სად უნდა დავბადებულიყავი?!. - გზაპრესი

სად უნდა დავბადებულიყავი?!.

მექსიკაში, ქალაქ პლაია-დელ-კარმენში უნდა დავბადებულიყავი... არ ვიცი, რომელი პროგრამისტის ფანტაზიამ გადაწყვიტა ჩემი დაბადების ადგილმდებარეობა, მაგრამ ფოტოსურათზე მოლივლივე ლურჯი ზღვა, მწვანეში ჩაფლული წყნარი სანაპირო და აქა-იქ მეჩხერად ჩადგმული "ბაითები" ფრიად დამაინტრიგებლად გამოიყურება. ლინკის დებულება მოითხოვს, რომ ქალაქი და განწყობა ორიოდე სიტყვით აღვწერო.

შცუსა (ბოდიში), მაგრამ დღის პირველი ნახევრის მესამე ფინჯანი ყავის შემდეგ, ისეთ ტალღაზე ვარ, მცირესიტყვიანობით ნამდვილად ვერ შემოვიფარგლები. მექსიკაში რომ უნდა დავბადებულიყავი და არ დავიბადე, ამ საკითხს უკვე აღარ ეშველება, მაგრამ აი, მეორედ რომ მოვალ ამქვეყნად (მეტი არაა ჩემი მტერი!), მაშინ არ ვიტყოდი უარს ქალაქ პლაია-დელ-კარმენზე!

"ყველა გზა რომში მიდისო!" - ჰოდა, გზას რომ დავადექი, კი ჩამოვედი რომში, სადაც უკვე იმდენი წელია ვცხოვრობ, ხელის თითები აღარ მყოფნის დასათვლელად (გადავედი მარჯვენა ფეხის თითებზეც). მთელი ცხოვრება სიმშვიდესა და სიწყნარეს ვეძებ, მაგრამ ვინ მოგასვენებს? რომის მიწისქვეშა და მიწისზედა ტრანსპორტი, ხუთმილიონიანი მოსახლეობა და მრავალფეროვანი ენა თუ დიალექტი ისეთ ხმაურსა და გუგუნს იწვევს, რომ ჩემმა ყურის ბარაბნებმა გაფიცვა მომიწყვეს. ქალაქში შედარებით სიმშვიდეა გარიჟრაჟზე, 4-დან 5 საათამდე. სწორედ ამ დროს, მეზობელი ბინიდან ისმის იტალიელი ცოლ-ქმრის ოხვრა, კვნესა, "გამიშვი და გამაკავე" იმის გამო, თუ რა ჭამონ სადილად - პასტა პომიდვრით თუ თეთრად... ამას მხოლოდ ის დაიჯერებს, ვინც იტალიელების წეს-ჩვეულებებს იცნობს, თორემ ისე, მართლაც დაუჯერებელია!..

ესენი რომ ამ ამბავში არიან, იმავდროულად, ერთი იტალიელი ქალი, რომელსაც ალბათ, ცოდვები არ ასვენებს, სახლის წინ საპნიანი წყლით, ტროტუარის ხეხვას იწყებს... რადგან "აქ ვართ", ამ ქალის ცოდვებსაც გაგიმხელთ. იტალიელმა ვასასიმ მიამბო, რომელიც ჩემს კორპუსში ცხოვრობს და რომლის პერმესსო-ს (უფლების) გარეშე გვრიტიც კი ვერ გადაფრინდება კორპუსის თავზე.

თურმე, ამ ქალს ქმრისთვის უღალატია ანუ რქები დაუდგამს, ანუ... არ ვიცი, უფრო მარტივად როგორ აგიხსნათ?.. "ნაღალატები" ქმარი ასულა ბოლო სართულზე, გადმომხტარა და პირდაპირ ტროტუარზე დანარცხებულა!.. "რქები კი მოსტეხია" საცოდავს, მაგრამ თან - კისერიც მიუყოლებია. ჰოდა, ხომ მიხვდით, რატომ ხეხავს ყოველ დილაუთენია ეს ქალი ტროტუარს?.. ახლა მეორე ქმარი ჰყავს, ალენ დელონის "კაპიროვკა"! არადა, ეს ქალი იმ ცოცხს რომ შემოაჯდეს, რომლითაც ტროტუარს ხეხავს, დახატული "ბაბა იაგაა"!.. არა, რა, ზოგს რა იღბალი დაჰყვება ხოლმე!..

ყოველივე ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრება ინატრო? - კარიბის ზღვა, მცხუნვარე მზე, ოქროს ქვიშა და... მეზობლები 100 კილომეტრში!

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მექსიკაში, მეორედ რომ მოვალ ამქვეყნად (მეტი არ იყოს თქვენი მტერიც!), მაშინ მომიწევს ცხოვრება, ალბათ, ეს ჩემი დღევანდელი ცხოვრებისეული გამოცდილება სადღაც ტვინის უჯრედებში შენახული იქნება. ჰოდა, ვისარგებლებ ამით და იქვე, ზღვის სანაპიროზე ხელდახელ გავხსნი პატარა კაფე-რესტორანს მექსიკურ-ქართულ-იტალიური მენიუთი!

მექსიკელებს მწარე, მჟავე და ცხარე რომ უყვართ, ამაში ალბათ, დამეთანხმებით, მაგრამ ის კი არ იციან, მთლიანად ქართულ კვებაზე რომ გადავიყვან პლაია-დელ-კარმენის მოსახლეობას! მენიუში უცვლელად მექნება: ტკიცინა-ტკიცინა ხაჭაპურები და ლობიანები; ქაფქაფა, წვნიანი ხინკალი; კეცის მჭადები ნეშოში და რძით მოტირალი ჭყინტი სულგუნი; ცვრიანი, ნაკვერჩხალზე აშიშხინებული მწვადები და ტყემალი; ქოთნის მოთუხთუხე ლობიო, ჩაშუშულ-ჩაქაფული და თოთო კიტრის მწნილი, მწნილის ასორტიც; მწიფე დედალი ბაჟეში; ქინძმარში მოლივლივე თევზი; დაბრაწული თონის პურები; ცხელი ღომი და სურნელოვანი საცივი. ვაუუუ!!!

ახლა ამ ჩემს ბრძნულ აზრებს რომ ვაფრქვევ მარცხნივ და მარჯვნივ, ქართული კერძების ხსენებაზე იმხელა ნერწყვი გადამცდა, ლამის დამახრჩო და ძლივს "მოვსურსუმალავდი"...

- ეეჰ, მექსიკა, მექსიკა!.. ამ ტერიტორიაზე მაიას ტომი არ ცხოვრობდა?.. ეს ის ხალხია, კალენდრის წერა რომ მოჰბეზრდა, სრა-სასახლეები, "აბიბინებული" ცხოვრება რომ მიატოვა, გაიქცა, გადაიკარგა უგზო-უკვლოდ და თან, კალენდარზე ჩვენთვის მიაწერა: 2012 წლის 21 დეკემბერი, აჰა, დაგიდგათ ლუყლუყის წელიწადიო (თან მოგვაწყევლა) - წარღვნა იქნება და თქვენც უკან მოგვყევითო!..

ბედი არ გინდა?!. მოკლედ, იღბლის "ბუკეტი" ვარ, რა! როგორ არის ნათქვამი?.. - საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო!

არა, არა, მხოლოდ ჩემი ქართული მიწა, ჩემი წმინდა მარიამის წილხვედრი მიწა დამილოცე, უფალო!.. ამინ!!!

ლია უკლება