებლით იქ მისასვლელად კი 1 საათი გვჭირდებოდა...
სამხედრო თანამშრომლებს თავი მოუყარეს და რეპეტიცია დავიწყეთ. გზადაგზა ქორეოგრაფები შემომეცალნენ. სიტუაცია გართულდა... ერთ-ერთი მაიორი - იგორ ხვასტუნოვი მოვიდა და გვითხრა: ამ წვალებას გადაგარჩენთ - ბაბუშკინოში სპეცსკოლას ვაშენებ. სპორტდარბაზის მშენებლობა მალე დასრულდება და თუ თანახმა იქნებით, იქ გადაგიყვანთო. სიამოვნებით დავთანხმდი. 2 კვირის შემდეგ იმ ახალაშენებული სკოლის დარბაზში დავიწყეთ რეპეტიცია. 1 კვირა არ იყო გასული, რომ ერთმა ქალბატონმა ძალიან მკაცრად მოგვთხოვა, იქაურობა დაგვეტოვებინა. დავაპირეთ, ყველაფერი ხვასტუნოვისთვის მოგვეხსენებინა. სკოლიდან გასულები არ ვიყავით, ქალბატონმა უკან მიგვაბრუნა და გვითხრა: თანახმა ვიქნები, რომ დარჩეთ, თუკი ქართულ ცეკვას ჩემს ჯიგიტებსაც შეასწავლითო.Gვკითხე, - რუსები არიან-მეთქი?! მიპასუხა, - რუსები, აბა, ბაბუშკინოში ვინ მეყოლებაო?!. მეორე დღეს ქალბატონმა თავისი "ჯიგიტები" მოიყვანა: 13-14 წლის მოზარდების სახე, მანერა რომ დავინახე, მივხვდი, ქუჩაში გაზრდილი ბავშვები იყვნენ. განვცვიფრდი - ასეთ ბავშვებს სად მოუყარა თავი-მეთქი?! შემდეგ გაირკვა, რომ ეს ქალბატონი - ანტანინა ფიოდოროვნა რივინა მილიციის ერთ-ერთი განყოფილების ძნელად აღსაზრდელი ბავშვების ინსპექტორი იყო. რეპეტიციები დავიწყეთ. რაც უფრო მეტი სიმკაცრე გამოვიჩინე, "წახულიგნო" ბავშვები უფრო მეტად დამემორჩილნენ. როგორც იქნა, პირველი რეპეტიცია "ჩავაბარე". დიდი ჟრიამულით ტაში დაუკრეს და წავიდნენ. მეორე დღეს გოგონებიც მოიყვანეს, - ცეკვა უნდათო (იცინის). ცოტა არ იყოს, დავიბენი: გოგონები ბიჭებზე უარესი შესახედები იყვნენ. ასეა თუ ისე, ბავშვებმა არნახული ინტერესი გამოიჩინეს. მათთან მუშაობას რომ ვამთავრებდი, სამხედრო თანამშრომლებთან ვიწყებდი და ასე 6 თვეს გაგრძელდა. შემდეგ დირექტორმა განმიცხადა, - სკოლის გახსნასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებაზე ბავშვებმა უნდა იცეკვონ. გვსურს, მოსწავლეების მშობლებს ვუჩვენოთ, რომ სკოლაში სწავლის გარდა, ბავშვებს თვითშემოქმედებას, მეგობრობას ვასწავლითო. კონცერტი ჩატარდა. ცხადია, მშობლები გახარებული იყვნენ, რომ მათმა ძნელად აღსაზრდელმა შვილებმა ასეთ საქმეს მოჰკიდეს ხელი. ზოგის ბებია აცრემლებული იყო: წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მათ შვილიშვილებს ცეკვა შეეძლოთ...
