სად იმყოფება ამჟამად კონდიციონერზე შემოსკუპებული დათვის ბელი? - გზაპრესი

სად იმყოფება ამჟამად კონდიციონერზე შემოსკუპებული დათვის ბელი?

13 ივნისის საღამოს, როცა თბილისში ტრაგედია დატრიალდა, სხვებთან ერთად, სოფოც ცდილობდა გასაჭირში მყოფი ადამიანებისა და ცხოველების დახმარებას.

- 13 ივნისისს, იმ საშინელ ღამეს არ ვმუშაობდი და არც არავის გამოვუძახებივარ. შინ ვიყავი, მეგობარმა რომ დამირეკა და შეშინებულმა მიამბო, ქალაქში რაც ხდებოდა. ბევრი აღარ მიფიქრია, რა უნდა გამეკეთებინა... წამებში სტიქიური უბედურების ცენტრში გავჩნდი. გმირთა მოედანზე მისულს ისეთი სიტუაცია დამხვდა, შოკში ჩავვარდი. შეშინებული ხალხი აქეთ-იქით დარბოდა, თითოეული ვიღაცას ეძებდა... იქ დახოცილი ცხოველებიც დამხვდა, რამაც საშინლად იმოქმედა ჩემზე. ბევრ მათგანს დასაძინებელი ისრები ჰქონდა მოხვედრილი... ჩვენი სამაშველო ჯგუფის ბიჭები ცდილობდნენ, ცხოველების ლიკვიდაცია თავიდან აეცილებინათ, მაგრამ გარკვეულმა სტრუქტურებმა ამის საშუალება არ მისცეს. მესმის, ადამიანების სიცოცხლეს იცავდნენ და ალბათ, თავადაც შოკში იყვნენ. გასაგებია, რომ თავის დაზღვევის მიზნით აკეთებდნენ ყველაფერს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს მარაზმი შესაძლებელი იყო, თავიდან აგვეცილებინა... ვწუხვარ და ვუსამძიმრებ ყველა დაღუპული ადამიანის ოჯახს. როცა ადამიანები იღუპებიან, იქ უკვე ცხოველების სიცოცხლის შენარჩუნებაზე აღარ ფიქრობ. საშინელება იყო ის დღე. მეგონა, სიზმარში ვიყავი და ყველაფერი, რასაც ვხედავდი, რეალურად არ ხდებოდა.

GzaPress

- თუ არსებობს მონაცემები, სულ რამდენი ცხოველია დაღუპული?

- ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ვიდრე გაწმენდითი სამუშაოები არ დასრულდება, ამაზე ლაპარაკი შეუძლებელია. როგორც ვიცი, ლიკვიდირებულია 4 ლომი და ერთი დათვი, მგლები... ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენი ცხოველი დადის თავისუფლად ქალაქში და ხალხი პანიკაშია, დაუზუსტებელი ინფორმაციის საფუძველზეც რეკავენ. ზოგი ამბობს, რომ მის სახლთან მგელია, მაიმუნი და ა.შ. თუმცა, როგორც ვიცი, არც ერთი მგელი აღარ არის ცოცხალი, მათ თავის გადარჩენა ვერ შეძლეს... ამჟამად ჩვენს თავშესაფარში 4 დათვია, მათ შორის 2 - ბელი. ერთ-ერთი მათგანი ზოოპარკის შენობის კედელზე, კონდიციონერზე რომ არის შემოსკუპებული, ის დათვის ბელია, რომლის ფოტომაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო. საწყალი, წყალდიდობას ასე გადაურჩა. ეს საყვარელი დათუნია ჩვენ გადავარჩინეთ, ფრთხილად ჩამოვიყვანეთ და ამის ამსახველი კადრებიც არსებობს. სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი ძაღლი მოკვდა. გადარჩენილია 200-მდე ძაღლი და მათი უმეტესობა ჩვენს თავშესაფარშია, ნაწილი კი ქუჩებში არიან მიმოფანტული, რის გამოც, დღის განმავლობაში უამრავი გამოძახება გვაქვს. უახლოეს დღეებში ყველაფერი მოწესრიგდება და ყველა ცხოველს მივუჩენთ ადგილს.

- დათვის ორი ბელი ვაზისუბანში იპოვეს...

- როგორც გაირკვა, ეს დათვის ბელები ზოოპარკს არ ჰყავდა (ინფორმაცია დაზუსტებულია ზოოპარკის ადმინისტრაციასთან). საიდან გაჩნდნენ ვაზისუბანში ეს ცხოველები, ჯერჯერობით არ ვიცით. თუმცა, მათ დახმარება სჭირდებოდათ ისევე, როგორც ზოოპარკის ცხოველებს და ჩვენც დავეხმარეთ. ახლა ისინი ჩვენს თავშესაფარში არიან. ღამით შევძელით წყლიდან სირაქლემის ამოყვანა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ მალევე მოკვდა.

GzaPress

- როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლისთვის, რთული არ იყო სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობა?

- იმ მომენტში სუსტი სქესის წარმომადგენელი არ ვიყავი და არც შიში მიგრძნია. ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი შემთხვევებისგან და თუ საჭირო გახდება, ისევ თავდაუზოგავად ვიშრომებ, გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებს მხარში ამოვუდგები. მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავი. არ მიმაჩნია, რომ საგმირო საქმე ჩავიდინე, თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობდი, ადამიანიც და ცხოველიც გადამერჩინა. ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული და მაგალითი იყო თანამშრომლების თავდადება. ერთ-ერთმა მათგანმა - პაატა კახნიაშვილმა სვანიძის ქუჩაზე 3 ბავშვი და ერთი ქალი გადაარჩინა, მაგრამ მერე თვითონ დაიკარგა. ძებნა გამოვაცხადეთ. თურმე, მთელი საათი წყალში იყო და თავის გადარჩენას ცდილობდა. ბოლოს, მადლობა ღმერთს, მისი ამოყვანაც მოვახერხეთ და ახლა პაატაც და მის მიერ გადარჩენილი ადამიანებიც თავს კარგად გრძნობენ.

- საზოგადოების ნაწილი პრეტენზიას გამოთქვამს: მაშველებმა დაიგვიანეს მოსვლაო...

- ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია, მით უმეტეს, რომ იმ ღამით ორი მაშველი დავკარგეთ... იმდენ ადამიანს სჭირდებოდა დახმარება, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო, ყველასთან ერთდროულად მისულიყვნენ.

სოფო ჭონიშვილი