შვილების უარმყოფელო დედებო, თავზე მეტად იქნებ, პატარები შეიბრალოთ - გზაპრესი

შვილების უარმყოფელო დედებო, თავზე მეტად იქნებ, პატარები შეიბრალოთ

ქრისტინე თექვსმეტი წლისაა და მეათე კლასში სწავლობს. კლასის საუკეთესო მოსწავლე ბოლო დროს ისე შეიცვალა, მასწავლებლები გაოცებას ვერ ფარავენ და არ იციან, როგორ დაეხმარონ, სწავლის სურვილი როგორ დაუბრუნონ. ...ქრისტინე აყვანილი ბავშვია და ამის შესახებ დაახლოებით ერთი წელიწადია, რაც გაიგო...

ყველაფერი კი საკმაოდ ბანალურად დაიწყო: მისი ბიოლოგიური დედა მარტო ჩავიდა ქალაქში სასწავლებლად. შეუყვარდა და... დაფეხმძიმდა. კაცმა დაქორწინებაზე უარი უთხრა და მართალია, მუცლად მყოფ შვილებს სასიკვდილო განაჩენი ვერ გამოუტანა, მაგრამ როცა ტყუპი დაიბადა, მათზე უარი თქვა...

ქრისტინე ტყუპისცალია. სამწუხაროდ, ის არა მხოლოდ დედას, არამედ ტყუპ ძმასაც დაბადებისთანავე დააშორეს. ბიჭი სხვა ოჯახმა წაიყვანა, იმ წყვილმა კი გოგონაზე დაუფიქრებლად თქვა უარი (ეს ცალკე თემა და მორალია, ალბათ)...

ქრისტინესაც მალე გამოუჩნდა მოსიყვარულე დედ-მამა და მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ფეხზე დააყენეს და არაფერს აკლებენ დღემდე. გოგონა კარგად ხედავს მშობლების თავგანწირვას და საბედნიეროდ, მათ გარეშე ცხოვრება ვერც წარმოუდგენია, მაგრამ...

...არ ვიცი, რას განიცდიდა ტყუპის უარმყოფელი დედა მათ გარეშე გატარებული თხუთმეტი წლის განმავლობაში, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, მაინც ვერანაირ ჩარჩოში ვერ ჯდება და ვერც თანაგრძნობით განგაწყობს ადამიანს ქალისადმი, რომელმაც წლების შემდეგ მოინდომა შვილის დაბრუნება...

...ის მალევე გათხოვდა: რადგან "შეცდომა ჰქონდა დაშვებული", ბევრიც არ უფიქრია, ისე გაჰყვა ქვრივ, ორშვილიან მამაკაცს და აშკარაა, მთელი ის დედობრივი სინაზე და სითბო, რაც საკუთარ შვილებზე ვერ დახარჯა, გერებს გაუზიარა. ბიჭებს ძალიან უყვართ დედინაცვალი და არც მისი მოუშორებელი დარდი დარჩენიათ შეუმჩნეველი. არ მოასვენეს კითხვებით და მანაც გაამხილა გაშვილებული ტყუპის ამბავი...

...აუცილებლად გაპოვნინებთ შვილებს და დაგიბრუნებთო! - დაჰპირდნენ დედინაცვალს და მოძებნეს კიდეც და-ძმა. ეგაა, ბიჭის ამყვანი ოჯახი ძლიერი და გავლენიანი აღმოჩნდა და დღემდე ვერ ბედავენ მასთან მიახლოებას, ქრისტინეს ალალ და უბრალო დედ-მამას კი იოსლად "მოერივნენ" - გოგონას დაუდარაჯდნენ, უფროს ძმებად გაეცნენ და დედასთან დაბრუნება შესთავაზეს...

ხომ გითხარით, - ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა-მეთქი ჩემი უმცროსი მეგობარი! არც ისტერიკა მოუწყვია და არც თავის მოკვლა გადაუწყვეტია. მშვიდად დაელაპარაკა თავზარდაცემულ გამზრდელებს და დღემდე მათთან რჩება, მაგრამ არც "ძმები" ანებებენ თავს და ხშირად ურეკავენ, მასთან შეხვედრას ცდილობენ...

ჰოდა, ებრძვის გრძნობებსა და გულს პატარა გოგო: ის დედა და უნახავი ტყუპისცალიც "ენატრება" და არც გამზრდელების გარეშე შეუძლია ცხოვრება. თავადაც იტანჯება და მისი მშობლებიც ცუდ დღეში არიან. მამა სიტყვაძუნწი კაცია, მაგრამ მასაც ათქმევინა სიმწარემ: ქრისტინეს გარეშე ერთი დღეც ვერ ვიცხოვრებო...

...რომ არა ჩემს საახლობლოში დატრიალებული ეს ამბავი, ალბათ, მეც იმ ქალების დამცველად დავრჩებოდი, ვისაც ახლობლები გვერდით არ დაუდგნენ თავის დროზე და იძულებული გახდნენ, შვილები გაეშვილებინათ, მაგრამ ახლა ქრისტინესა და მისი გამზრდელების ტანჯვას რომ ვუცქერ, ძალიან მინდა, შვილების უარმყოფელ დედებს ვთხოვო: იყავით სულგრძელები და, თავის დროზე უარყოფილი პატარების პატიოსან გამზრდელებს თუ არ შეიცოდებთ, საკუთარი სისხლისა და ხორცის სიმშვიდეზე მაინც იფიქრეთ, ნუ აურევთ მათ თავგზას იმ სიმართლით, რომელიც შეიძლება, სიკეთის ნაცვლად, უბედურების მომტანი აღმოჩნდეს. ილოცეთ შვილებისთვის, მოინანიეთ წარსულის შეცდომები და გჯეროდეთ: უფალი ყველას იმას მიუზღავს, რასაც დაიმსახურებს. იქნებ თქვენც დაგაჯილდოოთ უზენაესმა მოთმინებისა და სულგრძელობისთვის, თავად მოგძებნოთ ოდესღაც გამეტებულმა და უარყოფილმა შვილმა, რომელიც იმედია, გაპატიებთ კიდეც წარსულს.

ინგა ჯაყელი