მომავალი დიდი ანსამბლის დაბადების დღე
- ამბობდნენ: მეათე სკოლაში უცნაური ამბავი ხდება, ბავშვები ქართულ ცეკვას დიდი წარმატებით სწავლობენო!.. დრო გადიოდა. 1957 წლის საზეიმო ღონისძიებებმაც მოაღწია - საბჭოთა კავშირი 50 წლის იუბილეს ზეიმობდა. მოსკოვში ახალგაზრდობისა და სტუდენტების ფესტივალი გაიმართა. სკოლის დირექტორმა - ქალბატონმა ანტანინამ აღარ იცოდა, ბავშვებს ესწავლათ თუ ეცეკვათ, რადგან ცეკვის შესწავლაზე მოთხოვნა ყოველდღე იზრდებოდა... 1957 წლის საზეიმო ღონისძიებები დიდ საკონცერტო დარბაზში - წითელი არმიის თეატრში გაიმართა. ჩვენი სკოლის ქორეოგრაფიული კოლექტივი (ანსამბლი) დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. ბავშვებიც და მეც სიმბოლური საჩუქრებით, სიგელებით დაგვაჯილდოეს. 1957 წლის მაისი დავადგინეთ, როგორც ჩვენი მომავალი დიდი ანსამბლის დაბადების დღე და დღემდე დიდი წარმატებით მოვდივართ...
"მეტაშტე-მედოლეების" ორკესტრი
- ჩვენს სოფელში ქორეოგრაფიული წრე არსებობდა. ხალხს ფული არ ჰქონდა და მასწავლებელს ცეკვის გაკვეთილის საფასურს ზოგი ლობიოთი უხდიდა, ზოგი - სიმინდის მარცვლით, ღვინით... მე მოწაფე არ ვყოფილვარ, მაყურებელი გახლდით. მაშინ დაირები მოდური იყო. სხვადასხვა ზომის სპილენძის ტაშტზე სამი "მეტაშტე-მედოლე" უკრავდა. ისეთი შეხმატკბილებული ტონალობა იყო, თითქოს ორკესტრი უკრავსო. ერთ სერზე ჩვენი სოფელი დგას, უფრო შემაღლებულ ადგილას კი ხონია. ეკლესიის ეზოში რეპეტიციები ხონშიც ყოველ საღამოს ტარდებოდა. ხანდახან მუსიკის ხმა ისე კარგად ისმოდა, რომ იქ დაკრული მუსიკის ფონზე ჩვენთან მეცადინეობდნენ.
რეპეტიციები ქართული ტერმინოლოგიით
- როცა თვითნასწავლი ხარ, რთულია, სხვებსაც ასწავლო. როცა გაქებენ, დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება - იმედი უნდა გაამართლო. ქართული ცეკვების შესახებ გამოცემული დავით ჯავრიშვილის სახელმძღვანელოები ძალიან დამეხმარა. ჩემი თვითგანვითარების უნარი ამ სახელმძღვანელოებმა აამაღლა. საქართველოდან ქორეოგრაფები ჩამოდიოდნენ და ცეკვებს მიდგამდნენ: მეშინოდა, არავის ეთქვა, - ეს ქართული ქორეოგრაფია კი არა, "ხალტურააო"... ძალიან დამეხმარა ბიბლიოთეკის დირექტორი - პავლე კანდელაკი, რომელმაც სტუდიაში ქართული ბიბლიოთეკა გამიკეთა, წიგნები ჩამომიტანა... რეპეტიციებისას ქართული ტერმინოლოგიით ვსაუბრობდით - რუს ბავშვებს ქართული ენის გრამატიკას ვასწავლიდით. ყოველ 2-3 წელიწადში მინიმუმ, 100-120 ბავშვი საქართველოში ჩამომყავდა - ბათუმში ან ქობულეთში ისვენებდნენ, აქაური ქორეოგრაფები მასტერკლასს უტარებდნენ.
გაზრდილი და უპატრონოდ დარჩენილი ანსამბლის გადარჩენა
- თავდაპირველად 13 მოსწავლე მყავდა, სკოლაში - 100-ზე მეტი. სკოლის დირექტორმა დარბაზიდან თანდათან გამოგვაძევა, რადგან ანსამბლი გაიზარდა და სკოლა ვერ იტევდა... უფროსი თაობით დაკომპლექტებული ანსამბლის სახელად "კოლხიდა" დარჩა, უმცროსი თაობის ჯგუფს "ივერია" დავარქვით, რომელიც "პიონერთა სახლმა" "მიითვისა". "კოლხიდა" მატერიალურ ბალანსზე მოსკოვის მშენებელთა პროფკავშირმა აიყვანა. პირადად მე, როგორც ინჟინერი, პროფკავშირების ქარხნებში ლექციებს ვატარებდი და აღებულ ხელფასს ანსამბლის კეთილდღეობას ვახმარდი. ნომერმა პირველმა სამშენებლო კომბინატმა მიტოვებული შენობა გამირემონტა და ქორეოგრაფიულ სკოლას დაამსგავსა. ანსამბლის წევრების რაოდენობამ 200-ს რომ გადააჭარბა, უმცროსი ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც "კოლხიდარი" (კოლხიდის კარგი ამინდი) დავარქვით. ერთ ორგანიზაციაში 2 დასახელების ანსამბლის ყოფნა არ შეიძლებოდა. ამიტომ "კოლხიდარი" თავის ფინანსურ შემადგენლობაში ბაბუშკინის რაიონის კულტურულმა განყოფილებამ მიიღო... დღეისათვის ანსამბლში ("კოლხიდა", "ივერია", "კოლხიდარი") 932 წევრია... ჩემი მეუღლე - ნინა მალჩიონოვა რომ არ დამხმარებოდა, ამდენს ვერ მივაღწევდი: საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ანსამბლი უპატრონოდ დარჩა: პროფკავშირებმა დაფინანსება ნელ-ნელა წაართვა. გვირჩიეს, გადარჩენისთვის თავი დამოუკიდებელ ორგანიზაციად გამოგვეცხადებინა. დირექტორი ხომ გვჭირდებოდა? ეს საკითხი ჩემმა მეუღლემ აიღო საკუთარ თავზე. ანსამბლი მისი ნიჭის წყალობით გადავარჩინეთ - ნინამ განათლების განყოფილებაში თანამდებობა დატოვა და ჩვენთვის ფინანსების მოძიება დაიწყო... 2 შვილი - თამილა და მანანა გვყავს. ახლა თამილა იტალიაშია, მანანა - გერმანიაში. სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი აჭარის დამსახურებული არტისტი სწორედ ჩემი ქალიშვილი - მანანა ჯანიაშვილი გახლდათ...
ყველაზე საყვარელი მშობლიური კინოთი
- შინაგანად ყოველთვის ჩაგონებული მქონდა, რომ ჩემი ყოველი ნაბიჯი საქართველოს სასარგებლოდ უნდა ყოფილიყო გადადგმული: ანსამბლის ჩამოყალიბება, მისი წევრებისთვის საქართველოს კუთხეების შესწავლა... სხვა ერის წარმომადგენელმა ქართული ცეკვა რომ შეასრულოს, მას ქართველი ხალხის შესახებ წარმოდგენა უნდა ჰქონდეს. როგორც კი მივხვდი, აღარ შეიძლებოდა, ამდენი წელი ანსამბლის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი, კადრი მოვამზადე: 25 წლით ადრე დავფიქრდი, ხელმძღვანელად ვინ დამეტოვებინა? დღეს ესენი არიან: გივი ციმაკურიძე (ჭიათურიდან), ტატიანა კრამარი, ლარისა გარდეევა და ნიკალაი კანაშოვი. ჩემს "ქოხში" (სტუდიაში) ვეღარ დავეტიეთ. ამიტომ ანსამბლს ჯგუფი - "ძმობილები" გამოეყო, რომელსაც სწორედ ნიკალაი კანაშოვი ხელმძღვანელობს...
ასეთი გამოთქმა არსებობს: ყველა ბაყაყს თავისი ჭაობი უყვარსო. ჩემი სოფელი - კინოთი ყველაფერზე მეტად მიყვარს. 20 წელია, იქ სახლს ვაშენებ. ახლა მშენებლობას ვამთავრებ. თანამედროვე სახლია - გათბობით, ცხელი წყლითა და ყველა საჭირო პირობით. ხშირად მეკითხებიან, - ვის უშენებო? ვპასუხობ, -Mმე დავტოვებ და პატრონი გამოუჩნდება-მეთქი (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი